კიდევ ერთი ნაბიჯი ვიზა-ლიბერალიზაციისკენ

კიდევ ერთი ნაბიჯი ვიზა-ლიბერალიზაციისკენ

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში, საქართველოს მიერ მიღწეულ სწრაფ პროგრესს სრულად ადასტურებს და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის ასოცირების საბჭოს რეკომენდაციებს აძლევს.

საქართველო თუ როდის ისარგებლებს უვიზო მიმოსვლით, ამის კონკრეტულ თარიღს ვერც ევროპარლამენტარები და ვერც ქართველი დეპუტატები ვერ ასახელებენ, მაგრამ ასოცირების კომიტეტის მიერ მომზადებული 32 პუნქტიანი განცხადება ქართულ მხარეს იმედებს უსახავს.

დოკუმენტში აქცენტი გაკეთებულია - ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხსა და ინსტიტუციურ განვითარებაზე.

განცხადება ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობის ხაზგასმით იწყება და აღნიშნულია, რომ მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელს, საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე და მას სარგებელი მოაქვს საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმების სრული განხორციელება საქართველოს მოქალაქეებს საგრძნობ გაუმჯობესებას მოუტანს მათი ყოვედღიური ცხოვრების ისეთ სფეროებში როგორიცაა: განათლება, უსაფრთხოება, დასაქმება და სამართლიანობა, ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

აღსანიშნავია, რომ განცხადებაში საუბარია ევროკავშირის ხელშეკრულების 49–ე მუხლზეც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, გააჩნია ევროპული პერსპექტივა და შეუძლია გახდეს ევროკავშირის სრუფლებიანი წევრი იმ პირობით, თუ ის დაიცავს დამოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ძირითად თავისუფლებებს, ადამიანისა და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას.

ასოცირების კომიტეტი საქართველოს მთავრობას ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების გამოყენებას ურჩევს და რეკომენდაციას აძლევს, რომ რეფორმების ტემპისა და კურსის შენარჩუნება მოხდეს.

„კომიტეტი სრულად ადასტურებს, საქართველოს მიერ მიღწეულ სწრაფ პროგრესს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში (VLAP) კრიტერიუმების უმრავლესობა უკვე მიღწეულია. საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გაიღო, რათა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით შესრულებულიყო, მათ შორის გათვალისწინებული იქნა ევროკომისიის მესამე ანგარიშში მოცემული დამატებითი რეკომენდაციები, რომლებიც თავის მხრივ ევროკომისიას შესაძლებლობას აძლევს წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე. კომიტეტი მოუთმენლად ელის ასეთ წინადადებას და სჯერა, რომ მას მოჰყვება ეროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტში ვიზა-ლიბერალიზაციის სარგებლობის ჭრილში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ნათქვამია, რომ ასეთი ღონისძიება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ხალხთა შორის პირდაპირი კონტაქტების გაღრმავებას, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

ამასთანავე, განცხადებაში აქცენტია გაკეთებული პროკურატურის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და გასამართლების პროცესი უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, პოლიტიკური მოტივებისგან თავისუფალი, მართლზომიერი პროცესის პრინციპების დაცვით წარმართული და ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისი.

„წინასწარი პატიმრობა არის განსაკუთრებული ზომა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გადაუდებელი და მკაფიოდ განსაზღვეულ გარემოებების ფარგლებში, კანონთან ზუსტ შესაბამისობაში რაიმე სახის მიკერძოების გამოსარიცხად. მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს დასტურს, რომ ასეთი ღონისძიება შემოფარგლული უნდა იყოს 9 თვის ვადით და აღიარებს, რომ მნიშნელოვანი პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა უმნიშვნელოვანესია დაბალანსებული და მომწიფებული პოლიტიკური სისტემისთვის, რომელსაც საქართველო ასე ესწრაფვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში, სადაც ერთ-ერთ რეკომენდაციად არის გაცემული, რომ შერჩევით სამართლზე ნებისმიერი ეჭვი უნდა გაიფანტოს.

განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ოფისებზე თავდასხმებსაც ეხმაურება და ნათქვამია, რომ ადგილი აქვს ვანდალურ ქმედებებს, რის გამოც დამნაშავეთა პასუხისგებაში დროული მიცემა უნდა მოხდეს.

ზემოთ აღნიშნული თემების გარდა, დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მედია პლურალიზმზე და ნათქვამია, რომ მედიის დამოუკიდებელ სარედაქციო საქმიანობას ხელი არც ერთმა პროცესმა არ უნდა შეუშალოს.

„მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციული მრავალფეროვნება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებებია. მედია სივრცის მონოპოლიზაციას აუცილებლად მივყავართ შეხედულებების მრავალფეროვნების დაზიანისკენ და პოლიტიკური კონკურენციისათვის ადგილს აღარ ტოვებს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მდგრადი და მრავალფეროვანი მედია და ინფორმაციული გარემო უზრუნველყოს“, - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემა სამაგალითო მოვლენად არის შეფასებული და იმედია გამოთქმული, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც აღნიშნული დემოკრატიული იმპულსი შენარჩუნებული იქნება.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და დევნილების ყოფას, ასოცირების კომიტეტი ყველა მხარეს მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უსაფრთხოდ და ღირესეულად დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ.

„იძულებითი დემოგრაფიული ცვლილება რჩება საერთაშორისო სამართლის ნორმების მიუღებელ დარღვევად. წუხილს გამოთქვამთ, რომ იძულებით გადაადგილებული პირები სერიოზულად ზარალდებიან ხანგრძლივი უმუშევრობით, რაც აფერხებს სხვა დანარჩენ ქართულ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას და სამედიცინო და საგანმანათლებლო შესაძლებლობეთან ხელმისაწვდომობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასოცირების კომიტეტი მკაცრად გმობს საქართველოს საზიანოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ მართულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას და გაფართოებას, რასაც მათი შეფასებით, საშინელი ჰუმანიტარული შედეგები აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხელს უშლის ნდობის აღდგენას.

„რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით და 2008 წლის 8 სექტემბერის მიღებული ზომებით ნაკისრი ვალდებულებები, რომ გაიყვანოს მისი ყველა სამხედრო ძალა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის სრული შესაძლებლობა. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთს აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება საქართველოსთან და დათანხმდეს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაფუძნებას“, - აღნიშნულია განცხადებაში, სადაც ევროპარლამენტარები რუსეთს დეოკუპაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ და ოკუპირებულ ტერიოტორიებთან „პარტნიორობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმებების დადებას ქართული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

ასოცირების კომიტეტი 32 პუნქტიან განცხადებას იმედიან განწყობაზე ასრულებს და ასოცირების საბჭოს მეორე სხდომის შედეგების გამოქვეყნების მნიშვნელობაზე მიუთითებს, რომელიც მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გაიმართება.

რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე შეხვედრას, ის თბილისის შემდეგ, ბრიუსელში, 2016 წლის მარტში გაიმართება.