სამხრეთ კავკასიური ბიზნესის ცარცის წრე

სამხრეთ კავკასიური ბიზნესის ცარცის წრე

[ეკა ბაქრაძე]

საქართველოში მეზობელი ქვეყნების ბიზნესმენები თამამად და უპრობლემოდ საქმიანობენ. საპირისპირო მიმართულებით კი ყველაფერი პირიქითაა. საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს კასპიის ზღვისკენ გასაქანი სულ უფრო ეზღუდებათ.

მაგალითად, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი აზერბაიჯანის ბაზარზე არსებულ მონოპოლიას ბრძოლას უცხადებს. მას აზერბაიჯანში ბანანის ექსპორტისას პრობლემები შეექმნათ, რისი მიზეზიც ისაა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანულ კომპანიასთან არის დადებული ხელშეკრულება. შედეგად ბაზარზე უცხო კომპანიის მიერ შეტანილი პროდუქციის რეალიზება შეუძლებელი ხდება.

ფადი ასლის თქმით, ამჟამად აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აზერბაიჯანის ბაზარი გაიხსნება ქართული პროდუქციისთვის. ფადი ასლის განცხადებითვე, მიუხედავად მიყენებული ზარალისა, მაინც შეეცდება აზერბაიჯანში არსებული მონოპოლიის დარღვევას.

დაახლოებით ერთი წლის წინათ მსგავსი პრობლემები შეექმნა „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასაც“. აზერბაიჯანულმა მხარემ მაშინ ქართული ბიზნესისთვის „კარის ჩაკეტვა“ უარყო.  „აზერბაიჯანი გახსნილია ყველა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ქართული კომპანიებისთვის. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკა“, - აღნიშნა საელჩოს წარმომადგენელმა.

ჩვენს მეზობლად ასეთი ვითარებაა მაშინ, როდესაც საქართველოში აზერბაიჯანელი ბიზნესმენებისთვის ცივი ნიავიც კი არავის მიუკარებია. ის კი არა, აზერბაიჯანული „სოკარი“ ყველა ქართულ კომპანიასთან შედარებით პრივილიგირებულ მდგომარეობაში იმყოფება.

თვით ბაქოში ადასტურებენ, რომ საქართველოში ბევრი მათიანი საქმიანობს. აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის (აზპრომო) პრეზიდენტ ადილ მამადოვის განცხადებით, ამჟამად საქართველოში 200-ზე მეტი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი მოღვაწეობს, რომლებსაც ინვესტიციები ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სოფლის მეუნეობისა და მომსახურების სფეროებში აქვთ ჩადებული.

„აზპრომოს“ პრეზიდენტის პროგნოზით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, სავარაუდოდ, საქართველოში აზერბაიჯანელი ინვესტორების რიცხვი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგივე ვითარებაა სომეხი ბიზნესმენების მხრივაც. ისინიც საქართველოში უპრობლემოდ ეწევიან საქმიანობას და მათ არავინ ზღუდავს. ის კი არადა, სომხები ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოს შენატრიან და სულ უფრო მოილტვიან თავიანთი საქმიანობის საქართველოში გასაფართოებლად.

სომხური გაზეთის „ჰაიკაკან ჟამანაკი“ სომხეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ არსებული პოლიტიკური ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, წლის ბოლომდე ქვეყანას კიდევ 300 ათასი ადამიანი დატოვებს. გაზეთის მიხედვით ამ 300-ათასიან მაჩვენებელში არ იგულისხმება სომხეთის ის მოქალაქეები, რომლებიც მიგრაციით უკვე საქართველოში იმყოფებიან, მათი უმეტესობა საქართველოში ბიზნესით დაკავდა და ორ ქვეყანას შორის გადაადგილების რეჟიმში ცხოვრობს.

შირაქის რაიონულ მიგრაციულ საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ სომეხი ბიზნესმენების ნაწილი სამშობლოში გადარჩენის საშუალებას ვერ ხედავს და ქვეყანას ტოვებს. ცენტრის ინფორმაციით, ბიზნესმენები საქართველოში მიდიან.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეროვნული ცენტრის გიუმრის ფილიალში ასევე ადასტურებენ, რომ სიტუაცია რთულია და ბევრმა მეწარმემ ქვეყანა დატოვა.

„ბევრი საუბრობს საქართველოზე, მოჰყავთ ამ ქვეყნის მაგალითი და შეშფოთებულნი არიან იმ რთული მდგომარეობით, რომელიც ჩვენთანაა. არ ვიცი რა პირობებია საქართველოში, შესაძლოა, საგადასახადო პოლიტიკა რბილია, მაგრამ ჩვენთან საბანკო კრედიტების გაცემა გამარტივებულია, სესხის აღება ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია. სხვა საკითხია, რომ ბიზნესმენების დიდ ნაწილს არ შეუძლია ამის გაკეთება, რადგან პროცენტები მაღალია, თუმცა თავად სესხის აღება მარტივია“, - აცხადებს ცენტრის წარმომადგენელი არტურ ზაქარიანი.