გზავნილი კოალიციისთვის - არჩევნებიდან არჩევნებამდე

გზავნილი კოალიციისთვის - არჩევნებიდან არჩევნებამდე

მარტვილსა და საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს მმართველი გუნდის ნაწილი „ტესტ-მატჩად“ მოიაზრებს, ოპოზიცია კი, „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლებაზე მიანიშნებს და პროგნოზირებს, რომ კოალიცია 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებს წააგებს.

სანამ, საგარეჯოსა და მარტვილში გამარჯვებული სახელისუფლებო კანდიდატები - თამარ ხიდაშელი და სოსო დანელია დეპუტატის მანდატებს მიიღებენ, მანამდე მათი მომავალი კოლეგები არჩევნების შედეგებს აფასებენ და არჩევნებიდან მიღებული გზავნილების გაშიფვრის მნიშვნელობაზე მიუთითებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეჯოს არჩევნებიდან რამდენიმე მკაფიო გზავნილი მიიღო. სპიკერის მოსაზრებით, ამომრჩეველი რაც უფრო თავისუფალია, მით უფრო მომთხოვნი და არაერთგვაროვანია, რის გამოც, არჩევნებში წარმატებისთვის მეტი შრომა, მეტი კომუნიკაცია და მეტი პოლიტიკური ინოვაციაა საჭირო. მისი შეფასებით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა აღარ არის, ამიტომ, ხელისუფლება მხოლოდ მათთან ოპონირებით მომავალ არჩევნებში ფონს ვეღარ გავა და შესაძლოა, ქვეყნის განვითარებაც შეფერხდეს.

„ძლიერი კონკურენტი რამდენადაც რთული დასამარცხებელია, იმდენადვე სასურველი სპარინგ-პარტნიორია. ამიტომ, სასარგებლო „ტესტ-მატჩისთვის“ ირმა ინაშვილს მადლობას ვუხდი. (მათ შორის, კოალიციის სიმტკიცის ტესტისთვის) ჩვენი ძალა კოალიციურ ერთობაშია, ამიტომ ცალკ-ცალკე ნურც ერთ პარტნიორს ნუ გვექნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებული წარმატების ილუზიები. თუ მანამდე თავად ვერ შევიცვლებით, ერთი წლის შემდეგ, ამომრჩეველი შეგვცვლის. ამიტომ ყველაფერზე დაუყოვნებლივ უნდა შევთანხმდეთ და იმის კეთება დავიწყოთ, რაც ვიცით, რომ გასაკეთებელი გვაქვს“, - აცხადებს უსუფაშვილი.

შუალედური არჩევნების თაობაზე უსუფაშვილის მსგავსი განწყობები აქვთ თუ არა მმართველ გუნდში, ამის საკითხით for.ge დაინტერესდა.

for.ge-სთან საუბარში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ყურადღებას დემოკრატიულ პროცესებზე ამახვილებს და პროგნოზირებს, რომ 2016 წლის არჩევნები ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება.

„ხალხმა დაიჯერა, რომ თითოეული მათგანის ხმას დიდი ფასი აქვს. ვხედავთ, რომ არჩევნებში კონკურენცია იზრდება და ესეც ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგია. პოლიტიკური ნებაა, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყოს. ირმა ინაშვილს სერიოზული მხარდაჭერა აქვს და ის ჩვენს არც თუ ისე ცნობილ კანდიდატს დაუპირისპირდა, მაგრამ გამარჯვება კოალიციამ მოიპოვა. მოსახლეობას კარგად ესმის, რომ სახელისუფლებო კანდიდატს მეტი პასუხისმგებლობა აქვს“, - აცხადებს სესიაშვილი.

კანონმდებელი გვარწმუნებს, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული პრობლემების არსი ძალიან კარგად ესმის.

„თამარს სოფელ-სოფელ დავყვებოდი, ადამიანებს კარდაკარ ვხვდებოდი და ხალხის განწყობა ვიცი. 2016 წლისთვის ძალიან კარგად მოვემზადებით და თითოეულ ოჯახამდე ყველა იმ სიკეთეს მივიტანთ, რომელიც ჩვენს მიერ შესრულდა“, - დასძენს სესიაშვილი.

სპორტის კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძე კი, აქცენტს ხელისუფლების გააქტიურებაზე აკეთებს და ამბობს, რომ არჩევნებმა მმართველ ძალას მესიჯი გაუგზავნა, რომ უფრო ეფექტური იყოს. დეპუტატი ფიქრობს, რომ შუალედურმა არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ წლების განმავლობაში არსებული მძიმე მანკიერი დამოკიდებულება, რომ არჩევნებში ხელისუფლება აუცილებლად უნდა ჩარეულიყო და სამთავრობო რესურსი გამოეყენებინა, დასრულდა.

„ამ დაძაბულ პაექრობაში სახელისუფლებო კანდიდატმა მინიმალური შედეგით გაიმარჯვა. ხელისუფლებისთვის გზავნილია, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი და უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯია გადასადგმელი, რადგან არსებული გამოწვევები შესრულებული უნდა იყოს. ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ. არჩევნებიდან ეს გზავნილი მივიღეთ და ერთი წელი გვაქვს დრო, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. ვფიქრობ, რომ 2016 წელს, „ქართული ოცნება“ უფრო შედეგიანი იქნება“, - განუცხადა for.ge-ს კურტანიძემ, რომლის პათოსს იზიარებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი დავით ლორთქიფანიძე.

for.ge-სთან საუბარში ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ის საკუთარ შეფასებაში უსუფაშვილის მსგავსად კატეგორიული არ იქნება.

დეპუტატის თქმით, ეს არჩევნები ფიქრისთვის და განსიჯისთვის საჭირო იყო.

„ამ არჩევნებმა მესიჯი გამოგვიგზავნა, რომ რაიონებთან და ამომრჩევლებთან უფრო მეტად ჩართულები უნდა ვიყოთ, მეტი ვიმუშაოთ და საზოგადოებას ის გაკეთებული საქმეები დავანახოთ, რომელიც სამწუხაროდ, მოსახლეობამდე არ მიდის“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, შუალედური არშევნების შედეგებში ოპოზიციონერები სულ სხვა ტიპის გზავნილებს კითხულობენ. „თავისუფალი დემოკრატები“ ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ ხალხის ნდობა ძალიან დაბალია, ნაციონალები კი, კოალიციის 2016 წლის პოლიტიკურ კრახზე მიუთითებენ.

როოგრც for.ge-ს ნაციონალმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, ხელისუფლება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან მათ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საგარეჯოში, ასეთი შედეგი დადეს.

„ამ ხელისუფლებამ ვერც სხვისი და ვერც თავის შეცდომებით ვერაფერი ისწავლა. ეს არჩევნები ძალიან ნათელი მაგალითი იყო იმის, რომ კოალიცია მომავალ არჩევნებს წააგებს. დიდი რესურსის მიუხედავად, მათი შედეგი ძალიან მძიმეა, რომელიც მათთვის ერთგვარი განაჩენია. უსუფაშვილმა რა დაწერა და რა წაიკითხა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ირმა ინაშვილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ეს ის არჩევნები არ არის, რომელზეც „ოცნება“ ფიქრობდა, რომ ჩაატარებდა. 2012 წელს, უსუფაშვილისთვის ვინმეს რომ ეთქვა, საგარეჯოში, ინაშვილს ერთი პროცენტით მოუგებო, ამას დაიჯერებდა? - გადაიხარხარებდა, ახლა სხვა გადაიხარხარებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კანონმდებელი არჩევნებისთვის ოლქებს გაერთიანებას მიუღებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ხელისუფლება ოლქების სისტემას ერთი არჩევნებისთვის ცვლის.

„ამ ყველაფერს ის ჰქვია, რაც თავის დროზე, გიგი უგულავამ თქვა - ჩუკენობა. იმისთვის, რომ 2016 წელს, ივანიშვილმა უმრავლესობა შეინარჩუნოს, ოლქებს ცვლიან. ამ საქმეში გამოცდილი ვარ და გეტყვით, რომ ისინი ვერაფერს ვერ შეინარჩუნებენ. მესტიას ტოვებენ, რომ პრობლემა არ შეექმნათ, მაგრამ ამბროლაურს-ონსა და ცაგერს აერთიანებენ. ხიდაშელი გავიდა თუ არა, ეს ინაშვილს უნდა ჰკითხოთ. ამ მთავრობისთვის ძალიან ცუდი შედეგი დადგა, ოპოზიციისთვის ძალიან კარგი და ეს სიგნალია, რომ 2016 წელს, ხელისუფლება შეიცვლება“, - განაცხადა მაჭავარიანმა, რომლის მსგავსად, ირაკლი ალასანია კოალიციის პრობლემებზე აპელირებს.

ალასანიას ამბობს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ იქნება ახალი და ალტერნატიული ძალა, რომელიც 2016 წელს ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებს.

„პრაქტიკულად, ხელისუფლების მიმართ ხალხის ნდობა ძალიან დაბალია“, - დასძენს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნები პარლამენტს გამოკლებული ორი დეპუტატის - თინა ხიდაშელისა და ნაული ჯანაშიას გამო დაინიშნა. მას შემდეგ, რაც ცესკო შესაბამის დოკუმენტაციას პარლამენტს წარუდგენს, საკანონმდებლო ორგანო ხიდაშელისა და დანელიას დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს.