ბოლო რამდენიმე დღეა ქართული მედია და საზოგადოება უკრაინულ ვებ-გვერდზე ატვირთული ფარული ჩანაწერების თემას განიხილავს, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და მათთან დაახლოებული პირების სატელეფონო საუბრებია ატვირთული. ფარული ჩანაწერები თითქმის ყოველდღე ჩნდება საიტზე. მიხეილ სააკაშვილმა და დანარჩენმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ეს რუსული სპეცსამსახურების მიერაა ჩაწერილი“, რომელსაც ხელისუფლება მათი და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იყენებს.
ხელისუფლებამ მაინც აღძრა საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. ჩანაწერების ავთენტურობა-არაავთენტურობაზე საუბარია ჯერ ნაადრევია, თუმცა გუშინ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა დაადასტურა თუ არა კიდევ ერთხელ, რომ „რუსთავი 2-ის“ გარშემო განვითარებული მოვლენები იყო არა რეალურად თავისუფალი სიტყვის დასაცავად ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არამედ ბრძოლა ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად და მათ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად? - ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ჩანაწერების მიხედვით, განიხილება რევოლუციური სცენარი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, თუმცა, ეს ჩანაწერები რამდენად ეტევა კანონის ფარგლებში და რამდენად არის რისკი ანტიკონსტიტუციური ქმედებების, ეს სამართლადამცავების საქმეა.
ექსპერტი იხსენებს 2012 წლის არჩევნების წინა მოვლენებს, როდესაც მისი და ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერები გავრცელდა პირდაპირ ეთერში, გავრცელდა აგრეთვე მისი პირადი ჩანაწერები ოჯახის წევრებთან და ამ ყველაფერმა მაშინ ძალიან მძიმედ იმოქმედა მასზე.
„ჩვენ ხელისუფლება იმისთვის შევცვალეთ, რომ ცუდი ხელისუფლება გვყავდა და გვინდოდა კარგი ხელისუფლება. ეს არავის აძლევს უფლებას გაიმეოროს იგივე, ან ცოტათი სჯობდეს ძველს. ხელისუფლების მიმართ მიყალიბდება მძიმე კითხვები, რაზეც დეტალური საუბარი არ მინდა. სიტუაცია დღეს მყიფეა და ცეცხლზე ნავთის დასხმა სწორი არ იქნებოდა. ამიტომ თავს შევიკავებდი მკვეთრი შეფასებებისგან“, - აცხადებს ექსპერტი For.ge-სთან საუბარში.
ექსპერტი უცნაურს უწოდებს სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ განცხადებას საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესახებ, რადგან თვლის, რომ ეს სპეცსამსახურების საქმე არ არის, მასალების ატვირთვის პროცესი კი უკვე გადამლაშებისკენ წავიდა და გამავრცელებლის წინააღმდეგ დაიწყო მუშაობა.
„ამას მოკლევადიანი პოლიტიკური მიზანი ჰქონდა და ის მიღწეულია. მიხეილ სააკაშვილის მარგინალიზაცია მიღწეულია. მაგრამ, ვფიქრობ, გადამლაშებისკენ წავიდა ეს ყველაფერი და გამავრცელებლის წინააღდეგ დაიწყო მუშაობა. პირველ ჩანაწერს ჰქონდა შოკური ეფექტი. შემდეგ კი მოვლენების განვითრება უცანური ინერციას მაგონებს. არის თუ არა გადატრიალების ნიშნები, ვერ მივცემ კვალიფიკაციას. პატარკაციაშვილის მოვლენებს თუ გავიხსენებთ, მაშინ ხელისუფლებამ სერიოზულად იმუშავა, რომ გადატრიალების საქმე შეეკერა. საკვანძო სიტყვები იქაც არსებობდა - სისხლზე და გასროლაზე - „მე ჯერ არ გამისროლია“, მაგრამ ეს თეორია რეალურად მაშინვე დაინგრა.
სააკაშვილი რომ ნებისმიერ პროვოკაციაზეა წამსვლელი, ეს ჩვენ ისედაც ვიცით. რამდენად შეიძლება ამ ჩანაწერებით ვიმსჯელოთ დასაბუთებაზე, რომ გადატრიალება ნამდვილად მზადდებოდა, გამიჭირდება რაიმეს თქმა, თუ დამატებითი ოპერატიული ინფორმაცია არ მექნება. დღეს კი, ვიღებთ სურათს, რომ პროკურატურაში დაბარებულ გიგა ბოკერიას და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის წავიდა ლინგვისტური კამათი სიტყვა „ბოევიკის“ წარმომავლობაზე. იკამათეს, იკამათეს და ბოკერია წავიდა სახლში. ხელისუფლება ცდილობს, რომ კოპები შეკრას და ძალა აჩვენოს, სინამდვილეში კი, საკუთრი უსუსურობის დემონსტრირებას აკეთებს ამ საქმის აღძვრით“, - აცხადებს ხუხაშვილი.
პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ესტონეთში გაკეთებულ განცხადების შემდეგ, რომ „სააკაშვილის ადგილი ციხეშია“ და რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდა, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ შესაძლებელია საქმე აღძრას თვითონ სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ პარტიის წინააღმდეგ რაიმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უკვე ეგზოტიკაა და ახლანდელმა ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ დასავლეთის აზრს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„თუ გადავხედავთ ისტორიას, გერმანიის და იტალიის ფაშიზმთან დაკავშირებით, იაპონიის მილიტარიზმთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, ყველაფერ ამას ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლო ამაგრებდა, იგივე ნიურბერგის სასამართლო პროცესი. ის, რომ ნაციონალების პოლიტიკურმა ოპონენტმა -არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“ აღძრას საქმე, წარმოუდგენელია. თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ ბოლომდე მიიყვანოს სასაკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ეს შესაძლებელია, თუმცა აქ მეორე საკითხია - მაშინ ხელისუფლებამ აპრიორი უნდა გადაწყვტიოს, რომ ევროპის საერთაშორისო აზრს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დასავლეთისთვის ნომერ პირველ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ ნაციონალები არიან ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტშია, თუმცა თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია“, - აცხადებს ცინცაძე For.ge-სთან საუბარში.
რამდენად მოახდენს უკრაინულ ვებ-გვერდზე ატვირთული მასალები დასავლეთზე რაიმე ზეგავლენას, ცინცაძის განცხადებით, ის მთლიანად ეთანხმება და იზიარებს ამერიკის ელჩის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე „ფანტომას საიტზე ფანტომასი ავტორის“ მიერ ატვირთული მასალის არ სჯერა. პოლიტოლოგი თვლის, რომ დღეს არ წარმოადგენს პრობლემას, ნებისმიერ საიტზე აიტვირთოს ნებისმიერი ინფორმაცია, დემოკრატიული ქვეყნების არც ერთი სასამართლო კი ამ ჩანაწერებს მტკიცებულად არ მიიღებს.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, „არაბული გაზაფხული“ და იმ ქვეყნებში განვითრებული მოვლენები, სწორედ ინტერნეტის საშუალებით დაიგეგმა და მოხდა. თუმცა, შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტი იგივე სასამართლომ გაამართლა, ხოლო ლიბიაში კადაფის ლინჩის წესით გასამართლება, მსოფლიომ დაგმო.
„კლასიკური მაგალითი გვაქვს ორი დღის წინ თურქეთში ჩატარებული არჩევნების, სადაც ერდოღანის მმართველი პარტია გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა ამით მან ევროპისკენ მიმავალი გზა გადაიჭრა“, - აღნიშნავს ცინცაძე.
For.ge-ს შეკითხვაზე, ამ კადრებით საქმის გამოძიების დაწყებით, ხომ არ გადაიჭრის საქართველოს ხელისუფლება ევროპისკენ მიმავალ გზას, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და უფრო კონკრეტულად, არჩევნების შემდეგ ისაუბრებს.
„აქ უკვე, ცოტა სხვანაირად დგას საქმე, იტალიაში, იაპონიაში, გერმანიაში ფაშიზმი აიკრძალა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალავა, როგორც პარტიის, შეუძლებელია, რადგან ისინი დღეს ლეგიტიმურად ზიან პარლამენტში“,-აცხადებს ცინცაძე.