წამების კადრების „ნაციონალური“ განმარტება

წამების კადრების „ნაციონალური“ განმარტება

ნაციონალები წამების კადრების „გაადამიანურებას“ ცდილობენ და ახლახანს აღმოჩენილ, ადამიანის ღირსების შემლახავ მასალებს გალში მომუშავე კონტრდაზვერვის ჯგუფს უკავშირებენ, რომელიც თურმე სეპარატისტებისთვის „აბაროტის“ აღებას ცდილობდა.

საზოგადოებისთვის სწორედ ამ ვერსიის მიწოდებითაა დაკავებული ნაციონალებისდროინდელი კულტურის ექსმინისტრი, საზოგადოებრივი მოძრაობა „იბერიის“ თანადამფუძნებელი ნიკა რურუა. მას აინტერესებს, რა მოტივით გაავრცელა ეს კადრები „ქართულმა ოცნებამ“, საერთოდ, რა არის ამ კადრების გადაღების, ამ სადისტური საქმის ჩადენის მოტივი და რატომ გაკეთდა ეს მაინცდამაინც საოკუპაციო ხაზთან?!

„ჩემი ინფორმაციით, ეს არის კონტრდაზვერვის, გალში მომუშავე ერთი ჯგუფის ინიციატივა. მათ ამ სრულიად კრეტინული მეთოდით, რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და სეპარატისტებს გადაუხადეს სამაგიერო, რადგან ისინი ქართველ აგენტებს სწორედ ასევე იჭერდნენ, აუპატიურებდნენ, უღებდნენ და შემდეგ ხვრეტდნენ კიდეც. ამ ჯგუფმა ამის ჩადენითა და გადაღებით, თავისი ჭკუით, „აბაროტი“ აიღო. ჯერჯერობით, სულ ეს ინფორმაცია მოვიპოვე ამ თემაზე. რა თქმა უნდა, ეს არავის დანაშაულს არ ამსუბუქებს. უბრალოდ, როგორც გავარკვიე, ასეთია ამ კადრების წარმომავლობა. აი, ეს არის სპეცსამსახურების მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ქეისი, რაც აღარ უნდა განმეორდეს“, - აცხადებს ნიკა რურუა და „კადრებში გადაღებული სეპარატისტებისა და რუსების აგენტების“ პოლიტიკურ თამაშებში გამოყენებას ამორალურს უწოდებს. პარალელურად თვლის, რომ ამ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ქიმერებისა და ემოციური პორნოგრაფიის სათავისოდ გამოყენება. 

იყო თუ არა ეს კადრები „ერთი თავზეხელაღებული ჯგუფის სადიზმი, რომელიც მხოლოდ გალის მიმართულებით მუშაობდა?!“ - ნიკა რურუას ამ ვერსიისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ უფლებადამცველებსა და პოლიტპატიმრებს.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნაციონალების მცდელობა, ეს კადრები მხოლოდ გალში მომუშავე კონტრდაზვერვის ჯგუფს დაუკავშირონ, ნაციონალებს სულაც არ ამართლებს.

„ასეც რომ იყოს და მხოლოდ საოკუპაციო ზონასთან მომხდარიყო ასეთი ფაქტები, ამას მაინც არანაირი გამართლება არ აქვს. კონკრეტულად მაგ მეთოდით იქნებოდა თუ სხვა მეთოდით, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა მასობრივად იყო გავრცელებული ქართულ ციხეებში. მე მგონი, ამის უარყოფა ნიკა რურუასაც არ შეუძლია. რაც შეეხება გაუპატიურების ფაქტებს, თუ მაინცდამაინც აქცენტი მაგაზე აქვთ გადატანილი და მათთვის არ კმარა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, ცალკეულ შემთხვევაში, ციხეებშიც ხდებოდა გაუპატიურების ფაქტები. კი ბატონო, ვადასტურებ, რომ ეს სისტემატური და ყოველდღიური არ იყო, მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ძალიან სჭირდებოდათ, იყო ასეთი ფაქტები და ეს ხდებოდა დუბინკებით თუ ათასი სისაძაგლით. ამიტომ არ შეიძლება აპელირება, რომ ეს გალში ხდებოდა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ იყო დაკავშირებული. ჯერ ერთი, გალის სპეცრაზმელები არ იყვნენ დაკავშირებულნი ნაცმოძრაობასთან? აბა, ვისი სპეცრაზმელები იყვნენ, ბანგლადეშის თუ სხვა სახელმწიფოსი?“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

ამასთან, განმარტავს, რომ ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებიც აჭრიან თავებს ქალებს, ბავშვებს, ზოგადად, ადამიანებს, მაშინ ამ ლოგიკით, მათ მიმართაც ასეთივე მეთოდები უნდა იყოს გამოყენებული?! უფლებადამცველი იხსენებს სერგო თეთრაძის და სხვათა წამების ფაქტებს და განმარტავს, რომ დაზარალებულთა ნაწილი დღესაც ცოცხალია და ჩვენებებიც აქვთ მიცემული. უფრო მეტიც, გელა ნიკოლაიშვილი ნაციონალების დროს დაპატიმრებულ არმაზ ხარძიანზეც საუბრობს, რომელსაც ციხეში ყოფნისას უჩვენებდნენ ამ კადრებს და ემუქრებოდნენ, შენც ასე მოგივაო.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნიკა რურუა და ძმანი მისნი, ვინც ასეთი ვერსიის შემოგდებას ცდილობენ, ეტყობა, არ ყოფილან გლდანის ციხეში, თორემ ეცოდინებოდათ, რომ კონტრდაზვერვის თანამშრომლები პერიოდულად შედიოდნენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ამ სადისტურ კადრებს იღებდნენ და ამის შემდეგ ტოვებდნენ ციხეს. ამის შესახებ სერიოზული მტკიცებულებები არსებობს. ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ უკე განიხილა და წარმოებაში მიიღო ეს მტკიცებულებები, ადასტურებს, რაოდენ დიდი დანაშაული ხდებოდა გლდანის ციხეში.

„კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მაშინდელი შემადგენლობა შემოდიოდა გლდანის ციხეში და ახორციელებდა არაკანონიერ ქმედებას. ამ ფაქტებს ვერავინ უარყოფს. თეთრაძე გლდანის ციხეში სწორედ მოდულიდან წამების შემდეგ მიიყვანეს და მერე უკვე გლდანის ციხის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განახორციელეს მისი მკვლელობა. ის მანამდე იყო ნაწამები. სხვათა შორის, გლდანის შენობაში იყო სპეციალური წამების ოთახი, სადაც ხდებოდა ადამიანების დამუშავება. ეს მე ჩემი თვალით ვნახე, რადგან უშუალოდ მაჩვენეს და წამების ელემენტებიც საკუთარ თავზე ვიწვნიე არა მარტო მე, არამედ სხვებმაც. ჰკითხეთ შოთა აფხაიძეს, რომელიც, ასევე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აწამეს გლდანის ციხეში, სადაც მიმდინარეობდა მასზე ფიზიკური ზეწოლა და დამუშავება. გლდანის N მე-8 ციხის უსაფრთხოების თანამშრომლებიც ადასტურებდნენ, რომ დააფიქსირეს კონტრდაზვერვის თანამშრომლების შესვლისა და გამოსვლის ფაქტები. ნათია კორკოტაძემ დააფიქსირა, როგორ შევიდნენ კონტრდაზვერვის თანამშრომლები გლდანის ციხეში, როგორ დააყენეს მანქანა გლდანის ციხის პარკინგის არეალში. ბუნებრივია, ღამის 12-დან 3 საათამდე კონტრდაზვერვის თანამშრომლები ციხეში საცეკვაოდ არ შევიდოდნენ. ჰკითხონ იმავე კონტრდაზვერვის თანამშრომლებს- ოთარ ორჯონიკიძეს, ვალერი ზუმბაძეს და ლადო დათაშვილს. სხვათა შორის, სასამართლო სხდომაზე დათაშვილმა ეს ფაქტი დაადასტურა. როდესაც ჰკითხეს, თქვენ აღიარებთ თუ არა, რომ ვახტანგ მაისაიასთან შეიყვანეთ რუსეთის ფედერალური სპეცსამსახურის თანამშრომელიო, დათაშვილს წამოსცდა და თქვა, ჩვენ გავიხუმრეთ, ეს იყო ხუმრობაო. მართალია, სასამართლო სხდომა დახურული იყო, მაგრამ ეს მოისმინეს ნათია კორკოტაძემ, ირაკლი ბატკუაშვილმა და სხვებმა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.