ასოცირების კომიტეტის რეზოლუციით „ოცნება“ გახარებული დარჩა, „ნაცმოძრაობა“ - დამწუხრებული

ასოცირების კომიტეტის რეზოლუციით „ოცნება“ გახარებული დარჩა, „ნაცმოძრაობა“ - დამწუხრებული

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართველი დეპუტატების განმარტებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი საფუძველი იქნება.

ევროპარლამენტარებმა დოკუმენტი მუხლობრივად დღეს, ქართველ კანონმდებლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტში გაიარეს, რომელსაც წინ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის მოხსენებები უსწრებდა.

ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომაზე, თეა წულუკიანმა ყურადღება ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა, აქცენტი მომავალი მთავრობის მემკვიდრეობაზე გააკეთა და ასევე პატიმრების ყოფაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია და ქვეყანას დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული დღემდე ისეთი მთავრობა არ ჰყოლია, რომელმაც ამ გზას გადაუხვია.

გამოსვლისას წულუკიანმა აღნიშნა, რომ პროკურატურისა და მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში საპროცესო შეთანხმება ვაჭრობის ინსტრუმენტი აღარ არის, როგორც ეს ადრე იყო. მისი თქმით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კარგი ვითარებაა.

„როცა ხელისუფლებაში მოვედით, ციხეებში გაუსაძლის მდგომარეობაში, 25 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველი მე-200 ქართველი ციხეში იჯდა. ჩვენ 10 ათასი ადამიანი ციხეებიდან გავათავისუფლეთ. საქართველოში სისხლის სამართლის სასჯელი უფრო სამართლიანი გავხადეთ. ყოფილ პატიმრებს ვასწავლით როგორ უნდა იარონ ქუჩაში წელგამართულებმა და ისაუბრონ ნორმალურ ხმაზე, რადგან მათ წლების მანძილზე, ციხეებში ჩურჩულს აიძულებდნენ“, - დასძინა წულუკიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი წინა ხელისუფლების პირობებში, სტრასბურგის სასამართლოში 600-მდე საჩივარი შედიოდა, შარშან, მხოლოდ 102 ახალი საჩივარი შევიდა.

მინისტრის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას რწმენა ჩაუნერგა, რომ ხელისუფლებები არჩევნების გზით ირჩევიან და რევოლუცია და დესტაბილზაცია არ იქნება.

„გაისად მთავრობაში ვინც უნდა მოვიდეს, მხოლოდ ევროპული მთავრობა იქნება, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ის უკვე პატარა დარჩენილ პრობლემებზე იმუშავებს, რადგან წარსულის ძირითადი პრობლემები მოგვარებული იქნება“, - დასძინა წულუკიანმა, რომლის მსგავსად, გიგიაძემ აქცენტი გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს შეფასება განხორციელებული სამუშაოს ადექვატურად მოხდება.

მთავრობის წარმომადგენლების გამოსვლების შემდეგ, კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომაზე ნაციონალებმა ყურადღება „რუსთავი 2“-ის თემაზე, ე.წ. პოლიტპატიმრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე განხორციელებულ თავდასხმაზე გაამახვილეს, რის შემდეგაც ქართველმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა რეზოლუციის შინაარსზე იმსჯელეს. ევროპარლამენტარმა, კოზმა ზლოტოვსკიმ დოკუმენტში „რუსთავი 2“-ის საკითხის დამატება მოითხოვა, მაგრამ მას ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, საჯად კარიმმა განუმარტა, რომ რეზოლუციაში დამატება ვერ შევიდოდა, რადგან ამას პროცედურა არ ითვალისწინებდა.

დოკუმენტის არსებული სახით მიღებამ ნაციონალები გააღიზიანა, მათ შორის, დეპუტატი თინა ბოკუჩავა. კანონმდებელმა საკუთარი პროტესტი ევროპარლამენტარებთან პირად საუბრებში დააფიქსირა.

ნაციონალების პოლიტიკურ ინტერესებზე for.ge-თან საუბარში ყურადღება უმრავლესობის ლიდერმა, ასევე კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ გაამახვილა.

 კანონმდებელის განმარტებით, მიღებული რეზოლუცია არის ასოცირების კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციები, რომელიც ერთ-ერთი საფუძველი იქნება ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.

დეპუტატის მოსაზრებით, ძალიან კარგი დოკუმენტი მომზადდა და ევროპარლამენტარებმა საჭიროდ არ ჩათვალეს, რომ რეზოლუციაში „რუსთავი 2“-ის ჩამატება მომხდარიყო, რადგან მათ საქართველოში არსებული სიტუაცია ძალიან კარგად იციან.

„ისინი იმ აჟიოტაჟს აყოლილი არ არიან, რასაც ევროპაში სააკაშვილის სამეგობრო აკეთებს. პროცედურულად ეს არის დოკუმენტი, რომელიც მიღებული იქნება ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტიელების მიღებისთვის - ევროკავშირის საბჭოსთვის. ამ რეკომენდაციების გარეშე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა“, - აცხადებს დეპუტატი.

კვაჭანტირაძის თქმით, ნაციონლები სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებნენ, რადგან მათ დოკუმენტის ჩაგდება სურდათ.

„ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ კომიტეტის მუშაობა ჩაშლილიყო. ამას მოწმობს ისიც, რომ სააკაშვილის სამეგობრომ გადაწყვიტა, „ევროპის სახალხო პარტიის“ 17 წარმომადგენელიდან მხოლოდ ერთი დასწრებოდა. რატომღაც ეგონათ, რომ ერთ წარმომადგენელს ატომური ბომბის ეფექტი ექნებოდა და ის ყველაფერს ჩაშლიდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ ევროპაში ბევრი მეგობარი გვყავს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი საქართველოს ინტერესებია და არა რომელიმე პარტიის“, - აღნიშნავს კვაჭანტირაძე, რომლის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას უარყოფს ნაციონალი თინა ბოკუჩავა.

for.ge-თან საუბარში ბოკუჩავა აცხადებს, რომ ყველა დოკუმენტი, რომელსაც ევროპული სტრუქტურები ამზადებენ, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დეპუტატის თქმით, დოკუმენტი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს.

„ამ დოკუმენტს მივესალმებით. აქ ასევე საუბარია იმაზე, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში უნდა მოხდეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს მაშინ, როცა ეს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს ეხება“, - აცხადებს ბოკუჩავა, რომელიც რეზოლუციაში „რუსთავი 2“-ის თემის არჩასმას ეხმაურება.

ბოკუჩავას განმარტებით, ხანდახან, პროცედურული წესები იმას არ უზრუნველყოფს, რომ დოკუმენტში რაღაცის ჩამატება მოხდეს.

„როცა ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა, ევროპარლამენტარებმა რეზოლუციაში მედია თავისუფლების კონტექტში „რუსთავი 2“-იც იგულისხმეს. მათ გარკვეული პროცედურები აქვთ, რომელსაც ისინი ემორჩილებიან“, - აცხადებს ბოკუჩავა.

რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, დიდი მცდელობის მიუხედავად, for.ge-მ დოკუმენტის მოპოვება ვერ შეძლო. დოკუმენტი პარლამენტის ევროინტერგაციის კომიტეტის აპარატს უნდა ჩაესწორებინა და გამოექვეყნებინა, თუმცა, ხუთსაათიანი ლოდინის მიუხედავად, მათ ტექსტი არ მოგვაწოდეს. ერთ-ერთ მიზეზად ის დასახელდა, რომ რეზოლუციას ზვიად კვაჭანტირაძე უნდა გაცნობოდა, რომელიც ამ დროის მანძილზე, „მნიშვნელოვან შეხვედრაზე“ იმყოფებოდა.