ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: „ძალადობის და რევოლუციის დრო ახლა არ არის“

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: „ძალადობის და რევოლუციის დრო ახლა არ არის“

ყოფილი პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში აქტივობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებს საქართველოში ნოტა გადასცა. თუმცა, უკრაინის ხელისუფლება ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს, ოდესის ოლქის გუბერნატორის იმ სატელეფონო საუბრების შესახებ, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ და ძალადობრივი ქმედებებისკენ კონკრეტულ მოწოდებებს შეიცავს.

დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური წერილით მიმართა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს. ირაკლი ღარიბაშვილი წერილში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება. წერილში პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უკრაინის პრეზიდენტს აღნიშნული საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართავს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მოახდინოს რეაგირება მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელსაც ის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აკეთებს. წულუკიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშილი, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ, ქვეყანაში სისხლისღვრასაც არ მოერიდებიან.

„როდესაც მე ვიყავი კიევში ვიზიტით, მაშინაც, უკრაინელ მაღალჩინოსნებს ვუთხარი, რომ წარმოუდგენელი იქნებოდა საქართველოში უკრაინის მოქალაქე იყოს მაღალჩინოსანი და უკრაინის წინააღმდეგ რაიმე ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ-მეთქი. ისინი მიხვდნენ რასაც ვგულისხმობდი და გაიკვირვეს. ახლა კი მათ დაინახეს, რომ საქართველოდან წასული ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ახლა უკრაინაში ერთ-ერთი მხარის გუბერნატორია, საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს.

მისი მიდგომა ძალადობისკენ არის მიმართული და მიმართულია იქითკენ, რომ ოღონდაც კი გაზარდონ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ხელმძღვანელით, არ მოერიდება იმას, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სისხლისღვრას და რა თქმა უნდა, ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს რეაგირება. რა იქნება ეს, ამის მრჩეველად ჩვენ ვერ გამოვდგებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ, რომლის განცხადებით ძალადობის სტიმულირებას, წაქეზებას არაფერი ამართლებს. როგორც ბრიტანელმა დიპლომატმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალადობის და რევოლუციის დრო ახლა არ არის.

„გვესმის, რომ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომლის მხრივაც საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა და მესმის, რატომ არის ასეთი მაღალი ინტერესი „რუსთავი 2“-ის საქმის მიმართ, თუმცა ძალადობის სტიმულირებას, წაქეზებას არაფერი ამართლებს.

როდესაც ჩანაწერების შესახებ გავიგე, ერთი მხრივ, შევწუხდი, რომ ადამიანების პირადი საუბრები საჯარო გახდა, მეორე მხრივ კი, მათი შინაარსი სამწუხაროა, რადგან დემოკრატიის მხრივ საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა და ახლა არ არის დრო ძალადობისთვის, რევოლუციისთვის. პროგრესისკენ მიმავალი გზა ისაა, რომელზეც საქართველო უკვე დგას და დემოკრატიას აშენებს“, - აღნიშნა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე თვლის, რომ წერილი კარგია, მაგრამ საჭიროა აქტიური ურთიერთობები ერთმანეთთან. ფანჯიკიძის განცხადებით, თუ არ იქნება ქვეყნებს შორის აქტიური ურთიერთობები, სიტუაცია მათ შორის დაიძაბება.

„უკვე წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც გვესმის, რომ უნდა შედგეს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში, თუმცა ეს არ მომხდარა. ვერა და ვერ განხორციელდა ეს ვიზიტი და საინტერესოა რა არის მიზეზი. წერილი კარგია, მაგრამ საჭიროა აქტიური ურთიერთობები ერთმანეთთან. ეს თუ არ მოხდება, ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაიძაბება“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

ქართველი ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები თვლიან, რომ პოროშენკომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რადგან ის დესტრუქციული პროცესების შექმნის დიდი ოსტატია და შეიძლება, როგორც ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში, ასევე უკრაინაში საკმაოდ მძიმე და რთული ვითარება შექმნას.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, სამწუხაროდ უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ, რაც საქართველოში ხდებოდა, რადგან ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში იმ იმიჯის შეცვლა რაც შექმნა სააკაშვილმა.

„ჩემი აზრით, სწორია პრემიერის მიმართვა პოროშენკოსადმი, რადგან სააკაშვილი არ არის უბრალო მოქალაქე, ის არის უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურის მაღალჩინოსანი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიმართვა იმუშავებს უკრაინის ხელისუფლებაში, რადგან სააკაშვილს ბევრი მოწინააღმდე ჰყავს უკრაინულ პოლიტიკურ წრეებში და ბუნებრივია, ღარიბაშვილის მიმართვას გამოიყენებენ იმისთვის, რომ სააკაშვილს გაუშვებენ დამსახურებულ პენსიაზე. მჯერა, რომ  ადგილობრივი მოსახლეობა რეალურად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და გააკეთებს ანალიზსს იმისას, სინამდვილეში რას წარმოადგენს ე.წ. რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

უკრაინის ხელისუფლებისგან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი არ აქვს, პოლიტიკურ კონსულტანტს, ვალერიან გორგილაძეს, რომლის განცხადებით, ასეთი მკაცრი ტონალობის წერილი გარკევულ უხერხულობას უქმნის უკრაინის ხელისუფლებას, რომლის გუბერნატორი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

„არ მგონია, რომ ეს ჩანაწერები და პრემიერის წერილი საკადრო ცვლილების საფუძველი გახდეს. ალბათ, პოროშენკო მის მეგობარ სააკაშვილს მეგობრულ რჩევებს მისცემს, რომ მისი ქმედება პრობლემას უქმნის უკრაინის ხელისუფლებას. ამით შემოიფარგლება პოროშენკო, მაგრამ სააკაშვილს შეეზღუდება პოლიტიკური მანევრირება, მნიშვნელოვნად შეფერხდება მისი კარიერული სვლა უკრაინაში და მთლიანად დამოკიდებული გახდება პეტრო პოროშენკოზე. არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი აღარ იქნება, მითუმეტეს თუ ჩამოერთმევა საქართველოს მოქალაქეობა“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე