პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახით „რუსთავი 2“-ის მეპატრონე გამოჩნდა, ნიკა გვარამია კი, სააკაშვილის გაკეთებული „თოჯინაა“. დეპუტატის მოსაზრებით, ნაციონალები არეულობის წინაპირობას კი არ ქმნიან, არამედ ისინი გარემოს ამზადებენ, რომ 2016 წლის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ.
ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებზე, for.ge ნუკრი ქანთარიას ესაუბრა:
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის წარმოებული ფარული ჩანაწერები გავრცელდა, სადაც საუბარია გასროლაზე, პროცესების დაძაბვასა და ბარიკადების აღმართვაზე. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას შორის გამართულმა საუბარმა?
- პოლიტიკური პროცესების მსგავსი სცენარით განვითარების თაობაზე, პარლამენტის ტრიბუნიდან განცხადება არაერთხელ გავაკეთე და ეს დადასტურდა კიდეც. ოდესის გუბერნატორი სააკაშვილი ამ გეგმას ალაგებდა და გუნდის წევრებს საკუთარ მესიჯებს უგზავნიდა. ამ საუბარში გასაკვირი არაფერი არ არის, რადგან ეს ასე რომ იქნებოდა, ყველამ ვიცოდით. ნაციონალები ქვეყანაში პროცესების არევას და ქაოსის წარმოქმნას ცდილობენ. სააკაშვილის სახით „რუსთავი 2“-ის მეპატრონეც გამოჩნდა და ზოგიერთ სკეპტიკოსს სათქმელიც არაფერი დარჩა. ის, რომ გვარამია სააკაშვილის მიერ გაკეთებული „თოჯინაა“, ესეც გამოჩნდა. ასევე გამოჩნდა, რომ გვარამია ლიდერობას ძალით ცდილობს, სინამდვილეში კი, მას ლიდერობის არაფერი სცხია და ის საკუთარ თავზე ძალადობს. რაც შეეხება ბოკერია-სააკაშვილის საუბარს, ბოკერია უფრო ცდილობს, რომ მოვლენები რეალური ვითარებიდან შეაფასოს. როგორც ვნახეთ, მათი მიზანი ბარიკადების აღმართვა, სროლა და სისხლია, მაგრამ მათი ეს ოპერაცია „კოვზი ნაცარში“ აღმოჩნდა.
ოდესის გუბერნატორი სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში რომ ერევა, ამაზე ქართული მხარე სათანადო რეაგირებას რატომ არ ახდენს?
- სააკაშვილის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები უკვე დაიწყო და ხელისუფლებას მივმართავ, რომ დაინტერესდეს, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში მიმდინარე პროცესებში ბნელი ზრახვებით რატომ ერევა?!
ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუკი ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე სასამართლოს თანხმობა არ არის გაცემული, ეს მასალა სასამართლოში მტკიცებულებად არ ითვლება, მაგრამ ვინაიდან, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დაკავებას გამორიცხავთ?
- ერთია, ნაციონალებს თავში რა უტრიალებთ, მაგრამ მეორე - რეალური მდგომარეობა. ისინი ჩანაწერების შინაარსს არ უარყოფენ და გამოძიების საქმეა, ამ ჩანაწერების მოპოვება როგორ მოხდა და შემდეგ როგორ გავრცელდა. თუკი შინაარსი სინამდვილეს შეესაბამება და მას არც უარყოფენ, ჩვენი ყურადღება ამას უნდა დაეთმოს.
შექმნილ ვითარებაში, ესკალაციის საფრთხეს ხედავთ?
- სამწუხაროდ, ჩემმა თაობამ სამოქალაქო დაპირისპირება და ესკალაცია რას ნიშნავს, გამოსცადა. დღეს, მოქალაქეებში ამის მსგავსი არაფერი შეინიშნება. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ქვეყანაში ნარჩენებს წარმოადგენს, ცდილობს, რომ იქნებ, სიტუაცია არიოს და არეულობაში ხელისუფლებას ჩაებღაუჭოს. ისინი არეულობის წინაპირობას კი არ ქმნიან, არამედ გარემოს ამზადებენ, რომ 2016 წლის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ. ამის მომზადების პროცესი მიმდინარეობს და თუკი მათ ამ პროცესში „რუსთავი 2“ დაეხმარებათ, მაშინ ისინი მზად არიან, ეს ტელევიზია მსხვერპლად შეწირონ. სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება ძალიან ვიწრო წრეში წყდება და მას არანაირი გაშლა არ აქვს. სააკაშვილს თავში ისეთი აზრები მოსდის, რითაც მას რაღაც ნიადაგის შექმნას სურს, რომ რევანში განახორციელოს. ძალოვანი უწყებები ვალდებულნი არიან, რომ ასეთ დროს გამოძიება დაიწყონ.
ანუ, პროცესების დაძაბვას გამორიცხავთ?
- სააკაშვილის ინტერესებში ყველანაირი მავნებლობა შედის, რაც კი შეიძლება ადამიანს თავში მოუვიდეს. მისი მიზანია, რომ ქვეყანაში ინტრიგები გაიხლართოს და პროვოკაციები მოეწყოს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ძირითადი თვალი აქეთ არის. როგორც ვნახეთ, ბოკერია-სააკაშვილი ჩიტებზე, პეპლებსა და მებაღეობაზე არ საუბრობენ. მათ რაღაც გეგმები აქვთ, რაც შეიძლება, პარტიულ სხდომებზე არც ჰქონდეთ განხილული. ასეთ საკითხებს რატიანს კი არ აწყვეტინებენ, არამედ მას პროცესებში შემდეგ ჩართავენ. ვისაც ბნელი წარსული და გამოცდილება აქვს, ისინი სწორედ, ამ ვიწრო წრეში მოიაზრებიან. მათი განცხადებები იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ მათ ბნელი ზრახვები ამოძრავებთ.
არც ბიძინა ივანიშვილზე ტერორისტულ აქტს გამოვრიცხავ, რადგან ისინი თვლიან, რომ ქაოსში მათი მიზნების მიღწევის შესაძლებელი იქნება. თუმცა, იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ისინი რაღაცას მიაღწევენ. მოქალაქეები ორ დიდ ბანაკად არ არიან დაპირისპირებულნი და ნაციონალების მიზანია, რომ ამის ილუზია შექმნან. ამ ჯალათებისა და მწვალებლების პარტიას გვერდით მხოლოდ ერთი მუჭა ხალხი დაუდგება. კადრები რაც გამოდის, იმას გვაჩვენებს, რა ხალხთან გვქონდა საქმე. გამორიცხულია, რომ ამ კადრების შემსრულებლებს ხალხი გვერდით დაუდგეს.
თქვენ ნაციონალების გეგმებზე აპელირეთ და ესკალაციის საფრთხეს გამორიცხავთ, მაგრამ ამაზე მინიშნება გასულ კვირას, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა. ისიც ნაციონალების წევრია?
- დღეს, პრეზიდენტი ვისი წევრია, ამის თქმა ძნელია. მგონი, ის ნებსით თუ უნებლიედ, ამ თაიგულში ჩაიწერა და რაღაც საქმეც გამოუჩნდა - შეხვედრები გამართა, თითქოს, ამის წინაპირობა იყო. პრეზიდენტმა მოსამართლის მიმართაც უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, როცა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მინიშნება მისცა. პრეზიდენტი ისრაელიდან ახალი ჩამოსული იყო, როცა საჩქაროდ პარტიებთან შეხვედრები დაიწყო, რა ვიღონოთო.
რადგან პრეზიდენტის აქტივობას შეეხეთ, გკითხავთ. ის განცხადება, რომელსაც თქვენ აკრიტიკებთ, საქართველოში ამერიკის ახალმა ელჩმა, იან კელიმ დადებითად შეაფასა. ანუ, დასავლელ დიპლომატს მარგველაშვილის პოზიცია მოეწონა...
- ვინც ამ სიტუაციას არ აკვირდება, მან გარეგნულად მარგველაშვილის განცხადებები რომ წაიკითხოს, იტყვის, ამ ადამიანს მშვიდობა უნდა და ესკალაციას ერიდებაო. როცა არაფერზე აჟიოტაჟს ქმნი, ეს ნიშნავს, ან ხალხმა იცოდეს, რომ ის პრეზიდენტია, ანდა მას ვიღაცა ყურში რაღაცას უჩურჩულებს და მასაც სჯერა, რომ ნაციონალები მიწიდან ამოძვრებიან და აქ პროცესები დაიძაბება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ბრძოლა არ აწყობს, რადგან გამორიცხულია, რომ მათ ამ გზით რაიმეს მიაღწიონ. ქვეყანას ეკონომიკური და სავალუტო პროლემები აქვს, რაც ვიცით და ვცდილობთ, რომ ეს პრობლემები გადაილახოს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საავადმყოფოს კარები გაიხსნა და ადამიანებს ოპერაციებს უკეთებენ, რაც დიდი მონაპოვარია. ნაციონალებმა ქვეყნის მართვა უკეთესად იცოდნენ?
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება თავის პოზიციებში მყარად არის?
- ხელისუფლება დღეს მართლაც ხელისუფლებაა და ძალიან მყარად და ძლიერად დგას. ნაციონალები უნიათოს და უუნაროს გვიწოდებენ, მაგრამ ახლა, როცა მათ დასჭირდათ, ხელისუფლება უზურპარტორი გახდა. უუნარო დიქტატორი მსოფლიოს არ ახსოვს. ხელისუფლება ან ერთია, ან მეორე და ჩვენ არცერთი არ ვართ. ქვეყანა ყოველგვარი ძალადობისგან გავათავისუფლეთ და ამის დასტურია ის, რომ ყველა იმას ლაპარაკობს, რაც თავად სურს. ოპოზიციაში რომ ვიყავით, იმას ვფიქრობდით, სიხშირე საიდან გაგვეშვა. ამის თვითმხილველი For.ge-ია, რომელიც ჩვენთან „ქართულ აკადემიაში“ შევიფარეთ. ზოგჯერ ვფიქრობდით, სიხშირე რიზედან ხომ არ გაგვეშვა და იქ ხომ არ გადავსულიყავით. დღეს კი, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება შეუძლია. „რუსთავი 2“ არ დაიხურება, თუკი მას თავად არ დახურავენ. როგორც ჩანს, უნდათ, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი დააბრალონ და ჩვენ თავის მართლებაში ვიყოთ. ეს კერძო დავა როგორც არ უნდა დასრულდეს, მთავარია, სიმართლე დადგინდეს.
თქვენ ფარული კადრების გავრცელება ახსენეთ. 2012 წელს, გაუბედურებულმა ხალხმა ხმა ნაციონალების დასჯის მიზნითაც მოგცეს, მაგრამ თქვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეთ და პროცესები არ დაძაბეთ. ახლა ამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოსვლისთვის არეულობის მოწყობას არ ერიდება, ამ გადმოსახედიდან, არ ფიქრობთ, რომ შეცდომა დაუშვით?
- ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დოკუმენტი მზადდება, თუ სად ვიყავით და სად მოვედით. წამების ამსახველი კადრების გამო, ასსზე მეტი ადამიანია დასჯილი, მაგრამ ბევრი დასასჯელია. ერთი ოდესაშია გაქცეული, მეორე სხვაგან და მესამე დასაკარგავში. ამ სისტემის ორგანიზატორთა ნაწილი დასჯილია, მეორე ნაწილი ძებნაშია. იმ ტემპით მეც არ ვარ კმაყოფილი, რითაც ეს პროცესი უნდა წასულიყო.
რამ შეაყოვნა სამართლიანობის აღდგენა?
- რა პროკურატურაც დაგვხვდა, იცით. ვინც ამ პროცესებში მონაწილეობდა, ისინი ან კვალს წაშლიდნენ, ან ამ პროცესში საკუთარ თავს დამალავდნენ. ვინც წესიერი და სინდისიერი ადამიანი იყო, მათ დანაშაულის დამტკიცების გამოცდილება არ ჰქონდათ, რადგან პროკურატურა რასაც იტყოდა, მოსამართლე იმას აფორმებდა. ასევე იყო საერთაშორისო პოლიტკონიუნქტურა, რომელსაც ჩვენდაუნებურად ავყევით და ამ ყველაფერმა ერთიანად ის შთაბეჭდილება შექმნა, რომ ბევრი ადამიანი დაუსჯელია, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. მომხრე ვიყავი, რომ საზოგადოებას ეს კადრები ერთხელ ენახა და საქმე ამით დამთავრდებოდა. ამ კადრების განადგურების მომხრე არ ვიყავი.
რატომ?
ვინც ეს კადრები გადაიღო, ეს უნდა გამოგვეძიებია და დამნაშავეები დაგვესაჯა. ჩემზე რაც არ უნდა გადაეღოთ, რას ნახავდნენ? - საბიუჯეტო თანხები ამაზე მიდიოდა, რადგან როგორც ჩანს, ხალხის შემაკავებელი ეს კადრები იყო.
ვინაიდან, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო და ახლა გამოძიება ურმით მიდის, არ ფიქრობთ, რომ საკუთარი ამომრჩევლის განწყობის უკან დაბრუნება გაგიჭირდებათ?
- ეს არჩევნებზე გამოჩნდება. მეამაყება, რომ ხალხს არჩევანი დავუბრუნეთ. ხალხი გაარკვევს, რეალურად, ვინ რისი გამკეთებელია და არა მთქმელი. „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს და გაკეთებულს საზოგადოებას გავაცნობთ. ჩვენი პრობლემაა, რომ საზოგადოებამდე ჩვენი გაკეთებული საქმე ვერ მიგვაქვს. ბევრმა არ იცის, ჯანდაცვაში რა გარღვევა მოხდა და 22 ფაკულტეტი უფასო რომ არის.