„ნაციონალური მოძრაობა“ შესაძლოა, ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გარეშე დარჩეს. იმ შემთხვევაში, თუკი, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა, მას საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება არ ექნება. შესაბამისად, მას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზეც უარის თქმა მოუწევს.
იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ოდესის გუბერნატორია, ქართული მხარე საქართველოში მის პოლიტიკურ აქტივობას აპროტესტებს და უკრაინის ხელისუფლებას საკუთარი მაღალჩინოსნის გაკონტროლებას სთხოვს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ნაზაროვი დაიბარეს, რომელსაც ოფიციალური ნოტა გადასცეს.
საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის, სააკაშვილის გამონათქვამები საქართველოს სტაბილურობისათვის საფრთხის შემცველ მოწოდებებს შეიცავს და ის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავს.
აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აქტივობის უფლება, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიების ერთ-ერთი ნაწილი იმას მოიცავს, ოდესის გუბერნატორი საქართველოს შიდა საქმეებში რატომ ერევა და საგარეო უწყების მხრიდან ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.
„ამაზე რეაგირება მას შემდეგ მოხდება, რაც გამოძიება დასრულდება. უკრაინაში მიშას არსებობა წუთებს ითვლის, რადგან მისმა კანდიდატმა არჩევნები საკმაოდ სერიოზულად წააგო. მიშა ის ლიდერი არ არის, რომელსაც საკუთარი ზნე-ჩვეულების შეცვლა შეუძლია. ის იგივე შეცდომებს უშვებს. უკრაინაში მიმდინარე პროცესებს რომ ვუყურებ, დეჟავუ მაქვს. ძალიან მალე მას უკრაინიდან გამოაბუნძულებენ და მის ადგილს ვერსად ვხედავ. მისი პოლიტიკური კრახი მოახლოებულია“, - განუცხადა for.ge-ს სესიაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უკრაინაში რევანშისთვის წავიდა და არა პოლიტიკური კარიერის შექმნისთვის.
უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ სააკაშვილს საქართველოში, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. მისი განცხადებით, სააკაშვილის მიმართ სამართლიანი პროცესი დაიწყო, რომელიც მისი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტით დასრულდება.
„ამის შემდეგ მას არანაიარი უფლება არ ექნება, საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უხელმძღვანელოს. მისი მინიმუმი პროგრამა - დასავლეთის თვალში, ჩვენი ხელისუფლების დემონიზაციაა, რასაც ის ვერასოდეს მიაღწევს. მისი პროგრამის მაქსიმუმი - ხელისუფლებაში დაბრუნება და რევანშის მოწყობაა, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს“, - განუცხადა for.ge-ს კვაჭანტირაძემ.
თანაგუნდელების მსგავსად, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური სააკაშვილის ქმედებებზე რეაგირებას უკრაინულ მხარეს სთხოვს და for.ge-სთან აცხადებს, რომ ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანი მეორე ქვეყნის საშინაო ცხოვრების საკითხებში უხეშად ერევა. ძიძიგურის მოსაზრებით, სააკაშვილის მხრიდან ადგილი აქვს ანტიკონსტიტუციური ჩარევის მცდელობას.
„ეს საკითხი ორი ქვეყანის ურთიერთობის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. ამ საკითხზე ყურადღებას დიპლომატები გაამახვილებენ, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ, რომ სააკაშვილს მალე გაემიჯნონ, რითაც მათ ხელ-ფეხი გაცილებით თავისუფალი და კონსტრუქციული საქმიანობისათვის გაეხსნებათ“, - აცხადებს ძიძიგური.
უმრავლესობის მსგავსად, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი სააკაშვილის პოლიტგეგმებზე აპელირებს და ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ნათლად აქვს წარმოდგენილი, რომ მას საქართველოში არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნია და მის ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს, რომ ქვეყანაში საკუთარი აქტივობა დაძაბულობით უზრუნველყოს.
„შესაძლოა, სააკაშვილის ინტერესი არეულობა იყოს და მისი მხრიდან წაქეზების მცდელობა აქვს ადგილი. ეჭვი მეპარება, რომ მან რაიმე შედეგის მიღწევა შეძლოს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაკოტრებულია. მიშას პერსპექტივა არ აქვს და ის პროცესების არევას ცდილობს, რაშიც იმ ადამიანებს იყენებს, რომელთაც მასთან ასოცირება შესაძლოა, არც უნდათ. არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაიონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ს ცუდ სამსახურს უწევს. ვხედავთ, რომ ნაციონალების სურვილია, „რუსთავი 2“ სარედაქციო პოლიტიკის გარდა, საკუთარ პოლიტიკურ პლატფორმად აქციონ. თავისუფალი სიტყვის დაცვა ერთი საქმეა, მაგრამ მეორე მხრივ, ამის გამოყენება იმისთვის, რომ არეულობა იყოს და ნაციონალების ინტერესები იქნეს გატარებული, მიუღებელია. უსაფრთხოების სამსახურებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რომ საუბრების ავთენტურობა დაადასტურონ და ღია გამოძიება აწარმოონ, რათა კითხვები არ უნდა დარჩეს“, - განუცხადა for.ge-ს ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის მსგავსად, ყოფილი ნაციონალი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ გამოსაძიებელია ჩანაწერები რამდენად კანონიერად არის გაკეთებული. დეპუტატის ვარაუდით, ამ ჩანაწერების გაკეთება ხელისუფლებას აწყობდა, შესაბამისად, ეჭვი ჩნდება, რომ ჩანაწერები მათ მიერ გაკეთებული და ატვირთულია, რაც სამართალდამცავი უწყების პოლიტიზაციაზე მიანიშნებს.
„რა შეეხება შინაარს, ფრაზებს, რომელსაც სააკაშვილი იყენებდა, მიუღებელია. იქ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლაზე საუბარი არ იყო, მაგრამ ასეთი ტერმინებით საუბარი საფრთხის მატარებელია. რომელი ინვესტორი წარმოგიდგენიათ ისეთი, რომელიც ფულს იმ ქვეყანაში ჩადებს, რომლის ყოფილი პრეზიდენტი მსგავს გეგმებს ახმოვანებს?!“, - განუცხადა for.ge-ს ჯაფარიძემ, რომელსაც კითხვით მივმართეთ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო თუ არა ის, რომ სააკაშვილი თანაგუნდელებს საქართველოში აგრესიული პოლიტიკის წარმოებას სთხოვდა.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ აგრესიული პოლიტიკაზე მის მიმართ მოთხოვნა არასოდეს ყოფილა.
„პარტიაში ათასგვარი საკითხი იყო. ზოგადად, პარტიაში სხვადასხვა აზრის ჭიდილი სულ არის, მაგრამ სააკაშვილი მოთხოვნებს მე არ მიყენებდა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება ნაციონალების განწყობას, for.ge დღეს, ოპოზიციონერი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის პოზიციის გარკვევას უშედეგოდ შეეცადა, რადგან მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები უკვე დაიწყო. ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როცა პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, ის საქართველოს მოქალაქეობას კარგავს.