„იკვეთება მასობრივი არეულობის ორგანიზება და ტელე-რადიო მაუწყებლობის ხელში ჩაგდება-ბლოკირება“

„იკვეთება მასობრივი არეულობის ორგანიზება და ტელე-რადიო მაუწყებლობის ხელში ჩაგდება-ბლოკირება“

უკრაინული გამოცემა uareview.in.ua-ის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ოდესის ოლქის გუბერნატორი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს და სწორედ ამ გეგმაზე ესაუბრება მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიგა ბოკერიას და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

აუდიოჩანაწერის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ბოკერიას ეუბნება, რომ ტელეკომპანიის ეზოში უნდა დაიწყოს რკინის კონსტრუქციების მოწყობა და ბევრი ბარიკადი უნდა გააკეთონ, თავისი დაცვით, გამაგრებებით, „ბოევიკებით“, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ სააღსრულებლოს თანამშრომლები. ჩანაწერის მიხედვით, ბოკერია აცხადებს, რომ ამისთვის ემზადებიან. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უნდა იყოს „ცხვირ-პირის დანაყვები“ - „და თუ გაისვრიან და, გაისროლონ… რა ვქნათ...“

მეორე აუდიოჩანაწერის თანახმად, სააკაშვილი გვარამიას რევოლუციურ სცენარს სთავაზობს: „უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ. მოიმარაგოთ წყალი, ესა-ისა და უნდა იყოს ეს მრავალკვირიანი. ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი... ახლავე უნდა დაიწყოთ ამის მომზადება, რკინები მიიტანოთ, დააწყოთ. ჩვეულებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ... კარვები.... მანდ სხვა გზა არ არსებობს. შემდეგი სცენარი იქნება აღება და 22-ში შემოსვლა. ეს აღება არ უნდა დავუშვათ. 1500-2000 კაცს ყოველთვის ვიშოვით, რომ გაამაგრონ, როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ძაან გაუჭირდებათ“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

აუდიოჩანაწერის ავთენტურობას საუბრის მონაწილეები ადასტურებენ. თუმცა, ამტკიცებენ, რომ არავითარი სახელმწიფო გადატრიალება არ იგეგმება და ეს მათივე მტკიცებით, ამ ჩანაწერებიდანაც დასტურდება. თუმცა ასე არ ფიქრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც კონტრდაზვერვის დეპარატამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ-ს 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

ამასთანავე, „რუსთავი 2“-ის მიმდებარე ტერიტორაზე დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის კამერები, მიმდებარე ტერიტორიაზე დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა უზრუნველყონ მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან იქნას არიდებული მოსალოდნელი პროვოკაცები.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინული გამოცემა uareview.in.ua-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერიდან იკვეთება საქართველოს სსკ-ს 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს მასობრივი არეულობის ორგანიზებას და განხორციელებას, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ბათიაშვილის განცხადებით, ამავე ჩანაწერით ასევე იკვეთება სსკ-ს 222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს ტელე-რადიო მაუწყებლობის და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება-ბლოკირებას.

„აშკარად იკვეთება მზადება მასობრივი დესტაბილიზაციისთვის. ამის შესახებ თვეების განმავლობაში ვაკეთებდი განცხადებას და ვამბობდი, რომ მთავარ როლს ითამაშებს „რუსთავი 2“. ამ საუბრებების ლატენტური აზრი გახლავთ ის, რომ საბოლოო ჯამში, სააკაშვილს მიზანია ხელისუფლების დამხობა და ცდილობს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გამოიყენოს საბაბად.

დიახ, მასობრივი არეულობის ორგანიზებაა, როდესაც ეუბნება, რომ ირგვლივ ბარიკადები უნდა ააშენონ, იქნება სროლა და ცვხირ-პირის დანაყვა, ბოევიკები, კუნთმაგარი ბიჭები და ა.შ. დიახ, სააკაშვილი და მისი ჯგიფის ქმედება ითვალისწინებს მასობრივი არეულობის მოწყობას და ეს დასტურდება ამ ჩანაწერით“, - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.

უშიშროების ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილი-ბოკერია და მათი გუნდის მიზანია ხელისუფლების დამხობა.

„გვარამია ტყუილად კი არ ლაპარაკობდა, რომ არ დავემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებასო. ახლა უკვე შეშინებულია და პირიქით საუბრობს, ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ხელისუფლება გადამწყვეტ მოქმედებებზე წავიდესო, აქამდე ყველაფერზე მიდიოდა. ის საკმაოდ ეშმაკი ადამიანია და ანალიზის უნარი აქვს, საშიშროება რომ დაინახა, შეცვალა სიმღერის ტექსტი. ხელისუფლებას მართებს დიდი სიმტკიცე და გადამწყვეტ მოქმედებებზე წასვლა, რომ ქვეყანაში არ დაუშვას დიდი დესტაბილიზაცია, რომელსაც ნაციონალები გეგმავენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ბათიაშვილი.

სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური ზომების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ანზორ მაისურაძე და ამბობს, რომ სატალეფონო საუბრის მონაწილე და მათთან კავშირში მყოფი პირები კონტროლზე უნდა იყვნენ აყვანილი.

„ისინი ღიად ლაპარაკობენ მასიური არეულობის მოწყობაზე, რომლის საბოლოო სცენარი უნდა იყოს სახელმწიფო გადატრიალება. ამიტომ, უშიშროების სამსახურმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ ეს ლაპარაკი მოქმედებაში არ გადაიზარდოს. ამ ჩანაწერით აშკარად დასტურდება სახელმწიფო მზადება გადატრიალებისთვის.

„მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, უფრო მკაცრად მოვექცეოდი მათ. სამი დღე ვაყურყუდებდი ციხეში, რომ გაეაზრებინათ რა დანაშაულის ჩადენას გეგმავდნენ სახელმწიფოს წინაშე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჯვარედინ დაკითხვას მოვუწყობდი და მივცემდი გაფრთხიელებას, რომ სამშობლოს ღალატისთვის მოუწევდათ ციხეში ყოფნა. ის რაც ჩვენ მოვისმიენთ, აი, ეს არის სამშობლოს ღალატი“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ანზორ მაისურაძემ.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ ხელმძღვანელი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ამ ჩანაწერიდან იკვეთება მოწოდება დაუმორჩილებლობისა და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისკენ.

„ამ საუბრებიდან არ იკვეთება სახელმწიფო გადატრიალება, ეს უფრო სხვა იურიდიული დეფინიციაა, როგორიც არის ძალადობის პროვოცირება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მოწოდება დაუმორჩილებლობისა და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისაკენ, რაც ასევე დანაშაულია. როდესაც გავარამია ამბობს, რომ მე არ დავემორჩილებიო და ძალას გამოვიყენებო, გამოვიდეს და თქვას, რომ არ ვემორჩილები საქართველოს კანონმდებლობასო. უკვე აქედანვე ჩანდა ამ პროვოკაციების მოწყობის მცდელობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

ქვეყანაში მიმდინარე პროცებთან დაკავშირებით, ძალოვანი უწყების პირველ პირებთან საგანგებო შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს მოუწოდა, უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგი.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიმართა მოქალაქეებს და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. ღარიბაშვილის განცხადებით, სამართალდამცავები აღკვეთენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამასთანავე, მთავრობის მეთაური მედიის წარმომადგენლებს ურჩევს, კარგად დაფიქრდნენ, რათა არ მოხდეს მათი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება და ძალაუნებურად არ აღმოჩნდნენ შესაძლო შეთქმულების თანამონაწილეები.

თავად ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ რაიმე ტიპის რევოლუციურ სცენარებზე არ ფიქრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში პროცესების გამწვავებაზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „რუსთავი 2“-ს საუბარი დაეწყო საკუთარი თავის დაცვაზე, ყველა მეთოდის გამოყენებაზე იმისთვის, რომ დაეცვა საკუთარი გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თავისუფლება.