„უნდა განმარტონ, ეს არის უკარაინის სახელმწიფოს პოზიცია, თუ - ერთი არასრულფასოვანი ადამიანის განცხადება“

„უნდა განმარტონ, ეს არის უკარაინის სახელმწიფოს პოზიცია, თუ - ერთი არასრულფასოვანი ადამიანის განცხადება“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ კიევი ამჯერად მაინც გააკეთებს განმარტებებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე. თუმცა, ამ დრომდე უკრაინის ხელისუფლებას განმარტებები არ გაუკეთებია ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრებზე, რომელიც აღძრავს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოში კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წუთამდე ჩვენ არ გვაქვს უკრაინის ოფციალური ხელისუფლების პოზიცია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან ასეთი მოწოდება ძალიან ბევრჯერ გაკეთდა, ამჯერად მაინც, კეთილს ინებებენ და გავიგებთ, რაზეც საუბრობს მათი ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორი, ეს არის უკარაინის სახელმწიფოს პოზიცია, თუ ეს არის ერთი არასრულფასოვანი ადამიანის განცხადება, რომელიც, როგორც ჩანს, თავს ძალიან უბედურად თვლის, რომ აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, პატრონი და მესაკუთრე. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და იმედი მაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება ამას აცნობიერებს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორც ცნობილია, 29 ოქტომბერს უკრაინულმა გამოცემამ uareview.in.ua-მა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ოდესის ოლქის გუბერნატორი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს და სწორედ ამ გეგმაზე მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიგა ბოკერიას და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ესაუბრება.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს მედიაში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას საუბარი, რომელიც 22 ოქტომბერს სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში შემდგა. საუბრის სტენოგრამაში სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. პოლონური და უკრაინული მედია სააგენტოების მიერ გავრცელებულ სტენოგრამაში ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

ორივე შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლება დუმილს ინარჩუნებს. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის უკრაინის შესაბამის სამსახურებს მიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას დამატებით აცნობებს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

პარალელურად კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს - მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

ამ დრომდე უცნობია მიმართა თუ არა შესაბამისი საპროტესო ნოტის წერილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის სახელმწიფოს. for.ge-ს მცდელობის მიუხედავად გიორგი კვირიკაშვილის უწყებიდან კომენტარი ვერ მოვიპოვეთ. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ნოტით უნდა მიმართოს უკრაინის ხელისუფლებას, რადგან უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა.

„უნდა მიმართონ მოთხოვნით, რომ გარკვეული იქნას სიტუაცია და თხოვნით იმისა, რომ მიღებული იქნას შესაბამისი ზომები მომავალში ამგვარი ქმედების თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, უკრაინის მხარემ თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა ნაბიჯს გადადგამს.

თუ ილახება ქვეყნის ინტერესები და ილახება მათი მოქალაქის მიერ, მითუმეტს თანამდებობის პირის მიერ, ასეთ შემთხვევაში მათივე კანონმდებლობიდან და პოლიტიკური კონტექსიდან გამომდინარე, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინულმა მხარემ.

უკრაინის ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღკვეთოს თავისი ტერიტორიიდან მეგობარი ქვეყნის ინტერესების ხელყოფა ამგვარი პროცესებით. ზოგადად ასეთი ლოგიკიდან უნდა გამოდიოდეს მეგობრულად განწყობილი ქვეყანა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ უკარინის ხელისუფლებამ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირს არ აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. საყვარელიძის განცხადებით, ოდესის ოლქის გუბერნატორი სწორედაც, რომ ფარულად ერევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში და საუბრობს რევოლუციური სცენარების მოწყობაზე, რაც მისივე თქმით უმძიმესი დანაშაულია.

„საერთოდ, უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის თემის გარშემო დაჩლუნგებულია. სააკაშვილის მხრიდან ანალოგიური ჩარევები ადრეც იყო, მათ შორის შეფასებებში, საჯარო განცხადებებშიც, რაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა უკრაინულ მხარეს, მაგრამ არ აქცევენ ამას მნიშვნელობას.

ალბათ, ისევ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში უნდა მოიძებნოს რესურსები და ეს არ არის მარტო ქართულ-უკარინული ურთიერთობა, იგივე დასავლელმა პარტნიორება უნდა აიძულონ უკრაინული მხარე, რომ იგი უფრო ადეკვატური იყოს საქართველოსთან ურთიერთობაში.

ფაქტია, უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი მეორე სახელმწიფოში გეგმავს არეულობას და დესტაბილიზაციას, ამაზე უკრაინას უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპეტრი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და კონკრეტულ შეფასებებს.

„რა პოზიცია ექნება საქართველოს მთავრობას და რა ნაბიჯებს გადადგამს, იმის მიხედვით შემიძლია შევაფასო, რამდენად სწორი იყო, ან არ იყო სწორი. ამ ეტაპზე საკმაოდ ადრეა ამაზე საუბარი. მთელი ეს საუბრები რომელიც შედგა ორ ნაცნობ ადამიანს შორის და ამის წარმოჩენა რაღაცა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად ან ჩარევად, ვფიქრობ, საჭიროებს უფრო მეტ დასაბუთებას, ვიდრე ეს სატელეფონო საუბარია, სადაც არის ზოგადი საუბარი და არანაირი კონკრეტიკა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანმა.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ ხელმძღვანელი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს დასავლეთზე უკეთესად იყენებს რუსეთი დესტაბილიზაციისთვის როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

„დააკვირდით, სააკაშვილმა მთელი ოდესა დაანაწევრა და ერთმანეთს დაუპირისპირა საზოგადოება, მალე უკრაინასაც დაუპირისპირებს. მისი ნიჭიც ეს არის. ასე რომ, უკრაინის ხელისუფლებისგან რა ზომებს უნდა მოველოდეთ? პრემიერ-მინისტრი უფრო რეალისტი პოლიტიკოსია და თავის დამოკიდებულებას გამოხატავს, მაგრამ მისი პოლიტკური ძალა უფრო სუსტია ვიდრე პოროშენკოსი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.