315-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად, სწორედ ამ საკითხებზე მოუწიათ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გამოძიების კითხვებისთვის პასუხის გაცემა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დახმარებისთვის უკრაინელ კოლეგებს მიმართა.
გვარამიას და ბოკერიას დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკრაინული გამოცემა uareview.in.ua–ის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის საფუძველზე მოხდა, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერია რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. მხარეებმა ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურეს.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება სსკ–ს 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. გამოძიების ფარგლებში გამოძიებამ ამავე დღეს დაკითხა გიგა ბოკერია, რომელიც 22 ოქტომებრს ათა–თურქის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, სადაც ასევე საუბარი იყო რევოლუციურ სცენარზე.
გვარამია და ბოკერია სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ერთდროულად გამოცხადნენ. „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა შენობა 6 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც დაკითხვის შემდეგ გვარამიამ აღნიშნა, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს და კითხვებს ვერ გაამხელს.
„გაგვაფრთხილეს, რომ ამასთან დაკავშირებით ვისაუბროთ მხოლოდ ზოგადად. მთავარი პრობლემა, რაც გამოძიებას ამ ეტაპზე აქვს, ეს არის მიხეილ სააკაშვილთან ჩემი საუბრის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია. როგორც ჩანს, ძალიან ჭრით ტერმინები ყურს. მაგალითად ისეთი, როგორიც არის „ბოევიკი“, „რევოლუციური სცენარი“. შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ეხამუშება ყურს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ აქ არავინ გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ, რომლის განცხადებით, საუბარია „რუსთავი 2“-ის დაცვაზე, ქმედებებზე, რომელიც რეაქციულია თავისი ხასიათით და არა პროაქტიურ ქმედებები, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას, ან სადმე შეჭრას და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.
„როგორი ფორმებით ფიქრობენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები სიტყვის თავისუფლების დაცვას, ეს მათი არჩევანია. მე ყველას შემიძლია მოვუსმინო, ხოლო რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს „რუსთავი 2“-ის გადასაწყვეტია. ჩვენ არც ბარიკადები გვაქვს, არც „ბოევიკები“ გვყავს ეზოს ირგვლივ დასაცავად. ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ და ბოლომდე დავიცავთ ჩვენ ინტერესებს და სიტყვის თავისუფლებას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ე.წ. მოდულის შენობა თითქმის 8 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა აუდიოჩანაწერის მთავარმა ფიგურანტმა გიგა ბოკერიამ, რომელმაც დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა განაცხადა, რომ პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ბიძინა ივანიშილის დაკვევთით ვითარდება.
„რაც საზოგადოებას მოსმენილი აქვს არაერთხელ, იგივე მოისმინეს ჩემგან ამ შემთხვევაში იმ გამომძიებლებმა, რომლებსაც ივანიშვილის დაკვეთით ასეთ სისულელეზე აწვალებენ და დროს აკარგვინებენ. ეს ჩვენი საჯარო პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვენი ამოცანაა არ მიეცეს ივანიშვილს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანოს.
ჩვენი ამოცანაა, რომ ის დავამარცხოთ 2016 წლის არჩევნებში, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ძალადობის გზით ჩაახშონ ის ინსტიტუტები, რომლებიც იცავენ სიტყვის თავისუფლებას. ეს არის ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“. თუ ის გააგრძელებს იმ ნაბიჯებს, რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდში, კონტროლირებადი მოსამართლის განაჩენის ძალადობრივ აღსრულებას, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს „რუსთავი 2“– თან დაკავშირებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდის მცდელობა არის, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი იქნას ინტერპრეტირებული, თითქოს ჩვენ ვართ მოწადინებული, ადგილი ჰქონდეს ანტიკონსტიტუციურ მოქმედებას, ძალადობას ან დაპირისპირებას.
„ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენი ამოცანაა ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის დაცვა ანტიკონსტიტუციური, უკანონო გადაწყვეტილებისგან და სხვა შემთხვევაში ჩვენი თავისუფლების დაცვა ივანიშვილის მცდელობებისგან, რომ ჩაახშოს ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც მას ხელს უშლის“, – განაცხადა ბოკერიამ.