ნუკრი ქანთარიას მიმართვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს

ნუკრი ქანთარიას მიმართვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს

მოგმართავთ არა როგორც, რომელიმე პოლიტიკური პარტიის, მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, არამედ როგორც პროფესიონალებს. აუდიო ჩანაწერები, რომლის ნამდვილობასაც თავად ამ ჩანაწერში მოსაუბრე პირებიც ადასტურებენ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათი მხრიდან თქვენი ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობას. საბოლოოდ გამოჩნდა თქვენი ნამდვილი მესაკუთრის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის სახე, რომელიც პირადი სარგებლის მიზნით ნებისმიერ დროს გაგწირავთ სასურველი ზრახვების სისრულეში მოსაყვანად. იმედი მაქვს, გადაურჩით ყველაზე ჭუჭყიან სცენარს, სადაც თქვენი იქ ყოფნა და მუშაობა საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას შეეგაცვლევინებდათ.

ოდესღაც ნანახი მაქვს ერთ-ერთ ტელევიზიაში პროცესების ასეთი განვითარება: შმორი, სიგარეტი, არყის ბოთლები, 5 ლარიანი აქტივისტები, ე.წ. ბოევიკები, ლოთები, ნარკომანები, ვითომ თქვენს მხარდასაჭერად მოსული ხალხი, ანუ როგორც სააკაშვილი უწოდებს ე.წ. „ჯიგრები“, რომლებიც თქვენი ტელევიზიის სტუდიებში ამღვრეული თვალებით იბორიალებენ და ერთგვარი შინაგანი უპირატესობით, რომ ისინი ტელევიზიისთვის მნიშვნელოვან დროს თქვენ გიცავენ. მოკლედ, აღარ გავაგრძელებ. იმედი მაქვს, პროცესების ასეთი განვითარება თქვენთან აღარასდროს განიხილება.

ამასთან, მივესალმები თქვენს გადაწყვეტილებას, რომ სიტყვით გაემიჯნეთ პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ საქმით ცოტა სხვა ვითარებაა: თქვენ ისევ რჩებით სააკაშვილის ტელევიზიად და მის მიერ დანიშნული, ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას ქვეშევრდომებად, რომელსაც არაფერი ეტყობა ლიდერობის და აშკარად თავის თავზე ძალადობს, რადგან ნაციონალურ ბანდასთან ვალდებულებით და 46.000 ლარიანი ხელფასით არის შეკრული. ამას ჩანაწერიც ადასტურებს.

როგორც არც უნდა დამთავრდეს სასამართლოში ეს კერძო დავა „რუსთავი2“-თან მიმართებაში, ვინც არ უნდა იყოს ტელევიზიის მესაკუთრე, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ შეექმნება. ამაზე პასუხისმგებლობას ჩვენი ხელისუფლება იღებს.

„ჩვენი ვალდებულებაა შევასრულოთ პროფესიული მოვალეობა, მეტს არაფერს ვითხოვთ“, - ამბობთ თქვენს განცხადებაში. თუ ასეა, ამ მოვალეობის შესრულებაც თქვენს ხელთაა. გამოიჩინეთ სიმამაცე, რათა თავი დააღწიოთ გვარამიას და ნაციონალური პარტიის მარწუხებს. საზოგადოება თქვენგან სწორედ ამას ელოდება. თუ ამ ნაბიჯს უახლოეს ხანებში არ გადადგამთ, ჩაითვლება, რომ თქვენი ეს ვითომ გამიჯვნა პოლიტიკური პროცესებიდან, ტაქტიკის ნაწილია და არა შინაგანი რწმენის და პროფესიული სტანტარტების დაცვა. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოდით პარტიული მწკრივიდან და უარი თქვით პარტიულ მონობაზე.

რაც შეეხება უცხოელებს, რომელთა აზრსაც პატივს ვცემთ, სააკაშვილი კი მათ „იდიოტებად“ მოიხსენიებს, ისინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს დიდი ყურადღებით ეცნობიან და იმედი მაქვს, ამ ყველაფრიდან სერიოზულ დასკვნებს გამოიტანენ.