ვის უნდა დავუჯეროთ-ნატოს, ევროკავშირს, ვაშინგტონს თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ აქტივისტებს?

ვის უნდა დავუჯეროთ-ნატოს, ევროკავშირს, ვაშინგტონს თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ აქტივისტებს?

ქართული საზოგადოების არჩევანი პოლიტიკური კურსის მიმართულებით, ჯერ კიდევ გასული საზოგადოების 90-იან წლებში განისაზღვრა და დღემდე უცვლელად რჩება. თუმცა, შიგადაშიგ თემა - რუსეთი თუ ნატო და ევროკავშირი, პერიოდულად თავს ისევ გვახენებს და ეს კითხვა დღეს საქართველოს პრეზიდენტისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაზეც დაისვა.

 NDI-ს კვლევებმა, რომლის პრეზენტაციაც ორიოდე კვირის წინ გაიმართა, წინა შედეგებთან მიმართებაში გვაჩვენა, რომ ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა არ გაზრდილა და ის გამოკითხულთა 31%-ს შეადგენს, მაშინ როცა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობამ იკლო და 61%-მდე დაეცა. გამოკითხულთა 70%-ს რუსეთთან ურთიერთობა არ მოსწონს, 89% კი რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას მიესალმება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ეს თემა მას შემდეგ, რაც საქართველოში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა ჩამოვიდა. ბენსუდა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე დატრიალებული მოვლენების და ნებისმიერი ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას აპირებს და ამ თხოვნით მან ჰააგის სასამართლოსაც მიმართა.

როგორია ამ ფონზე ქართულ-რუსული ურთიერთობები, ღირს თუ არა დიალოგის გაგრძელება ჟენევის ფორმატში რუსეთ-საქართველოს შორის და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბენსუდას ვიზიტმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე უახლოეს მომავალში?

For.ge საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

ზურაბ აბაშიძე: „2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჩვენ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო წილად, ფაქტობრივად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა მოიშალა და ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ვითარება გამოვასწოროთ. მთავარ თემებთან მიმართულებით, სამწუხაროდ, ჩვენ წინსვლა არ გვაქვს, ვგულისხმობ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარებას. ამავე დროს, ვაწარმოებთ რუსეთთან დიალოგს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში - ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული საკითხები.

არის რაიმე სიახლე ვაჭრობის მიმართულებით, იგეგემება დამატებით რაიმე პროდუქციის შესვლა რუსეთის ტერიტორიაზე?

- განსაკუთრებული სირთულეები ამ ეტაპზე არ არის. ვაჭრობა შემცირებულია რუსეთში მიმდინარე გარკვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე, თუმცა ეს პროცესები გრძელდება. გადის ჩვენი პროდუქცია, შეთანხმება შედგა და კიდევ დამატებითი პროდუქციის შესვლა იგეგემება.

თქვენი და კარასინის ფორმატის შეხვედრები მუდმივი განსახილველი თემაა ხელისუფლებასა და ოპოზიციურ სპექტრის დაპირისპირებისას. „ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფორმატი უნდა შეჩერდეს, რადგან ახალი და ხელშესახები მას არაფერი მოაქვს...

- მე მათი მოსაზრება აღარ მაინტერესებს. როცა ჩვენი დიალოგი დაიწყო, მე ყველას ვხვდებოდი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციის წარმომადგენლებაც, მაგრამ ყოველგვარი ინტერესი დავკარგე, რადგან მათი განცხადებები მთლიანად პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ცდილობენ გვიბიძგონ იმავე ტრაგიკული შეცდომის დაშვებისკენ, რაც მათ დაუშვეს 2008 წელს, რამაც ქვეყანაც იმსხვერპლა და საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობაც“.

ამ დიალოგს მხარს უჭერს ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი. ეს დაადასტურა ნატო გენერალურმა მდივანმა თავისი ვიზიტისას, როცა მან ხაზგამით აღნიშნა, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ამაზე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ვის უნდა დავუჯეროთ - ნატოს, ევროკავშირს, ვაშინგტონის ადმინისტრაციას თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ აქტივისტებს?

თქვენ ახსენეთ, რომ თქვენი დიალოგის ფორმატში ვერ ხერხდება მთავარი პრობლემების - ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება. რა უნდა გაკეთდეს ამისთვის, რა ძალისხმევაა საჭირო, რომ დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება?

- ჟენევის მოლაპარაკებები საერთაშორისო კონსულტაციები უმთავრესი ფორმატია, სადაც განიხილება საერთაშორისო თანამეგობრობის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ამ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემატიკა, მაგრამ ხელშესახები წინსვალა, მიუხედავად იმის, რომ ყველაფერი კეთდება, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ არის.

როგორ ფიქრობთ, ჰააგის პროკურორის ფატუ ბენსუდას ვიზიტი და ის ფაქტი, რომ ჰააგის პროკურატრამ შეიძლება დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განხილვა, როგორ აისახება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე?

- ვერ გეტყვით წინასწარ და გარკვევით. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მოგვიწევს რაღაც ნაბიჯების გადადგმა. ყოველ შემთხვევაში, დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ვნახოთ, დავაკვირდეთ და დაველოდოთ პროცესებს.