„2012 წლის არჩევნების წაგება არ არის იმის საპირწონე, რაც ნაციონალებმა ჩაიდინეს“

„2012 წლის არჩევნების წაგება არ არის იმის საპირწონე, რაც ნაციონალებმა ჩაიდინეს“

„უბედური ევროპელები და ამერიკელები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვერპლია“, - ამ სიტყვებით ეხმიანება ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას და აცხადებს, რომ ამერიკას და ევროპას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ატყუებს.

თუმცა ნაციონალებისა და ევროპელების „კარგი ნაცნობობა“ რამდენად არის გარანტი იმისა, რომ „იქიდან აქეთ მოგვხედონ“?! რა დააკლო ჩვენმა ხელისუფლებამ დასავლეთს და შეიძლებოდა თუ არა „უბედური ევროპელებისა და ამერიკელების“ გათვითცნობიერება უფრო მეტი აქტიურობით?!

ბოლო ხანს მიმდინარე პროცესების შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.

ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ, მართალია, უცხოელებმა წამების კადრები ნახეს, მაგრამ საქართველოს ყოფილ ხელისუფალთა უშუალო კავშირს ამ კადრებთან ვერ ხედავენ და, უცხოელების აზრით, ეს კადრები სულაც არ ადასტურებს, რომ სწორედ ყოფილი ხელისუფლება უკვეთავდა წამებას. ანასტასიო სომოსას, ანუ რუზველტის თქმისა არ იყოს, „ჩვენი ძაღლიშვილის სინდრომი დასავლეთში ისევ ძლიერია?

- არა მგონია, ამერიკელები ასე გულუბრყვილოები იყვნენ და იმის თაობაზე, რაც საქართველოში რეალურად ხდებოდა, ინფორმაცია არ ჰქონდეთ. არც ის მგონია, რომ დასავლეთის სპეცსამსახურებს, რომლებიც საკმაოდ კარგად აღჭურვილნი და ფინანსურად უზრუნველყოფილნი არიან, მხედველობიდან გამორჩენოდათ საქართველოში მიმდინარე პროცესები. უბრალოდ, მე ვფიქრობ, ისინი მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ, ასეთ თემებზე ხმამაღლა საუბარს. ჩვენ ისეთი წარმოდგენა ნუ გვექნება, რომ იგივე ამერიკელები, გერმანელები, ფრანგები, იგივე ევროკავშირის წარმომადგენლები დილიდან საღამომდე სხედან და საქართველოში რაც ხდება, მაგაზე ვარამს არიან გადაყოლილები. უბრალოდ, ჩვენ ვართ მათი სტრატეგიული პარტნიორები, მათ აქვთ ინტერესი რეგიონის მიმართ, ისინი ჩვენი მხარდამჭერები არიან, მათ ჰყავთ თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობა, საელჩო, ინსტიტუტები, რომლებიც აქ არსებულ მდგომარეობას იკვლევენ, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც, იგივე NDI, IRI, ფონდები, რომლებიც, ფაქტობრივად, ამერიკული არასამთავრობოების გარკვეულ ჯგუფს აფინანსებენ და მათი მეშვეობითაც ხდება სიტუაციის შესწავლა. ასე რომ, ისინი კარგად არიან ინფორმირებულნი ყველაფრის თაობაზე და, რაც დასჭირდებათ, რომ გაიგონ, ყველაფერს იგებენ. უბრალოდ, ელემენტარული დასავლური პრაგმატიზმის საქმეა. აქაური ელიტის შესაქმნელად მათ მრავალი მილიონი გაიღეს და აღმოჩნდა, რომ ეს მილიონები დაუხარჯავთ ოდიოზური რეჟიმის ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც დაუშვა ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ისეთი ფაქტები, რაც დასავლეთს არ დასიზმრებია ინკვიზიციიდან მოყოლებული, ფაშიზმის ჩათვლით.

თავად ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სასურველი არაა წამების კადრები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს. ამავდროულად, ფილოსოფოსი გია ნოდია თვლის, რომ ნაცმოძრაობამ უკვე მოინანია, რადგან ფეისბუკით მონანიებაც მონანიებაა და ნაციონალების მიერ წამების კადრების შეცდომად და დანაშაულად მოხსენიება საკმარისია. ნოდიას ისიც აინტერესებს, კიდევ რა უნდა გააკეთოს ნაცმოძრაობამ, საჯაროდ იტიროს, გალობანი სინანულისანი დაწეროს თუ პატრიარქთან მივიდნენ და მან შეუნდოს?

- ბატონი ნოდია გონიერი ადამიანია და ასეთ გულუბრყვილოდ თავს რატომ გვაჩვენებს?! ნაციონალებმა წარბი რომ შეკრეს და ნახევარი საათით ცუდ ხასიათზე დადგნენ გაუპატიურების კადრების შემდეგ, ეს ხომ არ მიგვეჩნია მონანიებად?! ყოველგვარ დანაშაულს აქვს თავისი სასჯელის ადეკვატური საზღაური. არაერთხელ მითქვამს, რომ 2012 წლის არჩევნების წაგება არ არის საკმარისი იმ შეცდომების, გადაცდომების საპირწონედ, რაც ნაცმოძრაობამ ჩაიდინა. საჭიროა თვითონ ნაცმოძრაობის მკაფიო დამოკიდებულება არა მარტო ამ ფაქტის, არამედ სხვა შემთხვევების მიმართაც. თორემ როდესაც ეკრანზე ხედავ, როგორ აუპატიურებენ ადამიანს, ვინმემ რომ თქვას, რა მოხდა მერეო, ბუნებრივია, ამის თქმისთვის ჩაქოლავენ. სწორედ ამით აიხსნება, ნაცმოძრაობის წევრებიც რომ გამოთქვამენ სინანულს და ვიშვიშებენ, მაგრამ, რეალურად, ამ კადრების უკან იდგა სასჯელაღსრულებითი სისტემა, კონკრეტული ადამიანები, მათი ხელმძღვანელობა და ამ ჯგუფის უკან იდგა ხალხი, ვინც ეს ყველაფერი დააფინანსა, ორგანიზება გაუკეთა, ჩაიწერა, დაასაწყობა. ეს მიდის ნაციონალების პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. კონკრეტულად, რომელი პოლიტიკური პირები დაისაჯნენ ამისთვის? მთავარი მეთაური -სააკაშვილი ოდესაში გუბერნატორად არის მივლენილი. დასჯილია მხოლოდ მეისრე?!

სხვათა შორის, გიორგი ვაშაძე, ნაცმოძრაობის აქტიური წევრი, ამბობს, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში მოსვლისას პირველ საქმედ სწორედ ამ კადრებს გამოიძიებენ. მათი დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ ისევ მეისრეები დაისჯებიან, თუ უნდა ვიყოთ ისეთი გულუბრყვილოები, რომ რევოლუციამ თავისი გმირები შეჭამოს, ანუ საქმე სააკაშვილამდე მივიდეს? რატომ იქადნებიან ამ საქმეების გამოძიებით ნაციონალები, ეს წინასაარჩევნოდ ყველაზე პოპულარული თემაა?

- ეს ამაზრზენი პოლიტიკური ტრიუკია და ასეთი ტრიუკის ფასად ვაშაძეს არ უნდა უღირდეს ხელისუფლებაში დაბრუნება. მისგან ჯერ არ მომისმენია სააკაშვილის კრიტიკა, რომელიც იმ მახინჯი რეჟიმის არქიტექტორი ბრძანდებოდა. თუ სააკაშვილი აქამდე არ გააკრიტიკა, როცა ხელისუფლებაში „მობრუნდება“, მერე გააკრიტიკებს და მერე გამოთქვამს შეხედულებას ნაციონალების პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით? თუ იმის გამო, რომ რამდენიმე შენობა შეღებეს და რამდენიმე ქუჩა მოაასფალტეს, უნდა ეპატიოთ ყველაფერი? ასე, შორს წავალთ, ლავრენტი ბერიამ, საქართველო ააშენა, ბერიაზე დიდი მაშენებელი ამ ქვეყანას ცოტა ჰყოლია. სანაპიროდან დაწყებული, გარშემო ტყეები, მეცნიერებათა აკადემია, რუსთაველის 800 წლისთვი, ქართული კულტურა - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, ბერია ბევრი სერიოზიული საქმის გამკეთებელი იყო, მაგრამ, ამავე დროს, ბერიამ ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი გაანადგურა, აწამა კრემიანების, სარქისოვების, ნადარაიების, წერეთლების და სხვების მეშვეობით, რომლებიც 1955 წელს გასამართლდნენ. ახლა რა უნდათ, ლავრენტი ბერია სულმნათ ეროვნულ მოღვაწედ გამოაცხადონ? თუ ვთქვათ, რომ ლავრენტი ბერია, დადებითი საქმეების მიუხედავად, ყოველთვის ქართველი ერის ერთ-ერთ ჯალათად დარჩება.

მაშინ რატომ არ არის დაინტერესებული ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს კადრები საჯაროდ გამოჩნდეს? თუ ეს ისევ დასავლეთისგან ნაგულისხმევი კოაბიტაციის ჩარჩოებში ჯდება, რომ არასასასურველი კადრების საჯაროდ გავრცელება დანაშაულია? რა არგუმენტი უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს?
- ბიძინა ივანიშვილი რომ გამოვიდეს და საპროტესტო აქციას ჩაუდგეს სათავეში, ამერიკის საელჩოსთან გააპროტესტოს და ნაციონალების გარიყვა, დასჯა მოითხოვოს, ნორმალური იქნება? ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქვეყნის არაფორმალურ ლიდერს, სერიოზული პასუხისმგებლობა აქვს. ის ვერ ეტყვის თავისიანებს, მეგობრებო, ჩემო დატოვებულებო ხელისუფლებაში, შეუტიეთ, დაიჭირეთ ყველა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი მართვის სტილის გამო პრემიერობის პერიოდში არაერთხელ სერიოზულად გამიკრიტიკებია, მე არ შემიძლია, ამ კაცის დიდ საქველმოქმედო და ეროვნულ საქმეებზე თვალი დავხუჭო და მას მოვუწოდო, მიყაროს ეს ყველაფერი და ჩაუდგეს სათავეში საპროტესტო აქციებს. ბიძინა ივანიშვილის სიტყვას აქვს ფასი, მათ შორის, ამერიკელებისთვის და ის აბსოლუტურად გაწონასწორებულ პოზიციას აფიქსირებს.

ბიძინა ივანიშვილმა ექსტაზში შესული ადამიანის საუბარი უწოდა ნიკა გვარამიას საყვედურებს, რომ მასზე თურმე თვალთვალი ხორციელდება და განმარტა, რომ გვარამიას თვალთვალის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. თუმცა საინტერესოა, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი, როცა ვიცით, რომ ნაცმოძრაობა ჩასაფრებულია, დანაშაულად ითვლება უსაფრთხოების მიზნით თვალთვალი ისეთ პიროვნებაზე, რომელიც ასოცირდება ნაცმოძრაობასთან და, რომელმაცმოდელირებული ქრონიკადაგვიტოვა?

- რაც შეეხება თვალთვალს, თუ შესაბამის ორგანოებს სათანადო ინფორმაციის საფუძველზე აქვთ მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაამონტაჟონ სათვალთვალო კამერები „რუსთავი 2“-თან ან იმავე ნიკა გვარამიას უთვალთვალონ, მაშინ ეს ყველაფერი კანონიერია და ამის უფლება აქვთ, მაგრამ, თუ ვიღაც ჩუმად, ვიღაცის კულუარული დავალებით ვინმეს პირად ცხოვრებას აკვირდება, მიუღებელია.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ვიწრო პრიზმაში უყურებს და მხოლოდ ქართულ ოცნებასადა ნაცმოძრაობას ხედავს. არადა, NDI-ის კვლევით, ხალხი უარს ეუბნება ნაცმოძრაობასაც და ოცნებასაც. ხუხაშვილის თქმით, რასაკვირველია, ივანიშვილი ნაცმოძრაობას დაამარცხებს, მაგრამ ქართულ საზოგადოებას ვერ დაამარცხებს, რომელიც მის ოპონენტად ყალიბდება. მოგვიანებით ყოფილმა პრემიერმა განმარტა, თითქოს გია ხუხაშვილი მარგველაშვილის მრჩევლად განიხილავდა თავს. ეს კიდევ ახალი დაპირისპირების საწინდარია და მართლაც ივანიშვილის ოპონენტად ყალიბდება ქართველი ხალხი?

- არ მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ქართული საზოგადოება ივანიშვილის ოპონენტად ყალიბდება. არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც მისი მოღვაწეობა მოსწონს, მაგრამ საზოგადოების მეორე ნაწილს ეს არ მოსწონს, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის ბუნებრივია. ხოლო რამდენად დიდი კაცია ბიძინა, რა სიკეთეებს აკეთებს, ეს დაახლოებით 50-100 წლის შემდეგ გამოჩნდება. როდესაც ერთდროულად საქართველოში ცხოვრობდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ივანე მაჩაბელი, აკაკი წერეთელი და სხვები, ისინი ერთმანეთთან საერთო ენას ვერ ნახულობდნენ, ხშირად უპირისპირდებოდნენ და აკრიტიკებდნენ ერთმანეთს. მერე აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი დიდი ეროვნული მოღვაწე იყო, ყველას საქართველოსთვის შესტკიოდა გული და, რაც შეეძლოთ მაშინდელი რუსეთის იმპერიის გუბერნიის ფარგლებში, ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ. დღევანდელობა, საერთოდ, ემოციის ობიექტია. თანამედროვე მოღვაწეებზე ყოველთვის ემოციურად ვმსჯელობთ, რაღაც ინტერესი გვაქვს, რაღაც გვაწყენინა იმავე ივანიშვილმა, ან არ გვაწყენინა. ამიტომ ეს ბელეტრისტიკაა, მთავარია, ქვეყანა ვითარდებოდეს, რაც ძნელია ისეთ რეგიონში, როგორიც საქართველოა, სადაც ყველას თავისი ინტერესი აქვს. გლობალური და რეგიონალური კონფლიქტების ეპიცენტრში ყოველთვის ჩვენ მოვექცევით, „ისლამური სახელმწიფოდან“ დაწყებული, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტით დამთავრებული. ამიტომ, უკეთესობისკენ უნდა წავიყვანოთ ეს ქვეყანა. ბიძინას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს დიდი საქმეების კეთებისთვის და ამას აკეთებს. თუ რამე არ მომწონს, ამას ვეუბნები კიდეც. რაც შეგვეხება მე და გია ხუხაშვილს, ჩვენც ჩვენი ადგილი გვაქვს ამ საზოგადოებაში და უნდა ვეცადოთ, საერთო საქმე არ დავაზიანოთ.