რამდენიმე მწერალი პრეზიდენტის პოსტიდან გიორგი მარგველაშვილის გადადგომას ითხოვს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ავლაბრის რეზიდენციიდან ქვეყნის პირველი პირის შესაძლო გამოსახლებაზე მიანიშნებს, უმრავლესობა კი იმპიჩმენტს გამორიცხავს, მაგრამ პრეზიდენტის სასახლეში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს განთავსებაზე აქცენტირებს.
იმისათვის, რომ გიორგი მარგველაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს, ამისთვის საჭიროა, რომ მას ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ჰქონდეს ჩადენილი, ან კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს დარღვეული. იმპიჩმენტის გამოცხადების პროცესი დროში საკმაოდ გაწელილია და ის რთულ პროცედურებსაც მოიცავს, მაგრამ ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის შესაძლო გამოსახლებაზე ქართულ კანონმდებლობაში არაფერი წერია. შესაბამისად, ყველას საკუთარი ინტერესი თუ სურვილი ამოძრავებს.
ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს და ამის მიზეზებსაც განმარტავს.
ივანიშვილის მოსაზრებით, დღეს, იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მთავრობამ ოფისებთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილება ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
„რაღაც ეტაპზე მთავრობის დელიკატურობას გაგებით მოვეკიდე, როდესაც მათ ანგარიში პრეზიდენტის ინსტიტუტს გაუწიეს, ვითარება არ გაამწვავეს, პროცედურას კანონიერი სვლა არ მისცეს და იმას დაელოდნენ, რომ პრეზიდენტი გონს მოვიდოდა და ისე მოიქცეოდა, როგორც ეკუთვნის კონსტიტუციას და ქართულ სახელმწიფოს. შეიძლება, ამას ჰქონდა გაგება და გამართლება, მაგრამ რამდენი შეიძლება ლოდინი? თუ ეს ლოდინი გახანგრძლივდა, ხმას კიდევ ამოვიღებ და მძაფრად მოვითხოვ, ამ საკითხში ბევრი თანამოაზრე მყავს“, - დასძინა ივანიშვილმა, რომლის კომენტარიც ყველამ თავისებურად გაიგო უმრავლესობაში.
for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი არწმუნებს, რომ ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში იმპიჩმენტზე არ მიანიშნებდა და პირიქით, მთავრობას აკრიტიკებდა.
„თუკი ივანიშვილის განცხადება სწორად აღვიქვი, იქედან ჩანდა, რომ მთავრობა ბოლომდე პრინციპული უნდა ყოფილიყო ათონელის რეზიდენციის ხარჯების დასაბუთებასთან დაკავშირებით. ეს უფრო ამოვიკითხე, ვიდრე იმპიჩმენტი“, - დასძენს ქუცნაშვილი.
ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია ფიქრობს, რომ ივანიშვილი კანონის პატივისცემაზე აპელირებდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონს ყველამ პატივი უნდა სცეს და კანონის შესაბამისად იმოქმედოს.
„თუკი რომელიმე სტრუქტურა რაიმე გადაწყვეტილებას ღებულობს, ეს კანონთან შესაბამისობაში მოდის. არ მგონია, რომ ივანიშვილი ვინმეს მიმართ უკანონობას მოითხოვდეს. იმპიჩმენტი რა შუაშია? - მაღალი სტატუსის მატარებელი ნებისმიერი ჩინოვნიკი კანონს უნდა ექვემდებარებოდეს“, - განუცხადა for.ge-ს ბუკიამ.
ყოფილი პრემიერის მეგობარი, დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ჭკუასელი ივანიშვილ-მარგველაშვილს შორის ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზებს იხსენებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მარგველაშვილს კიდევ ერთი მინიშნება და შანსი მიეცა, რომ სიტუაცია გამოასწოროს. ჭკუასელის განცხადებით, მან ივანიშვილის გამოსვლას დაწვრილებით მოუსმინა და იქ იმპიჩმენტზე მინიშნებაც კი არ იყო გაკეთებული.
„იქ საუბარი იყო იმაზე, რომ პრეზიდენტმა თავიდანვე თქვა, რომ იმ შენობაში არ შევიდოდა. როცა ადამიანი საკუთარ სიტყვას დაარღვევს, ეს მიუღებელია. ივანიშვილი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით განსაკუთრებით გულნატკენი დარჩა, რადგან მას ამ ადამიანის მიმართ სრული ნდობა ჰქონდა და მას არჩევნების წინ მთელ საქართველოში დაჰყვებოდა. მარგველაშვილმა დაპირება არ შეასრულა. თქვენ ახსენეთ, რომ ივანიშვილი ჩემი მეგობარია. დიახ, ის ჩემი მეგობარია და მისი ხასიათი ძალიან კარგად ვიცი. ის ძალიან მიმტევებელი ადამიანია. ის მარგველაშვილზე ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ მას წყენამ გაუარა. მან მარგველაშვილს კიდევ ერთი მინიშნება და შანსი მისცა, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროს“, - განაცხადა ჭკუასელმა.
თუ რა უნდა გააკეთოს მარგველაშვილმა იმისთვის, რომ „სიტუაცია გამოასწოროს“, ამის თაობაზე ჭკუასელი აცხადებს, რომ მარგველაშვილმა უნდა აღიაროს, რომ კარგად ვერ მოიქცა.
„ის განცხადება უნდა გააკეთოს, რაც მას ეკუთვნის. დამოკიდებულება, რომ „მერე რა მოხდა“ - ეს შენობა რამდენიმე კვადრატული მეტრით დიდიაო, არასწორია. პრეზიდენტის განცხადება ეს არ არის. საქართველოში სიტყვა - მერე რა მოხდა, დასავიწყებელია, რადგან დამღუპველია. ამ სიტუაციიდან გამოსავალი იქნებოდა, რომ მას ეთქვა, კარგად ვერ მოვიქეციო“, - აცხადებს ჭკუასელი.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი უფრო რადიკალურ პოზიციაზეა და ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა რეზიდენცია უნდა დატოვოს. როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი არ არის, მაგრამ ყველამ კანონი უნდა დაიცვას.
დეპუტატის ცნობით, მარგველაშვილთან ათონელის შენობის აშენება შეთანხმებული და შერჩეული იყო, მისი მხრიდან უარის თქმა კი, სწორი არ არის და სამართლებრივ სივრცეს არღვევს.
„პრეზიდენტს კონსტიტუციით რა უფლებამოსილებაც გააჩნია, მას ამისთვის ამხელა შენობა და სტაფი არ სჭირდება. ყველაზე სწორი იქნება, რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ. იმპიჩმენტის საკითხი ასე მარტივად არ დგება და ამის სურვილი არც არავის აქვს. სტაბილურობას ხელი უნდა შევუწყოთ და ივანიშვილი ის ადამიანია, რომელსაც სახელმწიფოში სტაბილურობის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმის. ჩვენ ჩვენი შენიშვნების გამოთქმა შეგვიძლია. სასირცხვილო არ უნდა იყოს, თუკი გადაწყვეტილებებს შევცლით. საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ საბიუჯეტო ხარჯებს რაციონალურად ვხარჯავთ. ეკონომიკის მინისტრი არ ვარ, მაგრამ შენობაში შეიძლება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაკეთდეს“, - ამბობს სესიაშვილი.
კანონმდებელი ფიქრობს, რომ მარგველაშვილმა სააკაშვილის მიერ დაწყებული შეცდომების კვალი გააგრძელა.
„ამ შენობას სააკაშვილის რეზიდენციას ვეძახდით, რადგან ე.წ. პრეზიდენტმა საკუთარი ფუფუნებისთვის კოლოსარული თანხები დახარჯა. მან ეს შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომა მცირე ფორმებით მარგველაშვილმა გაიმეორა. მას ეს არ უნდა ექნა. ღარიბ ქვეყანაში ამხელა თანხის დახარჯვა არ შეიძლება“, - განაცხადა სესიაშვილმა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ერთ კვარტალში, საჯარო მოხელეების პრემიებზე დაახლოებით 130 მილიონი ლარი გაიცა.
რაც შეეხება მწერლების განწყობას, შეიძლება, გულო კობიაშვილის, გურამ პეტრიაშვილის, კობა არაბულის, ზაურ კალანდიას, ზურაბ თორიას, თემურ ჩალაბაშვილის, ვაჟა ხორნაულის, ირაკლი ვაშაყმაძის, ჯუმბერ გოგრიჭიანის, როსტომ მიგრიაულის, ოთარ ფალიანისა და ვახტანგ ხარჩილავას ნაწარმოებები ყველას წაკითხული არ ჰქონდეს, მაგრამ მათ მიერ მომზადებული წერილი სოციალური ქსელის თითქმის ყველა მომხმარებელმა წაიკითხა.
მწერლები წერილში აღნიშნავენ, რომ ისინი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აღშფოთებას გამოთქვამენ და მხარს „სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენელთა მიერ დაწუნებულ პრემიერ-მინისტრის განცხადებას“ უჭერენ.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, სიფხიზლისკენ! იწყება: ქვეყნის და მთავრობის წინააღმდეგ „დიფუზიური“ შეთქმულება და ამ შეთქმულებას იგივე სააკაშვილი N2 კურირებს. ახალ ხელისუფლებას როგორც სააკაშვილი იქცეოდა, ობსტრუქციას უწყობდა და ბლოკავდა, ასევე იქცევა ეს ყვერბეულივით ნაცარში გამომცხვარი კაცი“, - აცხადებენ მწერლები.