მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება დატოვა და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა, დროდადრო საზოგადოება მის დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური პროცესებისადმი მედიის მეშვეობით ეცნობა. იმ შემთხვევაში კი, თუ პოლიტიკური ფონი დაძაბულია, საზოგადოება ივანიშვილის პოზიციას განსაკუთრებული ინტერესით ელის. არის თუ არა ხელისუფლების ან თავად ივანიშვილის ერთგვარი ტაქტიკა, ამ გამოსვლებით ვნებათაღელვა ჩააცხროს და რა შედეგზე შეიძლება იყოს ორიენტირებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის გულახდილობა, ამ თემაზე ექსპერტი, არჩილ გამზარდია გვესაუბრება.
არჩილ გამზარდია: ვერ ვიტყვი, ხელისუფლება იყენებს ივანიშვილს იმისათვის, რომ რაღაცეებში დაეხმაროს. გასაგებია, ივანიშვილი არის ხელისუფლების გულშემატკივარი, რომლის ძირითადი ნაწილი სწორედ მისი შექმნილია, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი ივანიშვილთან საკმაოდ დისტანცირებულები არიან. თვითონ ივანიშვილიც როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებს, ნეგატიურ შეფასებებს არ ერიდება. ეს ტენდენცია უფრო ჩანს, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მისი ჩართულობა იმ ლოგიკით არის განპირობებული, რომ მათ რაღაცით დაეხმაროს.
ამასთან, საფუძველს მოკლებული არ იქნება, სიტუაციის განმუხტვას ემსახურებოდეს, რადგან მისი სიტყვა ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მას აქვს თავისი წონა იმ ადამიანებშიც, ვინც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არის განწყობილი.
როგორც დავაკვირდი, მისი გამოსვლების შემდეგ რაღაც მომენტში სიტუაცია დაცხრა კიდეც. ანუ, დუღილის ტემპერატურას ვგულისხმობ, როდესაც საუბარი იყო სხვადასხვა დაპირისპირებებზე, მაგალითად - „რუსთავი 2“-ის თემათან დაკავშირებით თუ მხარდამჭერები ბევრნი იყვნენ, მათი რაოდენობა შემცირდა და ორი დღის წინ სასამართლოში პრაქტიკულად, აღარავინ მისულა მხარდასაჭერად.
კი, მის გამოსვლებს ასეთი ეფექტი აქვს, ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ყოფილი მაღალი თანამდებობის გავლენიანი პირი, გამოდის საზოგადოების წინაშე და საკმაოდ კონსტრუქციულ როლს იღებს საკუთარ თავზე.
გახსოვთ, ალბათ, როგორი იყო საზოგადოების დამოკიდებულება 2011-2012 წლებში, ივანიშვილის და შემდეგ მისი ხელისუფლების მიმართ მანამდე, ვიდრე ის თანამდებობას დატოვევბდა. შემდეგ პერიოდში ხელისუფლების რეტინგმა კლება დაიწყო და NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით ხელისუფლება ისეთი პოპულარული აღარ არის... დასაშვებია თუ არა, ივანიშვილის აქტიურობამ თუნდაც სამოქალაქო სექტორში (ამაში აქტიური კომუნიკაციაც იგულისხმება საზოგადოებასთან), საზოადოების განწყობაზე კვლავ მოახდინოს ზემოქმედება?
- სრულიად ლოგიკურია, რომ ივანიშვილის და ხელისუფლების რეიტინგი შემცირებულია, რადგან ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს და ეს ცალკე სასაუბრო თემაა - დაწყებული მოლოდინებით, დამთავრებული მთვრობის ეფექტურობით და ა.შ.
იმის გამო, რომ პარლამენტი იქნება ეს, მთავრობა თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი, საზოგადოება ამ ინსტიტუციების უკან ივანიშვილს ხედავდა და ბუნებრივია, პოლიტიკიდან მისმა წასვლამ საზოგადოებაში სკეპტიციზმი გამოიწვია.
მაგრამ არის მეორე მხარეც - რეგიონში, სხვადახვა ქვეყნების ეკონომიკებში გაჩენილი პერობლემები აისახა ჩვენს ეკონომიკაზეც, რამაც სოციალური ფონი გააუარესა, შედეგად, ლოგიკურია, რომ ხელისუფლების რეიტინგი შემცირდა. თუმცა, იდეურადაც კი შეუძლებელია, რომ როგორი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს საქართველოში, მას ჰქონდეს მაღალი რეიტინგი, რადგან ძალიან ბევრი და მძიმე გამოწვევებია.
თუმცა NDI-ს კვლევაში არის ერთი მომენტი, რომელსაც ანალიზი სჭირდება - ხელისუფლების რეიტინგი არ შემცირებულა ოპოზიციის რეიტინგის ზრდის ხარჯზე - ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგიც საკმაოდ შემცირებულია. არის გამოკითხულთა 50% -ც რომელიც ყველას წინააღმდეგია.
წინა არჩევნებზე ამომრჩეველმა მიზანმიმართულად „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მისცა ხმა. ანუ, იყო ხალხი, რომელსაც არ მოსწონდა „ქართული ოცნება“, მაგრამ სააკაშვილის წინააღმდეგი იყო. შესაძლებელია საზოგადოების ამ ნაწილმა ისევ „ქართული ოცნების“ სასარგებლო არჩევანი გააკეთოს, რადგან კვლავ ექნება ანალოგიური მოტივაცია.
რაც შეეხება, ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რომ ასეთი სტრატეგია არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებში მისმა გააქტიურებამ საზოგადოებაში გარკვეული სიმშვიდე შეიტანა - ხალხს მოსწონს, როდესაც ივანიშვილი აქტიურად მოჩანს, რადგან მასში მაინც გარკვეულ იმედს ხედავს.
რაც შეეხება ივანიშვილის გამოსვლებს, იკითხება ტენდენცია, რომ ის კი არ ცდილობს არჩევანი შესთავაზოს, არამედ საზოგადოებას დაეხმაროს უფრო გონივრულად შეხედოს პროცესებს. ანუ, მასთან ურთიერთობა საზოგადოებას უფრო მეტი მსჯელობის საშუალებას აძლევს. ამან კი შეიძლება იმოქმედოს ძველი ხელისუფლების წინააღმდეგ და ახალი ხელისუფლების სასარგებლოდ.
თუმცა, ამ ოპროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო სიას და „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას. საზოგადოება ხედავს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდება, ანუ საზოგადოება ხვდება, რომ ის ივანიშვილს კი აღარ ირჩევს, არამედ სხვა კონკრეტულ ადამიანებს. ამიტომ, მიენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა საარჩევნო სიას და ამ ფაქტორს ყველაზე მეტად გავუსვამდი ხაზს.
გამოდის, რომ ქართული საზოგადოება ლიდერად მაინც ივანიშვილს აღიქვამს. ეს ხომ არ გაამკაცრებს დამოკიდებულებას იმ ადამიანების მიმართ ვინც საარჩევნო სიაში მოხვდება?
- თუ ხალხი კრიტიკული იქნება, უფრო მეტ მოთხოვნას წაუყენებს „ქართული ოცნების“ სიასაც და მათ პროგრამასაც და ეს აღარ მოხდება ივანიშვილის ხათრით. რამდენადაც ივანიშვილთან მაქვს და მქონია ურთიერთობა, ვიცი, რომ ის იმას კი არ ცდილობს, რომ მისი ფაქტორი იყოს დომინანტი, არამედ საზოგადოებაში პროცესები გაჯანსაღდეს - ხელისუფლებამ იმუშაოს ხალხთან, ხალხმა ხელისუფლებას მისცეს ხმა - ივანიშვილი კი არა, კონკრეტული პიროვნებები დაინახოს და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, საკმაოდ პროგრესული იქნება, თუ ეს ტაქტიკა გაამართლებს.
„ქართული ოცნების“ ამოცანა შესაძლოა, გართულდეს და ეს სწორიცაა. ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებს უნდა გაურთულდეს სამუშაო იმ მხრივ, რომ ხალხთან მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ და ადამიანებმაც ცნობიერი არჩევანი გააკეთონ.
NDI-ს კვლევა ვახსენეთ - ეს რეიტინგები სხვაგვარად არის აღქმული „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში, კონტექსტი ასეთია, რომ ამ კვლევით ხელისუფლებამ დაინახა საკუთარი შემცირებული რეიტინგი, რომლის გამოსწორებაც მედიაზე და „რუსთავი2“-ზე გავლენის მოპოვებით უნდა მოახდინოს. როგორ ფიქრობთ, ეს საგანგაშო გზავნილია?
- ცაკლე თემაა ამ სერიოზულ გამოცემაში განთავსებული სტატიები - რომელი სარეკლამოა, რომელი ლობისტური ჯგუფის მიერ გაკეთებული და ა.შ.
გზავნილი, რომელიც აღნიშნულ სტატიაშია, წმინდა წყლის ნაციონალური მესიჯებია, მათ დღესაც ჰყავთ ლობი ამერიკაში რომელიც სერიოზულად მუშაობს. მაგრამ, იმის მიუხედავად, „ევროპის სახალხო პარტია“ რას იტყვის, ან შეშფოთებას გამოხატავს თუ არა აშშ-ს რომელიმე პოლიტიკური ფიგურა, რეალობა სხვაგვარია - საერთაშორისო პოლიტიკის მოქმედი პირები საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობენ. შეგვიძლია, გავიხსენოთ ნატოს წარმომადგენელთა თუ სხვადასხვა ევროპული ლიდერების შეფასებები საქართველოში პროგრესის შესახებ.
მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ ლობიზმში საგარეო მიმართულებით ისეთი აქტიური არ არის, როგორც ყოფილი ხელისუფლება, მაგრამ რეალური მაჩვენებლები არის ის, რაც სახეზეა - ეს იქნება ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაუმჯობესება, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვა, რომელიც მიმდინარეობს და ეს შეიმჩნევა, იგივე, დასავლეთის განცხადებებში. ის, რომ საქართველოში ტარდება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ ფორუმი და ა.შ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ბოლო პერიოდში საქართველოში, რასაც სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ, რაღაც ზედაპირული პოლიტიკური პროცესების გამო.
სასურველია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები უფრო მეტი იყოს, მაგრამ რეალური ურთიერთობები, რაც პარტნიორ ქვეყნებთან ჩამოყალიბდა, საკმაოდ პროგრესულად მიდის. თუმცა, ჩვენი მედია ნეგატივს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს.
ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას, თუმცა მიმაჩნია, რომ საგარეო ლობი კიდევ უფრო აქტიურად უნდა მუშაობდეს ობიექტური ინფორმაციის გატანის თვალსაზრისით.
თუ დავუშვათ, ზოგიერთი პროგნოზი გამართლდა და ნაციონალებმა მოახერხეს სიტუაციის ესკალაცია, შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თემა კვლავ გააქტიურდეს?
- ჯერჯერობით, ხელისუფლება ახერხებს თავი აარიდოს „ნაციონალური მოძრაობის“ „ნაღმებს“. ამიტომ, არ მგონია ეს ყველაფერი უმართავ პროცესებში გადაიზარდოს. ძალიან ძნელად წარმომიდგენია სიტუაცია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გარდაუვალობა გაჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, დღეს საამისო ფონი არ არის და რამდენადაც ვიცი, არც ივანიშვილი აპირებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას.