შონზო და ყომარბაზები – ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

შონზო და ყომარბაზები – ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

[მურმან ეკალაძე]
როგორც ამბობენ, მხოლოდ ესპანეთი-შვეიცარიის მატჩზე ევროპულმა ტოტალიზატორებმა 10 მილიარდი დოლარი იშოვნეს. არც ინგლისის მატჩებზე იშოვნიდნენ ნაკლებს, მაგრამ ქართველებს ჩვენი პატარა პრობლემებისა და პატარა “მილიონების” დარდი გვაქვს. გასულ კვირას ქართულ ინტერნეტფორუმებზე ყველაზე ხშირად ტოტალიზატორში თანხაწაგებულთა მოთქმა-გოდებას წაიკითხავდით. ნახავდით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ბანკიდან ჰქონდათ ფული გამოტანილი სპეციალურად მსოფლიოს ჩემპიონატისათვის და უკან რას შეიტანენ, ახლა ეგაა საქმე. თუმცა, გაგანია მსოფლიო ჩემპიონატის დროსაც კი, პოლიტიკაზე ყველა საუბრობდა და საუბრობდნენ არცთუ ნაკლები ჟინითა და ემოციით! ეს ხომ საქართველოა, ბიძაჩემო!

ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკები... კლინიკები და ავადმყოფები... ავადმყოფები და ისევ ჯანდაცვის სამინისტრო...

makvala: “მაშ ასე, სამინისტრომ დაიწყო კლინიკების მორიგი დაყაჩაღება სალიცენზიო პირობების დაცვის საბაბით... საბაბით, თორემ ქაბაბის ფული აღარ აქვთ ბიუჯეტში და რა ქნან, მიზეზის პოვნას ინტელექტი უნდა და ასეთი რამ არ გააჩნიათ...

მაშ ასე - რისთვის აჯარიმებენ ლიცენზიანტებს - ჯერ ერთი საევაკუაციო გასასვლელის არარსებობის გამო... ეხლა, ზოგი კლინიკა სულ 50 კვ მეტრშია მოთავსებული და იმათმა რო მეორე გასასვლელი გააკეთონ, დერეფნად იქცევა... ან რა აზრი აქვს საევაკუაციო გასასვლელების კეთებას ერთსართულიან პატარა 300 კვ/მ-ზე ნაკლებ სამედიცინო დაწესებულებებში, თორე დიდ შენობებს რამდენიმე გასასვლელი ისედაც აქვთ...

შემდეგ, რის გამოც შეიძლება სამედიცინო დაწესებულება 1000-ლარიან ჯარიმაში გაეყუდოს, არის ინვალიდის ეტლის შესაგორებლის არარსებობა. ესეც მარაზმია, იმიტომ რომ ბევრ სამედიცინო დაწესებულებას საერთოდ არ ჰყავს ასეთი კონტიგენტი. თუ ასეა, ჯერ კეთილი ინებონ და ქუჩები და ტროტუარები მოაწყონ ისე, რო ინვალიდის ეტლის გადაადგილება შეიძლებოდეს კლინიკამდე და შემდეგ მოსთხოვონ სამედიცინო დაწესებულებას ინვალიდების მიღება, თან ისეთებს, რომელთა პროფილიც სწორედ ინვალიდებია, თორემ ბევრი უბრალოდ ვერც მოემსახურება და არც აიღებს თავის თავზე ასეთი კონტიგენტის მომსახურებას...”

ერთი კაცი დაიჭირეს კომუნისტების დროს აზარტული თამაშებისთვის, კერძოდ - ნარდის ყომარისთვის. (იყო ასეთი მუხლი იმ დროს.) აქედან მე რომ ზარი გავაგორე, იქედან ვინც გამომიგორა, იმას რატომ არ იჭერთო...

“შონზო” საკრებულოს წევრი გახდა! მე ყოველთვის მჯეროდა, რომ საქართველო მარადიულია!

Flamper: “ზურა გაჩეჩილაძე, იგივე შონზო, თბილისის საკრებულოში სტატუსის შესაძენად შევიდა, - ამის შესახებ საკრებულოს ვაზისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა დღეს რადიო “პალიტრის” ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემა “ცენტრში” სტუმრობისას განაცხადა.

“საკრებულოში იმიტომ შევედი, რომ სტატუსი მჭირდებოდა. უსტატუსოდ ბიზნესმენები პატივს არ გვცემდნენ. საკრებულოდან უფრო იოლია კრეატიული პროექტების განხორციელება და სახსრების მოზიდვა, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს კულტურის კომისიის წევრი ჯერ არ იცნობს კომისიის მუშაობის სპეციფიკას, თუმცა აცხადებს, რომ პირველი პროექტი, რასაც საკრებულოდან განახორციელებს, ქართული როკის მხარდამჭერი პროგრამა იქნება”.

ავად სახსენებელი კომუნისტების დროს უმაღლესში ფულით მოხვედრილ აბიტურიენტებზე იტყოდნენ, სხვისი ადგილი დაიკავაო. ეჭვი მაქვს, რომ სხვისი ადგილი გიკავია, შონზო...

როგორც ამბობენ, ბარაკ ობამას დედა ახალგაზრდობაში შიშველი პოზირებდა.

ZZZZe: “ყვითელი პრესა აქტიურად განიხილავს ობამას დედის ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებს, სადაც სტენლი ენ დანჰემი შიშველი პოზირებს. პოლონურმა გაზეთმა Fakt ახალგაზრდა ქალის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც, დაახლოებით, 1960 წლით თარიღდება. ფოტოები ბარაკ ობამას დაბადებამდე ერთი წლით ადრეა გადაღებული. ამის შესახებ top.rbc.ru იტყობინება.

ჟურნალისტებმა ფოტოებზე გამოსახულ ახალგაზრდა ქალბატონში აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დედა - სტენლი ენ დანჰემი ამოიცნეს. სწორედ ამ თამამი ფოტოსესიის გადაღებიდან ერთი წლის შემდეგ გოგონა ბარაკ ხუსეინ ობამა-უფროსს გაჰყვა ცოლად, თუმცა 1964 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ”.

ერთი ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-სამსახურს ამ სკანდალურ ფოტოებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ანდა, რა კომენტარი უნდა გააკეთონ?

რუსულ ინტერნეტში გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეო-რგოლმა ქართულ ფორუმებზეც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

რაჟდენ: “ახალი ვიდეო-რგოლი ტრიალებს ინტერნეტში და განკუთვნილია უკრაინელი და რუსი ახალგაზრდებისათვის. სლოგანი ასეთია - ნუ შეშინდები! როგორც ამბობენ, პარტია “თავისუფლების” ლიდერის, ოლეგ ტიაგნიბოკის (უკრ.) პატრონაჟით ხორციელდება ამ ტიპის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა-აგიტაცია და კონკრეტულად ეს ვიდეორგოლიც მისი სურვილისამებრ “გაეშვა ექსპლუატაციაში”.

მე მაინტერესებს,მისაღები იქნებოდა თუ არა თქვენთვის, ქართველმა პოლიტიკოსმა ან, უბრალოდ, საზოგადო მოღვაწემ რომ დაამზადოს ასეთი რგოლები და გაუშვას “ქართულ ინტერნეტში”?

საკითხი აქტუალურია, რადგან მალე აქაც დაიწყება მსგავსი “მოძრაობები”. ეს გარდაუვალია. გეი-პარადამდე მომზადდება ნიადაგი. პრინციპში, ეს უკვე დაწყებულია - “სიმართლის დრო”.

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორც რუსები ბოდავენ, ამერიკასთან კავშირს ვერ ვხედავ. რუსი ცისფერიც ამრიკამ უნდა აკონტროლოს თუ როგორაა საქმე?

იქნებ, თქვენ მაინც მითხრათ, რატომ ვერ ეწინააღმდეგება ევროპა რუსეთს? სადაც რუსეთი შევიდა, ევროპა ყველგან გაპასიურდა...

davidspool: “როდესაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთი ჩვენთან შემოვიდა (თუნდაც მაშინ, როცა აფხაზეთი დავკარგეთ) სანამ არ გადაგვიარეს, მანამ არავინ არ ჩაერია და სულ შორიდან გვიყურებდნენ. ჩხუბში გაზავებას რომ მოერიდო და შორიდან უყურო, ისე გამოსდის ევროპას. შეშფოთებებში კი მაგრები არიან. ეხლა რუსეთი ყირგიზეთში ახორციელებს ძლადობას, დროებითმა მთავრობამ უკვე სთხოვა რუსეთს “დახმარება” და რუსეთმაც მაშინვე შეიყვანა ძალები და “დახმარება”, არ დააყოვნა.

მანამდე, გადაცმული რუსებიც არეულობებში შეინიშნებოდა. მეორე მხარემ კი ევროპას სთხოვა დახმარება, ევროპა კი ემზადება, რომ სიტყვები ნახოს შეშფოთებისთვის, არადა ხალხი წყდება და იჟლიტება. ის, რაც ხდება უარესია, ვიდრე ომი. ვინც საერთაშოორისო სამართალში ჩახედული ხართ, გეცოდინებათ, რომ არის ნორმები რომლებიც არეგულირებენ საომარ სიტუაციებს. მაგ: არ შეიძლება ქალების და ბავშვების ჟლეტა, დიპლომატიური წარმომადგენლების და საერთოდ წარმომადგენლობითი ფიგურების ჟლეტა. ასევა, სადაც დასახლებული პუნქტებია ის სროლები და ა. შ. ... ამას კი ევროპა შორიდან უყურებს...”

სსრკ და გერმანიაც ცდილობდნენ ერთმანეთის გამოყენებას, და დანარჩენები ქვეყნების ერთმანეთის ძალით გაცამტვერებას. თან, სსრკ ემზადებოდა დიდი შეტევითი ომისთვის. რომ დაატყო ჰიტლერმა, სტალინი აქეთ მე მიპირებს გამოყენებას და მერე ნაომარი ევროპის მთლიანად დაპყრობას გეგმავსო, ჯერ სსრკ-ს დაარტყა - ზურგში ამხელა მტერს ვერ დავიტოვებ, ამათ მივადუღებ და მერე მივხედავ ევროპის კონტინენტსო. დანარჩენი კი ვიცით.

მიუნხენში შეკრებილი ოპოზიციის ნაწილი, რადიკალური ქმედებებისთვის ძალებს სინჯავს.

mixa0000: “ერთი მხრივ, მებადება კითხვა: ნოღაიდელს რატომ არ იჭერენ? მეორე მხრივ, ეგ რომ დაიჭირო, შეიძლება მაგაზე უფრო ჭკვიანმა გადაწყვიტოს მაგ ცუდი საქმის კეთება, ეს ყრანტალებს მაინც. კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლის მოწოდება, არის თუ არა დასჯადი? ახლა იმის იმედი, რომ ეს მთავრობა კონსტიტუციურად შეიძლება შეიცვალოს - ეგეც უტოპია რომაა, ფაქტია. მეორე კითხვა: რა გვეშველება?”

თუ რუსები არ იღებდნენ მონაწილეობას ამ შეკრებაში, მაშინ საშიში არაფერია. რისი გამკეთებლები არიან ეს ნოღაიდელისტები, თუ ხალხი ხართ…

ნიკოლოზ გეგეჭკორი, ქართველი, რომელიც 16 წელია ზის ა.შ.შ.–ში…

Giga7: “ეს თემა ეხება ნიკოლოზ (კოკა) გეგეჭკორს, რომელიც უკვე 16 წელიწადია ა.შ.შ ციხეში უდანაშაულოდ ზის, მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა.

ნიკოლოზ გეგეჭკორი ქართველი არქიტექტორია რომელიც 1994 წლიდან ნიუ იორკის ცნობილ ციხე სინგ–სინგში ზის. მბობენ, რომ იგი სხვის მაგივრად იხდის სასჯელს როცა მას ახლობლები ეკითხებიან - რატომ? პასუხობს სიყვარულის გამო... ფილმი ამ ისტორიის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში”.

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს ქართველები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რავა სულ უდანაშაულოდ სხედან ციხეში?!