იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ცდილობდა, „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ გარჩევებში არ გადაზრდილიყო (აცხადებდა რომ კერძო დავაში ვერ ჩაერეოდა, თემის პოლიტიზირება მაინც მოხდა), კულმინაციის მოწმენიც გავხდით, როდესაც ტელეკომპანიასთან გამართული აქციის ფონზე, ხელისუფლებისთვის ყოფილი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გახდა ცნობილი.
როგორც ჩანს, ხელისუფლება სიტუაციის ძველ კალაპოტში დაბრუნებას ცდილობს - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება მთავრობის წევრების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კერძო პირებს შორის დავა მიმდინარეობს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილს უკვირს, რატომ არის „რუსთავი 2“-ის გარშემო ასეთი აჟიოტაჟი, მაშინ როცა დავას „მაესტროს“ მეწილეებს შორისაც აქვს ადგილი.
ჩააცხრობს თუ არა მსგავსი განცხადებები უკვე ატეხილ აჟიოტაჟს, ძნელი სათქმელია, თუმცა ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ არა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დააკლო მცდელობა, ხელისუფლებამაც დაუშვა შეცდომები იმ კუთხით, რომ თემის პოლიტიზირება მომხდარიყო.
გია ხუხაშვილი: პარადოქსული იცით რა არის? - ვინც არის და რაც შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველამ კარგად ვიცით, ისიც ცხადი იყო, რომ ამ თემას პოლიტიკისთვის გამოიყენებდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, დისტანცირება ვერ მოახერხა და ზოგჯერ თავისი გაუაზრებელი განცხადებებით ძალიან ბევრი წარმომადგენლის მხრიდან, ცეცხლზე ნავთი დაასხა.
კულმინაცია იყო პრემიერის განცხადება, რომ მარტო ხელისუფლება კი არა ხალხიც გასცემს ვიღაცეებს პასუხს. შეიძლება, როგორც ადამიანს, ასეთი განცდა გაუჩნდეს, მაგრამ საჯაროდ ამისი განცხადება მთლად სწორი არ მგონია. მას მხოლოდ მისი მომხრეები კი არა, მოწინააღმდეგეებიც უსმენენ, დიპკორპუსიც და ა.შ. ასეთი განცხადებები შეიძლება, მერე მისსავე საწინაღმდეგოდ გამოიყენონ.
ყველაფერთან ერთად, პარადოქსის მოწმეც გავხდით, ორი დღე ხელისუფლების, ლამის, ყველა შტო უტევდა პრეზიდენტს, რომ რა საფრთხეზე ლაპარაკობს, არანაირი საფრთხე არ არსებობსო. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ თურმე საფრთხე იყო - ერთ საათში გამოაცხადეს, რომ ვიღაც სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა. გამოდის, რომ რაღაც მართლა ხდებოდა - თუ არ ხდებოდა? სიმართლე გითხრათ, უკვე აბსურდამდე მიდის ყველაფერი.
თქვენ როგორ ფიქრობთ მართლა რაღაც ხდებოდა თუ არა?
- ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სწორი პოლიტიკური გათვლები გააკეთონ და არა მხოლოდ თავიანთი პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივი საქმეებიც სწორად წაიყვანონ, უბრალოდ, უკვე აღარ არიან. მეჩვენება, რომ ხშირად მარჯვენა ხელმა არ იცის, მარცხენა რას აკეთებს.
დავუშვათ ხელისუფლება ვერ ფლობს სიტუაციას, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პოტენციალი, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება მოახერხოს? ორგანიზება თუ არა მცდელობა მაინც...
- ძალიან მარტივად გიპასუხებთ - შეიძლება რომ მიშამ ასეთი დანაშაული ჩაიფიქროს? ჩემი პასუხი იქნება, რომ ზოგადად, შეუძლია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამე ხდება თუ არა, ვერ გეტყვით - ისე საეჭვოდ გამოიყურება ყველაფერი, რომ არადამაჯერებელია. დაწერილი ტექსტის გამოქვეყნებით, რომელიც საუბრისთვის არის საკმაოდ არადამაჯერებელი, დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. მაგალითად, იქ არის ასეთი საუბარი „გიორგის გადაეცით“, ფრჩხილებში აქვს მიწერილი მარგველაშვილს - განა ასე ლაპარაკობს ვინმე? ზეპირ საუბარში ვინმე ასე ამბობს - „გიორგი, ფრჩხილებში მარგველაშვილი“?
გასაგებია, რომ ერთი მხრივ ნაციონალები ცდილობენ პრეზიდენტის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ, ხელისუფლებას აქვს მასთან სადავო თემები, მაგრამ პრეზიდენტზე არ არის ამ შემთხვევაში საუბარი, „ნაციონალური მოძრაობისგან“ უნდა ველოდეთ თუ არა, რომ ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციას შეეცდება?
- „ნაციონალური მოძაობა“ არის ყველაფერზე წამსვლელი - 9 წელი ამ წნეხის ქვეშ ვიყავით. ეს არის პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც თეორიულად ყველაფერი შეიძლება მივაწეროთ, მაგრამ პრაქტიკულად მათ შეუძლიათ მხოლოდ ის, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად დააზიანონ. მათ შეუძლიათ მაქსიმალურად გაამწვაონ პოლიტიკური პროცესი და ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. გამომდინარე იქიდან, რომ თავის დროზე, მათ პოლიტიკური ვერდიქტი არ გამოვუტანეთ, ხელისუფლებამ მისცა საშუალება და ისინიც მოქმედებენ.
სხვათა შორის, ხელისუფლებაშიც თუ ვინმე წყალს ამღვრევს, ისინიც „ოცნებაში“ გადაბარგებული ყოფილი ნაციონალები და მათი შემსრულებლები არიან. რაც ამ დღეებში ხდება, რა გგონიათ ამას ვინ აკეთებს?- ნაციონალების ყოფილი შემსრულებლები - როგორც მაშინ იქცეოდნენ, დღესაც ისე აკეთებენ, ახალი არაფერი არ უსწავლიათ - ეს არის პრობლემა.
ყველა პარტია ცდილობს, რომ მაქსიმალურად დააზიანოს მოწინააღმდეგე და თვითონ მოვიდეს ხელისუფლებაში, მთავარია ის არ გასცდეს კანონის ფარგლებს. როდესაც კანონს სცდება აქ უკვე სამართალდამცავი სისტემა ერთვება. მაგრამ, ის, რაც ვნახეთ თუ მხოლოდ ეს არის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, კითხვები ჩნდება. თუ რამე ხელშესახები არსებობს, დროულად უნდა გახდეს ცნობილი, რომ საზოგადოებას დეჟავუს შერძნება არ ჰქონდეს.
ვიცით, ნაციონალები რასაც აკეთებდნენ, მაგრამ ისინი მუშაობდნენ მაინც - კოდუას ფეხსაცმელში მოსასმენი ჩაუმონტაჟეს და ისე გაუშვეს და როცა დასჭირდათ ამაზე დაიწყეს ყალბი საქმის შეთხზვა. იმუშავონ ამათაც და დადონ რამე ხელშესახები, თორემ უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული გაუგებარი ჩანაწერები პროცესის წარმართვისთვის საკმარისი ვერ იქნება...
ნატოს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოგვიწოდა, რომ სამართლებრივი პროცესების პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. როგორ წარმოგიდგენიათ დასავლეთის როლი, ის შეეცდება ჩაერიოს თუ უბრალოდ, მონიტორინგით შემოიფარგლება?
- სამწუხაროდ, ამ ფრონტზე „ნაციონალური მოძრაობა“ უგებს ხელისუფლებას. უმჯობესია, ეს ღიად ვთქვათ - დასავლეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებშიც ჩანს, მათ ჩამოუყალიბდათ განცდა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე პოლიტიკურია. ირიბად აფრთხილებენ ხელისუფლებას, უფრო სწორად, მათ განცხადებებში ჩანს, რომ მედიის თემა მათთვის ძალზე სენსიტიურია.
ცხადია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ამ თემის პოლიტიზირება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც - მოახერხა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ დაუშვა ბევრი შეცდომა - მიუხედავად მცდელობისა, ვერანაირად ვერ მოახერხა სამართლებრივი და პოლიტიკური თემის გამიჯვნა.
პოლიტიკაში ხშირად მთავარია არა რეალობა, არამედ საზოგადოების აღქმა - აღქმა კი გაჩნდა ასეთი. ეს არის მოცემულობა და რამდენიც არ უნდა ვილაარკოთ, რომ არ არის პოლიტიკა, ამას უკან ვეღარ შეატრიალებ. უნდა მიიღო ეს მოცემულობა და ისე უნდა შეხედო პოლიტიკურ პროცესს - ეს იქნება სწორი, მაგრამ მეეჭვება რომ ხელისუფლება ასე უყურებს ამ საკითხს.
ანუ, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობაა“ მოგებული?
- „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი და ზრდის პოტენციალი არ გააჩნია, ეს სავსებით ცხადია. მას შეუძლია მხოლოდ ერთი რამ - ხელისუფლება დააზიანოს და შეუქმნას პრობლემები, რომ ხელისუფლების ხელითვე მოხდეს სიტუაციის ესკალაცია, აფეთქება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ისიც ესმის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვა. მას სხვა ამოცანები აქვს და ცდილობს სხვა მხრიდან შემოუაროს ამ საკითხს.
ანუ პროცესების ისევ ქუჩაში გადატანით?
- ესკალაციით - თუ საზოგადოება ფიქრობს, რომ ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპიოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება ამ სიტუაციის გამოყენებას, რომ ხელისუფლებას შეუქმნას პრობლემები და მერე მღვრიე წყალში თევზს ვინ დაიჭერს ეს კიდევ ცალკე თემაა.
ამას რატომ ვერ ხედავს ხელისუფლება, ჩემთვის გაუგებარია. როგორც ჩანს, მართლა აღარ არის დარჩენილი სწორი პოლიტიკური პროგნოზის გამკეთებელი ხალხი. დღეს ხელისუფლებამ იმ მოედანზე დაიწყო თამაში სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დიდი უპირატესობა.
ახლა ფიზიკურად რომ მოერიოს კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის მდგომარეობას მაინც გაიუარესებს ხელისუფლება. დღეს „რუსთავი2“-ის ნაციონალებისგან წამოღებამ, შესაძლოა, უარესი სიტუაცია შექმნას და ამ გზით სიარულმა ხელისუფლება დააზიანოს. თუმცა, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, იქნებ, ვცდები კიდეც.