„თავისუფალი დემოკრატები“ ქვეყანაში ესკალაციის საფრთხეს ხედავენ და ხელისუფლებას პროცესების ქუჩიდან შენობებში გადატანისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი კი, სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობებს ვერ ამჩნევს და „ნაციონალური მოძრაობის“ ნოემბრის გეგმებზე აპელირებს.
ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდი პოლიტიკურ ფლანგზე მიმდინარე პროცესების განხილვის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს დღეს, დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, რომლის შემდეგაც სპიკერმა კომენტარი არ გააკეთა, ხოლო „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ხაზი რესპუბლიკელის ადეკვატურობას გაუსვეს.
როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, ქვეყანაში შექმნილია საკმაოდ არაორდინალური გარემო, დამძიმებული ურთიერთბრალდებებით და უსუფაშვილთან შეხვედრა სიტუაციის დეესკალაციის მიზნით დაიგეგმა.
„პოლიტიკიკური პროცესები ქუჩიდან სამუშაო კაბინეტებში უნდა გადმოვიდეს. პარლამენტის თავმჯდომარეს მოსაზრება გავაცანით, რომ პასუხისმგებლობის მთავარი ტვირთი ხელისუფლებაზეა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
კანონმდებელის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროვოკაციები დაგეგმოს და ამ პროცესში „რუსთავი 2“ ისე გამოიყენოს, როგორც ადრე იყენებდა.
„ჩვენ და უსუფაშვილმა სინანული გამოვთქვით, რომ „რუსთავი 2“ ნაციონალებს ვერ გაემიჯნა, რაც ჟურნალისტებისთვის უმჯობესი იქნებოდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში ვითარება ხელისუფლების კონტროლიდან არ გამოვიდეს და როგორმე სამართლებრივ ჩარჩოებში მოვექცეთ“, - დასძინა ცაგარეიშვილმა, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი ნინო გოგუაძე.
for.ge-სთან საუბარში გოგუაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები დაპირისპირებისა და ესკალაციისკენ მიდის, ხოლო სახელმწიფოში პოლიტიკოსები იმიტომ არსებობენ, რომ ერთმანეთს ხალხი არ დაუპირისპირდეს და საკითხები პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ.
„პროცესები სამართლებრივ ჭრილში უნდა წავიდეს. ქვეყანაში პროცესები უკიდურესი პოლარიზაციისა და დაპირისპირებისკენ მიდის, რომელსაც პასუსხისმგებლობის მქონე ადამიანები უნდა შევეწინააღმდეგოთ“, - ამბობს გოგუაძე.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს უნდა შეხვდნენ.
„პრემიერის განცხადება დაპირისპირებას კიდევ უფრო მეტ ბიძგს აძლევს, პრეზიდენტი კი, როგორც კონსტიტუციის გარანტი, ვალდებულია, პროცესებზე რეაგირება მოახდინოს. შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ პრეზიდენტთან მხოლოდ სახელისუფლებო ძალა არ გამოცხადდა, რომელიც დიალოგზე უნდა წავიდეს. პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, ქვეყანაში რა ხდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ ესკალაციის საფრთხე არ არსებობს, რაც კომიკურია, რადგან უშიშროების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების კუთხით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა“, - აცხადებს გოგუაძე, რომლის მსგავსად, პირველი პირების შეხვედრის მნიშვნელობაზე აპელირებს ზურაბ აბაშიძე.
for.ge-სთან საუბარში აბაშიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება საზოგადოების იმის ჩვენებას ცდილობს, ქვეყანაში თითქოს არაფერი ხდება, ესკალაციას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს თავიდან იქნეს აცილებული.
„ხელისუფლება ფიქრობს, პრეზიდენტს რატომ უნდა შეხვდეს, მაგრამ მეორე მხრივ, უშიშროების სამსახურში სახელმწიფოს გადატრიალების მოთხოვნით საქმეა აღძრული. ეს პოზიციები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. დავით უსუფაშვილი ადეკვატური პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც შევხვდით. შექმნილ ვითარებაში გამოსავალია სამართლიანი არჩევნების ჩატარება. საზოგადოებას სამართლიანი არჩევანის გაკეთების საშუალება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიეცეს“, - დასძენს აბაშიძე.
„თავისუფალი დემოკრატებისგან“ განსხვავებით, მმართველ გუნდში ესკალაციის საფრთხეს ვერ ხედავენ და უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაპირისპირების შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, თუკი ქვეყანაში ვინმეს ესკალაცია და დაძაბულობა აწყობს, ეს ნაციონალების გეგმებში შედის.
კანომდებელის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროცესების დაძაბვის სურვილები არსებობს, თუმცა, ხელისუფლება სრულიად ადეკვატური და მობილიზებულია იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ დაუშვას.
„თავისუფალი დემოკრატები“ ესკალაციის საფრთხეზე რაზე დაყრდნობით საუბრობენ, არ ვიცი, მაგრამ თუკი მათ მხედველობაში ნაციონალები ჰყავთ, მათ ვეთანხმები. მსგავსი რამ არავის გამოუვა. შეიძლება, ვიღაცას აჟიოტაჟი აწყობს, ვიღაცას თავისი როლის წარმოჩენა და ვიღაცას პოლიტიკური ქულების ჩაწერა, მაგრამ ქვეყნის ინტერესებთან ყველა ფრთხილად უნდა იყოს“, - აცხადებს კობახიძე.
დეპუტატი პირველი პირების შეხვედრის ალბათობასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს, პოლიტიკურ ძალებს შეხვდეს, მაგრამ ცოტა გაუგებარია, ამ შეხვედრებს თავდაპირველად ოპოზიციისგან რატომ იწყებს და უმრავლესობას შეხვედრას ბოლოს რატომ სთავაზობს.
„ალბათ, პირველ რიგში ხელისუფლებას უნდა ელაპარაკო. მითუმეტეს, როცა ეს ყველაფერი კერძო დავიდან იწყება. როცა ეს შეხვედრები „რუსთავი 2“-ის კერძო დავაზე აგორდა, არ მგონია, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფო რანგში უნდა იყოს აყვანილი. დავა „მაესტრო“-სთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს, რომლის თაობაზეც არავინ არ საუბრობს. რომელი მესაკუთრე რას მოითხოვს და მოწინააღმდეგე მხარეს რა პრეტენზიას წაუყენებს, ეს ჩვენი დღის წესრიგის საკითხი არ არის და ამით დაკავებულებიც არ უნდა ვიყოთ. მითუმეტეს, პრეზიდენტი. ეს საკითხები სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამ თემის პოლიტიზირება რაც უფრო მეტად მოხდება, სასამართლოზეც უფრო მეტი გავლენა იქნება, რაც სწორი არ არის“, - აცხადებს კობახიძე, რომლის პოზიციას იზიარებს ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.
კობახიძის მსგავსად, for.ge-სთან საუბარში ესკალაციის საფრთხეს გამორიცხავს ძიძიგურიც, რომელიც ამბობს, რომ ის აფორიაქებულს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხედავს, რომელსაც მისი თქმით, სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა უნდა. დეპუტატის მოსაზრებით, სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ორი მხარე უნდა არსებობდეს, რომელსაც ეს დაპირისპირება შეუძლია.
„ამ ორ მხარეს ვერ ვხედავ. „ნაციონალურ მოძრაობას“ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ აჟიოტაჟი აქვს ატეხილი, რადგან ნოემბერში მასობრივი გამოსვლები და არეულობის მოწყობა აქვს დაგეგმილი. ისინი „რუსთავი 2“-ის თემით მანიპულირებენ. როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ ეს თემა ვნებათაღელვისთვის კარგი იქნება. ამას გარდა, ისინი ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციების დაწყებასაც გეგმავენ, რაც მათი სცენარის ნაწილია. თუკი ხელისუფლება იტყვის, რომ ქვეყანაში ესკალაციაა, მაშინ ამით მონაწილეობას ნაციონალების სცენარში მივიღებთ“, - დასძენს ძიძიგური.