კომიტეტის სხდომაზე დაწყებული კამათი, დერეფანში პოლიტიკური გარჩევებით დასრულდა

კომიტეტის სხდომაზე დაწყებული კამათი, დერეფანში პოლიტიკური გარჩევებით დასრულდა

22 პოლიტიკური პარტია საარჩევნო საკითხებზე ინტერპარტიული კომისიის შექმნას ისევ ითხოვს, უმრავლესობა კი, ოპოზიციის ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის და პლენარულ სხდომაზე საკითხის ჩაგდებას გეგმავს.

საკანონმდებლო ორგანო ინტერპარტიული კომისიის შექმნის საკითხზე სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას იმსჯელებს, თუმცა, მმართველი გუნდი უკვე არ მალავს, რომ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უკვე ჩააგდო და სათათბირო ოთახში, ოპოზიციონერებსა და უმრავლესობის წევრებს შორის დაწყებული ცხარე კამათი, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის დერეფანში, გიგა ბუკიასა და მამუკა კაციტაძის პოლიტიკური გარჩევებით დასრულდა. ბუკიასა და კაციტაძეს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი მათ მიერ მედიის საშუალებით ერთმანეთის მიმართ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები გახდა. ამასთანავე, ოპოზიციამ ბუკიას განცხადების ის პათოსიც გააპროტესტა, სადაც მან ოპოზიცია დაადანაშაულა, რომ ისინი კონსულტაციების დაწყებისთვის უმრავლესობას არ დაუკავშირდნენ.

 for.ge-ს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი განუმარტავს, რომ ოპოზიციამ უმრავლესობას კონსულტაციების გამართვა არაერთხელ შესთავაზა, მაგრამ უშედეგოდ. მისი თქმით, ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლებას საარჩევნო საკითხებზე მუშაობას ყოველ დღე სთხოვს, მაგრამ მათგან პასუხი არასოდეს მიუღიათ.

„თურმე, უმრავლესობა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. მმართველ გუნდს იმის არგუმენტი არ აქვს, იმაზე რატომ არ უნდა ისაუბროს, რასაც ხალხს დაჰპირდნენ. გიორგი კახიანმა ფაქტიურად თქვა, რომ მათ საარჩევნო სისტემაზე სათქმელი არაფერი აქვთ. საკონსტიტუციო კომისია არ მუშაობს და მას საარჩევნო თემატიკა ერთხელ არ განუხილავს. ხელისუფლების მიზანია, როგორმე საკითხი თავიდან აირიდონ და როგორმე ფულიანი მაჟორიტარებით ის სისტემა შეინარჩუნონ, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რომ კვოტები შეინარჩუნონ. სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ არათუ პირველ ადგილზე ვერ გავა, არამედ შესაძლოა, არჩევნებში ბარიერიც კი ვერ გადალახოს, რადგან საზოგადოებაში დიდი იმედგაცრუებაა“, - აცხადებს ახვლედიანი.

„ახლების“ წევრი მამუკა კაციტაძე კი, მმართველ გუნდს კონსულტაციების გამართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

როგორც for.ge-ს კაციტაძემ განუცხადა, ხელისუფლებას უსუსური ხერხები აქვს იმისათვის, რომ როგორღაც პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს.

„ქართულ ოცნებას“ ერთი წელია ვეუბნებით, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ, მაგრამ ისინი უარს საკონსტიტუციო კომისიაში მოსვლაზეც ამბობენ. ხელისუფლებას ლაპარაკიც არ უნდა, რადგან მათ მსჯელობას თავი საერთო-სახალხო ფორმატებშიც აარიდეს. 15 კაციან საპროცედურო საკითხთა კომიტეტში ჩვენი ინიციატივის წინააღმდეგ სამი ადამიანი წავიდა, 11 თავშეკავებული იყო, რაც აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითებს“, - განაცხადა კაციტაძემ.

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი კი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის იბრძოლებს. for.ge-სთან საუბარში ჩიქოვანი აცხადებს, რომ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და უმრავლესობის არგუმენტებს მოისმენს.

„ხელისუფლებას არანაირი არგუმენტი არ აქვს, ოპოზიციას თუ რატომ არ ელაპარაკება. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობას არგუმენტები არც პლენარულ სხდომაზე ექნება, მაგრამ ჩვენ სისტემის შეცვლისთვის ვიბრძოლებთ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ოპოზიციის ბრალდებებს ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია „პიარ აქციად“ მიიიჩნევს და for.ge-სთან საუბარში ოპოზიციას საყვედურობს, რომ მათ კონსულტაციების გამართვის მიზნით, ხელისუფლებას ოფიციალურად არ მიმართეს. ბუკიას შეფასებით, ოპოზიცია კონსულტაციების გამართვით კი არ იყო დაინტერესებული, არამედ მათი ქმედებები პიარზე იყო გათვლილი, რათა ითქვას, რომ ხელისუფლება კონსულტაციებს გაურბის.

„ჩვენი სურვილია, რომ საერთო გადაწყვეტილება კონსესუსით იქნეს მიღებული, მაგრამ ოპოზიციამ საკუთარი იდეები გამოაქვეყნა და თქვეს, რომ მისთვის მხარი დაგვეჭირა. მათ ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. უმჯობესია, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთი პოზიცია შევაჯეროთ. კოალიცია შვიდი ფრაქციისგან შედგება და ბევრი მაჟორიტარი ამ სისტემის შეცლის წინააღმდეგ გამოდის. 20 წელია მსგავსი საკითხი არ გამართულა და კონსულტაციებისთვის მზად ვართ, მაგრამ არა იმ ფორმატით, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს“, - აცხადებს ბუკია.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კი, for.ge-ს ინტერპარტიული კომისიის არშექნის მიზეზებს განუმარტავს. დეპუტატის თქმით, ოპოზიცია ინტერპარტიული კომისიის შექმნას ითხოვს, სადაც 22 პარტიაა გაერთიანებული, მსგავსი კომისიის შექმნა კი, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში არ მომხდარა.

„ამ კომისიას იმ საკითხებზე უნდა ემსჯელა, რომლის თაობაზე შექმნილია საკონსტიტუციო კომისია და ინტერფრაქციული ჯგუფი. ამ საკითხების განხილვა საყოველთაო განხილვებში მოხდება და ერთსა და იმავე საკითხზე რამდენიმე ფორმატის შექმნა არამიზნობრივია“, - აცხადებს კახიანი.

კანონმდებელის მოსაზრებით, 2020 წლამდე, მაჟორიტარული სისტემის შეცვლა იმ მიზეზით ვერ მოხდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება და საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობაშიც არის.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო საკითხებზე არასაპარლამენტო ოპოზიციის იდეებს პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატები“ აჟღერებენ.