საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამბობს, რომ მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და კანონით ისჯება. იურისტების შეფასებით, სწორედ ეს მუხლი დაარღვია საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც საჯაროდ მიმართა მოსამართლეს თამაზ ურთმელიძეს და მოუწოდა ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება არ მიიღოს, რაც გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.
იურისტი, ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ არავის და მათ შორის არც პრეზიდენტს არ აქვს უფლება, საქმის განმხილველ მოსამართლეს რიტორიკული კითხვები დაუსვას და მით უმეტეს კონკრეტული მოწოდებებით მიმართოს წარმოებაში არსებული საქმის შესახებ.
„პრეზიდენტმა უშუალო მოწოდებით მიმართა საქმის განმხილველ მოსამართლეს, თუ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც ყოვლად დაუშვებელია და შესაძლოა შექმნას სასამართლოზე ზეწოლის შთაბეჭდილება“, - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
გიორგი მარგველაშვილს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მიმართა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ, რომ არ გააკეთონ განცხადება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„ვისურვებდი, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა მიმდინარე სასამრთლო პროცესებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ და არ გამოაცხადონ თავისი დამოკიდებულება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ მხარეებს შორის დაძაბულობაა“, - განაცხადა თამაზ ურთმელიძემ.
დღის ბოლოს პრეზიდენტის მიერ მოსამართლის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის განცხადებით, ჩვენ, ზოგჯერ გავიწყდება, რომ მოსამართლეც ადამიანია და იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, ემოციური სიმშვიდე სჭირდება.
„როცა მოსამართლეზე ხდება პერმანენტული თავდასხმები ყველა მხრიდან, როდესაც უკვე სახელმწიფოს მეთაური აკეთებს ასეთ განცხადებებს, მე მაქვს წუხილი, როგორ გაუძლებს ამ ვერბალურ ზეწოლას მოსამართლე. მაგრამ მჯერა, რომ მოსამართლე მშვიდად, აუღელვებლად, მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტს იმას, რაც გამომდინარეობს საქმის მტკიცებულებებიდან“, - განცხადა თეა წულუკიანმა.
მოსამართლესთან ერთად, გიორგი მარგველაშვილის კრიტიკის ადრესატი მთავრობის მეთაურიც გახდა, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების ესკალაციაში დაადანაშაულა. ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ მთავრობის მეთაურის გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში.
„ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები. ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში - საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის 1-წუთიან განცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება უკრაინულ მედიაში ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოკადრების გავრცელების საკითხზე საუბრის კონტექსტში განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო სწორედ ის ნიღბიანი მამაკაცია, რომელიც აღნიშნულ ვიდეომასალაში მოქალაქეს აუპატიურებს. პრემიერის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ 3 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველ დღე ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის, მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის, ისინი კვლავაც აგრძელებენ უტიფრად საზოგადოების შეუფრაცხყოფას და აქვთ მცდელობა, რომ შექმნან არეულობა და ქაოსი.
„მინდა, ყველას გითხრათ, რომ მსხვერპლნი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სამეგრელოში ცხოვრობენ. მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. მე ვიცი ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც სახლიდან ღამის 3 საათზე მოიტაცეს, მის ორსულ მეუღლეს კი სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც მუცელი მოეშალა, ეს კაცი წაიყვანეს და აწამეს ისე, როგორც თქვენ ვიდეოში ნახეთ, ხოლო შემდეგ, იმის გამო, რომ მას ვერ ააღებინეს საკუთარ თავზე არჩადენილი დანაშაული, სხვა მიზეზით - ნარკოტიკების ჩადებით გაასამართლეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ანალიტიკოსები თანხმდებინა, რომ გიორგი მარგველაშვილმა 1-წუთიანი განცხადებით სწორედ, რომ ხელი შეუწყო ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაციას. პრეზიდენტის განცხადებას უპასუხისმგებლოს და არაკომპეტენტურს უწოდებს, პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან გორგილაძე, რომლის განცხადებით, მარგველაშვილმა 1-წუთიან გამოსვლაში უამრავი შეცდომა დაუშვა.
„ეს იყო ძალზედ უპასუხსიმგებლო და არაკომპეტენტური განცხადება. მას ჰყავს მრჩევლები და უნდა სცოდნოდა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, მოსამართლისთვის მიმართვა დიახ, რომ არის ზეწოლა სასამართლოზე. რას ჰქვია არ მიიღოს ხისტი გადაწყვეტილება?! იცის მარგველაშვილმა რა გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე?!
მარგველაშვილის აზრით, მთავრობის მეთაურმა თავისი განცხადებთ ხელი შეუწყო ესკალაციას, ამ დროს კი, პირიქით, მარგველაშვილმა კიდევ უფრო გააღრმავა ეს შესაძლო დაპირისპირება. კონცენტრირება გაუკეთა და გააძლიერა სამოქალაქო დაპირისირების კონტურები, რომელიც იმედია, რომ არ გამოჩნდება.
პრეზიდენტის ფუნქცია არის საზოგადოების კონსოლიდაცია და არა გახლეჩვა, რაც გააკეთა მარგველაშვილმა თავისი განცხადებით. პრეზიდენტმა გაამწვავა ვითარება. არ ვიცი რა მიზნები ამოძრავებს პრეზიდენტს. თუ მას მიაჩნია, რომ ამ განცხადებით აქტიური პოლიტიკური მოთამაშე ხდება, არ ვიცი. რბილად, რომ ვთქვათ, ეს იყო ძალზედ არაკომპეტენტური განცხადება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ პრეზიდენტმა, ისევე როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს მიმართ უნდობლობა გამოხატა და თითი დაუქნია მოსამართლეს.
„მარგველაშვილს პატარა გამოსვლას ბევრი შეცდომა ჰქონდა. პირველი - პრეზიდენტმა პროცესებში ჩართულობის კუთხით გაუგებარი პოზიცია გამოთქვა. მეორე - თითი დაუქნია მოსამართლეს და გააფრთხილა ჭკვიანად იყავიო, რაც არაკორექტულია და მით უმეტეს, რომ ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა. მესამე შეცდომა გახლავთ ის, რომ მთელს მის გამოსავლაში მთავრი აქცენტი დაუთმო მთავრობის მეთაურის კრიტიკს, ეს უფრო გაუგებარია.
პრეზიდენტი, რომელიც თავს საკონსტიტუციო გარანტად მიიჩნევს, არ უნდა აკეთებდეს ძალიან უხეშ განცხდებას და კვალიფიკაციასთან მიმართებაში ფრთხილი უნდა იყოს. კვალიფიკაცია - სამოქალაქო დაპირისპირება ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება რაც ამ წუთში შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტმა საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ უბიძგა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ მან ეს გააკეთა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდიამ.
პრეზიდენტის განცხადებას მოსამართლეზე პირდაპირ ზეწოლად აფასებს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელიც ქვეყნის პირველ პირს მოუწოდებს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთოს.
„აშკარად ჩანს მისი მხრიდან ჩარევა, ზეწოლა მოსამართლის მიმართ, რადგან ის მოუწოდებს მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. რას ნიშნავს ეს ჩემთვის გაუგებარია. მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. ეს არის მოსამართლეზე პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა მის საქმიანობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პრეზიდენტის მიერ „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლისადმი გაკეთებულ მოწოდებას, მის მიერ სასამართლო საქმიანობაში ჩარევად აფასებს სასჯელაღსრულების მინისტრი.
„პრეზიდენტი მოუწოდებს მოსამართლეს არ გამოიტანოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, სხვა რა შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად? არავის აქვს უფლება ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში. პრეზიდენტმა შეიძლება მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რას ნიშნავს „ხისტი და ნაჩქარევი არ იყოს?“ როგორც შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს ხისტი და ნაჩქარევი, როცა ის უნდა იყოს დასაბუთებული და თუ მას დასაბუთება აკლია, ამ შემთხვევაში მხარეს აქვს მისი გასაჩივრების უფლება“, - აღნიშნა კახი კახიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
„ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. როდესაც იწყებ საუბარს იმაზე, რომ დიალოგს იწყებს კონსტიტუციურ წესრიგზე, მაშინ ამის ნიშნები უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს. სანამ ვინმეს მიუთითებ, რომ ვინმე რამეს ძაბავს, სწორედ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადების გაკეთება არის ვითარების დაძაბვა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის შეფასებით კი, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სიტუაციის ესკალაციას ახდენს. მისივე განცხადებით, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას პრობლემები ექმნებოდეს, არ არსებობს.
„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, რომ ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას კონსტიტუციას საფრთხე ექმნება, პოლიტიკურ პარტიებთან, ამასთან, იმასთან იწყებს მოლაპარაკებებს, გარკვეული საფუძველი უნდა არსებობდეს. ამ შემთხვევაში, არ ვფიქრობ, რომ ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი არსებობს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, პრემიერ-მინისტრს ისეთი არაფერი უთქვამს, რასაც საღად მოაზროვნე ადამიანი არ ფიქრობს.
„მან მოსამართლეზე პირდაპირი ზეწოლა განახორციელა, რადგან პრეზიდენტი მას ასწავლის, თუ როგორ უნდა მოიქცეს და გადაწყვეტილება დაჩქარებულ ტემპში მიიღოს, თუ ნელში. მგონია, რომ მას ასეთი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. მოსაზრება, რომ წარღვნის დასაწყისია, აბსურდია. პრეზიდენტი პანიკის ატეხვას თავად ემსახურება, როცა პარტიებს, დიპლომატებსა და არასამთავროებს კრებს და უნდა, რომ ფრონტზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ გამოჩნდეს.
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ პრემიერმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და მას მოწოდება არ გაუკეთებია. for.ge-სთან საუბარში დეპუტატი ამბობს, რომ ის მსგავსი ტიპის მოსაზრებების გამოხატვას არ მიესალმება, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკოსი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა მეტყველებდეს.
„ეს პოლიტიკოსის შეფასება იყო, მაგრამ მსგავს შეფასებებს პოლიტიკური თანამდებობის პირი არ უნდა იყენებდეს. მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია და ეს პროცესები ადამიანების გარკვეული ჯგუფის შფოთს იწვევს, მაგრამ ესკალაციაში რას გულისხმობთ, არ ვიცი. შესაძლოა, მიტინგები ჩატარდეს, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ეს ჩვეულებრივი პროცესია. თუ ადამიანს რაღაცის გაპროტესტება უნდა, უნდა გააპროტესტოს. ეს პროცესი დაიწყო, რაც ჯანსაღია. მთავარია, ამ პროცესებმა არაკონსტიტუციური ჩარჩოები არ მიიღოს“, - აღნიშნავს კორძაია.
უმრავლესობის მომავალი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ემოციური იყო, მაგრამ მან პარტიული კუთხით ისაუბრა. როგორც for.ge-ს კვაჭანტირაძემ განუცხადა, პრემიერმა საქართველოს მოსახლეობის პოზიცია გაახმოვანა.
„პრემიერი პოლიტიკური ლიდერია და მან რეალობა წარმოაჩინა. ვფიქრობ, რომ პრემიერის გამოსვლიდან დასკვნები სხვებმა უნდა გამოიტანონ, მათ შორის, პრეზიდენტმა. მას უნდა ახსოვდეს, რომ ის წესრიგისა და კონსტიტუციის დაცვის გარანტია. მან თავისი განცხადებებით „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას ხელი არ უნდა შეუწყოს, რომ სამართლებრივი სივრციდან პრობლემა აპოლიტიკურ სივრცეში გადაიტანოს. რეიტინგები იმ სცენარის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც „რუსთავი 2“-ის მხრიდან მისი ხელმძღვანელობა მართავს და რომელიც ნაციონალების მამების მიერ იწერება და წარუმატებლად ხორციელდება“, - აცხადებს კვაჭანტირაძე.
მარგველაშვილს აკრიტიკებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.
for.ge-სთან საუბარში მეჭიაური აცხადებს, რომ პრემიერმა ემოციური განცხადება გააკეთა, მაგრამ მან აღშფოთება დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ გამოხატა. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტსაც აღშფოთება გამოეხატა იმის თაობაზე, რაც ხდებოდა, მან უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა.
რაც შეეხება პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირების თაობაზე ოპოზიციის განწყობას, „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე პრეზიდენტით აღფრთოვანებული ხალხის საყურადღებოდ მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროვებს. დეპუტატის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა პოლიტიკური პროცესების ესკალაცია არ მოხდეს.
„პრეზიდენტს ვკითხე, აპირებთ თუ არა რაიმე ფორმით რეაგირებას იმაზე, რომ ონლაინ სირცეში, არადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოების ატვირთვა ხდება-თქო? რაზეც მან მიპასუხა: გაუგებარია, პასუხისმგებელი ვინ არის და ვის რა უნდა მოვუწოდოო. მისი ბრიფინგის მიუხედავად, საზოგადოებას გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს“, - დასძენს ჯაფარიძე.
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი კი აცხადებს, რომ არის რეალური მცდელობა იმისა, ერთმანეთის დემონიზაციის გზით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაძაბონ. კანონმდებელის მოსაზრებით, ნაციონალები და ხელისუფლება დაპირისპირების გაღვივებას და პროცესების ქუჩაში გადატანას ცდილობენ, რაც სახელმწიფოსთვის მიუღებელია.
„ხელისუფლებას უდიდესი პასუხიმგებლობა აკისრია, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი სრულყოფილად დაცული იქნას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნებამდე ნორმალურად მივიდეთ და ერთ პოლიტიკურ ძალასაც და მეორესაც საკუთარი განაჩენი გამოვუტანოთ. ეს განაჩენი ქართველ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.