მუქარა კრემლიდან - „თიბილოვის განცხადება არ ნიშნავს, რომ „სამხრეთ ოსეთს“ რუსეთის შემადგენლობაში მიიღებენ“

მუქარა კრემლიდან - „თიბილოვის განცხადება არ ნიშნავს, რომ „სამხრეთ ოსეთს“ რუსეთის შემადგენლობაში მიიღებენ“

რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. გადაწყვეტილება ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, ლეონიდ თიბილოვმა უკვე აცნობა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს, რომელიც გუშინ ცხინვალში იმყოფებოდა.

თიბილოვის განცხადებით, რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზებაში ჩაერთვებიან საზოგადოების ფართო მასები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები. რეფერენდუმის ჩატარების კონკრეტული თარიღი თიბილოვს არ დაუკონკრეტებია.

„დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ - შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნეების განმავლობაში უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოება და აყვავება“, - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.

თიბილოვის ამ განცხადებას ოპერატიულად გამოეხურა კრემლი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თიბილოვს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრაზე, რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებაზე არ უსაუბრია. როგორც პესკოვმა განაცხადა, საუბარი შეეხო ინტეგრაციისადმი სწრაფვას.

„რუსეთთან ინტეგრაციის მომხრე ძალიან ბევრია სამხრეთ ოსეთში. მოგეხსენებათ, რომ სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის აღიარებული, რომელთანაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს“, - აცხადებს დიმიტრი პესკოვი.

რუსეთის სახელმწიფოს დუმის კომიტეტის თავმჯდომარის დსთ-ს ქვეყნების საკითხებში, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგების პროგნოზირება ნაადრევია. მისივე თქმით, ზედმიწევნით უნდა მოხდეს ამ საკითხის განხილვა - რამდენად მომწიფდა ამის საჭიროება.

„მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიო საზოგადოების რეაქცია ძალზე მწვავე იქნება. რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს დიდ ეკონომიკურ და სოციალურ დახმარებას უწევს. რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს, უნდა გვესმოდეს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილის შემთხვევაშიც კი, ჩვენ ჩვენს გარშემო არსებული გეოსტრატეგიული რეალიებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა დეპუტატმა.

როგორც ჩანს, თიბილოვის ინიციატივა მიუღებელია კრემლისთვის. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ლიდერს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება შეუძლია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ რუსეთის შემადგენლობაში მიიღებენ, რადგან ამისთვის რუსეთის თანხმობაა საჭირო.

რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო საკითხებში ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებით რუსეთი ბენეფიტებს ვერ მიიღებს.

„სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებით მიღებული სარგებელი ნათელია. რუსეთისთვის კი, პლუსზე მეტი მინუსია როგორც დიპლომატიური, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით. ამაზე თვალის დახუჭვა რუსეთს არ შეუძლია. რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ მოიქცევა რუსეთის ხელისუფლება ასეთ სიტუაციაში“, - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

თიბილოვის განცხადებას და ცხინვალში რუსეთთან ინტეგრაციის მიზნით რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებას ქართველი პოლიტიკოსები პროვოკაციას უწოდებენ. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ოფიციალური თბილისის პასუხი მხოლოდ დიპლომატია იქნება.

„ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ ეთნიკური ქართველების წმენდას ჰქონდა ადგილი, ზუსტად იმის გათვალისწინებით, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი ჩვენ ოკუპირებულ რეგიონში, რა თქმა უნდა, მსგავს ღონისძიებებს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა და ძალა არ ექნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მორიგი რეფერენდუმის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორს.

„ეს არის ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. რეფერენდუმი დაინიშნება და ჩატარდება, ეს იქნება უკანონო აქტი, როგორც ნებისმიერი ამ ტიპის აქტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება.

ამგვარი ე.წ. რეფერენდუმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ორჯერ - 1999 და 2006 წლებში გაიმართა. თუ დაინიშნება მორიგი რეფერენდუმი, მის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორი ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს და მას ისევე, არ სცნობს საერთაშორისო სამართალი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.