„ამდენი წლის მანძილზე თუნდაც ერთ ადამიანს ვეძებთ, ვინც NDI-ის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო“

„ამდენი წლის მანძილზე თუნდაც ერთ ადამიანს ვეძებთ, ვინც NDI-ის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერის პოსტს დაიკავებს. ფრაქცია „ქართული ოცნება“ მის კანდიდატურას კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე წარადგენს, რის შემდეგაც ის თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნება.

პოლიტიკურ გეგმებზე, for.ge ზვიად კვაჭანტირაძეს ესაუბრა:

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ოფიციალურად უკვე დასახელდით. რა გეგმები გაქვთ?

- ჩემი მთავარი ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ უმრავლესობამ პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის პრეროგატივა არავის დაუთმოს.

თუმცა, ამ მოწვევის პარლამენტში ვხედავთ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ნაციონალები ქმნიან. თქვენ შეძლებთ, რომ უმრავლესობამ საკუთარი დღის წესრიგი შექმნას?

- შესაძლებლობას არავის მივცემთ, რომ პოლიკური ცხოვრების დღის წესრიგი შეადგინოს. ეს ჩემი ამბიციაა, როგორც უმრავლესობის ლიდერის.

ანუ, თქვენ გულისხმობთ, რომ მმართველი გუნდის საქმიანობა გააქტიურდება?

- ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ პარლამენტში განხილულ ყველა საკითხსა და პოლიტიკურ მოვლენებზე უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების პოზიციების მაქსიმალური თანხვედრა უზრუნველვყო.

დავით საგანელიძის შემთხვევაში, დეპუტატებს შორის კომუნიკაციის პრობლემა იკვეთებოდა. თქვენ მთავრობასა და პარლამენტს შორის გამტარის ფუნქცია გექნებათ? გუნდის შეკვრას შეძლებთ?

- ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა კომუნიკატორის ფუნქციაც იქნება, რომელსაც იმედია, წარმატებით შევასრულებ. ფრაქციის სხდომაზე, ჩემს თანაგუნდელებს შევპირდი, რომ მაქსიმალურად ღია და გახსნილი ვიქნები. თითოეულ მათგანთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ.

როგორც უმრავლესობის ლიდერი კვორუმის პრობლემას მოაგვარებთ?

- პარლამენტში კვორუმის განსაკუთრებული პრობლემა არასოდეს გვქონია.

თითქმის, ყოველ პლენარულ სხდომაზე კვორუმის პრობლემაა და ამას ვერ ამჩნევთ?

- თქვენ კვორუმის პრობლემა სხვა პარლამენტებში უნდა ნახოთ. სხდომის 10-15 წუთით დაგვიანება პრობლემა არ არის.

თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი სხდომებიც გვახსოვს...

- ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ პარლამენტის პლენარული სხდომები ქუთაისში იმართება. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში პოლიტიკური ძალები კონსენსუსს მიაღწევენ და საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიკრიბება. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს განლაგებული.

რაც შეეხება პარტიულ გეგმებს, არჩევნებამდე ერთი წელი რჩება. რას აპირებთ?

- პარტიამ სერიოზული ორგანიზაციული სამუშაოები აწარმოა, რომლის შესახებაც ინფორმაცია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მოგვაწოდა. ამასთანავე, პოლიტსაბჭოს სხდომაზე, აღმასრულებელი საბჭოს გეგმები დავამტკიცეთ.

გეგმები რაში მდგომარეობს?

- გეგმები დროში გაწერილი გარკვეული ღონისძიებებია, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ის, რომ ნოემბრის ბოლომდე, აღმასრულებელი მდივნები დაინიშნებიან, ხოლო სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები შესაცვლელნი არიან, შეიცვლებიან. ასევე დიდი პარტიული ყრილობისთვის მზადებას დავიწყებთ, რომელიც მომავალი წლის ადრიან გაზაფხულზე ჩატარდება, მოგვიანებით კი, საარჩევნო კამპანიაც დაიწყება.

ახალი სახეების მოზიდვის კუთხით, მუშაობა დაიწყეთ?

- პარტია ამ საკითხზე ძალიან სერიოზულად მუშაობს.

ამ პროცესებში რა როლი ეკისრება ბიძინა ივანიშვილს?

- ბატონი ბიძინა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელია და ჩვენი დიდი სურვილია, რომ მან პარტიის აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ფრაქციის სხდომაზე მოვიწვიეთ და ძალიან გაგვიხარდა, რომ ის შემოგვიერთდა.

თქვენ ამბობთ, რომ თქვენი სურვილია, პარტიის აღორძინების პროცესში ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღოს. რას გულისხობთ? მას რა ფუნქცია ეკისრება?

- ის იქნება - კონსულტანტი, მრჩეველი.

მოწვეული ექსპერტიც?

- ირონიულად ტყუილად საუბრობთ. ჩვენ მას ვთხოვთ, რომ იქნებ კიდევ უფრო გააქტიურდეს.

გააქტიურებაში რას გულისხმობთ - პარტიულ რიგებს დაუბრუნდეს?

- თავად როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე მოიქცევა. ეს საკითხი მისი გადასაწყვეტია.

თუმცა, პარტიაში დაბრუნება გამორიცხული არ არის?

- ვერ გეტყვით. კონსტიტუციურად, მას სრული უფლება აქვს პარტიის მხარდასაჭერ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს.

ივანიშვილის გააქტიურება გჭირდებათ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოთ?

- ჩვენმა ამომრჩეველმა ისედაც იცის, რომ ბატონი ბიძინა, ჩვენი პარტიის გულშემატკივარი იყო, არის და იქნება.

თქვენ არჩევნების მოგებაში დარწმუნებული ხართ, მაგრამ NDI-ის კვლევები საპირისპიროს ამბობს...

- NDI-ის კვლევის შედეგები არ მაინტერესებს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობასთან და საველე ღონისძიებების ჩამტარებელ კომპანიასთან შეხვედრა გვქონდა და ჩვენი ეჭვები კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამ გამოკითხვების პოლიტიკური კონტექსტი მიკერძოვებულია. ვერც ერთ კითხვაზე, რომელიც ამ ადამიანებს დავუსვით, დამაჯერებელი და დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენთვის აბსოლუტურად გაურკევველია, როგორ შეიძლება ადამიანებს უმტკიცო, რომ ამომრჩევლის 70 პროცენტი აზრზე არ არის, ქვეყანაში რა ხდება. ეს დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელიცაა, რომლებიც რესპოდენტებად ითვლებიან. ამდენი წლის მანძილზე თუნდაც ერთ ადამიანს ვეძებთ, ვინც NDI-ის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო.

NDI ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული უნივერსიტეტია და კვლევის შედეგების გაყალბება მათ ინტერესებში რატომ შედის?

- ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ გინდათ, ეს ორგანიზაცია ამერიკის იყოს, ან ევროკავშირის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ წლების მანძილზე, ეს ადამიანები ამ დაკვეთას ასრულებენ. მათი სანდოობა შეიძლება გაიზომოს, წინა გამოკითხვების თანხვედრით არსებულ რეალობებთან.

2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, NDI-ის კვლევის შედეგები მცდარი აღმოჩნდა, მაგრამ ორგანიზაციამ 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე მეორე ტურის დანიშვნა დაანონსა, რაც ასეც მოხდა.

- რეალობასთან მიახლოებული კვლევის შედგები მართლაც გვჭირდება. ეს ჩვენთვის აუცილებელია და სირაქლემას პოზიციაში ვერ ვიქნებით. სიტუაციის სწორი ახსნა ნამდვილად გვჭირდება, რის გამოც შიდა კვლევებს ვაწარმოებთ. ის ცნობილი მეთოდოლოგიით ტარდება და მას სამუშაოების გასატარებლად ვიყენებთ. ჩვენი შიდა კვლევები NDI-ის პოლიტიკურ ნაწილთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ, ვისაც NDI-ის კვლევის შედეგების სჯერა, მათ გავატარებთ. ამ კვლევების შედეგები არ გვჯერა და საქმიანობას იმ მიმართულებით გავატარებთ, რასაც ჩვენი კვლევები გვეუბნება.

თქვენი კვლევის შედეგები რას ამბობს? ხელისუფლება საკუთარ პოზიციებში მყარად დგას?

- გარკვეული მიმართულებით სერიოზული სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი, მაგრამ არა იმ მიმართულებებით, რითაც NDI აპელირებს. ამ ორგანიზაციის შეკითხვების ფორმულირებებიც კი, კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთი კითხვა იყო - „თვლით თუ არა, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა გაიზარდა?“. თქვენ განათლებული ადამიანი ხართ და შეიძლება, ამ კითხვის შინაარს ჩაწვდეთ და საკითხზე საუბარი დაიწყოთ, მაგრამ როდესაც კითხვაზე „კი“-ს ან „არა“-ს თქმას გთხოვენ, ამ შემთხვევაში იძულებული იქნები, რომ კი უპასუხოთ, რადგან რუსეთის გავლენა არა მარტო საქართველოზე ხორციელდება, არამედ მთელს ევროპასა და მსოფლიოში. შეკითხვების ინტერპრეტაცია ხდება. ის ხომ აბსურდია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოში რუსული გავლენა გაიზარდა. ეს შეკვეთილი შეკითხვაა, რომელიც გათვლილია ხელისუფლების დისკრედიტაციაზე.

კვლევების მიხედვით, ქვეყანაში იმ ადამიანთა რიცხვი შემცირებულია, რომელთაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. თქვენ ამბობთ, რომ კვლევის შედეგებს არ ენდობით, მაგრამ ქვეყანაში რუსული პროპაგანდა რომ გაზრდილია, ესეც ფაქტია...

- რუსეთის „რბილი ძალა“ მთელ მსოფლიოში მძინვარებს და სათათბურე პირობების შექმნის გამო, ევროპის წამყვანი ლიდერები შიდა კრიტიკას ვერ უძლებენ. რუსული კაპიტალი თითქმის ყველგან შეჭრილია და მოსკოვი მასობრივი ინფორმაციების საშუალებებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. საქართველოში რუსული არხებიც კი არ გვაქვს დაშვებული. კვლევის შედეგების ეს მესიჯი ჩვენთვის უმჯობესია, რადგან ევროპელმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი რაც უფრო გაიწელება, ეს ევროპისთვის კარგი არ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ, მაგრამ ვიზის ლიბერალიზაციის დაშვება რაც უფრო გაიწელება, ეს ევროსკეპტიკოსების რიცხვს გაზრდის. ამ კონკურენციის პირობებში ევროპას მართებს, რომ განსაკუთრებულად მონდომებული და პროაქტიული იყოს. მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში.

და ბოლოს. NDI-ის კვლევებს თქვენ არ ენდობით, მაგრამ შედეგებით აღფრთოვანებულები არიან ნაციონალები, რომლებიც პროგნოზირებენ, რომ 2016 წლის არჩევნებში გაიმარჯვებენ. მათ რა შანსები აქვთ?

- ეს მათი საქმეა. მათ განცხადებებს - „ნაცების ოცნება“ და „ნაცების სიზმარი“ დავარქვით. მათ ძალიან კარგად იციან, რომ 2016 წლის არჩევნებზე, საქართველოში მათი ნამცეცები დარჩება. მათ ვურჩევ, ამ კვლევების შედეგებით იმოქმედონ და თავი დაიმშვიდონ. ხელისუფლება საკუთარ სიტყვას არჩევნებზე იტყვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი ძალა ერთადერთია, რომელსაც ქვეყნის აღმავლობა შეუძლია.