ერთ-ერთი უკრაინული ვებ-გვერდის tube.ua-ს მიერ გავრცელებული მამაკაცის სასტიკი წამების, სექსუალური ძალადობის და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებამ დიდი ხმაური გამოიწვია. მასალა, რომელიც ხუთწუთიანია, უმძიმეს კადრებს შეიცავს.როგორც ცნობილი გახდა, ეს არის ზუგდიდის სამალავებიდან, ე.წ კასრებიდან გავრცელებული ვიდეოფირი.
საქართველოს პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო. სამართლადამცავები გაარკვევენ, ფირები, რომელიც კონკრეტულ სისხლის საქმეებს ერთვოდა, როგორ მოხვდა შს სამინისტროდან სხვა ქვეყანაში და როგორ გავრცელდა ინტერნეტსივრცეში. როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა განაცხადა, ეს საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.
„თქვენ იცით, რომ ამ საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს. პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს საქმე. განიხილება მრავალი ვერსია, მათ შორის საინტერესოა, თუ როგორ მოხვდა უკრაინის მედიასივრცეში ეს კადრები“, - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს სწორედ ის კადრებია, რომელიც მისი შს მინისტრობის დროს იქნა აღმოჩენილი და მაშინ ყველა დამნაშავე პირი გამოვლინდა და დაისაჯა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები კი განადგურდა. თუმცა, პრემიერმინისტრი არ გამორიცხავს, რომ ამ კადრების დუბლიკატები კიდევ არსებობს.
„რაც შეეხება კადრების გავრცელების საკითხს, მე როგორც ვიცი უკრაინაში გავრცელდა ეს კადრები და მრავალი ვერსია განიხილება, რომ იგივე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიჰყიდეს უკრაინის მოქალაქეებს და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს იყო ძველი ხელისუფლების სისტემა და მისი წარმომადგენლები ამ კადრების ყურებით ტკბებოდნენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ კადრების გავრცელებას არსებულ ხელისუფლებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს მათი პარტიის დისკრედიტაციის მიზნით ხდება, რომელიც NDI-ის გამოკითხვებში, „ქართულ ოცნებას“ უსწრებს. სოციალურ ქსელებში კი ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის ყოფილი გუბერნატორის იგორ კოლომოისკის და სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ფარული შეხვედრის შესახებ. საუბრობენ იმაზეც, რომ კოდუამ ფირები კოლომოისკის მიჰყიდა, ხოლო აღნიშნული საიტი, რომელმაც ფირები გაავრცელა, სწორედ კოლომოისკის საკუთრებაა.
ვის და რატომ დასჭირდა ამ ფირების გავრცელება ახლა, რა კონკრეტულ მიზანს ემსახურება ეს ქმედება და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დაპირისპირება გასცდა თუ არა ვიწროპოლიტიკურ-პარტიულ ინტერესებს და უკრაინაშიც გადაინაცვლა?
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ შეიძლება დადებითი შეფასება მიეცეს კადრების ღია და საჯარო ჩვენებას, თუმცა ამ ყველაფერს თავისი წინაპირობები გააჩნია - როცა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აგრესიული პოლიტიკით გამოდიან და ასე ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ახალმა ხელისუფლებამ სათანადო ზომები ვერ გაატარა დამნაშავეთა დასაჯელად.
„იმის გამო, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ვერ იმუშავა სათანადოდ და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს საზოგადოებაში ვერ მიუჩინა ადგილი, არ ჩატარდა გამოძიებები, არ გაეცა პასუხი ყველა შეკითხვას და არ დაისაჯნენ სათანადოდ დამნაშავეები. ამან გამოიწვია ის, რომ ხალხი თვითონ ცდილობს ამ პროცესებში ჩართულობას. მიუღებელი იყო ისიც, როცა რიგითი ადამიანები ქუჩაში გამოდიოდნენ და ნაციონალებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ასე ცდილობდნენ სამართლის აღდგენას, იგივე კონტექსტში შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანები თვითონ ცდილობენ სამართლიანობის აღდგენას, რომ საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული. კიდევ ვიმეორებ, მიუღებელია ეს ყველაფერი, მაგრამ ამას თავისი წინაპირობები გააჩნია“, - აცხადებს ექსპერტი.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ამ კადრების ჩვენება, უკრაინაში სააკაშვილის მიმართ დადებითი განწყობილების ფორმირებას ემსახურება და უკრაინის ყოფილი გუბერნატორი ამ ბრძოლის უშუალო წევრია.
„ოდესის ყოფილი გუბერნატორი კოლომოისკი უშუალოდ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი აქტიური წევრია, იმიტომ, რომ მის ინტერესებს დაუპირისპირდა. უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავისი ფრონტი გაიხსნება, ალბათ, და კოლომოისკი ამაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებას“, - აღნიშნავს საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ კადრების ჩვენება, ბუნებრივია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა მოულოდნელობა არავისთვის იქნება, რომ უფრო მეტი უკრაინელია ნეგატიურად განწყობილი სააკაშვილის მიმართ, ვიდრე კეთილმოსურნენი და ისინი ოდესის პორტს არ დაანებებენ არავის, სააკაშვილი კი ფრთხილად უნდა იყოს.
„ეს დიდი ალბათობით, კომერციული ინტერსებიდან გამომდინარე ინფორმაციაა, რადგან ასეთ რისკიან საქონელს იაფად არავინ ყიდის და არც შემძენს არ ენაღვლებოდა სოლიდური თანხის გადახდა. უკრაინის ყოფილი გუბერნატურის გარდა, ბევრი უკრაინელია, რომელიც დიდი ალბათობით არავის დაანებებს ოდესის პორტს. ვიდრე სააკაშვილს ექნება ამ პროცესებზე წვდომა, სიმშვიდის მოლოდინი მას არ უნდა ჰქონდა. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ შეიძლება გაჟონოს მსგავსმა ინფორმაციამ, რის შესახებაც არასამთავრობო ელიტარული ნაწილისთვისაც ცნობილია და დაცულობა ამ ინფორმაციის არ არის გარანტირებული. სჯობს, გამავრცელებელთა ვინაობის დადგენა დავიწყოთ საქართველოდან, რადგან ზუგდიდის რაიონიდან პირდაპირ კრესჩატიკზე ფირი არ აღმოჩნდებოდა“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი for.geსთან საუბარში აცხადებს, რომ კადრების გავრცელებაში საგარეო პოლიტიკური ასპექტი საერთოდ არ არსებობს და ეს შიდა პოლიტიკური ტურბულენციის გამოხატულებაა.
„ეს არც უკრაინულ და არც რომელიმე ქვეყანას არ აწყობდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს არის შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. საიტი შეიძლება უკრაინულიც იყოს, ბრაზილიურიც და ვიეტნამურიც. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სამართლადმცავმა ორგანოებმა უნდა მიმართონ. ამასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის ქუჩაში საჯაროდ ჩვენებაც, არის წესრიგის პრობლემა და ყველა მსგავს გამოვლინებას სამართლადამცავმა სისტემამ უნდა მიხედოს“, - აღნიშნავს მენაღარიშვილი.