პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს, მთავრობა „გაზპრომთან“ მიმართებაში ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ქვეყანას გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროები უნდა ჰქონდეს, მათ შორის, რუსული გაზიც უნდა იყოს.
პოლიტიკურ პროცესებზე, for.ge თამაზ მეჭიაურს ესაუბრა:
საკონსტიტუციო სასამართლოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირება შეწყვეტილი აქვს. რას აპირებთ - სააგენტოს ხელმძღვანელობა არჩეული გყავთ, მათ კი, მუშაობის უფლება არ აქვთ?
- ამ საკითხზე ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების არც უფლება და არც სურვილი არ მაქვს. ალბათ, ამ საკითხის თაობაზე კონსულტაციები გაიმართება და გადაწყვეტილებას მივიღებთ, შემდგომი ნაბიჯი თუ რა იქნება. ჩვენი გეგმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იქნება, მაგრამ იმასაც განვიხილავთ, კანონმდებლობით მონიჭებული ბერკეტები როგორ გამოვიყენოთ. საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ასახავს. ფაქტიურად, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობასა და პარლამენტს უნდობლობა გამოუცხადა.
სასამართლომ ნდობა გიორგი ქადაგიძეს გამოუცხადა, რომელიც ზურაბ ადეიშვილთან პირდაპირ დაკავშირებულია. საკონსტიტუციო სასამართლოში ხმები გაიყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გადაწყვეტილება რეალობიდან მოწყვეტილია.
თქვენ ამბობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების შესაბამისად მოქმედებს?
- მგონი, პაპუაშვილს მნიშვნელოვნად ის ვალდებულებები უფრო მიაჩნია, რომელიც მას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე აქვს.
რა ვალდებულებებს გულისხმობთ?
- თავის დროზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი დანიშვნას. ასევე ბათუმში მისთვის გადაცემულ ძვირადღირებულ ბინას, რომელიც მას ფაქტობრივად, სააკაშვილმა აჩუქა. სხვა კიდევ რა ვალდებულებები არსებობს, არ ვიცი.
თქვენ მსგავსს ეჭვებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის მიმართაც გამოთქვამდით. თქვენ ფიქრობთ, რომ ქადაგიძე და პაპუაშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობენ?
- ეს პირები ერთი ჯაჭვის რგოლები არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად შეეცდება, რომ ქვეყანაში ფინანსური არასტაბილურობა გამოიწვიოს, უკმაყოფილო ჯგუფები გააქტიუროს და ქაოსი შექმნას. ნაციონალები განაწყენებული ძალების შეკრებას ჯერ კიდევ გაზაფხულზე ცდილობდნენ, შემდეგ ეს სექტემბერში დააპირეს. საუბარი მაქვს იმ ადამიანებზე, რომელთაც კრედიტები დოლარებში აიღეს და შემოსავალი ლარში აქვთ. ასევე უკმაყოფილებას იპოთეკით დაზარალებული პირებიც გამოთქვამენ, რომლებზეც ნაციონალები მუშაობენ. მოსახლეობა მათ ბრმად აღარ უჯერებს.
ამ ადამიანებმა კრედიტები რატომ აიღეს? - ქვეყანას 300 ათასი პრობაციონერი ჰყავდა. ვიღაცეები დააკავეს, მათთან საპროცესო შეთანხმებები გააფორმეს და ამ ადამიანებს კრედიტების აღება დასჭირდათ. ის ადამიანები ცდილობენ მოსახლეობის გამოყენებას, რომლებმაც ამ ხალხს პრობლემები შეუქმნეს.
თქვენ ნაციონალების პოლიტგეგმებზე აქცენტირებთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ იპოთეკით დაზარალებულ პირებს იაფ კრედიტებს, „უფასო ფულს“ და კიდევ ბევრ სხვა პრივილეგიას ჰპირდებოდა, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. ეს ადამიანები შეუსრულებელი დაპირებების გამო არ გიპირისპირდებიან?
- არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები გაგვინაწყენდნენ, რომლებიც იმედის თვალით გვიყურებდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი სამართლიანობის აღდგენაა, რომელიც იმ ტემპით არ წავიდა, როგორც მათ წარმოედგინათ. ამომრჩეველთა ნაწილი ფინანსურ პრობლემებზე იმდენად არ აქცენტირებს, როგორც სამართლიანობის აღდგენაზე. აქედან გამომდინარე, თუკი ვინმე ჩვენზე იმის გამო განაწყენდება, რომ ეს საკითხი არ გადავჭერით, ის იმასთან არ წავა, ვის გამოც პრობლემები შეიქმნა. ჩვენი ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ წავა და ისინი რადიკალებს დაუჭერენ მხარს.
თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენზე განაწყენებული ადამიანები რომელ პარტიას გამოუცხადებენ ნდობას?
- ალბათ, უფრო რადიკალურ ძალას. თუმცა, რადიკალური განცხადებები შეიძლება ბევრი გავაკეთო, მაგრამ საქმე ნაკლებად.
ისევ პაპუაშვილისა და ქადაგიძის თემას რომ დავუბრუნდეთ, თუკი თქვენ ამჩნევთ, რომ ეს ადამიანები ნაციონალებს ემსახურებიან, ხელისუფლება რეაგირებას რატომ არ ახდენს? წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადებები ინსინუაციებს ხომ არ ეფუძნება?
- ალბათ, ამ საკითხებზე ყველა სხვადასხვა სიმძიმით რეაგირებს. მე ასე მიმაჩნია, სხვებს - სხვაგვარად. ხშირად, მმართველ გუნდში ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ, ან პირიქით. ტრაგიკულს იმაში ვერ ვხედავ, რომ ჩემი ყველა მოსაზრება უმრავლესობამ არ გაითვალისწინოს. თუკი ვინმე შეეცდება, რომ დესტაბლიზაციის შექმნის მიზნით, მდგომარეობა გამოიყენოს, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დავაყენებ.
რა ტიპის გადაცდომებზე ფიქრობთ საგამოძიებო კომისიის შექმნას?
- ეს საკითხი დღის წესრიგში იმ შემთხვევაში დადგება, თუკი სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ქვეყანაში კატასტროფულ ვითარებას შექმნის. ამ თემას პარლამენტის შემადგენლობის მხარდაჭერა სჭირდება და კონსულტაციები მათთან უნდა გავიარო. თუკი დავინახავთ, რომ ვინმე სერიოზულ რყევებს იწვევს, ვიღაცეების მცდელობა რეაგირების გარეშე არ დარჩება.
რაც შეეხება „გაზპრომის“ გარშემო ატეხილ ხმაურს, რას აპირებს მთავრობა?
- ერთი პოლიტიკური ჯგუფის მცდელობაა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს, მთავრობა ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ახალი არაფერი ხდება. ქვეყანაში „გაზპრომი“ ჯერ კიდევ „მოქალაქეთა კავშირის“ დროს შემოვიდა, რომლის წევრები ნაციონალები იყვნენ. მთავრობა რა სახის ხელშეკრულებას აფორმებს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი იმისა, რომ ჩვენთვის შეიძლება გაზის ერთ-ერთი მომწოდებელი „გაზპრომი“ გახდეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ალტერნატიულია აზერბაიჯანი და მოლაპარაკებები ირანთან მიმდინარეობს. ნეტავ, კიდევ მეტი იყოს, რომ მოწოდების მეტი წყარო გვქონდეს, რათა რომელიმე ქვეყანამ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ეს ბერკეტები არ გამოიყენოს.
რუსეთმა საქართველოს 2006 წელს გაზი შეუწყვიტა და ის არასტაბილური ქვეყანაა. ოკუპანტის გაზი გჭირდებათ?
- მძიმე პირობებში სწორედ იმიტომ ჩავდექით, რომ მაშინ მხოლოდ რუსეთზე ვიყავით ჩამოკიდებულნი. თუკი რომელიმე ერთ ქვეყანაზე ვიქნებით ჩამოკიდებულნი, გამორიცხული არ არის, რომ იგივე ვითარებაში ავღმოჩნდეთ. აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა დღეს კი კარგი გვაქვს, მაგრამ თეორიულად, გარანტირებული უნდა ვიყოთ და ამა თუ იმ ქვეყანაში მოსული ხელისუფლების კეთილნებაზე დამოკიდებულნი არ უნდა ვიყოთ. ვინმემ თქვა, რომ რუსეთზე ჩამოკიდებული უნდა ვიყოთ?
ოპოზიცია ამბობს, რომ „გაზპრომში“ წილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს და მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებების დაწყების მიზეზიც სწორედ ეს არის...
- მივესალმებოდი, რომ მთლიანად „გაზპრომი“ ივანიშვილის იყოს. მაშინ, მასთან მივიდოდით და ვთხოვდით, რომ საქართველოსთვის გაზი ან უფრო იაფად მოეწოდებინა, ან საერთოდ უსასყიდლოდ. იმ ხალხის მიკვირს, რომლებიც დაძაბულობის შექმნას ცდილობენ. უკრაინა რუსეთთან საომარ ვითარებაშია, მაგრამ რუსულ გაზზე მთლიანად დამოკიდებულია. ჩვენი ჭკუის მსწავლებლები ჭკუას უკრაინას რატომ არ არიგებენ? ოდესაში, მიშა გაზს საიდან იღებს? მისი წარმომადგენლები ჭკუას ჩვენ რომ გვარიგებენ, მიშა დაარიგონ.
და ბოლოს. ვინაიდან, ხშირად, ხმაურიან განცხადებებს აკეთებთ, ამის გამო გუნდში პრობლემები არ გექმნებათ?
- განცხადებებს ხმაურის გამო არ ვაკეთებ. იმას ვამბობ, რაც სწორად მიმაჩნია. გუნდის აზრს ვითვალისწინებ და საჯაროდ ისეთი აზრი არ გამომითქვამს, რომელიც გუნდის შიგნით არ დამიფიქსირებია.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით მკვახე განცხადებებს რატომ აკეთებთ?
- განცხადებას უმადურობაზე ვაკეთებ და პრობლემა მის გვართან არ მაქვს.