ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს - კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 13% – ასეთია NDI–ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი, რომელიც ორგანიზაციამ საზოგადოებას წარუდგინა. კვლევა 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი გამოიკითხა.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 35%-მა არ იცის რომელ პარტიას მისცემდა ხმას, არც ერთ პარტიას მხარს არ უჭერს 14%, „თავისუფალი დემოკრატებს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ ხმას აძლევს 4%, „ლეიბორისტული პარტიას“ - 3%.
კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტიო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას გამოკითხულთა 49% მიიღებს, 51% კი არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, იმ რესპონდენტების 31%–მა, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, 15%-მა აღნიშნა, რომ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს, 14%–ის არჩევანი კოალიცია „ქართული ოცნება“ იქნებოდა, 11%–მა პასუხზე უარი განაცხადა. 10%-მა აირჩია კატეგორია – არც ერთი პარტია. 5–5% - „თავისუფალი დემოკრატები“ და „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტულ პარტია“ - 4%,ნინო ბურჯანაძე - 3%.
NDI–ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. „ქართული ოცნება“ - 14%, „ნაციონალური მოძრაობა“ -13%, „თავისუფალი დემოკრატები“ - 4%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%, „ლეიბორისტული პარტია - 3%, ნინო ბურჯანაძე - 3%, კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა 7%–მა.
NDI–ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი თანაბარია - 31–31%. ასევე, თანაბარი - 46–46%–ია იმ რესპონდენტთა რაოდენობაც, რომლებიც ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების მხარდამჭერი არაა. გამოკითხულთა მხოლოდ 2% არ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა NDI–ის სთავაზობს ერთობლივად ჩაატარონ სოციოლოგიური კვლევა ქვეყანში, რადგან, მისივე თქმით, მათ მიერ ჩატარებული კვლევა რადიკალურად განსხვავდება NDI-ის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგებისგან.
„ახლახან ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ერთ–ერთ რაიონში და სრულიად საპირისპირო შედეგია. გამორიცხულია, რომ ეს შედეგი რეალური იყოს. ამიტომ, მე ამ ხალხს ვთავაზობ, რომ ერთად შევიკრიბოთ და ერთად გავაკეთოთ კვლევა, რომ ბოლოს და ბოლოს, ეს ინსინუაციები დამთავრდეს. ვფიქრობ, რომ ამ კვლევას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ზურაბ ბიგვავა.
NDI–ის კვლევის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს. განათლების მინისტრისთვის რეიტინგები საინტერესოა, თუმცა მისი მომზადების პროცესი გაუგებარია.
„საინტერესო ტენდენცია აჩვენეს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მუშაობა იზომება უფრო შესრულებული სამუშაოებით და ხარისხით. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი რეიტინგებიც ნამდვილად საინტერესოა. როგორ გაზომეს ისიც არ ვიცი და როგორც ამბობენ, რომ გაიზარდა. რა კრიტერიუმით ზომავენ ამას ესეც გაუგებარია“, – აცხადებს თამარ სანიკიძე.
NDI–ის შედეგების სისწორეში დარწმუნებულია „ნაციონალური მოძრაობა“ და თვლიან, რომ ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების ნდობა და მანდატი არ აქვს, რაც კიდევ ერთხელ, ხაზგასმაა იმისა, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ლევან თარხნიშვილის თქმით კვლევებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გზავნილი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობაა“ ერთდაერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.
„კვლევები სრულად ასახავს იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ეს იმ შეცდომების შედეგია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ 3 წლის განმავლობაში დაუშვა. მთავარი გზავნილი, რომელიც ამ კვლევებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო არის ის, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ, წარმოვადგინოთ გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
ნაციონალებისგან განსხვავებით NDI–ის კვლევის შედეგების სისწორეს ეჭვის ქვეშ აყენებენ ექსპერტები.
რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მოდელირებული ქრონიკა, ახლა მოდელირებულმა სოციოლოგიამ ჩაანაცვლა.
„როდესაც ბოლო მონაცემები დაიდო, დაახლოებით 30–36% ჰქონდა ხელისუფლებას. ამ ხნის განმავლობაში არაფერი მომხდარა საიმისო, რომ ამხელა ვარდნა ჰქონოდა რეიტინგს. სააკაშვილმა ტერიტორიები რომ დაკარგა, მაშინ არ ჰქონია ამხელა ვარდნა მის რეიტინგს, ახლა რა მოხდა, ესაა გაუგებარი. ასე რომ, ჩემთვის აბსოლუტურად არარეალური მონაცემებია“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ნაციონალები ეცდებიან ამ მონაცემების მიხედვით არჩევნების შედეგები გააყალბობ.
„ადრეც ასე იყო, სოციოლოგიას ატარებდნენ ისე, როგორც თვითონ უნდოდათ და ამის მიხედვით დებდნენ არჩევნების შედგებს. ასეთი იყო გაყალბების სქემა, თუ ამ ხელწერას გავაგრძელებთ, ნაციონალები ეცდებიან, რომ „ოცნების“ ამომრჩეველთა ხმების დაკარგვაზე იმუშაონ, - რომ „ოცნებამ“ დასახელებულ პროცნტზე მეტი არ მიიღონ.
გაყალბების ინსტრუმენტი მათ ხელშია, იმიტომ, რომ „ოცნებამ“ საარჩევნო მექანიზმები თითქმის ვერაფრით ვერ შეცვალა, მაშინაც 2012 წელს ხალხის მობილიზაციამ გადაწყვიტა ყველაფერი, თორემ მექანიზმებმა მისცა ნაციონალებს ის 40 პროცენტი. ახლაც იგივე მექანიზმები გველოდება. მოსახლეობა უნდა მიხვდეს, რომ 2012 წელი დამთვრებული არ არის, ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 2012 წლის ამოცანების საბოლოოდ გადაწყვეტა“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
„NDI-ის ყველა უკანასკნელი წლების კვლევა ასოცირებულია თარხნიშვილთან და მის ოჯახთან, ამავე დროს NDI-ის მიერ დასმული ყველა კითხვა პირზე აკერია ნაცმოძრაობის ლიდერებს და თურმე ესეც შემთხვევითობაა“, – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, საინტერესოა, რატომ არავის ჰკითხა NDI-იმ - კმაყოფილია თუ არა საზოგადოება ჯანდაცვის მინისტრით?
„ეს არ აინტერესებთ. ვინ ადგენს ამ კითხვებს, ალბათ, ესეც ძნელი გამოსაცნობი არ არის, რადგან მოწმე ვართ, რომ ჩვენი სოციოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირი, პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი რამდენჯერმე მიმართავდა ჩაერთოთ ამ კვლევაში, როგორც თანამონაწილე, მაგრამ არც ერთხელ NDI-იმ არ მოისურვა მასთან საქმის დაჭერა, გარდა იმ სუბიექტებისა, რომლებიც იმდენად თავხედები იყვნენ, რომ 2012 წლის სექტემბერში აქვეყნებდნენ პოპულარობის რეიტინგს, სადაც ინგა გრიგოლია უსწრებდა ბიძინა ივანიშვილს. ამით ხომ ყველაფრი ნათქვამია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.