გამოცემა „New America“ აქვეყნებს ემილი ტამკინის სტატიას სახელწოდებით „კოლექტიური შერჩევითი მეხსიერება და დემოკრატიის წინაშე მდგარი საფრთხე“ , რომელშიც აღნიშნულია, რომ ოდესის ამჟამინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში განხორციელებული რეფორმებების მიუხედავად ქვეყანას ზიანი მიაყენა. „გვახსოვს, რომ მან განახორციელა პოლიციის რეფორმა, მაგრამ გვავიწყდება, რომ უგულებელყო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება“,- ნათქვამია სტატიაში. მასში ასევე საუბარია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არსებული კორუფციის, შერჩევითი სამართლისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გავრცელებულ ვიდეოკადრების შესახებ.
როცა საქმე ეხება ქვეყნებს, რომლებიც იღწვნიან დემოკრატიული განვითარებისთვის, ჩვენ შერჩევითი მეხსიერება გვახასიათებს. მათ უმრავლესობას, ვინც აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებს მიღმა ცხოვრობს, მაგრამ იცნობს ამ რეგიონს, ახსოვს, რომ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა გადააყენა მთავრობა და დაიკავა სავარაუდოდ კორუმპირებული და ცალსახად საბჭოთა ყაიდის პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ადგილი. ასევე გვახსოვს, რომ ქვეყნის რეფორმირება მან კორუფციის აღმოფხვრით დაიწყო. გვახსოვს, რომ მან მასობრივად დაითხოვა ძველი პოლიცია და შექმნა ახალი, რომელიც განათავსა შუშის შენობებში, რაც, მისი აზრით, განასახიარებდა ახალი მთავრობის გამჭვირვალობას. გვახსოვს და უნდა გვახსოვდეს კიდეც, რომ 2015 წელს საქართველო მართლაც ბევრად უფრო თავისუფალია კორუფციისგან, ვიდრე თუნდაც ათი წლის წინ.
დასავლეთში და ადგილობრივად ეს მოგონებები მოხვდა, ზოგადად, ძალიან პოზიტიურ მედიაგაშუქებაში, რომელიც ეხება სააკაშვილის მიერ წამოწყებულ რეფორმებს ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ, განსაკუთრებით კი ბოლო კვირებში. „ოდესა ლიდერობს უკრაინაში რეფორმებისთვის ბრძოლაში, - ვკითხულობთ BBC-ს ერთ-ერთ სათაურში. „ქართველი რეფორმატორი შეეჭიდა უკრაინის სახელმწიფოს ყველაზე საშიშ და რეალურ მტერს - კორუფციას“, - აცხადებს „ეკონომისტი“. „სააკაშვილი დებს პირობას, რომ დააპატიმრებს ყველა კორუმპირებულ ოფიციალურ პირს ოდესის რეგიონში, - განაცხადა გასულ კვირას უკრაინულმა გამოცემამ ZIK.
მაგრამ, თუ არ ჩავთლით ამ საგაზეთო სათაურებს, მეხსიერება აშკარად გვღალატობს.
გვახსოვს, რომ სააკაშვილმა დაითხოვა პოლიციის კადრები და მან და მისმა მთავრობამ ამოძირკვეს ორგანიზებული დანაშაული, ციხეში უკრეს თავი კანონიერ ქურდებს. გვახსოვს, მაიკლს ჩეჩირეს ელ-ფოსტის გზავნილის სიტყვებს თუ დავესესხებით, „რომ ამ ნაბიჯმა შედეგად მოიტანა კრიმინალური ელემენტების ხელის ერთი მოსმით განადგურება და, ამავე დროს, დაკნინებული ბიუჯეტისთვის აუცილებელი დიდი თანხების მოპოვება“. მეორე მხრივ, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ნილ მაკფარლენმა განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში, „მან არა იმდენად აღმოფხვრა კორუფცია, რამდენად განახორციელა მისი ნაციონალიზაცია, რასაც ადასტურებს, მაგალითად, კერძო აქტივების ჩამორთმევა და გადანაწილება-გასხვისება, ახლო წრეში სახელმწიფო ქონების გასხვისება და მხარდამჭერთათვის ბაზრის საკვანძო სექტორებში მსხვილი წილების მინიჭება“.
მაკფარლენის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ, საქართველოს გარეთ მყოფთ, გვავიწყდება, რომ სააკაშვილის რადიკალურ მოქმედებებს არანაკლებ მკვეთრი შედეგები მოჰყვა. ჩეჩირეს სიტყვებით, „უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და პოლიტიკური მოქმედება, რომელსაც სახელმწიფო იყენებდა ამ ხალხის წინააღმდეგ, იშვიათად თუ პასუხობდა კანონის უზენაესობის მოთხოვნებს“. ასევე გვავიწყდება ციხის თანამშრომელთა მიერ პატიმართა წამებისა და სექსუალური შეურაცხყოფის ამსახველი კადრები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც იქცა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის დამარცხების მიზეზად 2012 წლის არჩევნებში მაკფარლენის თანახმად, „ისინი, ვინც ამ გზით მოხვდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში, ამ სისტემაში მყოფ სხვა პირთა მსგავსად, გახდნენ სერიოზული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ამ ძალადობის ამსახველი კადრები გამოქვეყნდა სულ ცოტა ხნით ადრე არჩევნებამდე, რომლებშიც სააკაშვილის პარტია დამარცხდა“.
გვახსოვს, რომ მან განახორციელა პოლიციის რეფორმა, მაგრამ გვავიწყდება, რომ უგულებელყო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება.
მაკფარლენი აცხადებს, რომ „მთავრობა საკმაოდ დაუფარავად იყენებდა მართლმსაჯულების სისტემას (ბრალდების წაყენება და დაპატიმრება, რასაც მოჰყვებოდა საპროცესო შეთანხმება), რათა თავისი მიზნებისთვის გამოეძალა თანხები. ასეთი მოქმედება უფრო ძალაუფლების გადამეტებას მოგვაგონებს, ვიდრე კორუფციას, თუმცა ზღვარი ამ ორს შორის საკმაოდ ბუნდოვანია“.
კვირის დასაწყისში, როცა უკრაინელი პარლამენტარი სერგეი კივალოვი გაეთიშა ბრძოლას ოდესის მერის არჩევნებში, ხოლო სააკაშვილმა, როგორც გუბერნატორმა, განაცხადა, რომ ამის მიზეზი პარლამენტარის წინააღმდეგ წაყენებული კორუფციის ბრალდებებია, ჩვენ რატომღაც დაგვავიწყდა ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარება საქართველოში. ძალას, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება მივამსგავსოთ ოპოზიციას, ლიდერი არ ჰყავს - ის დაკავებულია უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლით.
კორუფციასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის დამყარება მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობითა და გაძლიერებით სულ სხვა რამ არის. ჩეჩირეს თანახმად, „მართალია, ნათელი იყო, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესანარჩუნებლად აუცილებელია სახელმწიფოს გაძლეიერება, მაგრამ ამას ხშირად მოჰყვებოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება ისე, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის სხვა გაცხადებულ მიზნებთან და, ამავე დროს, წყალს უსხამდა მთავრობასთან დაკავშირებულ ყოვლისმომცველ ელიტარულ კორუფციას“.
ჩვენ სამართლიანად გვახსოვს, რა გააკეთა სააკაშვილმა, მაგრამ უსამართლოდ ვიქცევით, როცა ვივიწყებთ მისი საქმიანობის ფართო სურათს.
„ეს კაცი, - აცხადებს მაკფარლენი, - ქადაგებს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. მეორე მხრივ, ის ყველაფერს გააკეთებს თავისი მიზნების მისაღწევად, მიუხედავად იმისა, დაარღვევს თუ არა ამ პროცესში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. მე ახლოს არ ვადევნებ თვალყურს მის საქმიანობას უკრაინაში, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ იქაც იმავეს აკეთებს“.
სააკაშვილმა და დანარჩენმა ქართველმა რეფორმატორებმა შეიძლება მართლაც დიდი სარგებელი მოუტანონ უკრაინას, იმ შემთვევაშიც კი, თუკი, ჩეჩირეს სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოსთან შედარებით სააკაშვილის მანდატი აქ უფრო სუსტია, ხოლო მისი მოწინააღმდეგე ოლიგარქების რიცხვი უფრო დიდია. სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ, რომ ზოგიერთ სფეროში მან ბევრი სიკეთე მოუტანა საქართველოს. მეორე მხრივ, მან, ნებით თუ უნებლიედ, დიდი ზიანი მიაყენა სამშობლოს, და თუ ეს დავიწყებას მიეცა, უკრაინაშიც იგივე შეიძლება მოხდეს.
მართალია, დასავლელ აუდიტორიას შეიძლება შერჩევითი მეხსიერება ჰქონდეს, მაგრამ საზოგადოებას, რომელიც იძენს დემოკრატიის და დემოკრატიული ჩართულობის რწმენას, ასე იოლად არ ავიწყდება.
https://www.newamerica.org/the-weekly-wonk/collective-selective-memory-and-the-risk-to-democracy/