ოპოზიციონერი დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის პროცესების გამოძიებას მნიშვნელოვან მოვლენებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდა, ადეკვატურად შეფასებული და ამ ომში რუსეთის პასუხისმგებლობა განსაზღვრული უნდა იყოს.
2008 წლის მოვლენებზე, for.ge ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:
ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას იწყებს. რა მოლოდინი გაქვთ?
- 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ, ჰააგის სასამართლოს საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჰააგის სასამართლოს ეთნიკურ წმენდაზე, რუსეთის თავდასხმასა და ომის დაწყების წინაპირობებზე ემსჯელა. ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდა, ადეკვატურად შეფასებული უნდა იყოს და ამ ომში რუსეთის პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს. ჰააგის სასამართლოში გამოძიების დაწყება მისასალმებელია და ყველა იმ ქმედებას უნდა დავუჭიროთ მხარი, რომელიც სასამართლოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის დასჭირდება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამბობს, რომ მსგავსი განწყობა მათაც აქვთ, რაც ძალიან კარგია. თუკი ისინი გულწრფელად ცდილობენ, რომ გამოძიებას ხელი შეუწყონ, ამას მხოლოდ მივესალმებით. თუკი „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ პოლიტიკურ კონიუქტურაზე ამაღლდეს და გამოძიებას მასალები მიაწოდოს, ეს მხოლოდ კარგია.
2012 წლის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდებოდა და ისინი ომის დაწყებაში საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ადანაშაულებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური შურისძიების სურვილი ჰქონდათ. ძალიან კარგია, რომ ჰააგის სასამართლო გამოძიებას იწყებს არა აგვისტოს ხუთი დღისას, არამედ ივნისიდან მოყოლებული პროცესების. საომარი მოქმედებები დაიწყო არა 7 აგვისტოს, არამედ გაცილებით უფრო ადრე, მაშინ როცა ქართულ სამშვიდობოებზე თავდასხმა მოხდა, ავნევსა და ნულში მსხვერპლი გვყავდა და ტერიტორიები იბობმებოდა.
ჰააგის ტრიბუნალისთვის მტკიცებულებების მოპოვება რამდენად იოლი იქნება? მხედველობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამომძიებლების შესვლა და მათ მიერ მტკიცებულებების მოპოვება მაქვს...
- საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მათ შესვლის და მტკიცებულებების მოპოვების პრობლემა არ ექნებათ. ხელისუფლება ისეთი უპასუხისმგებლო არ მგონია აღმოჩნდეს, რომ ჰააგის გამომძიებლებს რაიმე სახის პრობლემა შეუქმნას. რაც შეეხება რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, ამ შემთხვევაში, პროგნოზის გაკეთება რთული არ იქნება. რუსულ ტელეარხებზე სპეციალური ფილმი ვნახე, რომელი ჰააგის ტრიბუნას ეძღვნებოდა და სიუჟეტი უკიდურესი აგრესიით და ზიზღით გაჟღენთილი იყო. აქედან ჩანს, რომ რუსები ჰააგის ტრიბუნალის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფილმი შემთხვევით არ გასულა. ჰააგის ტრიბუნალის გააქტიურება იმის საფუძველი გახდა, რომ რუსებმა სასამართლოს იმიჯის შელახვა წინასწარ დაიწყეს, რადგან მოსკოვი გრძნობს, რომ ეთიკური წმენდა იმდენად ზედაპირზეა, რომ ამ ფაქტების დამალვა შეუძლებელია. საკუთარი სახლებიდან ათასობით ადამიანი გადაადგილებულია, მათი სახლები დამწვარია და მსხვერპლი არსებობს, რომლის ამსახველი მასალებიც მოიპოვება. რუსებმა ჰააგის დემონიზაცია უკვე დაიწყეს, რომელიც ამ ომის ბრალეულობას იკვლევს.
ვფიქრობ, ჰააგის პროკურორებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრობლემები ექნებათ. პარალელების გავლება ჰოლანდიურ თვითმფრინავთან დაკავშირებით შეიძლება. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ, რუსული მხარე მათ პრობლემებს უქმნიდა, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება არ დადგენილიყო. მსგავს სცენარს ველოდები. ალბათ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტკიცებულებები გამოკვლეული არ იქნება.
რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჰააგის პროკურორის ტენდენციური განცხადება სააკაშვილის რეჟიმისთვის ხელის დაფარებას ემსახურება...
- პროკურორის განცხადებაში შეფასება გაკეთებული არ იყო და ნათქვამი იყო, რომ სამხედრო დანაშაულების ნიშნები არსებობს და ეს თუ ვინ ჩაიდინა, შემდგომი კვლევა-ძიების საგანია. რუსებმა იციან, რომ მათ დანაშაული ჩადენილი აქვთ. ეს დანაშაული ჩადენილი ისე არ არის, რომლის გამოკვლევა ძნელია. ყველაფერი ზედაპირზეა. ის, რომ ხალხი საკუთარი სახლებიდან ნებით არ წამოსულა, არის ფაქტი, ისევე როგორც მომხდარია მკვლელობები.
თქვენ ფიქრობთ, რომ ჰააგის ტრიბუნალის მიერ ეთნიკური წმენდა აღიარებული იქნება? ანუ, ის მოხდება, რის თაობაზეც ქართული მხარე დიდი ხანია საუბრობს?
- ძალიან მაღალი ალბათობით იმ ფაქტის კონსტანტაცია მოხდება, რომ რეალურად, ტერიტორიებიდან ადამიანები ეთნიკური ნიშნით იქნენ გამოდევნილები.
მოსალოდნელია, რომ ჰააგის ტრიბუნალის წინაშე მიხეილ სააკაშვილიც წარსდგეს როგორც მაშინდელი მთავარსარდალი? კითხვები მის მიმართაც იქნება?
- ჰააგის ტრიბუნალს ბევრი შეკითხვა იმ ადამიანებთან ექნება, ვინც იმ პროცესებში მონაწილეობდა. ასეთი ასეულობით ადამიანია. შეკითხვები იარსებებს და ამ კითხვებისგან თავის არიდება, სიმართლისგან თავის არიდებას ნიშნავს. პრობლემა არ არის, რომ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი გაეცეს. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რომ სახელმწიფოს ჰააგის ტრიბუნალისთვის მიემართა. იმისასთვის, რომ საქართველოს სიმართლე გაირკვეს და ჩვენი ქვეყნის დაჩაგვრა დადგინდეს, ტრიბუნალთან ყველამ უნდა ითანამშრომლოს. ამ თვალსაზრისით პრობლემას ვერ ვხედავ, რომ კითხვებს იმ ადამიანებმაც უპასუხონ, რომლებიც მაშინ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
საერთაშორისო არენაზე არაერთი პოლიტიკური განცხადება მოგვისმენია და არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც საუბარი რუსეთის ქმედებებზე იყო, მაგრამ ქმედეთი შედეგი არ დამდგარა. საქართველოს სიმართლის კიდევ ერთხელ დადგენა ქვეყანას რას მისცემს?
- ერთია, პოლიტიკური შეფასებები და მეორეა, საერთაშორისოდ აღიარებული მოვლენები. იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო ბრალეულობას დაადგენს, სანქციებსაც დააწესებს. ეს სრულიად სხვა რანგის გამოძიებაა. ყველამ იცის, რომ საქართველო რუსეთს თავს არ დასხმია და ომი რუსეთში არ მიმდინარეობდა. სრულიად სხვა არის, როცა კონკრეტულ დანაშაულებზე საუბარი იქნება და აგრესორი ქვეყნის როლი გამოიკვეთება. ეს რუსეთს არა მხოლოდ პასუხისმგებლობას აკისრებს, არამედ შესაძლოა, საუბარი ფინანსურ სანქციებზეც იყოს. როცა ასეთი ვერდიქტია გამოტანილი, ეს საერთაშორისო განაჩენს ნიშნავს.
ჰააგაში პროცესების დაძვრას, რუსეთის აგრესია ხომ არ მოჰყვება, რადგან მოსკოვი საქართველოს წარმატების დროს, პროვოკაციებს ხშირად მიმართავს?
- რუსეთის აგრესია იმაზე არ არის დამოკიდებული, საქართველოში თუ როგორი ხელისუფლებაა. რუსეთის გეგმებში შედის, რომ თავისი პოლიტიკურ-სამხედრო გავლენა რაღაც ტერიტორიებზე განავრცოს. ამას რუსეთი არ მალავს და ევრაზიის კავშირის დოქტრინაც ამაზეა დაფუძნებული. ქართული მხარის პოზიცია როგორიც არ უნდა იყოს, რუსეთის პოზიციები არ შეიცვლება. ქვეყნისთვის ერთადერი გამოსავალია, რომ საქართველომ ინტერესები პრინციპულად დაიცვას და დემოკრატიული ინსტიტუტები განავითაროს. საქართველოში ამჟამად, მოვლენები საპირისპიროდ ხდება. პოლიტიკური დევნის პრობლემებზე ყურადღება ნატოს საპარლამენტო ანსამბლეამაც გაამახვილა, ასევე აქცენტი ევროსაბჭომ გააკეთა. ის, რომ რუსეთი რაღაცაზე განერვიულდება, ეს ბურჯანაძისა და ინაშვილის მოგონილი მითია. რუსეთი გაღიზიანებული მანამდე იქნება, სანამ საკუთარ მიზანს არ შეასრულებს, რომ საქართველო დაიქვემდებაროს და ქვეყანას საკუთარი პოლიტიკური ორიენტირები არ ჰქონდეს.
ივანიშვილის ხელისუფლების გზავნილი იყო, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაელაგებინა, რადგან „ცუდმა“ სააკაშვილმა გეგმები აურია, მაგრამ ამან რაიმეზე იმოქმედა? - საოკუპაციო ზოლი არ გადმოსწიეს? ადამიანებს არ იტაცებენ? გალში ქართული ენის აკრძალვა არ ხდება?
სააკაშვილის აგრესიულმა პოლიტიკამ რა შედეგი მოიტანა?
- სააკაშვილის აგრესიული პოლიტიკა რას ნიშნავს, არ ვიცი.
იმ პოლიტიკას, რასაც ატარებდით...
- ეს პოლიტიკა რუსეთისადმი კი არ იყო აგრესიული, არამედ ეს პოლიტიკა ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილი იყო. ხალხმა თქვა, რომ ისეთი სახელმწიფო სჭირდებოდათ, რომელიც მსოფლიო რუკაზე იქნებოდა და ნატოს წევრი გახდებოდა. ის პოლიტიკაც ამ განზრახვის გამოხატულება იყო. სხვა შემთხვევაში, რუსეთის მიმართ რა აგრესული ნაბიჯი უნდა გადაგვედგა? - იმას ვითხოვდით, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს როგორც სახელმწიფოს აღიარება მომხდარიყო. რუსეთი კი, საქართველოს როგორც თავისუფალ ქვეყანას საკუთარ საზღვრებში არ სცნობს. პატიოსანი ქართველი დილემის წინაშე დგას - აირჩიოს გზა, რომელიც მონობამდე მიიყვანს, თუ თავისუფალ ქვეყანაში იცხოვროს?
ჰააგის პროკურორმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ჩადენილი იქნა სამხედრო დანაშაული. რეალურად, კონფლიქტი არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის და არა ქართულ მხარესა და აფხაზებსა და ოსებს შორის. ამის გათვალისწინებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ჩვენი მოძმე ერი - ოსებიც დაზარალდნენ. ქვეყნის ტერიტორიებს ვიცავთ, მაგრამ რაღაც ტკივილი ალბათ, ოსებსაც მივაყენეთ. მათი მისამართით რა გზავნილი უნდა გაკეთდეს?
- სახელმწიფომ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ეროვნების ადამიანს უნდა შეხედოს, როგორც საქართველოს მოქალაქეს. ნებისმიერი სხვა ტიპის დაყოფა, სახელმწიფო სისტემის დასუსტებას ნიშნავს. საქართველოს მოქალაქეებს იდენტური უფლებები აქვთ განურჩევლად ეროვნებისა. თუკი ვინმეს მიმართ უფლებების დარღვევა მოხდა, საქართველო მზად უნდა იყოს, რომ დარღვევებს ადეკვატურად უპასუხოს. ჯერ კიდევ ძველ დროს, ანატოლ ფრანსი ამბობდა, რომ „ფრანგი არის ის, ვისთვისაც ძვირფასია საფრანგეთი და ფრანგული სახელმწიფოს იდეალები“. იგივეს გამეორება შეგვიძლია. ქართველი არის ის, ვისთვისაც ქართული სახელმწიფოს იდეალები აქვს. წულუკიანის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა დამანახა, რომ მათი თავდაპირველი პოზიციები შეცვლილია.