ბადაშვილი თუ შოთაძე - ქვეყნის მთავარ პროკურორს საპროკურორო საბჭო შეარჩევს

ბადაშვილი თუ შოთაძე - ქვეყნის მთავარ პროკურორს საპროკურორო საბჭო შეარჩევს

მთავარი პროკურატურა ახალი მთავარი პროკურორის შერჩევისთვის საჭირო პროცედურებს იწყებს. შერჩევის წინა ეტაპზე - 19 და 20 ოქტომბერს პროკურორთა კონფერენცია გაიმართება, სადაც საპროკურორო საბჭოს 8 წევრი აირჩევა. სწორედ საპორკურორო საბჭო შეარჩევს ქვეყნის მთავარ პროკურორს. ამ დრომდე სახელდება მხოლოდ ერთი კანდიდატი - მთავარი პროკურორის მოადგილე, ირაკლი შოთაძე.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვისაც წარადგენს საპროკურორო საბჭო, ის კანდიდატურა იქნება მთავარი პროკურორი. მისივე განცხადებით, ეს შეიძლება იყოს მოქმედი მთავარი პროკურორი და შეიძება სულ სხვა კანდიდატურაც დასახელდეს.

„კანონით განსაზღვრულია ძირითადი საკითხები მთავარი პრკურორის არჩევისა. ის პროცედურები, რომელიც პარლამენტმა უნდა გამართოს, მას შემდეგ, რაც პარლამენტს წარედგინება მთავარი პროკურორის კანდიდატურა, უნდა განისაზღვროს პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, ახლა რეგლამენტში შეგვაქვს დამატება, რადგან აქამდე მთავარ პროკურორთან შეხება არ ჰქონია პარლამენტს. რეგლამენტში ასევე შედის დამატება, რომლითაც განისაზღვრება როგორი წესით ირჩევს პარლამენტი საპროკურორო საბჭოს ოთხ წევრს“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

კერძოდ, ოთხი წევრიდან 2 უნდა აირჩიოს პარლამენტმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენით, რომლებიც სასამართლოში ახორციელებენ წარმომადგენლობას. ამ ორ წევრს პარლამენტი ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. გარდა ამისა, პარლამენტში კიდევ ორი წევრი უნდა აირჩეს ერთს აირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, მეორეს ის წევრები აირჩევენ, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან.

მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორის კანდიდატურა შეირჩევა პარლამენტს გარეთ, პროცედურები ასეთია - ერთთვიანი კონსულტაციების საფუძველზე იუსტიციის მინისტრმა სულ ცოტა, სამი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს და თანაც, ამ სამიდან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ანუ, ერთი კაცი უნდა იყოს და ორი ქალი, ან პირიქით.

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით 2/3-ის უმრავლესობით, ანუ ხმით უნდა დაამტკიცოს ერთი კანდიდატურა, რომელიც წარედგინება მთავრობას და თუკი მთავრობამ თანხმობა განაცხადა, ეს კანდიდატურა წარედგინება პარლამენტს, რომელმაც ჯერ ეს კანდიდატურა უნდა განიხილოს კომიტეტებში, შემდეგ გავა პლენარულ სხდომაზე და პალრმანეტი მას ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კონსულტაციების ფარგლებში მზად არის ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოსაზრება მოისმინოს.

„მინდა, მივმართო აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ პირს და ვუთხრა, რომ „პროკურატურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრი იწყებს კონსულტაციებს მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევად.

იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის მინისტრის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს ამ თემაზე მოსაზრება. ერთადერთი მოთხოვნა იქნებოდა ის, რომ წარმოდგენილი კანდიდატი აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კონსულტაციები გახსნილია, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა მოსაზრებებისთვის“, - აცხადებს თეა წულუკიანი. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ამ კვირაში, დაჩქარებული წესით რეგლამენტში მიიღება ცვლილებები, თუ რა წესით უნდა მოხდეს საპროკურორო საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული წევრების დამტკიცება.

„ეს პროცედურა ამ თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს და საპროკურორო საბჭო ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა ჩამოყალიბდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა დაიწყება საპროკურორო საბჭოს მიერ და პარლამენტს წარედგინება იგი იმ პროცედურით, რაც მივიღეთ. ვვარაუდობთ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის შესაძელებელი იქნება პარლამენტმა ახალი პროკურორის კანდიდატურაზე იმსჯელოს. ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინ იქნება კანდიდატები. ამიტომ, ვნახოთ, საპრკურორო საბჭო ვის შეარჩევს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ეკა ბესელიამ.

ჯერჯერობით უცობია როგორც საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა, ასევე თუ ვინ გახდება ქვეყნის პირველი პროკურორი.

იურისტების შეფასებით არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პირველი პროკურორის თანამდებობაზე შეირჩეს ისეთი კადრი, რომელსაც ამ დრომდე შეხება არ ჰქონია ამ უწყებასთან, რადგან, მათივე შეფასებით, საზოგადოება უკმაყოფილოა ხელისუფლების მიმართ გამოწვეულია პროკურატურის ამ შემადგენლობის არაეფექტური მუშაობით.

იურისტი ლია მუხაშვრია აცხადებს, რომ ცვლილებები კანონში და პროკურატურის სისტემის რეფორმა აუცილებელია, თუმცა მთავარია, რამდენად აქვს ხელისუფლებას ნება იმისა, რომ გაატაროს რეფორმა და მართლაც რადიკალური ნაბიჯები გადადგას. მისივე თქმით, როგორ მოხდება ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი და საზოგადოება რამდენად აქტიურად მიიღებს მასში მინაწილეობას, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაარწმუნებს საზოგადოებას ხელისუფლება, რომ მართლა აქვს მოტივი და სურვილი შეცვალოს პროკურატურა.

„კანონპროექტის შემუშავების ეტაპზე არასამთავრობოთა გარკვეული რეკომენდაციები არ იქნა გაზიარებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბოლომდე ხელისუფლება არ ცდილობს, რომ ეს პროცესი, ანუ პროკურატურის რეფორმა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოების ჩართულობა მასში იყოს ძალიან მაღალი. რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატს, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პირი არ იყოს პროკურატურის დღევანდელი მაღალჩინოსანი,

იმიტომ, რომ პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილება საკმაოდ ცნობილია, ამას მეტად აღარ სჭირდება დამატებითი განმარტება. ამიტომ, საზოგადოებისთვის მით უფრო არ იქნება სასურველი, რომ ახალი მთავარი პროკურორი გახდეს დღევანდელი მთავარი პროკურორი, ან მისი რომელიმე მოადგილე.

ვისურვებდი, რომ ჩატარდებს ისეთი რეფორმები, საქართველოს ბოლოს და ბოლოს ეღირსოს ღირსეული მთავარი პროკურორი, რომელიც ნამდვილად შეცვლის პროკურატურას და გვექნება პროკურატურაც, გამოძიებაც და კითხვები აღარ იქნება ამ უწყების საქმიანობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალედ წარიმართოს მთავარი პროკურორის არჩევა, რადგან ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც შეიძლება დაისვას, იყოს მინიმალური ან გაცემული იქნას დამაჯერებელი პასუხები.

„პასუხები - არა რიტორიკის დონეზე, არამედ გამოხატული კონკრეტულ ქმედებებით და გადაწყვეტილებებით. გამოწვევა ძალიან დიდია იმ მძიმე მემკვიდრეობის ფონზე რომელიც აქვს პროკურატურას, თუნდაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით. ასე რომ, მნიშვნელოვანია ვინ და რა წესით არჩეული პირი უხელმძღვანელებს პროკურატურას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.