ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნება განზრახული არ აქვს, თუკი ქვეყანაში რაიმე საგანგებო ვითარება არ შეიქმნა. დეპუტატის მოსაზრებით, დღეს, პოლიტიკაში ივანიშვილის მეორედ მოსვლის არც გეგმა და არც საჭიროება არ არსებობს. კანონმდებელის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ივანიშვილი საკუთარი რესურსიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, მთავარ საფრთხედ არის მიჩნეული.
პოლიტიკურ ფლანგზე მიმდინარე პროცესების შეფასების მიზნით, for.ge გია ვოლსკის ესაუბრა:
საკონსტიტუციო სასამართლომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა შეაჩერა. როგორ აფასებთ, მათ გადაწყვეტილებას?
- სამოტივაციო ნაწილის შინაარსი ძალიან მაინტერესებს. იურისტი არ ვარ და შეიძლება რაღაც მეშლება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთებას საგანგებო მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან, სამართლებრივ ნაწილში რაიმე მოსაზრება არც კონსტიტუციონალისტებს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ გამოუთქვამთ. „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის თაობაზე შენიშვნები სავალუტო ფონდს ჰქონდა, რომელთა ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია. შეიძლება ძალიან ხმამაღალ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებულია პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ. კერძოდ, იმ გუნდის წევრისა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ქვეყანას მართავდა. საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე მაქვს და ეს პირველი შემთხვევა არ არის.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკან გიორგი პაპუაშვილის პოლიტინტერესებს ხედავთ, ლარის კურსის გაუფასურების შემთხვევაში კი, თქვენი გუნდი თითს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისკენ იშვერდა. თუკი ეს ადამიანები სახელმწიფოს და კონსტიტუციის ნაცვლად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებიან, ხელისუფლება რეაგიარებას რატომ არ ახდენს?
- მათ ქმედებებში კონსტიტუციის დარღვევა არ იკითხება. ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა არაკონსტიტუციური არ არის. საფინანსო ბაზარი მხოლოდ ეროვნული ბანკის ფორმატში ჩაკეტილ ფუნქციებს არ მოიცავს და გადაწყდა, რომ ფინანსური ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთპიროვნული მმართველობიდან გამოვიდეს. ეს დემოკრატიული ინსტიტუტი უნდა იყოს, რომლის დაკომპლექტებაშიც მონაწილეობას პარლამენტი მიიღებს. ამ კანონის გარშემო ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო ნამდვილად არ იყო. აქედან გამომდინარე, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს პოლიტიკურ სპეკულაციებთან არის დაკავშირებული.
არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აღშფოთებული გამოსვლები და არც საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები არ არის იმ მოღვაწეთა შეფასებები, რომლებიც ზრუნავენ სტაბილურობაზე და მსოფლიოში მესიჯის გაგზავნაზე, რომ საქართველოში ინვესტიციები ჩაიდოს. ეროვნულმა ბანკმა და ზოგიერთმა ექსპერტმა ხელი აჟიოტაჟს შეუწყვეს, რაც გავლენას ლარის კურსზე ახდენს, მათ შორის იყო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილიც. ხელისუფალნი პოლიტიკურად ანგაჟირებულნი არ უნდა იყვნენ, როცა საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება.
თქვენ საუბრობთ, რომ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოტანა პრობლემებს არ წარმოშობს, საწინააღმდეგოს კი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ამტკიცებენ. ხელისუფლება ხომ არ ცდება?
- პრობლემებს იმ შემთხვევაში წარმოშობს, თუკი საუბარია ეროვნული ბანკის ინტერესებზე. კოჰაბიტაციასაც გვკარნახობდნენ, რადგან დაპირისპირება პრობლემა იყო. სხვა გზა არ იყო, კოჰაბიტაცია ცუდი არ იყო, უბრალოდ, ამ ყველაფერმა მახინჯი ფორმა მიიღო. ამ კანონის თაობაზე ორგანზიაციების წარმომადგენლები მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დასხდნენ და ის ნორმები დახვეწეს, რომელიც საბოლოოდ პარლამენტმა მიიღო. პრეზიდენტმა პარლამენტს კოსმეტიკური ცვლილებები შესთავაზა, სადაც რაიმე მნიშვნელოვანი არ იყო. სინამდვილეს არ შეესაბამება მოსაზრება, რომ კანონის თაობაზე სავალუტო ფონდს კატეგორიული წინააღმდეგობა ჰქონდა. პირიქით, ინტენსტიური მუშაობა მიმდინარეობდა და ისეთი დოკუმენტი ჩამოყალიბდა, რომელიც იმ შენიშვნებს პასუხობს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ. აჟიოტაჟი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მასში მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და პრეზიდენტ მარგველაშვილმა მიიღეს.
რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს - ირაკლი ალასანიამ დაიმუქრა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ვიქტორ დოლიძესთან ერთად ხელისუფლებას „დაამხობენ“. თქვენთვის ეს განცხადება რა გზავნილი იყო?
- ალასანიას დიდი ხანია ვიცნობ და თანამშრომლობის პროცესიდან ოპონირების რეჟიმში გადასვლის შემდეგ, მას მსგავსი ტონი ახასიათებს. მსგავსი ტონი ვიქტორ დოლიძეს არ ახასიათებდა. აქ საუბარი მის სტრატეგიულ გეგმაზე არ არის. დამხობა უხეში სიტყვაა და სხვა პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მისი განცხადება პასუხია მედიაში გავრცელებულ მოარულ ხმაზე, რომ ვიქტორ დოლიძე აპირებს „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვოს. ალასანიამ ამ ინფორმაციაზე ემოციური შეფასება გააკეთა და იმაზე არ იფიქრა, დამხობა რა არის და განცხადებით დოლიძეს რა სამსახური გაუწია, რომელიც ევრონესტის დელეგაციის ხელმძღვანელია. ამ სტატუსიდან გამომდინარე, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, დოლიძეს მოეთხოვება პოლიტიკურად ნეიტრალური იყოს და საქართველოს პარლამენტში არსებული დაპირისპირებები დააბალანსოს. დოლიძის ადვოკატი არ ვარ, მაგრამ განცხადება, რომ ხელისუფლების დამხობაში დოლიძე მონაწილეობას მიიღებს, თავად დოლიძის მიმართ არის არაკორექტული. მკვახე განცხადებები არა მხოლოდ ირაკლისგან, არამედ მისი თანაგუნდელებისგანაც საკმაოდ ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი.
„თავისუფალ დემოკრატებს“ ამბიცია აქვთ, რომ 2016 წელს, ხელისუფლებას დაამარცხებენ. მათ ხელისუფლების ალტერნატივად განიხილავთ?
- ყველა პოლიტიკურ პარტიას რაღაც ამბიცია აქვს და ყველა ხმალს იქნევს, მაგრამ ზოგს ეს ხმალი საერთოდ არ გააჩნია, ზოგს ხელში პატარა ჯაყვა უჭირავს. ქვეყანაში ერთკაციანი პოლიტიკური პარტიებიც არის, რომლებიც პოლიტიკურ ველზე არსებობენ და ისინი პოლიტიკური აქტივობის შენარჩუნებას ცდილობენ. „თავისუფალი დემოკრტები“ ორგანიზებული პარტიაა, მაგრამ ეს გუნდი იმ წიაღში შეიქმნა, რომელსაც ერთად ვაშენებდით.
ოპოზიციის ლიდერად ირაკლი ალასანიას გამორიცხავთ?
- ძალიან უცნაური ოპოზიცია გამოვა, რადგან არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სატელიტი პარტიები. ოპოზიციის მხრიდან შუალედური არჩევნებისთვის გამოცხადებული ბოიკოტი ბევრ კითხვას აჩენს. ამ პროცესში ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები გაკეთდა და წყლიან ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის მცდელობა იყო. საერთაშორისო კუთხით ხმამაღალი განცხადება გაკეთდა, რომ მიღწეულია საერთო, ეროვნული კონსესუსი საარჩევნო თემაზე და ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. უცხო ყურისთვის ეს განცხადება ხმამაღლა ჟღერს. ქვეყნისთვის დამაზიანებელი კონგლომერატი უკვე არსებობს.
თქვენ ოპოზიციის ერთ ნაწილს აკრიტიკებთ, მაგრამ ე.წ. რუსული ფრთის გააქტიურება და მათი საქმიანობა ქვეყნისთვის რამდენად საშიშია?
- ამ ბოიკოტის დროს ბურჯანაძე იმ ჯგუფში გაერთიანდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმძღვანელობს და მისთვის პიროვნულად უცხო არც სააკაშვილი არ არის. პოლიტიკაში ადამიანი ეჭვიანი უნდა იყო, მაგრამ ნაციონალების მისამართით ბურჯანაძის ყოველი კრიტიკა დაახლოებით ასეთი შინაარსისაა - „ქართული ოცნება“ არის ცუდი, ვინაიდან, „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერობის საშუალება მისცა. თითქოსდა, ბურჯანაძე ნაციონალებს აკრიტიკებს, მაგრამ ამავე დროს, ხაზს იმას უსვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერი პოლიტიკური ძალაა. ასეთი დამოკიდებულება არ მესმის, ისევე როგორც ნაციონალების ასეთი მხარდაჭერა. ისიც მახსოვს, ნაციონალებს ოპოზიციის გაქრობა როგორ აწყობდათ და ამას ლამის მიაღწიეს კიდეც. 26 მაისის თემა რომ გავიხსენოთ, უამრავი ადამიანი რეჟიმის წინააღმდეგ დადგა, რეალურად, შედეგი რაც მივიღეთ ის იყო, რომ ნაციონალებმა ოპოზიციური ფრთა საერთოდ გააქრეს.
რაც შეეხება რუსულ ფრთას, თუკი მათ პოზიციები გაიძლიერეს, ეს მათი პრორუსულობიდან გამომდინარე არ არის, ეს ის პარტიებია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ზიზღის ტალღაზე აღზევდნენ. განცხადებები, რომელიც ბურჯანაძეს ახასიათებს, თითქოსდა, ნაციონალების მიმართ დაპირისპირებას გამოხატავს, მაგრამ რეალურად, მის განცხადებაში ნაციონალების დასახელება ხდება როგორც ლიდერი ძალის. პოლიტიკური პარტიების თვითგადარჩენის გეგმებში პრორუსულობა და პროდასავლურობა იმდენად აითქვიფა, რომ ხშირად, საზოგადოებას დასკვნის გამოტანა უჭირს.
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, ისინი ამა თუ იმ განცხადებაზე ძალიან მოძველებულ ლოზუნგებს აჟღერებენ, რომ ეს პარტია არის არა პრორუსული, არამედ პროქართული. ისინი ამის დასტურად დასავლეთში გამართულ შეხვედრებს ასახელებენ და ამ ნიშიდან თავის გამოყვანას ცდილობენ. ეს ნიშა ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ დაიკავა, რადგან საზოგადოებაში რუსული პოლიტიკა არცთუ ისე პოპულარულია.
რადგან რუსეთს შევეხეთ, გკითხავთ. ხელისუფლება რას აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით?
- დეტალები არ ვიცი და მთავრობისგან ინფორმაციის მოსმენა საინტერესო იქნება. ვიცი, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკება მილსადენის უსაფრთხოების თემაზე მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის და სომხეთს გაზით ამარაგებს, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ერთი მხრივ, საქართველო ეკონომიკური კუთხით, სერიოზულ დივიდენს ღებულობს და მეორე მხრივ, რუსეთისგან შესაძლო, პოტენციური საფრთხის თავიდან არიდების სტრატეგია ეკონომიკურ საკითხებზე საუბარში გამოიხატება - საუბრობენ ტრანზიტზე, ღვინის შეტანაზე და ვინც ამას ვაშლის და კიტრის გაყიდვის მნიშვნელობად აფასებს, ძალიან ცდება. რუსეთზე ყველა სტრატეგიული ობიექტი გაყიდულია და თუკი საქართველო რუსეთს სატრანზიტო გადაზიდვასა და უსაფრთხოებაზე დაელაპარაკება, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.
რუსეთი სტაბილური ქვეყანა არ არის, ის ოკუპანტია და ის აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. შესაბამისად, მასთან მოლაპარაკებას რა აზრი აქვს?
- ამ შეფასებებში რეალობას ჩამოვრჩით. რუსეთი არათუ არასტაბილურია, არამედ საშიშია. შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გააჩნია, დასავლეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერაა, მაგრამ ჩვენი სახით, არც ერთ პარტნიორს არ უნდა ისეთი მეგობარი ჰყავდეს, რომელსაც საკუთარი თავის დაცვის საშუალება არ აქვს. თავდაცვაში ეკონომიკური ნაწილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები რომ გამოეცხადებინა, ამას კახეთის რეგიონისთვის რა შედეგი ექნებოდა? - ნაციონალების ამოცანა იყო, რომ კახეთში ვითარება დაძაბულიყო.
2016 წლის არჩევნებისთვის მზადებას როდის იწყებთ? სიებზე მუშაობა დაწყებულია?
- პირველ რიგში, ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციები უნდა გაკეთდეს, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობს და დაიშალა, რადგან ზოგი აღმასრულებელ ორგანოში გადავიდა, ზოგი თვითმართველობებში. ბრძოლაში ჩართული ბირთვი, რომელიც არსებობდა, აღარ არის. წინასაარჩევნო ხასიათის პოლიტიკური პარტიები არსებობენ და ახლა მუდმივი მუშაობაა საჭირო როგორც პარტიული რიგების გასაფართოვებლად, ასევე ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად. უახლოეს მომავალში, აღმასრულებელი მდივნები დასახელდებიან, რომლებიც ლიდერებთან ერთად შავი სამუშაოს შესრულებას დაიწყებენ. პარტიული რიგების გაფართოებაც ასე ადვილი არ არის. პარტიაში ისეთი ადამიანები უნდა მოიზიდონ, რომელთაც გარკვეული რესურსი გააჩნიათ და არა ისეთები, რომელთაც პარტიაში გაწევრიანება სურთ.
ამ მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს მომავალ საარჩევნო სიაში ვიხილავთ?
ჩვენს რიგებში ისეთი ადამიანები არ არსებობენ, რომელთაც საკუთარ ზურგზე ის დაძაბულობა არ გადაიტანეს, რაც 2011 წლიდან მოგვყვება. ქვეყნის მიმართ ყველას საკუთარი დამსახურება აქვს. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, ასეთი გამოცდილი ადამიანები დაკარგო. არც ერთი ადამიანის რესურსის დაკარგვა არ შეიძლება.
გამორიცხავთ, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნდეს?
- ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში უამრავი პროექტი განხორციელდა და კიდევ ბევრი დაგეგმილია. არ შეიძლება, რომ ამ მასშტაბურ პროექტებში ჩართული ადამიანი, პოლიტიკაშიც ჩართული იყოს. „ნაციონალური მოძრაობის“ შეტევის ობიექტი ივანიშვილია.
ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანა ერთი ადამიანის მიერ - ივანიშვილის სასახლიდან იმართება....
- საქმის კურსში არ არიან, გუნდში რა ურთიერთობებია. ივანიშვილი ჩვენი გუნდის ლიდერი იყო და მას უზარმაზარი გამოცდილება აქვს. თუ პრემიერ-მინისტრს მასთან საუბარი აქვს, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, აბა, საუბარი სააკაშვილთან ხომ არ ექნება?
თუმცა, ოპოზიცია პრემიერსა და ივანიშვილს შორის ასეთ საუბრებს არაფორმალურ მმართველობად მიიჩნევს...
- რაღაც საკითხებთან მიმართებაში, პრემიერს ივანიშვილთან საუბარი რომ აქვს, ეს გასაკვირი არავისთვის არ არის - არც ამერიკელებისთვის და არც ევროპელებისთვის. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ივანიშვილი, საკუთარი რესურსიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, მთავარ საფრთხედ არის მიჩნეული.
ნაციონალებისთვის ივანიშვილი საფრთხის შემცველი რატომ არის?
- საზოგადოებაში ივანიშვილს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს და მას შეუძლია ძალიან ბევრი პროექტი გააკეთოს. ნაციონალები მმართველი გუნდის შიგნით არსებული ურთიერთობების თაობაზე საქმის კურსში არ არიან. მათი ამოცანაა, ივანიშვილს დაარტყან. მათი სურვილია, პარტნიორებს განცდა გაუჩინონ, რომ ვოლსკისთან, უსუფაშვილთან, ღარიბაშვილთან საუბარს აზრი არ აქვს. ე.ი. პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენ არ ვარსებობთ და ისინი არიან მხოლოდ. ივანიშვილმა საკუთარი საქმიანობა წარმატებით განვლო და მის ანგარიშზეა რეფორმები.
ანუ, პოლიტიკაში მის დაბრუნებას არ ელოდებით?
- ვფიქრობ, რომ მას პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნება განზრახული არ აქვს, თუკი რაიმე საგანგებო ვითარება არ შეიქმნა. დღეს ამის არც გეგმა და არც საჭიროება არ არსებობს.