„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ დღის წესრიგში ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიების საკითხს სვამს და ირწმუნება, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პარტიული ტელევიზია არ არის. მმართველი გუნდი ყოფილ სახელისუფლებო პარტიას 2007 წელს, ტელეკომანია „იმედში“ განვითარებულ მოვლენებს ახსენებს და ინტერესდება, უმცირესობა ყოფილ პროკურორ ნიკა გვარამიას რატომ ლობირებს.
პარლამენტში „რუსთავი 2“ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიტიკური დებატები რამდენიმე საათის განმავლობაში ცხარე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა, ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე კი, დეპუტატები ნაციონალების მიერ მომზადებულ განცხადების პროექტზე იმსჯელებენ, რომელსაც უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს და დოკუმენტი სავარაუდოდ, კენჭისყრაზე ჩავარდება.
დღევანდელი პოლიტიკური დებატები ნაციონალმა გოკა გაბაშვილმა გახსნა, რომელმაც „რუსთავი 2“-ის თაობაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები მიმოიხილა და მმართველი ძალა ტელევიზიის დახურვის მცდელობაში დაადანაშაულა.
როგორც ყოფილ ჟურნალისტს - გაბაშვილს კითხვებით ასევე ყოფილმა ჟურნალისტმა, ელისო ჩაფიძემ მიმართა, რომელიც დაინტერესდა, ოპოზიციონერი დეპუტატის მეხსიერება 2003 წლის შემდეგ, რა პროცესებს მოიცავდა.
ჩაფიძის შეფასებით, ნაციონალების აზრით, თურმე, ადამიანს უფლება არ აქვს, რომ სასამართლოში სარჩელი წარადგინოს.
„ჟურნალისტიკა აქტივისტების საქმიანობა არ არის და არც ერთმა ჟურნალისტმა საკუთარ თავს არ უნდა აკადროს, რომ პოლიტიკაში წავიდეს და შემდეგ უკან დაბრუნდეს. გვარამია თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლო არ არის, ის პროკურორი გვარამიაა, რომელიც საკმაოდ სერიოზული განცხადებებით გამოირჩეოდა და ტელეკომპანია „იმედზე“ ფილმებს იღებდა, სადაც თქვენს ხელისუფლებას იარაღის მუქარის ქვეშ ჟურნალისტები ჰყავდა დაფენილი. მათ შორის, ფეხმძიმე ადამიანი იატაკზე დააგდეთ“, - მიმართა გაბაშვილს ჩაფიძემ.
კანონმდებელმა გაბაშვილს ასევე პასუხი მოსთხოვა იმაზეც, სიღნაღში, მისი ცემის ფაქტზე რეაგირება რატომ არ მოახდინა.
„თქვენ მაშინ აღშფოთებული რატომ არ იყავით და ვინმეს რეზოლუციის მიღება რატომ არ სთხოვეთ? - სიღნაღის რაიონში, ნაციონალების აქტივისტებმა მცემეს და შეკითხვა გაგიჩნდათ, რომ ჩემი ფაქტი გამოძიებულიყო? 2011 წელს, ფოტორეპორტიორები რომ დააკავეს, თქვენ კითხვები რატომ არ გაგიჩნდათ? თუკი მაშინ კითხვები არ გქონდათ, ახლა პროკურორ გვარამიას დაცვის სურვილი რატომ გიჩნდებათ? – „რუსთავი 2“ პარტიული დიქტატის ქვეშ არის მოქცეული და ნაციონალები ცდილობთ, რომ ის ზეგავლენის ქვეშ მოაქციოთ“, - მიმართა გაბაშვილს ჩაფიძემ, რომლის მსგავსად, ოპოზიციონერი დეპუტატი გია გაჩეჩილაძე დაინტერესდა, „რუსთავი 2“ არის თუ არა დამოუკიდებელი ტელევიზია და ის რამდენად თავისუფალია ნაციონალების გავლენისგან.
უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, ნაციონალების კითხვების შინაარსი „რუსთავი 2“-ის დაცვაზე იყო გათვლილი. როცა ეკა ხერხეულიძემ ქიბარ ხალვაშის და, დეპუტატი ფატი ხალვაში „ივანიშვილის ჯოკრად“ მიიჩნია, დავით დარჩიაშვილი წარსულის გახსენებით განაწყენდა და ხელისუფლებას მოუწოდა, „რუსთავი 2“-ზე ემსჯელა და არა იმაზე, 2007 წელს რა მოხდა.
„შეიძლება, 2007 წელს, მეტეორი ჩამოვარდა და ამაზე მზად ვართ, ვისაუბროთ?“, - მიმართა უმრავლესობას დარჩიაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების დეტალებით დაინტერესდა და განაცხადა, რომ ერთი წელია მას შემდეგ გასული, რაც კიწმარიშვილი მოკლული იპოვეს, გამოძიებას კი, პასუხი არ აქვს, ეს ადამიანი რა გარემოებაში მოკვდა და მკვლელობის ავტორი ან შემკვეთი ვინ იყო.
კითხვების დასმის შემდეგ, ნაციონალებისა და უმრავლესობის წევრების კითხვებს გოკა გაბაშვილმა უპასუხა.
გაბაშვილი ირწმუნება, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზია არ არის.
„ის ჩვენი ტელევიზია არ არის, მაგრამ პარტიული ტელევიზია, გაზეთი ან რადიო რომც იყოს, იმის განადგურების უფლებაც არ გაქვთ. „რუსთავი 2“ ბევრად უფრო მეტ ადამიანს უყვარს, ვიდრე ერთად აღებული „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. 2003 წელიც კარგად მახოვს, როცა გედი ფოფხაძე ბორჯომის გამგებელი იყო და მას ხელკეტებით დახვდნენ, ეს მოვლენები რომელმა ტელევზიიამ გააშუქა. ჩვენი შეცდომებიც ძალიან კარგად მახსოვს. თუკი მედიაზე ვლაპარაკობთ, მაშინ საუბარი მის წარსულზე, აწმყოსა და მომავლზეც გვაქვს. თავის მოტყუებას არ ვაპირებ, რომ კონცენტრაცია მხოლოდ აწმყოზე გავაკეთო. თქვენ გგონიათ, რომ „რუსთავი 2“-ის პრობლემა დაიმალება, მაგრამ ძალიან ცდებით. „ევროპის სახალხო“ პარტიაზე ხშირად საუბრობთ და თქვენ გგონიათ, ის ჩვენი ჯიბის პარტიაა? - ისინი 19 ქვეყნის მთავრობაში არიან. ნუ გგონიათ, რომ ვინმე თვალებს დაიბრმავებს, რადგან მთავარი ტელევიზიის დახურვა წითელი ხაზია“, - მიმართა უმრავლესობას გაბაშვილმა.
გაბაშვილი ქიბარ ხალვაშის გააქტიურებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხვდება.
„თქვენ გგონიათ, რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ კამპანიას ხალვაშის სამართლიანობის აღდგენად გაყიდით? ხალხი სულელია? მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ხალხი ისე ფიქრობს, როგორც 20/30? ფიქრობთ, რომ მეზობელი მეზობელს არ ელაპარაკება? ჩემგან რის თქმას ელით, 2007 წელი მომეწონა-თქო? „იმედში“ შესვლისთვის პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ და მეორედ ეს შეცდომა არ გავიმეორეთ, როცა ხელისუფლებისთვის ბრძოლა ისევ ოლიგარქმა დაიწყო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გვარამია იმის გამო არ დაიჭირეთ, რომ მას ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვსო?! - იმ კაცმა სასამართლო მოიგო, რადგან საქმე შეთითხნილი იყო. შურისძიება რითი არ უნდა დაამთავროთ? ამ შურისძიების სურვილით კი არ გაიმარჯვებთ, დამარცხდებით. დემოკრატიის ტესტია, რომ ნერვებმა გაგიძლოთ და მოსამართლეებს წინასწარი განაჩენები არ მისცეთ. არ მიხარია ის, რაც მას შემდეგ განვითარდება, თუკი მოინდომებთ, რომ საინფორმაციო სივრცეები დაახშოთ. ხომ იცით, ოპოზიცია როგორ მოქმედებს?“, - მიმართა მმართველ გუნდს გაბაშვილმა. უმრავლესობის წევრებმა კი, მას გივი თარგამაძის განცხადება - „სულს ამოგხდით, ნაძირლებო“ შეახსენეს.
გაბაშვილმა განმარტა, რომ ეს განცხადება რუსეთს ეკუთვნოდა. ამ რეპლიკის შემდეგ, გაბაშვილმა ყურადღება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მიზეზებზე გაამახვილა.
„ეროსიმ პრესკონფერენცია ჩაატარა და თქვა, რომ „რუსთავის 2“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ზედმეტი რგოლი ვარო, სიტუაციას ჩემთან ვერ ალაგებენო და ამიტომ მომიშორებენო. ის მოწილეებს დაფაზე წერდა და იმას ამბობდა, ვისთან რა შეთანხმება იყო. ეს ირიბი ვარაუდი იქნებოდა, რომ არ მოეკლათ. არ ვიცით, ის ვინ მოკლა და ეს გენერალურ პროკურორს ჰკითხეთ, ბადაშვილს. იმედია, მაგ დროს, ფარცხალაძე არ იყო. საინტერესოა, იარაღზე დნმ ვისია - ეს გაიკითხეთ და დააზუსტეთ. თქვენი დამოკიდებულება, რომ ეროსი ჩვენი მოწინააღმდეგე იყო, რას ცვლის? - რადგან ჩემი მოწინააღმდეგე იყო, სარდაფში უნდა მოკლან? შურისძიების და ანგარიშსწორებიდან რატომ ვერ გამოდიხართ?“, - მიმართა გაბაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზეც გაგრძელდება.