საქართველოს მთავრობის ორგანიზებით და პრემიერის პატრონაჟით, დღეს თბილისში მასშტაბური საერთაშორისო ღონიძიება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნა. თანაორგანიზატორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა.
ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, რომელმაც აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობასა და ამ პროცესში საქართველოს აქტიურ როლზე ისაუბრა. ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმოკლესი გზა საქართველოზე გადის და ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფნის განახლებით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგმება, საქართველო კი კვლავ შეასრულებს იმ მისიას, რაც ათასწლეულების განმავლობაში აკისრია - ის არის კარიბჭე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ.
„როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ ბუნებრივ მარშრუტს. საქართველოს აქვს მტკიცე კავშირები ევროკავშირთან, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ჩათვლით, რეგიონში ისტორიულად ჩამოყალიბებული აქტიური ურთიერთობები და მზარდი თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასა და შუა აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ქვეყნებთან, რის გამოც ჩვენი ქვეყანა იდეალური პლატფორმაა დღევანდელი დისკუსიისთვის“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.
ფორუმის მონაწილეები ისაუბრებენ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც იქნება აბრეშუმის გზის აღორძინება, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარება აბრეშუმის გზის ფარგლებში, ტურიზმის, სასტუმროების მშენებლობის განვითარების შესახებ, მონაწილე ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების, მათ შორის ელეტროენერგიის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების გზები და აგრეთვე, მთლიანად რეგიონის აყვავებასა და შემდგომ ეკონომიკურ წარმატებაზე.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ ბრიუს ენდრიუსმა აღნიშნა, ამერიკული კომპანიებისთვის საქართველო საინტერესო იქნება კიდევ იმ მიზეზით, რომ საქართველო სულ უფრო მეტად წარმოაჩენს თავის თავს, როგორც რეგიონული ლოჯისტიკური ცენტრი.
„აქ უამრავი ეკონომიკური შესაძლებლობაა, რომლის გამოყენება შესაძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის გზით ლოგისტიკური ჰაბის ჩამოსაყალიბებლად აქ, საქართველოში და რეალურად შესაძლებელია მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ჩვენ ვხედავთ ბრწყინვალე შესაძლებლობებს. რეგიონის ყველა ქვეყანას ერთობლივად ეძლევათ შესაძლებლობა, ააშენონ ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს“, - განაცხადა ბრიუს ენდრიუსმა, რომელიც ამერიკის ელჩ იან კელისთან ერთად იღებს მონაწილეობას ფორუმში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფორუმში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღანელებმა ძალიან საინტერესო გზავნილები გააჟღერეს, რათა მოხდეს კორიდორში არსებულ ქვეყნებს შორი არსებული ურთიერთობების გაღრმავება
„ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია აბრეშუმის გზას, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში, დეკლარაცია, რომელიც იქნება მიღებული აღნიშნულ ფორუმზე, ყველა ის სამთავრობო თუ კერძო სექტორის შეხვედრები, რომელიც განხორციელდება ფორუმის ფარგლებში, იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდაზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოი 15-16 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას იღებენ 21 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია, მათ შორის ავღანეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, აშშ-ს, არაბთა გაერთიანებული საემიროების, საფრანგეთის და ა.შ 1000-ზე მეტი წარმომადგენელი. ღონისძიებაში ასევე მიიღებენ მონაწილებას ცნობილი ეკონომისტები და ჟურნალისტები.