„სულ ჩუმად იყვნენ, საქართველო არც ახსენონ, ოღონდ MAP-ი მოგვცენ ვარშავაში, ყოველგვარი ხმაურის გარეშე“

„სულ ჩუმად იყვნენ, საქართველო არც ახსენონ, ოღონდ MAP-ი მოგვცენ ვარშავაში, ყოველგვარი ხმაურის გარეშე“

ვარშავის სამიტისთვის მზადება საქართველოსთვის სულ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. ცოტა ხნის წინ  ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა - ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთი დღესაც არღვევს საქართველოს საზღვრებს.

„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ ვისწრაფვით ამ ურთიერთობის გაღრმავებისკენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს შანსები შესაძლოა გაიზარდოს, ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

სოსო ცინცაძე: ასეთი განცხადებები სხვა დროსაც გაუკეთებიათ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ემსახურება იმას, რომ მომავალ წელს ვარშავის სამიტისთვის ვერაფერს მივიღებთ - ასეთი განცხადებები იმისთვის კეთდება, გული რომ არ გაგვიტყდეს.

რუსებმა კი ყურადღებაც არ მიაქციეს ამ განცხადებას. იმასაც არ გამოვრიცხავ, რუსეთის ელჩმა ბრიუსელში, წინასწარ იცოდა, რომ სტოლტენბერგი ასეთ განცხადებას გააკეთებდა და ამიტომ არ მოახდინა არანაირი რეაგირება. უკვე შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი თავმოყვარე ქვეყნის დიპლომატიისათვის.

შეინახონ ეს განცხადებები, არ გვინდა, სულ ჩუმად იყვნენ, საქართველო არც ახსენონ, ოღონდ MAP-ი მოგვცენ ვარშავაში ყოველგვარი ხმაურის გარეშე.

არის თავდაცვის სამინისტრო, მთავრობა, რომლებმაც მერე თავი უნდა იმართლონ ხალხის წინაშე - იტყვიან, როგორ არ გვაქვს მხარდაჭერა, ამხელა კაცმა ნახეთ, როგორი განცხადება გააკეთაო.

ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს, ყოველდღიურად ხდება საზღვრის გადმოწევა, ადამიანების გატაცება, ამაზე რეაგირება არ არის საჭირო?

- არანაირი რეაგირება არ მოხდება, რადგან ამ თემაზე არასოდეს არ გაუკეთებია დასავლეთს განცხადებები, ან თუ გაუკეთებია - ცალყბად. არაღიარების პოლიტიკა კი ყველასთვის ერთია,- კვიპროსს არავინ აღიარებს აგერ, უკვე, საუკუნეა და ეს ცვლის რამეს?!

ამ ლოგიკით, გამოდის, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საბოლოოდ დავკარგეთ?

- პოლიტკორექტულობის და დემაგოგიის მსხვერპლად ქცევის შიშით ამას ხმამაღლა არავინ არასოდეს იტყვის. მაგრამ დღეს ეს ტერიტორიები დაკარგული გვაქვს და რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო და უფრო ვცილდებით აფხაზებსა და ოსებს. მოდის ახალი თაობა, რომელსაც უკვე აღარ ახსოვს, რომ საქართველო და აფხაზეთი ოდესმე ერთი სახელმწიფო იყო. ქართული ენის, ისე როგორც ოსურისა და აფხაზური ენის მცოდნენი სულ უფრო ცოტანი რჩებიან. რუსული ენა წალეკავს ცოტა ხანში აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც. ძმობით დაბრუნება კარგად ჟღერს და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც სიამოვნებით ისმენენ ამას, რომ აგვისტოს ომის მსგავსად ახალი თავსატეხი არ გაუჩნდეთ.

იყო მოსაზრება, რომ თუ რუსეთთან გვექნებოდა თანმიმდევრული პოლიტიკა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შანსი იზრდებოდა. ეს იდეაც მცდარი იყო?

- გააჩნია დაბრუნებაში რა იგულისხმება, იმისი დაბრუნება, რაც 1990-იან წლებამდე იყო, უკვე შეუძლებელია, თუმცა არსებობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის 10-11 სცენარი - საერთაშორისო სამართალი მდიდარია ასეთი მაგალითებით და შეიძლებოდა რომელიმეს მოძებნა, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი დიპლომატია მეტ მოქნილობას და ინტელექტუალურ პოტენციალს გამოავლენდა.

გადახედეთ, რა ელჩები გვყავს, ისინი რისი დამბრუნებლები არიან? ერთადერთი, ნორმალური ელჩი გვყავს გერმანიაში. საფრანგეთის ელჩი დაარწმუნებს საფრანგეთის მთავრობას რომ MAP -ის მონიჭებაში მხარი დაგვიჭირონ?

თუ ძლიერი დიპლომატია გვეყოლება შესაძლებელია დასავლეთის ისეთი მხარდაჭერის მოპოვება, რომ მან ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე?

- ზეწოლით რუსეთი არაფერს გააკეთებს. დასავლეთის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად არის გამიზნული. რუსეთთან მუშაობაა საჭირო, მაგრამ ისევე, როგორც გასული საუკუნის 70-იანი წლებში გერმანიის კანცლერი დადგა არჩევანის წინაშე, ნატოში გაწევრიანება თუ ტერიტორიული მთლიანობა, ასეთი ალტერნატივის წინაშე შეიძლება, ჩვენც დავდგეთ. მაშინ, თითქმის, მთელი ნახევარი საუკუნით გადაიდო გერმანიის გაერთიანება.

თუმცა გერმანია მაინც გაერთიანდა...

- იქ გერმანელები ცხოვრობდნენ, ნუ დავივიწყებთ, რომ აფხაზები და ოსები ქართველები არ არიან. ძმები კი ვართ, მაგრამ მაინც სხვა და სხვები, გერმანელები ერთ ენაზე მაინც ლაპარაკობდნენ.

აფხაზები ისედაც არ ლაპარაკობდნენ ქართულ ენაზე...

- ესმოდათ მაინც, თუმცა, პრინციპულად არ ლაპარაკობდნენ. ახლა რომ მოინდომონ, ვერც ალაპარაკდებიან. სახელმწიფო პოლიტიკის ბრალია, ოსებს და აფხაზებს რას ვერჩით, ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს ვერ ვასწავლეთ ქართული. ჩვენი პოლიტიკაა არასწორი. საშინელი ნეპოტიზმია ჩვენს სახელმწიფოში გამეფებული და ამიტომაც ფიქრობენ, რომ ქართული ენის შესწავლით მათი შანსები არ გაიზრდება.

ანუ, ჯერ დემოკრატიულობის პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი და მერე სხვა დანარჩენი?

- რა თქმა უნდა. ნეპოტიზმი ხშირად, კორუფციაზე საშიშია. აღმოსავლურ ქვეყნებნში ის გაცილებით ძნელად აღმოსაფხვრელია ვიდრე კორუფცია - ვერ აიძულებ ვერც ერთ ქართველს რომ თავისი ნათესავი დატოვოს უმუშევარი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს აქვს ინტერესი, აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინოს, ითქვა, რომ ამ თემაზე აფხაზი მკვლევარები მიმდინარე წლის აგვისტოში, აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზეც საუბრობდნენ. როგორ ფიქრობთ, ურთიერთობის გაღრმავების ასეთი სცენარი რეალურია?

- აფხაზეთის დღევანდელი კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეს არ აქვს უფლება, მით უმეტეს მას, ვინც იქ არ ცხოვრობს, შეიძინოს ქონება აფხაზეთში. რუსებსაც კი საკმაოდ უხალისოდ აძლევს ამ უფლებას აფხაზური ბიუროკრატია. ამიტომ, ვფიქრობ, ეს სცენარი გამორიცხულია.

ომის დროს რუსეთში გაქცეული ქართველები, რუსეთის მოქალაქეები რომ არიან, ისინიც კი ვერ ყიდულობენ ვერაფერს, რადგან ჯერ კიდევ აფხაზეთის წინა პრეზიდენტის დროს იქნა მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც, ეთნიკურ ქართველებს, თუნდაც რუსეთის მოქალაქეებს, საკუთარ ქონებასაც კი აღარ უბრუნებენ.

ქართულ დიასპორაზეა საუბარი, როგორც ითქვა, რაკი რუსეთს არ აქვს სურვილი, ახალი ტერიტორიები აითვისოს და აფხაზეთში უძრავი ქონება შეისყიდოს, ასეთი მოთხოვნილება აქვს მილიონ-ნახევრიან ქართულ დიასპორას, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ფონდი და გამოაცხადა, რომ მზადაა, ამ ფონდში მილიარდი დოლარი შეიტანოს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის მიზნით...

- გალში ცხოვრობენ ქართველები და ვიცით რა დღეშიც არიან. აფხაზები არ მისცემენ ამის საშუალებას. ვფიქრობ, მსგავსი იდეები მხოლოდ ილუზია და კეთილი სურვილებია.