„მიხარია, რომ NDI-ის კვლევებით, თბილისში ნომერ პირველ პრობლემად გარემოს დაბინძურება დასახელდა“

„მიხარია, რომ NDI-ის კვლევებით, თბილისში ნომერ პირველ პრობლემად გარემოს დაბინძურება დასახელდა“

მმართველი გუნდი ტრადიციისამებრ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას არ ენდობა და ორგანიზაციას წარსულს ახსენებს, ოპოზიცია კი, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესებაზე აპელირებს და კვლევის შედეგებს ლოგიკურად აფასებს.

NDI-მ სოციალურ საკითხებსა და თვითმმართველობების საქმიანობის თაობაზე კვლევის შედეგები უკვე გაასაჯაროვა. ოპოზიცია კვლევის შედეგების პათოსს იზიარებს და თვითმმართველობებში არსებულ პრობლემებზე აქცენტირებს. უმრავლესობას კი ის ახარებს, რომ დედაქალაქში მთავარ პრობლემად გარემოს დაცვა დასახელდა.

კვლევის შედეგებს ენდობა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს, რაც ქართული სახელმწიფოსთვის გადაუდებელი ამოცანაა.

დეპუტატის თქმით, ქვეყნის მართვა დეცენტრელაზიის გარეშე შეუძლებელია, კოალიციას სიები კი, სუს-ს მიერ დაიწერა და სიაში ადამიანები მორჩილებისა და მონობის ნიშნით შეიყვანეს.

„ისეთი ადგილობრივი თვითმმართველობები მივიღეთ, რომელიც ხელისუფლების ნების დამყოლები არიან, ისინი მითითებებს ზემოდან ელოდებიან და საკუთარი არაფერი გააჩნიათ. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ თვითმმართველობები მოსახლეობას მოწყდა. ყოველდღიურად ბევრ ადამიანებს ვხევდები და მათ ადგილობრივი ხელისუფლება არ მოსწონთ“, - განაცხადა დუმბაძემ.

კანონმდებელი ამბობს, რომ ქვეყანა ერთი ცენტრი - ერთი კაბინეტის მიერ იმართება, რაც სახელმწიფოს არ წაადგება.

„დაინტერესებული არ ვარ, რომ ხელისუფლება წარუმატებელი იყოს, მაგრამ კვლევის შედეგები რეალობას ასახავს“, - დასძენს დუმბაძე, რომლის მსგავსად, კვლევას ნდობას უცხადებს ნაციონალი გიგი წერეთელი.

როგორც for.ge-ს წერეთელმა განუცხადა, კვლევის ეს შედეგები მოსალოდნელი იყო. დეპუტატის შეფასებით, ასეთი მონაცემების დროს, პარტიებმა ტენდენციები უნდა გაარკვიონ და შემდეგ უნდა იმოქმედონ.

„ხელისუფლება ამისთვის რას გააკეთებს არ ვიცი, რადგან ბევრი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა დაგვიანებულია. ადამიანების ცხოვრება გაუარესდა და ეს რეალობაა. მოსახლეობას დასაქმების პერსპექტივა არ აქვს და ადგილობრივი ხელისუფლება ხალხთან არ მუშაობს. ამომრჩევლის დიდი ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას არ იცნობს. ისინი ძირითადად ოპოზიციას ებრძვიან და მათი მთავარი ამოცანაა, რომ ხელისუფლება ნაციონალებისგან გაწმინდონ. ხალხის პრობლემები არავის ახსოვს, რაც კვლევის შედეგებით დადასტურდა. სამწუხაროდ, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარებაა. არადა, მეოთხე წელი წარმატებული უნდა ყოფილიყო“, - აცხადებს წერეთელი.

ოპოზიციისგან განსხვავებით, კვლევის შედეგებს არ ენდობა უმრავლესობა. for.ge-სთან საუბარში ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ მას გულწრფელად უხარია, რომ თბილისში ნომერ პირველ პრობლემად გარემოს დაბინძურება დასახელდა. მისი თქმით, პრობლემად - გზები, ლიფტი და წყალი არ დასახელდა, რაც სასიხარულოა.

„მოქალაქეების გემოვნება გაიზარდა, როცა ყურადღება გარემოს დაცვაზე გაამახვილეს. ეს ირიბად იმაზე მიანიშნებს, რომ შეიძლება, ნარმანიას სხვა ციფრები უჭერდეს მხარს, მაგრამ როცა გაზი, გზა, სახურავი მეორე-მეხუთე პრობლემაა, ე.ი მერი მუშაობს. რაც შეეხება „პანორამა თბილისს“, ამ პროექტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ნაკლებად ინფორმირებულობის ბრალია. ამას ნეგატიურ კონტექსტში ის ტელევიზიები აშუქებენ, რომლებიც ხელისუფლების და ივანიშვილის მიმართ სიმპატიით არ გამოირჩევიან. როცა „პანორამა თბილისი“ აშენდება, კვლევა ჩავატაროთ და ნახავთ, რამდენს მოეწონება“, - აღნიშნავს ძიძიგური, რომლის მსგავსად, დარგობროვი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ტყემალაძეს უკვირს, მოსახლეობა თვითმმართველობების მუშაობით უკმაყოფილო რატომ არის.

for.ge-სთან საუბარში ტყემალაძე აცხადებს, რომ კვლევის შედეგებით ბევრი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, გაუარესებაზე კი, არავინ არაფერს ამბობს.

დეპუტატი ირწმუნება, რომ ის კვლევის შედეგებს არ გაცნობია, მაგრამ უკვირს, საზოგადოება გიორგი ალიბეგაშვილს რატომ არ იცნობს.

„ის პროფესორია და მას სამეცნიერო სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან, ის საკმაოდ აქტიური პიროვნებაა, თავისი საქმიანობი ხშირად ჩანს. ამ კვლევების შედეგების არ მჯერა, რადგან კვლევის შედეგები ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, კვლევის მეთოდზე“, - დასძინა ტყემალაძემ, რომლისგან განსხვავებით, მერიისა და საკრებულოს მუშაობისგან მეტს ელოდება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე.

როგორც for.ge-ს კვაჭანტირაძემ განუცხადა, ის ამ ორგანიზაციის კვლევებს ყოველთვის კრიტიკულად უყურებს.

დეპუტატის თქმით, ის ორგანიზაციის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი არც ახლა არის, მაგრამ პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით დაფიქსირებული განწყობა ძალიან ახარებს.

„თქვენი მაისური უფრო მომწონს, ვიდრე NDI-ს კვლევის შედეგები მაინტერესებს. კარგია, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეას საზოგადოებრივი განწყობა გარანტირებული ექნება“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კანონმდებელის განცხადებით, ის ქალაქის თვითმმართველობებთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობას ნაწილობრივ უერთდება.

„უფრო მეტს ველოდებოდი როგორც თბილისის საკრებულოს მუშაობისგან, ასევე მერიისგან. მეტს ველოდი, მაგრამ მერიასთან ურთიერთობაში საკუთარი თავი გამოვცადე და დადებითი ტენდენციები არსებობს. მერია მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული გახდა და ეს მე და ჩემმა სამეზობლომ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, როდესაც პრობლემური საკითხი მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდა. ძალიან ბევრი სამუშაოა და მერიას მეტი მობილიზება სჭირდება. ქალაქის იერ-სახეს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36% თბილისის მერის, დავით ნარმანიას საქმიანობას ცუდად აფასებს, კარგად - 12%, საშუალოდ - 44%, ცუდად კი - 36%. ამასთანავე, კვლევის თანახმად, ყველაზე კარგი რეიტინგი აქვს ახალციხის მერს გიორგი კოპაძეს, რომლის საქმიანობას 29% კარგად აფასებს, საშუალოდ 53%. თელავის მერის საქმიანობას კარგად გამოკითხულთა 25% აფასებს; ოზურგეთის მერი - 21%; მცხეთის მერი - 21%; ქუთაისის მერი - 18%; ზუგდიდის მერი - 18%; ბათუმის მერი გიორგი - 15% . გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები მის ქალაქში/სოფელში გაუმჯობესდა, 47% ამბობს, რომ იგივე დარჩა, ხოლო 43% თვლის, რომ გაუარესდა.

ამას გარდა, გამოკითხულთა 44% კმაყოფილია პოლიციით, ხოლო 30% არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო, უკმაყოფილოა 6%, 19% კითხვაზე პასუხი არ აქვს. სასწრაფო დახმარების მუშაობიათ კმაყოფილია 66%; იუსტიციის სახლები - 56%; რაიონის გამგეობა -19%; სასოფლო-სამეურნეო ცენტრები 15%. გამოკითხულთა 38% ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხი არის გზები; 32%-ისთვის წყალმომარაგება; 23% გაზმომარაგება; 20% გარემოს დაბინძურება; 15% კანალიზაცია; 14% ნაგვის შეგროვება; 14% სუფთა ქუჩები; 14% პარკები და გამწვანება; 12% საგზაო მოძრაობა; საზოგადოებრივი ტრანსპორტი 9%, სკოლების კეთილმოწყობა 5%; ელექტროენერგიის მომარაგება 4%; ხოლო 3% თვლის, რომ ნიშვნელოვანია საბავშვო ბაღში არსებული პირობების გაუმჯობესება.