ალასანია ხელისუფლებას ტრანზიციისთვის ამზადებს

ალასანია ხელისუფლებას ტრანზიციისთვის ამზადებს

[როზი ჯღამაია]
„საქართველო უნდა მომზადდეს მშვიდობიანი, დემოკარტიული პოლიტიკური ტრანზიციისთვის, რისი მთავარი საფუძველიც უნდა გახდეს პოლიტიკური ძალებისთვის სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება და მოქალაქეებისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემა“, – ეს გადაწყვეტილება შეერთეული შტატების ადმინისტაციამ საქართველოში 30 მაისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიიღო და „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დროს ხმამაღლა დააფიქსირა.

როგორ აპირებს შეერებული შტატების ადმინისტრაცია საქართველოს დახმარებას, რა გზავნილები გაკეთდა საქართველოსთვის ობამა–მედვედევის შეხვედრისას, როგორ აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დასავლეთში და ვინ დაეხმარება ირაკლი ალასანიას პარტიული სტრუქტურის მშენებლობაში? პრესა.გე–ს ამ და სხვა კითხვებს ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებული შტატებიდნ პასუხობს.

ლევან გაჩეჩილაძემ თქვენი ამერიკული ვოიაჟი ხელისუფლებასთან სიახლოვით ახსნა და კიდევ ერთხელ, “სისტემის ნაწილი” გიწოდათ. აქვს თუ არა გაჩეჩილაძის ამ განცხადებას საფუძველი და ვისი ინიცატივით და დახმარებით დაიგეგმა თეთრ სახლში თქვენი შეხვედრები?
– ამ შეხვედრებს ჩვენმა პარტიამ გაუკეთა ორგანიზება. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში ნაცნობობის ფართო წრე გვაყვს და არავის დახმარება არ გვჭირდება შეხვედრების დაგეგმვაში. ასე რომ, ჩვენს შეხვედრებს თვითონ ვგეგმავთ და არავის აქვს საფუძველი, რომ მსგავსი განცხადებები გააკეთოს.

თქვენი ვიზიტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა თუ მედვედევი–ობამას შეხვედრის მიმართ გქონდათ განსაკუთრებული ინტერესი?
– საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, როგორც ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების შესახებ, ასევე – რა კონტექსტში მიმდინარეობდა საქართველოზე საუბარი. თუმცა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, როგორ განვითარდება საქართველო–ამერიკის ურთიერობები ამ არჩევნების შემდეგ.

ჩემთვის მართლაც სიახლე და მნიშვნელოვანი იყო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო სისტემის თვისობრივი ცვლილებისთვის საქართველოს ძალიან დიდი ფინანსური დახმარება გაეწევა, რათა მომავალ არჩევნებს ქვეყანა და პოლიტიკური ძალები გუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში შევხვდეთ. ეს არის ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ მიიღო ამ არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ. უახლოეს პერიოდში კი ცნობილი გახდება, რა ოდენობის იქნება ეს თანხა. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქალბატონი კლინტონის თბილისში ვიზიტის ერთ–ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იქნება, გარდა უსაფრთხოების იმ საკითხებისა, რაც ამ ორ ქვეყანას საერთო აქვს.

აგვისტოს ომის შემდეგ, იმ 4 მილიარდი დოლარიდან, რომელიც დონორებმა საქართველოს გამოუყვეს, ცნობილი იყო, რომ ეს ბოლო ტრანში იქნებოდა და იგი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების და მედიის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. ამ თანხის მიზნობრიობა შეიცვალა?
– თანხა, მედიისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვისაც, რა თქმა უნდა, დაიხარჯება, მაგრამ – კონცეტრირებულად, თანხა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე წავა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ არჩევნებზე დაკვირვების შედეგად იქნა მიღებული და, რაც მთავარია, იქნება ძალიან მკაცრი კონტროლი, როგორ იხარჯება ეს თანხა.

ანუ, ამერიკის ადმინისტრაციაში სრული სურათი აქვთ 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით?
– საკმაოდ ობიექტური სურათი ჰქონდათ, თუმცა, ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა იყო, ბევრად უფრო შემევსო დეტალებით და კონკრეტიკით, როგორ ჩატარდა ეს არჩევნები, რას დავარქვით ჩვენ საზოგადოებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი (კერძოდ, რომ ქუჩის პოლარიზაციიდან პროცესები პოლიტიკურ პროცესში გადავიტანეთ არჩევნების გზით), მაგრამ ასევე ვთქვით, რომ პოლიტიკურ ძალებში თანხმობა არის იმაშიც, რომ ეს არჩევნები ძალიან შორს დგას დემოკრატიული პროცესებისგან. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო სისტემაში არსებული ფუნდამენტალურ პრობლემებზე, რომლითაც წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდება (ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ძალოვანი სტრუქტურების არჩევნების პროცესში ჩართვა) და ეს ყველაფერი არის გამოსასწორებელი ამერიკის ადმინსტრაციის ამ დახმარებით.

„საქართველო უნდა მომზადდეს მშვიდობიანი, დემოკარტიული პოლიტიკური ტრანზიციისთვის, რისი მთავარი საფუძველიც უნდა გახდეს პოლიტიკური ძალებისთვის სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება და მოქალაქეებისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემა“ – ეს განცადება თავისთავად ასახავს თეთრი სახლის მიერ ამ არჩევნების მიმართ დამოკიდებულებას, თუმცა, ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი განცხადება პირდაპირ მიუთითებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სურვილზე თეთრი სახლში?
– როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ ცვლილებაზე და დემოკრატიის ზეიმზე, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდება დემოკრატიული გზით. სწორედ ეს იქნება დამადასტურებელი, რომ საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება შედგა დემოკრატიულად. ამიტომ არის მთავარი, რომ ქვეყანა მომავალი არჩევნებისთვის მოემზადოს, როგორც ჩვენთვის – პოლიტიკური ძალებისთვის, ასევე ჩვენი პოლიტიკური პარტნიორებისთვის საზღვარგარეთ და მათ შორის – შეერთებული შტატებისთვისაც.

ობამამ თავის გამოსვლაში ახსენა, რომ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანზაციაში გაწევრიანებისთვის მხოლოდ 1% უშლის ხელს, ბუნებრივია, ამ 1%–ში საქართველოც იგულისხმა. ამ საკითხზე თეთრ სახლში თქვენთან იყო თუ არა ამ საკითხზე საუბარი?
– როდესაც რუსეთის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, მაიკლ მაკფოლის შევხვდი ამაზეც იყო საუბარი. ეს არის შტატების გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭირონ რუსეთს მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. თუმცა, ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები და ეს არ უკავშირდება ამერიკის არჩევანს.

და როგორი უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილება, რამდენად ქმედუნარიანია ვეტოს უფლება, რომელიც საქართველოს აქვს და როგორ შეიძლება იგი გამოვიყენოთ?
– დიპლომატიაში ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება იმ შემთხვევაში, თუ დათმობის სანაცვლოდ შენც რაღაცას იღებ. ეს იქნება დამოკიდებული მოლაპარაკებებზე და იმ ტაქტიკაზე, რაც ჩვენი ქვეყნის საგარეო უწყებამ უნდა გასწიოს. ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში, ასეთი ბერკეტის ტყუილად ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

ბოლო რამდენიმე დღეა, ხელისუფლება აჟიტირებულია თეთრი სახლის განცხადებით, რადგან როგორც ხელისუფლება ირწმუნება, ამერიკულმა მხარემ სიტყვა “ოკუპაცია” პირველად ახსენა. რას ნიშნავდა თეთრი სახლის ეს განცხადება?
– ეს მართლაც მნიშვნელოვანი ტერმინია, რაც გაჩნდა ხმარებაში. რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმოდა და ესმის, რომ რუსეთის ჯარების მხრიდან სუვერენული ქვეყნის ოკუპაცია მოხდა. თუმცა, ამ ტერმინის მიმართ ყოველთვის გარკვეულ სიფრთხილეს იჩენდნენ. ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ასე აფასებს შექმნილ დე–ფაქტო სიტუაციას.

ობამამ და მედვედევმა, ორივემ აღნიშნეს, რომ საქართველოს საკითხზე ისინი ვერ თანხმდებიან. მედვედევმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. როგორია ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება მედვედევის ამ განცხადების მიმართ?
– ყველას და ჩვენც კარგად გვესმის, რომ საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში რაიმე პოზიტიური ცვლა უახლოესი წლების განმავლობაში არ იქნება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საფუძვლები ამ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ისევე, როგორც პოსტსააკაშვილისეულ პერიოდში უნდა მოვემზადოთ ცვლილებებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ განელებულია. ამ ვიზიტის დროს შეიმჩნეოდა თუ არა ცვლილება ამ მიმართულებით?
– ამ ვიზიტების დროს, მე დავინახე და ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამაც ცხადყო, რომ შტატების და საქართველოს ურთიერთობები არის სტრატეგიული და ინსტიტუციური. ეს ურთიერთობა არ არის დამოკიდებული პიროვნებებზე, ეს არის გრძელვადიანი ინტერესები, რასაც საფრთხე არ დაემუქრება და არასოდეს არ მოხდება საქართველოს ინტერესების ხარჯზე სხვა გლობალური პრობლემების გადაწყვეტა. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ თავად საქართველოც უნდა იყოს საიმედო პარტნიორი, რაც სააკაშვილის პირობებში წარმოუდგენელია.

თქვენ შეხვდით IRI-ის პრეზიდენტ ლორენ კრენერსა და NDI-ის პრეზიდენტ კენ ვოლკერსა. როგორ აფასებს კრენერი საქართველოში IRI-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევებს, ხოლო ვოლკერსი NDI-ის ფორმატში საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის შედეგებს?
– ძირითადად, მე NDI–ში შეხვედრისას, რომელსაც საქართველოთი დაინტერესებული სხვადასხვა კვლევითი ცენტრების ექსპერტები ესწრებოდნენ, აღვწერე მთლიანად წინასაარჩევნო სიტუაცია და ის სირთულეები, რაც ოპოზიციურ ძალებს შექმნილი ვითარების გამო ხვდებოდათ; ვისაუბრე იმ დარღვევებზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხდებოდა ყოველდღიურად და პირდაპირ გეტყვით, საწინააღმდეგო მოსაზრება არავის არ დაუფიქსირებია. ყველამ კარგად იცის, რა ხდება საქართველოში და ყველამ იცის, რომ ქვეყნაში დემოკრატიის სერიოზული დეფიციტია.

ამიტომ, ყველა მიესალმება ოპოზიცის იმ ნაწილის გზას, რომელმაც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და კონკრეტულად – ჩვენ. რადგან სწორედ მონაწილეობით უნდა მოხდეს ცვლილებები საარჩევნო გარემოში და პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების ტრანზიცია მომავალი არჩევნებიდან დაიწყება.

ამერიკის ყოფილი ადმინისტრაცია, მარტივად რომ ვთქვათ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრს არ სცნობდა. დღეს შეიცვალა თუ არა მათი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ?
– მე ყველა საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ – შეიცვალა.

მხოლოდ თქვენს პოლიტიკურ ძალას გულისხმობთ?
– ასეა.

სანამ თქვენ ამერიკაში შეხვედრებს მართავდით, „ფორუმმა“ საკუთარი ძალების დემონსტრირება მოახერხა და შეიძლება ითქვას, შთამბეჭდავიც კი იყო მათი მრავალრიცხოვნობა. შეძლებთ თუ არა თქვენ საკუთარი პარტიის ასე გაძლიერებას ამ მოკლე დროში?
– ძალიან კარგი… ჩვენ ერთობლივი ძალებით დავიწყებთ ცვლილებებს საარჩევნო გარემოში. ჩვენც დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ჩვენი რეგიონალური სტრუქტურების შესაქმნელად და მე, ძირითადად, ჩემს საარჩევნო პერიოდს რეგიონებში ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავუთმობ.

ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება, ამ ვიზიტის დროს ხომ არ გქონდათ დონორებთან შეხვედრა?
– მქონდა შეხვედრები და ეს შეხვედრები რამდენიმე დღე ნიუ იორკშიც გაგრძელდება. ყველა საფუძველი აქედანვე გვინდა მოვამზადოთ და უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, მთლიანად ჩვენი პარტიის მშენებლობაზე გადავერთვებით. ამისთვის კი, როგორც ინსტიტუციური, ისე – ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ვაშინგტონში ვიზიტის დროს მივიღეთ.

ბოლოს, მინდა გკითხოთ ავსტრიული გამოძიების შესახებ, რომელიც, თითქოს, ოპოზიციის ლიდერების და კრიმინალური ავტორიტეტების კავშირს ადასტურებს. ამ ინფორმაციას ხელისუფლებაც ადასტურებს, თქვენთვის ცნობილია თუ არა ეს თემა?
– მე თვითონ ქართული მხარის რეაქცია არ მომისმენია და კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ამის თუ რამე საფუძველი არსებობს, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც საჯარო უნდა გახდეს.

გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ავსტრიული მხარე წუხილს გამოთქვამს ამ ფაქტის დროზე ადრე მედიაში გაჟონვის გამო და იქვე დასძინა, რომ ოპოზიციის ლიდერებს და კრიმინალებს შორის კავშირზე ქართული მხარისთვისაც ცნობილი იყო. თქვენთვის მოულოდნელია ვაშაძის ამგვარი განცხადება?
– ამის შესახებ არაფერი ვიცი.

კიდევ გაქვთ თუ არა ამერიკაში შეხვედრები დაგეგმილი და თბილისში როდის ბრუნდებით?
– კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი ნიუ იორკში, რომელიც ორშაბათს გაირკვევა და მას შემდეგ უახლოეს დღეებში საქართველოში დავბრუნდები.