რატომ გვირჩევენ ამერიკელები ირანთან ურთიერთობებისგან თავის შეკავებას?!

რატომ გვირჩევენ ამერიკელები ირანთან ურთიერთობებისგან თავის შეკავებას?!

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებამ, შესაძლოა, ირანელები ისევე გააღიზიანოს, როგორც თავის დროზე თეა წულუკიანმა გაანაწყენა და მაშინ ირანელებმა წულუკიანის განცხადებას „არაკვალიფიციური და გაუაზრებელი“ უწოდეს, რომელიც „შეურაცხყოფს სამიათასწლოვანი ბრწყინვალე ცივილიზაციის მქონე ირანის რესპუბლიკას“.

საქმე ის იყო, რომ თეა წულუკიანი იმხანად ცალკეულ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე საუბრობდა და მის ჩამონათვალში მოხვდა ჩინეთი, ერაყი, ირანი და ეგვიპტე. იმ პერიოდში არასამთავრობოებმა წულუკიანის განცხადება ქსენოფობიურად შეაფასეს, ხოლო ნაცმოძრაობამ „ქსენოფობ“ წულუკიანს მიუთითა, რომ ჩინეთისა და ირანის, როგორც უძველესი ცივილიზაციის ქვეყნების, შერაცხყოფა არ შეიძლებოდა.

სულ ახლახანს კი დავით დონდუამ გაახმოვანა ის, რასაც ამერიკელი კოლეგები საქართველოსგან ითხოვდნენ, რომ ჯერჯერობით თავი შეგვეკავებინა ირანთან სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისგან.

„ამერიკელი კოლეგები გვთხოვენ, ჯერჯერობით თავი შევიკავოთ ირანთან არათუ სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისგან, არამედ საერთოდ გახსნისთვის, სანამ ვენაში შეთანხმებული ყველა ვალდებულება არ შესრულდება. ირანის გახსნას აქვს პლუსები, იმიტომ, რომ ეს ერთგვარად ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკურ აქტიურობას, თუმცა აქ ბევრი კითხვის ნიშანი, ბევრი რაღაც შეიძლება იყოს დასაფიქრებელი. მთავარი ჩვენი რაც არის, არის სატრანზიტო პოტენციალი, ამაში შეიძლება რაღაც კორექტივები იყოს შეტანილი და მერე უცებ ეს ყველაფერი რაღაც სიურპრიზად არ იყოს მიღებული. ჩვენ ვეუბნებით ამერიკას, რომ ერთგული ვართ იმ პოლიტიკის, იმ სანქციების, რასაც თქვენ და ევროკავშირი ირანში აწარმოებთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი სპეციფიკაც. ირანი არის რეგიონალური სახელმწიფო. ირანი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ეკონომიკური, ისე სხვა მხრივ. ამიტომ ჩვენ გარკვეული სამოძრაო სივრცეც გვინდა. არაერთხელ ყოფილა, რომ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს პირდაპირ მოუმართავთ გარკვეულ საკითხებზე რაღაც შუამდგომლობისათვის, ამიტომ ვეუბნებით, რომ როდესაც ასეთ რაღაცას გვთხოვთ, ცოტა სამოძრაო სივრცეც უნდა დავიტოვოთ“, - განაცხადა დავით დონდუამ „თავისუფალ დემოკრატებთან“ საუბრისას.

დონდუას ცნობით, ირანთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე 1-ელ სექტემბერს დახურული კონფერენცია გაიმართა, სადაც განიხილეს, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი რეგიონზე, უსაფრთხოებაზე, მათ შორის, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.

დავით დონდუას განცხადება კონკრეტულ ფაქტს შეეხებოდა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთ ირანულ ავიაკომპანიას საქართველოში შემოსვლა უნდოდა. ანალოგიური თხოვნა იყო სხვა კომპანიაზეც, რომელიც სანქციების სიაში საერთოდ არ იყო შეტანილი. თუმცა ქართულმა მხარემ გაითვალისწინა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორთა თხოვნა და ირანთან ამ სახის ურთიერთობაზე თავი შეიკავა.

ირანის ელჩი საქართველოში აბას თალებიფარი დავით დონდუას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირან-საქართველოს ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის და ორი ქვეყანა ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს. უფრო მეტიც, ირანსა და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო საპარლამენტო ურთიერთობა აქვთ, ხოლო სხვადასხვა პერიოდში ირანსა და საქართველოს შორის 80-მდე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა. აბას თალებიფარი ჩვენს კულტურულ ურთიერთობებსაც შეეხო, რასაც რვა საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი.

დავით დონდუას განცხადება გაუგებარია პოლიტიკოს ირაკლი ბათიაშვილისთვის. ის აცხადებს, რომ ბატონი დონდუა მაღალი დონის დიპლომატია, თუმცა არ იცის, რატომ გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც საჯაროდ არ უნდა გაკეთებულიყო.

„შესაძლოა, გარკვეული მოტივიდან გამომდინარე, დავით დონდუა ასე თვლის, მაგრამ მე არ ვიცი ეს მოტივი. ყოველ შემთხვევაში, თუ ჩვენმა კოლეგებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ურჩიეს რამე ქართულ მხარეს, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, აშშ-სთვის ირანი მაინც მოწინააღმდეგეა და, რა თქმა უნდა, აშშ გირჩევს, შეზღუდე შენი ურთიერთობა ირანთან, ე.ი. ძალიან არ ჩაეხუტო მას, ისევე, როგორც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ვურჩევდით, რუსეთს ნუ ჩაეხუტებიო. რატომ გაჟღერდა ეს? ეს ნამდვილად არასასიამოვნო რეაქციას გამოიწვევს ირანის ხელისუფლებაში, რომელთანაც ჩვენ გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთობა. გამოიწვევს უნდობლობის გაღრმავებას, მე ვფიქრობ, ეს არ იყო საჭირო“.

რა შეიცვალა აშშ-ირანის ურთიერთობაში მაშინ, როცა ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავდა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობის შემდეგ ირანი, შესაძლოა, აშშ-ის ერთ-ერთ საიმედო მოკავშირეც გამხდარიყო ისლამისტებთან ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი კვლავინდებურად მიმართავდა თავისიანებს: „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“.

თუ გავითვალიწინებთ, რომ ირანი რეგიონული მასშტაბით ერთგვარი ზესახელმწიფოა, საქართველოს ინტერესში იყო, გაეღრმავებინა კავშირები ირანის პოლიტიკურ ელიტასთან და ეს კავშირები სათავისოდ გამოეყენებინა. ზოგიერთები უფრო შორს მიდიოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ირანის მეშვეობით შეიძლებოდა რუსებს დავლაპარაკებოდით, რადგან რუსეთის შიში აშკარა იყო - ირანის გაზის გამოყენების შემდეგ რუსული გაზის ფასი ხომ მთელ მსოფლიოში დაეცემოდა. შესაძლოა, ამიტომაც სჭირდებოდა ბარაკ ობამას ირანთან შეთანხმება, რაც რუსეთის, როგორც ენერგომატარებლის წყაროს, ევროპისგან ჩამოცილების მცდელობა იყო. დღეს კი ამერიკელები ისევ ფრთხილობენ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილის პერიოდში ჩვენ, ყველანაირი გაგებით, ირანთან საკმაოდ დაახლოებულნი ვიყავით. იმ დროს არა მარტო უვიზო რეჟიმი დაწესდა, არამედ წახალისებული იყო ირანული ბიზნესიც. ის ფაქტი, რომ საქართველო ირანული გაზის აქტიური მომხმარებელი იყო, ამ სტრატეგიის ფორმატში შედიოდა.

თუმცა ახლა, ვენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როცა თეირანი დათანხმდა ვაშინგტონის მოთხოვნას ყველა სამხედრო და საეჭვო ობიექტზე ინსპეციის ჩატარებასთან დაკავშირებით, ბევრი რამ შეიცვალა. ვენის ხელშეკრულების ვადა ხუთი წელია. ამ პერიოდში ირანმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები ბირთვულ განიარაღებასთან მიმართებით და ხუთი წლის მერე განიხილავენ, რამდენად ასრულებს ირანი თავის ვალდებულებას. ამის შემდეგ დაისმება სანქციების მოხსნის ან შენარჩუნების საკითხი. პირველი შემაჯამებელი შეხვედრა მოხდება დეკემბრის ბოლოს და შეაფასებენ, რამდენად ასრულებს ირანი თავის თავზე აღებულ ვალდებულებას.

რაც შეეხება ირანსა და საქართველოს შორის დაგეგმილ ეკონომიკურ აქტიურობას, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ სანქციების მიუხედავად, წლების განმავლობაში ირანთან თურქეთსაც ჰქონდა ურთიერთობები. რუსეთიც იზიარებდა ამ სანქციებს იმის გამო, რომ ამერიკის მოსაზრებას „პატივს სცემდა“, თუმცა რუსეთს ირანთან ურთიერთობების მთელი სპექტრი ჰქონდა გაფორმებული. ასე რომ, სანქციები ირანს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში ხელს არ უშლიდა.

„თურქეთს, მაგალითად, ჰქონდა ურთიერთობა გაზთან დაკავშირებით. ირან-თურქეთის გამავალი გაზსადენით თურქეთი 20-მილიონ დოლარიან გაზს იღებდა. ბუნებრივია, საქართველოსთვის გაზის მიწოდება არ არის იმდენად დიდი საერთაშორისო კონტაქტი, რომ ამით, დავუშვათ, წყდებოდეს ირანის კეთილდღეობის საკითხი. ეს აღიქმება რეგიონალური კუთხის კონტექსტად და, პირიქით, ამერიკელები თავის დროზე მიესალმნენ ამ კონტაქტს, როცა რუსებმა გამოგვიცხადეს ენერგეტიკული ომი და 2006 წელს ააფეთქეს რუსეთ-საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი. იმ პერიოდში საქართველო ენერგომოწყვლადობის პრობლემის წინაშე იყო. ბუნებრივია, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ჩვენ, როგორც ამერიკის მოკავშირეებმა, ეს საკითხი შევათანხმეთ ამერიკულ მხარესთან. დღეს კი ამერიკელები გვირჩვენ, ირანთან მჭიდრო ურთიერთობისგან თავი შევიკავით. ეს ნიშნავს, რომ ჯერჯერობით სრული მასშტაბით არ უნდა ამოქმედდეს ირანთან ეკონომიკური და საფინანსო მნიშვნელობის პროექტები“, -აცხადებს ვახტანგ მაისაია და ირანული ავიაკომპანიის შემოსვლაში საფრთხეს ვერ ხედავს, თუკი ამ კომპანიას კავშირები არ ექნება ისეთი ტიპის სპეციალიზირებულ სტრუქტურებთან, როგორიცაა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, რომელიც გასამხედროებული სტრუქტურაა. პირიქით, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ირანის შემოსვლა კონკურენციულ გარემოს შექმნის ჩვენს ოლიგოპოლიურ საავიაციო ბაზარზე.

„ამიტომაც არსებობს საქართველოს უშიშროების სამსახური, რომ გაარკვიოს, ვისთან აქვთ კავშირი ირანულ კომპანიებს. არსებობს, ასევე, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელთაც შეუძლიათ შეისწავლონ, ვინ დგას ამ კომპანიების უკან“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.