„2012 წლის სურათის შემდეგ თავმოყვარე სოციოლოგიური ჯგუფი ჰორიზონტზე არ გამოჩნდებოდა“

„2012 წლის სურათის შემდეგ თავმოყვარე სოციოლოგიური ჯგუფი ჰორიზონტზე არ გამოჩნდებოდა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას „ძალიან კარგად“ აფასებს გამოკითხულთა 2%, ხოლო „კარგად“ -14%, პრემიერის საქმიანობას „საშუალოდ“ აფასებს კვლევაში მონაწილეთა 52%, ცუდად - 16%, ძალიან ცუდად კი, 5%. NDI-ის გამოკითხულთა 19% თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კარგად მუშაობს, 54% საშუალოდ, ხოლო  16% ცუდად -  ასეთია NDI-ის კვლევის შედეგები, რომელიც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებსა და თვითმმართველობის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა.

კვლევის მეორე ნაწილი კი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება. კვლევა 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის თანახმად გამოკითხულთა 36% თბილისის მერის, დავით ნარმანიას საქმიანობას ცუდად აფასებს, კარგად - 12%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 36%, 7%-მა არ იცის, ხოლო გამოკითხულთა 34%-ს პასუხი არ აქვს.

კვლევის თანახმად, ყველაზე კარგი რეიტინგი აქვს ახალციხის მერს გიორგი კოპაძეს, რომლის საქმიანობას 29% კარგად აფასებს, საშუალოდ 53%. თელავის მერის საქმიანობას კარგად გამოკითხულთა 25% აფასებს; ოზურგეთის მერი - 21%;  მცხეთის მერი - 21%; ქუთაისის მერი - 18%; ზუგდიდის მერი - 18%; ბათუმის მერი გიორგი - 15% . გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები მის ქალაქში/სოფელში გაუმჯობესდა, 47% ამბობს, რომ იგივე დარჩა, ხოლო 43% თვლის, რომ გაუარესდა.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა „პანორამა თბილისის“ პროექტის წინააღმდეგია. თბილისში ჩატარებული გამოკითხვისას რესპონდენტთა 71%-მა განაცხადა, რომ სმენია პროექტ „პანორამა თბილისის“ შესახებ, 29%-ს კი არ სმენია. აღნიშნული 71%-დან, 32%-ისთვის „პანორამა თბილისი“ მისაღებია, 41%-ისთვის მიუღებელი, ხოლო 26%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

რაც შეეხება ძალოვანი უწყების საქმიანობას, გამოკითხულთა 44% კმაყოფილია პოლიციით, ხოლო 30% არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო, უკმაყოფილოა 6%, 19% კითხვაზე პასუხი არ აქვს. სასწრაფო დახმარების მუშაობიათ კმაყოფილია 66%; იუსტიციის სახლები - 56%; რაიონის გამგეობა -19%; სასოფლო-სამეურნეო ცენტრები 15%. გამოკითხულთა 38% ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხი არის გზები; 32%-ისთვის წყალმომარაგება; 23% გაზმომარაგება; 20% გარემოს დაბინძურება;  15% კანალიზაცია; 14% ნაგვის შეგროვება; 14% სუფთა ქუჩები; 14% პარკები და გამწვანება; 12% საგზაო მოძრაობა; საზოგადოებრივი ტრანსპორტი 9%, სკოლების კეთილმოწყობა 5%; ელექტროენერგიის მომარაგება 4%; ხოლო 3% თვლის, რომ ნიშვნელოვანია საბავშვო ბაღში არსებული პირობების გაუმჯობესება.

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის კვლევები ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის კეთდება. მისივე განცხადებით,  ხდება ხალხის აზრის ჩამოყალიბება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის ასეთი კვლევები გამოიყენება ძირითადად, ხალხის აზრის ჩამოყალიბებისთვის და დამკვიდრებისთვის. ანუ, ხდება ხალხის აზრის ჩამოყალიბება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენთვის გაუგებარია ამდენი მოთხოვნის შემდეგ რატომ ვერ შეცვალა NDI-მ კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც კვლევებს ახორციელებს. შეუძლია გამონაკლისი დაუშვას და პროვატპროგრამა მაინც ჩაატაროს. აქ არ არის მხოლოდ NDI-ზე საუბარი. მე ჩემს სიცოცხლეში არც ერთხელ არ ვყოფილვარ გამოკითხული და არც არავინ მინახავს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებისთვის ეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის კეთდება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. 

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თვლის, რომ ეს არ არის ისეთი კვლევა, რომ შევაფასოთ, ან გადავაფასოთ. ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ დიდი ხანია უსმენს NDI-ის კვლევებს, თუმცა იგი არ მიიჩნევს, რომ ამ კვლევებზე შეიძლება ვინმემ კომენტარები გააკეთოს.

„NDI-ის კვლევებს ძალიან დიდი ხანია ვუსმენ, ოღონდ ვიღაცას ძალიან უნდა უნდოდეს, რომ მაგაზე დასკვნები გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ისეთი კვლევა, რომ შევაფასოთ, ან გადავაფასოთ, იმიტომ, რომ გავიხსენოთ თუ გნებავთ წინასაარჩევნო კვლევები. ნაცმოძრაობიას მხარდაჭერა 100%-მდე ჰქონდა. ასე რომ, როდესაც არსებობს ასეთი პრეცედენტები, დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ კვლევებს, მით უფრო აჟიტირებისთვის არ ღირს. რაღაც დონეზე სამსჯავრო არის, მაგრამ მასზე მე დასკვნებს არ გავაკეთებ“, - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

NDI-ის მიერ წარმოდგენილ კვლევებს აფასებენ პოლიტოლოგები. ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ მისი სოციალური მდგომარება ამ ერთი წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა, ბუნებრივი და გასაგებია. რადგან, პოლიტოლოგის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყოვლად წარმოუდგენელია ერთ წელიწადში სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესება.

„არჩევნებიდან ერთი წლის თავზე სრულიად ბუნებრივი სურათია. რაც შეეხება „პანორამა თბილისს“ და სხვა ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, გააჩნია, თუ გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით და რომელიღაც სოფელში დასვეს კითხვა რას იტყვით „პანორამა თბილისზეო“, ბუნებრივია ისეთ პასუხს გასცემდნენ რა ინფორმაციაც ჰქონდათ. გააჩნია, სად ჩატარდა გამოკითხვა და თუ მხოლოდ თბილისში ჩატარდა არ მგონია, რომ 71%-ს ამ პროექტის შესახებ არაფერი სმენია, პირადად მე მეეჭვება, „პანორამა თბილისის“ მიმართ ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება იყოს“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისივე თქმით, უფრო ხშირად ამგვარი გამოკითხის საფუძველი ხდება ხელისუფლების არასწორი პიარპოლიტიკა, რადგან მოსახლეობა უფრო ინფორმირებულია მოწინააღმდეგეთა არგუმენტებით, ვიდრე ხელისუფლების საქმიანობით.

„პოლიტიკური თვალსაზრით ირიბი შეფასება არის ის, რომ ნეგატიური დამოკიდებულება ჩნდება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ ბიძინა ივანიშვილისადმიც. რაც შეეხება პრემიერის ნდობის რეიტინგს, ბოლო პერიოდში პროცესები იმდენად მძიმედ განვითარდა და განსაკუთრებით ლარის კურსთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობაში საკმაოდ დიდი არის იმედგაცრუება.

ვერ გეტყივით, ეს პროცენტები რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიური და სოციალური კუთხით სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და, ამას თუ დავუმატებთ ხელისუფლების მხრიდან პიარის არარსებობას, სრულიად დასაშვებია, მოსახლეობაში იყოს აღქმა იმისა, რომ მთავრობა ვერ მუშაობს და პრემიერი ვერ უძღვება საქმეებს. თუმცა, არ მგონია, რომ რომელიმე სხვა ფიგურა უკეთ შეძლებდა ქვეყანაში ვითარების წარმართვას. პრობლემა „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს და ყველაზე დიდი პრობლემა არის პიარის არ ქონა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

NDI-ის კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რადგან თვლის, რომ NDI-ის გამოკვლევა პოლიტიკური გავლენის ნიშნებს ატარებს.

„NDI-ის IRI-ის ქართველმა სოციოლოგებმა შესთავაზეს - გნებავთ ერთად ვიმუშაოთ, გნებავთ გადავამოწმოთ თქვენი გამოკითხვის შედეგებიო, მაგრამ ორივე ორგანიზაციამ ამაზე უარი თქვა. თავისთავად, ეს უარი ადასტურებს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია მათი საქმიანობა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შედეგებს, შეიძლება რეალობა ასეთიც იყოს, მეორე მხრივ, ასეთი სურათის შექმნა შეიძლება იმ პოლიტიკური ოპონენტების წინსქვილზე ასხამდეს წყალს, ვისაც დღეს ასეთი პოზიცია უკავია. სანამ არ იქნება ობიექტური სოციოლოგიური კვლევის შედეგები, მანამდე ძნელია რეალური სურათის დანახვა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება პრემიერის და პრეზიდენტის საქმიანობის რეიტინგებს, საყვარელიძე ამბობს, რომ 2012 წლის სურათის შემდეგ თავმოყვარე სოციოლოგიური ჯგუფი  ჰორიზონტზე არ გამოჩნდებოდა.

„შეიძლება ამ ნაწილშიც გაგვიჩნდეს ეჭვი, იმიტომ, რომ პრეზიდენტის მუშაობა კონსტიტუცურად შეზღუდულია, რეალურად სამუშაო არაფერი აქვს, გარდა შეხვედრებისა. შედარებადი არ არის აღმასრულებელი და საპრეზიდენტო ხელისუფლების მოღვაწეობის არეალი და მასშტაბები. შესაბამისად, კვლევის ეს ნაწილიც, ალბათ, არის ეჭვის საფუძველი.

ზოგადად, ეს უკვე ჩვენი შეურაცხყოფაა, როდესაც იმ შედეგის მქონე სუბიექტი ხელახლა შემოდის და მერამდენედ გვთავაზობს შედეგებს ისე, რომ ბოდიშსაც არ იხიდს მაშინდელი კვლევებსა და რეალურ ვითარებას შორის. რა თქმა უნდა, ლაპარაკიც ზედმეტია ამ კვლევის სანდოობაზე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ობიექტური რეალობა შეიძლება სხვა იყოს, ჩვენ დღეს არც ვიცით როგორი ობიექტური რეალობაა, მაგრამ  არ გვაქვს იმის რწმენა, რომ სავლე პავლე გახდა და არაფერს ნაციონალების სასარგებლოდ არ გააკეთებს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.