რუსეთის მიერ ნატოს წევრი სახელმწოფოს, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის პარალელურად, ალიასმა ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის გაძლიერებას დაიწყო. ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში დიდ ბრიტანეთმა საკუთარი სამხედროები უკვე გაგზავნა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, მაიკლ ფელონის განცხადებით, 100 სამხედრო ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, ხოლო 25 უკრაინაში გაემგზავრება.
ნატოს გენერალური მდივანის განცხადებით, ბალტიის ქვეყნებში ალიანსის ძალების მობილიზება არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე, რომელსაც ადგილი აქვს უკრაინაში, ყირიმში და ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის ყველა წევრი სრულად თანხმდება, რომ ნატო-მ უნდა უპასუხოს რუსეთის ქმედებებს.
„სწორედ, ამიტომ, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა აღმოსავლეთით, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობები. ჩვენ ვეხმარებით და ვმუშაობთ მათთან“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ალიანსის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა რეაქცია რუსეთის მხრიდან. ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების შემთხვევაში მოსკოვი საპასუხო ქმედებებით იმუქრება. კრემლის ოფიციალური პოზიცია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გაახმოვანა.
„ნატო თავისი ქმედებებისთვის გამოგონილ საბაბებს იყენებს და ეს საბაბი მოჩვენებითი საფრთხეა რუსეთიდან. ასევე, ძალიან სამწუხაროა, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ“, - აცხადებს დიმიტრი პესკოვი.
აღსანიშნავია, რომ ალიანსის მთავარი არსი, პირველ რიგში, კოალიციურ თავდაცვაში მდგომარეობს. ამდენად, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მიხეილ დარჩიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, ალიანსის წევრი რომელიმე ქვეყანა უსაფრთხოების თავალსაზრისით, მოწყვლადი გახდება, რაც დღეს სახეზე, ასეთ შემთხვევაში ალიანსი ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები.
„რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, აბსოლუტურად სწორია. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს უელსის სამიტის წინ მიღებული გადაწყვეტილები, რომელიც მიანიშნებდა, რომ ნატო ყოველგავრი სცენარისთვის მზად იქნებოდა განსაკუთრებული შემთხვევებიდან გამომდინარე, რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციას.
ალიანსმა სავსებით ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებასთან მიმართებაში. პირველ რიგში, ეს ეხება ბალტიის ქვეყნებს, რომლებსაც ამ კონტერტულ შემთხვევაში ყველაზე მეტი საფრთხე ემუქრებათ რუსული აგრესიის შემთხვევაში“, - ამბობს მიხეილ დარჩიაშვილი.
რაც შეეხება კრემლის ოფიციალურ პოზიციას, რომ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი საპასუხო ქმედებებით უპასუხებს, მიხეილ დარჩიაშვილის განცხადებით, ძალიან რთულია საუბარი იმაზე, რა შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია.
„თუმცა, ღრად ვარ დარწმუნებული, რომ ნატოს გააჩნია სათანადო შესაძლებლობები, რაც თავის მხრივ უდიდეს შემაკავებელ როლს თამაშობს და ითამაშებს ყოველგავრი შესაძლო აგრესიასთან მიმართებაში. პირველ რიგში, ეს ეხება ნატოს წევრ ქვეყნებს. ნამდვილად არ ველოდები, რომ რაღაცა განსაკუთრებული საფრთხე დაემუქრება ნატოს წევრ ქვეყნებს, გამომდინარე იქედან, რომ ნატო თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ძალიან ძლიერია და სრულ მზადყოფნაშია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მიხეილ დარჩიაშვილი.
ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ საკმაოდ რთულია ნატოს 28 ქვეყნის გაერთიანება და მიიღო გადაწყვეტილებები კონკრეტული ქვეყნების თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ასეთ ღია აგრესიას ახორციელებს უკრაინაში და სირიაში, ხოლო საქართველოსთან მიმართებაში ღიად აცხადებს, რომ მას ეს კონფლიქტი მოგვარებულად არ მიაჩნია.
„რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად დაძაბულ რეჟიმში ჰყავდეს ნატო და ნატოს წევრი ქვეყნები. ნატოს ეს გადაწყვეტილება ბალტიის ქვეყნებში კონტიგენტის გაძლიერებასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ წევრ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ აქვთ მტკიცე პოზიცია, რომ ისინი დაიცავენ ნატოს წევრი ქვეყნის და ამ შემთხვევაში ბალტიის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანმა.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მუჩაიძის განცხადებით, ალიანსის თავისი გადაწყვეტილებით ყურადღებას ამახვილებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე.
„ამის საპასუხოდ ალიანსი ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, როგორიც არის - აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების ტერიტორიაზე წვრთნების რაოდენობის გაზრდა, თავდაცვის ხასიათის მეტი წვრთნების ჩატარება, შესაბამისი შეიარაღების და მათ შორის მძიმე შეიარაღების განლაგება, სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენის გაზრდა, ასევე საქართველოში გახსნილი აქვს წვრთნისა და შეფასების ცენტრი.
ასე რომ, ძალიან სერიოზულად იზრდება ნატოს ჩართულობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.