„ხელისუფლების მკაცრი ხელია საჭირო, რათა ანარქია არ გამოვიწვიოთ“

„ხელისუფლების მკაცრი ხელია საჭირო, რათა ანარქია არ გამოვიწვიოთ“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლუკა კურტანიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალები ვერ იცვლებიან და მათი რიტორიკა დაპირისპირებაზე, აგრესიასა და პროვოკაციაზეა დაფუძნებული. კანონმდებელი ფიქრობს, რომ „თავისუფალი ზონა“ ძალიან აგრესიულია და სისხლის ზღვრამდე ერთი ნაბიჯიც აღარ არის დარჩენილი, რის გამოც ხელისუფლების მკაცრი ხელია საჭირო.

ოპოზიციის პოლიტიკურ გეგმებზე, for.ge დეპუტატ ლუკა კურტანიძეს ესაუბრა:

ნაციონალური მოძრაობარიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს. მათი სტრატეგია რას ეფუძნება - ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას?

- საქართველოში არჩევნების ჩატარება კონსტიტუციურ ვადებში დაკანონდა. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნებს უფრო ადრე იმსახურებდა, ისინი ხელისუფლებიდან 2012 წელს არჩევნების გზით გავუშვით. ქართველი ხალხის მოთხოვნაა, რომ თაობათა შუღლი და დაპირისპირება იმ ჩარჩოში მოვაქციოთ, რომელსაც არჩევნები ჰქვია. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ხელისუფლებაში მათი მსახური ვინ უნდა იყოს. 1-ელი ოქტომბრის მონაპოვარია, რომ ნაციონალებს საქართველოში თანაარსებობის უფლება მიეცათ, მაგრამ მათმა უმრავლესობამ თანაარსებობა ვერ მოახდინა. ამ ყველაფერს ხალხი ხედავს და მათ ამომრჩეველი პოლიტიკურ განაჩენს 2016 წელს გამოუტანს - მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში იმ რაოდნეობითაც არ იქნებიან წარმოდგენილნი, როგორც დღეს არიან. ნაციონალები ვერ იცვლებიან და მათი რიტორიკა დაპირისპირებაზე, აგრესიასა და პროვოკაციაზეა დაფუძნებული. ისინი პარლამენტიდან ქადაგებენ, რომ დემოკრატიულები არიან და დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს სცემენ, მაგრამ მათი მოქმედება საპირისპიროს აჩვენებს. მათი ხელდასმული „თავისუფალი ზონა“ ძალიან აგრესიულია და სისხლის ზღვრამდე ერთი ნაბიჯიც აღარ არის დარჩენილი. „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები პარლამენტთან მოდიან და ფიზიკურად დეპუტატებს ეხებიან. მათი მხარდამჭერია „ნაციონალური მოძრაობა“. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მათთან ურთიერთობა არ აქვთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის პირები დააკავეს, პარტიის ლიდერები მათ გვერდით აღმოჩნდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებს კვებავენ და აძლიერებენ. ამ ადამიანებს გონება აგრესიით აქვთ გაჟღენთილი. ისინი ამას წლების მანძილზე იყვნენ მიჩვეულნი. ნაციონალებს დემოკრატიასთან არანაირი შეხება არ აქვთ, რადგან მათი მოქმედებები ევროპისგან ძალიან შორსაა. მიმდინარე პროცესების თაობაზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სპეციალური განცხადების გაკეთებასაც ვაპირებ.

რა განცხადების გაკეთებას გეგმავთ?

- ამა თუ იმ პირის თმენის ვალდებულება და თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც მეორე ადამიანის თავისუფლება იზღუდება. თუკი პარლამენტარს საქმიანობა ეზღუდება, ეს დემოკრატია არ არის. ნაციონალები უნდა დაფიქრდნენ იმის თაობაზე, მომავალში პოლიტიკურ ველზე ყოფნას როგორ შეძლებენ. იმ პოლიტიკურ ველზე მათი ყოფნა შეუძლებელია, სადაც ასეთი შუღლი და აგრესია ღვივდება. მათი რიტორიკა 2007-2008 წლებს მახსენებს, როცა პოლიტიკაში აგრესია მძინვარებდა. ევროკავშირის ქვეყნებმა, რომელთაც საქართველოს ბედი აინტერესებთ, უნდა იცოდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ტყუილ ინფორმაციებს იღებენ. თვალნათლივ ჩანს, რომ ეს ხალხი პოლიტიკურ სანაგვესთან ახლოს არის, თუ შიგნით არა და ისინი განცხადებებს თვითგადარჩენისთვის აკეთებენ. მათი მიზანია, ქვეყანაში ანარქიის შექმნა, რათა პოლიტიკურ ველზე ხელი აფათურონ.

თქვენ ნაციონალებზე აქცენტირებთ, მაგრამ მათ პოზიციებს არააპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც იზიარებს...

- გულდასაწყვეტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სხვა ოპოზიციური გაერთიანებები იდენტურნი ხდებიან. ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი არასაპარლამენტო ოპოზიციამ აუბა. მათი განცხადებები იდენტური ხდება, რაც ძალიან სამწუხაროა. ოპოზიციაში ჩემთვის ბევრი საპატივცემულო ადამიანია, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის საპირწონე - საქართველო და მათი ღირებულებები არ არის.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ის პოლიტიკური ძალები ნაციონალების გვერდით არ უნდა დადგნენ, რომლებიც მათ წლების მანძილზე აკრიტიკებდნენ?

- ისინი იდენტურნი ხდებიან. საქმე მორალურ შეუთავსებლობასთან გვაქვს. მარგინალიზაცია ხდება იმ ღირებულებების, რასაც ოპოზიციონერობა ჰქვია. ოპოზიციონერობა ხალხის მსახურობას ნიშნავს და არა იმ იდეალის მსახურს, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე. არ შეიძლება, სატანას იმისთვის შეუერთდე, რომ საკუთარ საწადელს მიაღწიო.

ნაციონალურ მოძრაობასსატანასთან აიგივებთ?

- ეს მხატვრულად ნათქვამია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ერის წინაშე საკუთარ თავზე იმხელა სიმძიმე აქვს დადებული, რომ პირველ რიგში, მათ პასუხი ამაზე უნდა აგონ. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მძიმე ხელია საჭირო, რათა ყოველ კანონდარღვევაზე ყველას საკადრისი პასუხი გაეცეს. მძიმე ხელი აუცილებელია, რათა კანონის უზენაესობა აღვავლინოთ და იმის შიშში არ ვიყოთ, ევროპა რას იტყვის. დამოკიდებულება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი თავი დაცულად არ უნდა ვიგრძნოთ, რათა ევროპაში ნაციონალებმა თავი დაჩაგრულად არ წარმოადგინონ, ეს ანარქიამდე მიგვიყვანს, რადგან იძულებული ვიქნები, რომ საკუთარი თავი ნებისმიერი მეთოდით დავიცვა, თუნდაც ამისთვის ჩემი ვალდებულება დროზე ადრე მოვიხსნა. იმ ღირსებას დავიცავ, რითაც დღემდე ვცხოვრობ. ამას მხოლოდ ლუკა კურტანიძე არ ვლაპარაკობ, ასე უმრავლესობის ის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომელთა ცხოვრების წესი ღირსებაზე გადის.

ხელისუფლებისმძიმე ხელშირას გულისხმობთ?

- კანონის უზენაესობას. ხელისუფლება უფრო მკაცრი უნდა იყოს, რომ ანარქია არ გამოვიწვიოთ. ჩემი თმენის ვალდებულებას გვერდით გავწევ, როცა ჩემი თავისუფლება შეიზღუდება და ღირსება შეილახება. პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის დროს, თავი მაქსიმალურად შევიკავე და პატივი იმ მონაპოვარს ვეცი, რასაც მივაღწიეთ. როცა ჩემი ღირსება შეილახება, ყველა ვალდებულებას მოვიხსნი.

ყველა ვალდებულებაშირას გულიხმობთ? რას აპირებთ?

- ძალოვანი სტრუქტურების პირდაპირი ვალდებულებაა, რომ კანონის დამრღვევი პირები დასაჯონ. ძალიან კარგი მაგალითია, რომ ლორთქიფანიძის ინციდენტს კარგი შეფასება მიეცა. კანონს ვინც დაარღვევს, ის უნდა დაისაჯოს, ეს უმრავლესობა იქნება თუ უმცირესობა.

ორმაგი სტანდარტი არ არის, რომ ლორთქიფანიძის ინციდენტზე პირები სისხლის სამართლის მუხლით გაასამართლეს, ხოლო გიორგი ღვინიაშვილის ცემის ფაქტზექართული ოცნებისმხარდამჭერები ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს?

- კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, მაგრამ საზოგადოება ნაციონალებისგან ერთ რამეს მოითხოვს - მათ საკუთარ დანაშაულზე ბოდიში მოიხადონ. ისინი იმ რიტორიკას აგრძელებენ, რომელიც ქართველ ხალხს შიშს უჩენს, ვაითუ, ესენი ხელისუფლებაში ისევ მობრუნდნენო. შერჩევით სამართალს მხარს არავინ დაუჭერს, მაგრამ მორალი არსებობს. თუკი ამ დაპირისპირების ზღვარს არ შევამცირებთ, ეს ანარქიამდე მიგვიყვანს. საქართველოში იმ ადამიანებს გასაქანი არ უნდა ჰქონდეთ, რომელთაც ანარქია სურთ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რომ მათ ძალისმიერ მეთოდებს დემოკრატიულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვთ.

თქვენ ბრძანეთ, რომ ნაციონალების მიზანი ხელისუფლებაში დაბრუნებაა. ვინაიდან, მმართველი გუნდის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება მატულობს, არ ფიქრობთ, რომ ამით ნაციონალებს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები ეზრდებათ?

- ისინი ხელისუფლებიდან წასვლას ვერ ეგუებიან, რომელიც მათი საწადელების ინსტრუმენტი იყო. ისინი ხელისუფლებაში ისე დაბრუნდებიან, როგორც სახლში მოუსვლელი ადამიანი. ქვეყანაში ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა და ჩვენი მინუსია ის, რომ ამის საზოგადოებამდე მიტანა არ ხდება. ნაციონალებს პიარი და რეკლამა კარგად გამოსდიოდათ. როცა ქვეყანაში კარგი რამე ხდება, ამის გაშუქება უნდა მოხდეს და ეს პიარი კი არ იქნება, არამედ საზოგადოებამდე ინფორმაციის მიტანა. ამის პროვოცირება ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.

ანუ, თქვენ ხელისუფლების საქმიანობით კმაყოფილი ხართ?

- სპორტში მსოფლიო მწვერვალს რომ მივაღწევდი, კმაყოფილი მაშინაც არ ვიყავი და არ შეიძლება, რომ კმაყოფილი იყო. გერმანიაში 12 წელი ვცხოვრობდი და როცა გერმანელები უდიდესს წარმატებას აღწევდნენ, ისინი ამით არ კმაყოფილდებოდნენ. ევროპაში დროის პატივისცემა და მიღწეულით არდაკმაყოფილება ვისწავლე. არასოდეს ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ იმის, რაც საქართველოში კეთდება. რაც გაკეთდა, კარგია, მაგრამ რაც არ გაკეთდა, ცუდია და გაათმაგებით ვმუშაობთ, რომ გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი გუნდი ვართ, თუკი ვინმე გასაკრიტიკებელია, ამას არ ვერიდებით. პარლამენტი და მთავრობა ერთმანეთთან იმ ფორმით ურთიერთობს, რომელიც მაამებელი არ არის და ამაში საზოგადოება არაერთხელ დარწმუნდა. ჩვენც ძალიან კრიტიკულები ვართ და დღევანდელი პარლამენტი დემოკრატიული ინსტიტუტია, რომელიც ნოტარიუსის ფუნქციას არ ასრულებს. ქვეყანაში ბევრი რამ გასაკეთებელია, ბევრი რაღაც გაკეთდა, მაგრამ სამ წელიწადში ქვეყანა ვერ შენდება. ხელისუფლება ყურადღებას ფასადურ პროექტებზე არ ამახვილებს. სწორედ ამიტომ არის, რომ საქმეების გამოძიება ჭიანურდება. საქმეები ემოციაზე რომ აგვეგო, დღეს ციხეები „ნაციონალური მოძრაობის“ აღვირახსნილი ადამიანებით იქნებოდა სავსე.

ბევრჯერ ნანახის და მოსმენილის მიუხედავად, გვსურს, რომ ქვეყანა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ავაგოთ. საძირკველი ჩავუყარეთ იმას, რომ თაობათა შორის შუღლის გაღვივებისთვის წერტილი დაგვესვა. ეს პროცესი ოდესმე უნდა დასრულებულიყო. მსურს, რომ მშვიდ საქართველოში ვიცხოვრო, სადაც მოქალაქეებს იმის შიში არ უნდა ჰქონდეთ, ვაითუ, ესა თუ ის პარტია ხელსიუფლებაში მობრუნდესო.