აფხაზური მედია ირწმუნება, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენით არის დაინტერესებული. „sukhum-moscow.ru“-სთან საუბრისას, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, სერგეი შამბა აცხადებს, რომ ივანიშვილის მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის პროგრამა თუ მართლაც არსებობს, ის არარეალურია.
სერგეი შამბას განცხადებით, ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილის მიერ სპეციალური ფონდის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვების გამო შეიქმნა, არარეალურია. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ვინმემ განახორციელოს შესყიდვების ასეთი აქციის ორგანიზება.
„შესაძლოა აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის სურვილი ქართულ დიასპორას აქვს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ყველაფერი გავაკონტროლოთ. გარწმუნებთ, რომ თუ პარლამენტი აღნიშნულ საკითხს განიხილავს, ეს ყველაფერი დაწვრილებით იქნება განხილული და დაცვის მექანიზმები გათვალისწინებული იქნება.
ვერ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ რაღაც პროგრამა დაგეგმოს, მაგრამ ვერ ვხდები, როგორ შეიძენს რომელიმე ქართველი უძრავ ქონებას აფხაზეთში? შემდგომში რას უზამს ამ ქონებას? დასასვენებლად ჩამოვა აქ თუ საცხოვრებლად? ეს არარეალური პროგრამაა, თუ ის მართლაც არსებობს. ქართველები იარაღით ხელში ვერ დამკვიდრდნენ აქ და იარაღის გარეშე როგორ იცხოვრებენ?“, - აცხადებს სერგეი შამბა.
სერგეი შამბას განცხადებით, საჭიროა შემუშავდეს სპეციალური მექანიზმები, რითაც შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების შესყიდვების გაკონტროლება.
„არ შეიძლება ყველაფრის წინააღმდეგი იყო და არ გსურდეს, რომ ქვეყანა ნორმალურად განვითარდეს. მას, ვისაც სურს აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინოს, ყოველთვის მონახავს ამის საშუალებას. მე არ ვთვლი, რომ უძრავი ქონების გაყიდვა უნდა ავკრძალოთ, მიმაჩნია, რომ ეს უნდა წავახალისოთ. თუ უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ კანონს მივიღებთ, ცხადია, მასში უნდა იყოს ასახული დაცვის მექანიზმები.
ეს ყველაფერი სამუშაო პროცესში უნდა იყოს განხილული. შევამჩნიე, რომ ამ ბოლო დროს, როგორც კი აღნიშნული კანონის შესახებ დავიწყებთ საუბარს, მაშინვე წინააღმდეგობას ვაწყდებით. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და გუნდური პრინციპით მივიყვანთ მას იმ დონემდე, რომ ეს ყველაფერი ჩვენ სუვერენიტეტს არ დაემუქროს“, - განაცხადა სერგეი შამბამ „sukhum-moscow.ru“-სთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერის მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის ინტერესებზე, აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე საუბრობდნენ აფხაზი მკვლევარები. როგორც აფხაზმა ისტორიკოსმა თემურ აჩუგბამ შეხვედრაზე განაცხადა, რუსეთს არ აქვს სურვილი, ახალი ტერიტორიები აითვისოს და აფხაზეთში უძრავი ქონება შეისყიდოს.
„მას თავისი მიწებიც ჰყოფნის, სამაგიეროდ, ასეთი მოთხოვნილება აქვს მილიონნახევრიან ქართულ დიასპორას, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ფონდი და გამოაცხადა, რომ მზად არის, ამ ფონდში მილიარდი დოლარი შეიტანოს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის მიზნით“, - განაცხადა თემურ აჩუგბამ.
ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხებზე საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილთან და ბევრად უფრი დახვეწილი ფორმები არსებობდა. ხუხაშვილი საკითხის კონფენდენციალურობიდან გამომდინარე კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.
„რა თქმა უნდა, რაღაცა პროექტებზე იყო საუბარი, მათ შორის კონკრეტულზე. იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანი პოლიტიკაში იყო და ამაზე არ ფიქრობდე, მაგრამ არა ასეთი მარტივი და ტრივიალური ფორმებით. ბევრად უფრო დახვეწილ და საინტერესო სქემებზე ვსაუბრობდით, მაგრამ ეს იყო მხოლოდ საუბრები, კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე საუბარი არ ყოფილა. კარგად გვესმოდა და უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს სენსიტიური ფორმებია, ასეთი მარტივი გაგებით ეს პრობლემები არ წყდება.
თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვიყიდეთ აფხაზეთის მიწების 70-80%, მერე ამის მენეჯმენტი როგორ უნდა განვახორცელოთ? თუ ჩვენ მანამდე არ გევქნება მომზადებული ერთობლივი თანაცხოვრების საფუძველი, შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება. მკვდრადშობილი პროექტია და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი შეთქმულების თეორია.
ჩვენ გვახსოვს აბსოლუტურად უაზრო პროექტები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დისკოთეკას ხსნიდა საზღვართან იმ მოტივით, რომ აფხაზებს შეშურდებათ და ჩვენთან გადმოვლენო. ეს იყო პრობლემის არასწორი შეფასება. ტერიტორიული მთლიანობის პროცესი ასე მარტივად არ წყდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
საკითხის ირგვლივ დამაჯერებელი ვერსია არ გააჩნია პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს, რომლის განცხადებით, თემა საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ როგორც ამბობს, მისთვის მილიარდერის ცნობიერება ისეთივე უცნობია, როგორც ყოფილი პოლიტიკოსების.
„შესაძლებელია თვლის, რომ ასეთი მიწის მის მიერ განკარგვა სამომავლოდ იქნება წაადგეს ურთიერთობების გაუმჯობესებას. თუმცა, მგონია, რომ მორიგი ოცნებაა. როგორც კი შესაძლებელი გახდება ასეთი კომუნიკაცია ორივე მხარის სარგებლობით, მერე შეიძლება ამაზე საუბარი. ვხედავთ, რომ აფხაზები რომლებიც დღემდე რუსული ფულით ცხოვრობენ, მიწის ნაკვეთების რუსების გადაცემის სასტიკი წინააღმდეგი არიან. ამიტომ არ მგონია, რომ ეს საკითხი რაიმე დონეზე შეთანხმებული იყოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან, თუ ამ იდეის განხორციელების პროტეჟე არ არის ძალიან მაღალი თანამდებობის პირი რუსეთში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
ამასთან საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვის პროცესი არ რეგულირდება. რასაც ადგილობრივი მეცნიერები და ინტელიგენცია ძალიან მწვავედ აფასებს და ითხოვენ, შესაბამისი კანონმდებლობით იქნას დაცული საკუთრების გაყიდვა უცხოელებზე. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები ფინანსურად დამოკიდებული არიან რუსეთზე, უძრავი ქონების გასხვისების საკითხი არაერთხელ გამხდარა აფხაზებსა და რუსებს შორის დაპირისპირების საკითხი. რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით უძრავი ქონების გადაცემის წინააღმდეგი იყო, აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რასაც მისი საპრეზიდენტო სავარძელი შეეწირა.
უცხოელი მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების მიყიდვა აფხაზეთში ჯერ კიდევ 1995 წელს აიკრძალა, რადგან ქართველების მიერ მიტოვებული საცხოვრებელი სახლების მყიდველთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ფასებმაც, რუსეთის ფასების დონემდე აიწია და უძრავი ქონება თავად აფხაზებისთვის გახდა მოუწვდომელი. აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვით მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მცხოვრებლები აქტიურობენ. უძრავი ქონების შეძენისას ყველაზე მეტად იმ რაიონებს ირჩევენ, რომელიც ყველაზე პოპულარულია აფხაზეთში - სოხუმის რაიონი, გაგრა და ბიჭვინთა.