„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების დაწყებას აპირებს, „თავისუფალი დემოკრატები“ კი, მოლაპარაკებების გამართვას გამორიცხავენ და ნაციონალებს რჩევებს აძლევენ.
ყოფილი სახელისუფლებო პარტია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციას ასახელებს, მმართველი გუნდი კი, ნაციონალების გეგმებში ქვეყანაში ვითარების დაძაბვის სურვილს ხედავს.
for.ge-ს ოპოზიცონერი დეპუტატი გიგი წერეთელი არწმუნებს, რომ საქართველოში მიმართულება აღარ დარჩა, რომლის თაობაზეც საზოგადოება პროტესტს არ გამოხატავს.
წერეთელის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და ძალადობაა, ხელისუფლება კი, თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს.
„რომელ სფეროშიც გავიხედავთ, ყველგან პრობლემებია. სხვა ხელისუფლება მარტო ლარის კურსის ვარდნის გამო გადადგებოდა. ეს ხელისუფლება სწრაფად და მშვიდობიანად უნდა გავისტუმროთ, ამის გზა კი, რიგგარეშე არჩევნებია. ხელისუფლება სხვა საშუალებას არ ტოვებს, რომ ქუჩაში არ გამოვიდეთ და მანიფესტაციები არ დავიწყოთ. ხელისუფლება უფრო მეტად ძალადობს, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს“, - აცხადებს წერეთელი.
კანონმდებელი ამბობს, რომ მას ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება არ უხარია.
„როგორც ჩანს, ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკაში ცვლილებას არ აპირებს, რის გამოც ოპოზიცია შეეცდება, რომ ხელისუფლება გადააყენოს მშვიდობიანი გზით ან ტემპერატურის აწევით. ტემპერატურა ისედაც აწეულია და ცხელი გარემოა. კონსულტაციები გვექნება და რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება“, - აღნიშნავს წერეთელი.
ნაციონალებთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებენ „თავისუფალი დემოკრატები“ და ისინი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე აპელირებენ.
როგორც for.ge-ს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, მის პარტიასთან არანაირი სახის კონსულტაცია არ გამართულა და არც არასოდეს გაიმართება.
მისი განცხადებით, თუკი ნაციონალებს ქუჩაში გავარდნა სურთ, მათ შეუძლიათ, გავარდნენ.
„ყრუებისთვის და ბრმებისთვის ვიმეორებ, რომ ჩვენი ინტერესები არ გადაიკვეთება არც ერთ თემაში. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ შინაგანი სტრუქტურისა და რეგიონული ოფისების პრობლემა უდგას. აქციების გამართვის დიდი გამოცდილება მაქვს და ნაციონალებს ვეტყვი, რომ აქციებს შემოდგომის პირზე არ იწყებენ - გაცივდებიან და პარლამენტში დავობლდებით. მათ ქუჩაში ყოფნა დათბილული ფეხსაცმლით მოუწევთ. გაზაფხული მოვა და აქციაზე მაშინ გამობრძანდნენ. თბილისში ბოკერიას მხარში რამდენი ადამიანი დაუდგება? - ჩვენ მათ გვერდით არ ვიქნებით“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
კანონმდებელი ფიქრობს, რომ ხელისუფლების შეცვლა კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს.
„ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, მათ კი, გადატრიალებისა და რევოლუციების გამოცდილება აქვთ. არ მგონია, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა საჭირო იყოს. ათ თვეში არჩევნები ისედაც იქნება და რიგგარეშე არჩევნები საჭირო რისთვისაა? - მათი მიზანია, ხალხს შეუძახონ, რომ აქ ვართ და არ გარდავიცვალეთო. პროცესში ნაციონალებს რატომ უნდა მივეხმარო, გავგიჟდი? - საკუთარ საქმეს მიხედონ და ჩვენ თავი დაგვანებონ“, - დასძენს ცაგარეიშვილი, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი ზურაბ აბაშიძე.
for.ge-სთან საუბარში აბაშიძე აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ თანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, ხოლო ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ზედმეტია და ყურადღება საარჩევნო სისტემაზე უნდა გამახვილდეს.
„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ნაციონალების მხრიდანაც მიკვირს, რადგან სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ „ქართულ ოცნებას“ დაპირებებს ისინიც ახსენებენ. ვადამდელ არჩევნებზე მანამდე ვერ ვისაუბრებთ, სანამ არსებული სისტემა არ შეიცვლება. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და მას შეუძლია, მთავრობის გადადგომაც მოითხოვოს და ხელისუფლების გადატრიალებაც, მაგრამ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური გეგმით მივდივართ. ჩვენი მიზანი 2016 წელს ხელისუფლების დამარცხებაა, რის გამოც პარტიულ ორგანიზაციებს ვაძლიერებთ“, - აცხადებს აბაშიძე.
თანაგუნდელების მსგავსად, დეპუტატი თამაზ შიოშვილი აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ემხრობიან და შესაბამისად, არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში უნდა ჩატარდეს.
„თუკი გვსურს, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით უნდა მოხდეს. საზოგადოება და ამომრჩეველი კონსტიტუციურ ვადებს უნდა მიეჩვიოს. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველს ვერ ვხედავ“, - დასძენს შიოშვილი.
მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს ქვეყანაში ესკალაციის შექმნის სურვილს უკავშირებს და ამბობს, რომ მათი სტრატეგია საპნის ბუშტივით გასკდება.
როგორც for.ge-ს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ნაციონალების პროვოკაციული პოლიტიკის ნაწილია და ნაციონალებისთვის მთავარია, პოლიტიკურად მათი ყაყანი ჩანდეს.
„მათთვის მთავარია, „რუსთავი 2“-ის მედია სივრცე ნეგატივით, შავი პიარითა და ძალის დემონსტრირებით შეავსონ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამდენჯერმე გაჟღერდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნებას ხან შემოდგომაზე აპირებდა, ხან გაზაფხულზე, რაც საპნის ბუშტი აღმოჩნდა. მათ ეს საპნის ბუშტი აქციაზე გაბერეს, რომელიც უკვე გაუსკდათ, რადგან მათი ძირითადი მოკავშირე შეიძლება „თავისუფალი დემოკრატები“ ყოფილიყვნენ. ბურჯანაძესთან ალიანსზე თავად არ წავლენ“, - აცხადებს სესიაშვილი.
კანონმდებელი ამბობს, რომ მისდა გასაკვირად, მაგრამ მისდა საპატივცემულოდ, „თავისუფალი დემოკრატები“ ნაციონალების პროვოკაციას არ აყვნენ და ეს მისასალმებელია.
„ისინი ხვდებიან, რომ ეს მათთვის წამგებიანია, რადგან რიგგარეშე არჩევნები ქვეყნისთვის უსარგებლოა. არჩევნებში მომზადება ყველა პოლიტიკურ ძალას სჭირდება, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოკლევადიანი პიარი და გეგმები ჰქონდა, რომლის კარგი სპეციალისტები იყვნენ. თუკი მათ მოწოდებას ვინმე აჰყვება, ის თავის დროზე ნაციონალებთან ასოცირებული ე.წ. ოპოზიცია იქნება, რომელიც ნაციონალებს ვითომ აკრიტიკებდა და თან ტაშს უკრავდა. ისინი იმისთვის გამოჩნდებიან, რომ თავი შეგვახსენონ“, - აღნიშნავს სესიაშვილი, რომლის მსგავსად, ნაციონალების გეგმებს პროვოკაციად აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
for.ge-სთან საუბარში ბესელია ამბობს, რომ ნაციონალებს რიგგარეშე არჩევნები არც შარშან უნდოდათ და არც დღეს.
მისი მოსაზრებით, ამ პოლიტიკურ გუნდს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
„მათი ამოცანა ვითარების დაძაბვაა, რათა პროვოკაცია და ესკალაცია იყოს. მათ ვადამდელი არჩევნები არ სურთ და მათ ქმედებას ერთი მიზანი აქვს - არეულობისა და ქაოსის განცდის შექმნა. მათი ამოცანაა, რომ დესტრუქციულ პროცესში საკუთარი როლი გაზარდონ“, - დასძენს ბესელია, რომლის მსგავსად, რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი მიიჩნევს, რომ ნაციონალებს ქვეყანაში ტემპერატურის აწევა უნდათ.
ტრიპოლსკის განცხადებით, ვინაიდან, სახელმწიფოში დემოკრატიაა, ნაციონალებს შეუძლიათ ის მოითხოვონ, რაც უნდათ.
„მათ რა აწყობთ და როგორ, ვერ გეტყვით, რადგან მათი ნააზრევის ვერაფერი გავიგე. რაც უნდათ, იმას აკეთებენ და რითი გაგვაკვირვებენ?“, - განუცხადა for.ge-ს ტრიპოლსკიმ.