საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი რჩება. ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ წინასაარჩევნო მარათონი უკვე დაიწყო, ხელისუფლების ქმედებები კი ბევრად უფრო ხისტი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. როგორი პოლიტიკური ძალთა გადანაწილებაა დღეს საქართველოში, რა პოზიციას იკავებს დღეს დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ვის ორბიტაზე აპირებენ ტრიალს გამოთავისუფლებული პარტიები და იგეგმება თუ არა საარჩევნოდ მესამე ძალის შემოსვლა პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ?
For.ge პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებისგან განსხვავებით, წინასაარჩევნო პერიოდი ბევრად ადრე დაიწყო. როგორ შეიძლება მათი წინასაარჩევნო გეგმების წაკითხვა?
- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო კამპანია ნაადრევად დაიწყო. მათ საკმაოდ გრძელი დისტანცია აქვთ გასავლელი, მაგრამ „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითრებულმა მოვლენება ფორსირება გაუკეთა მათ გეგმებს. ამ გეგმის ნაწილი გახლავთ მათ გარშემო ოპოზიციის გაერთიანება, რაც ორ მიზანს ემსახურება. პირველი - დაიმკვიდრონ ლიდერის პოზიცია ოპოზიციაში, თავის გარშემო სხვა პარტიების შემოკრებით და ოპოზიციურ სპექტრის პედისტალზე ავიდნენ, რადგან ოპოზიციაში პირველი ყოფნა არ ნიშნავს ლიდერის პოზიციაზე ყოფნას. მეორე - ოპოზციიის გარშემო შემოკრება მათ იმისთვის სჭირდებათ, რომ ოპოზცია ფარად გამოიყენონ.
„ქართული ოცნების“ რეიტინგის კლების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა არ გაზრდილა და ამიტომ მათ სჭირდებათ ერთგვარი ხიდი თუ შუამავალი საზოგადოებასთან ურთიერთობაში და ამ როლს ისინი დანარჩენ ოპოზციას დააკისრებენ, რომელიც ერთგვარად ფასადი იქნება და მკვეთრად ნაციონალურ იერსახეს გაანეიტრალებს.
რომელ ოპოზიურ პარტიებს გულისხმობთ?
- მე კონკრეტულად, არც ერთ პარტიას არ ვგულისხმობ. ნაციონლები ცდილობენ, მათი აქტივობები საზოგადოებას წარმოუჩინონ, როგორც საერთო ოპოზიციური აქტივობები და ამ აქტივობების მიმართ მიმღებლობა გაზარდონ. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე წავლენ, იმიტომ, რომ ის ძალიან სუსტია. ისევე როგორც ჩვენი ტიპის პატარა ქვეყნები ეძებენ ლიდერ ქვეყნებს, რომლის ორბიტაზეც ისინი შემდეგ იტრიალებენ, ასე არიან პოლიტიკური პარტიებიც. ეს არ არის მარტო ქართული პოლიტიკური რეალობისთვის დამახასიათებელი.
ასე იყო ბოლო 25 წელი საქართველოში. შევარდნაძესაც ჰყავდა თავისი სეფე პარტიებიდ ა ა.შ . ამაში დასაძრახი არაფერია, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტმია. ნაციონალების სურვილია წინასაარჩევნო პროცესი მათი დღის წესრიგით წავიდეს. რას დაუპირისპირებს ამას „ქართული ოცნება“ ეს სხვა საკითხია, რადგან ამ ტაქტიკის ნაწილი იქნება ხელისუფლების გარკვეულ პროვოკაციებზე წამოგების მცდელობაც. ხელისუფლება ისედაც უშვებს შეცდომებს. ნაციონალები თავის მხრივ შეეცდებიან, რომ ამ შეცდომების ნუსხა გაამრავლაფეროვნონ ან ხელისუფლების მიერ დაშვებულ პატარა შეცდომებზე მოახდინონ პიარაქცია.
ახსენეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს გარშემო შემოიკრიბოს პარტიები, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობაში დაეხმარებიან. რომელი პარტია შეიძლება იყოს დღეს საქართველოში, რომელიც შეძლებს „გააპრავოს“ ყოფილი ხელისუფლების სახე?
- ერთია ტაქტიკა და მეორე ამ ტაქტიკის რეალობად ქცევა და ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, საუბარი იმაზე, რომ ვინმე ვინმეს „გააპრავებს“, მე ასეთ ფორმულირებას არ ვემხრობი. ყველა ცდილობს საკუთრი ადგილის პოვნას მზისქვეშეთში. ნაციოანლები ამას მარტო ვერ მოახერხებენ და შეეცდებიან ხვადასხვა კონფიგურაციების წყალობით მოიპოვონ ეს. პოლიტიკური თამაშებიც ამ პრინციპით იგება და შემდეგ, ამ ურთიერთდამოკიდებულებით, რელობაში ვის რა ფუნქცია დაეკისრება, ეს უკვე სულ სხვა თემაა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დადებითად იხსენიებს „თავისუფალ დემოკრატებს“ და პრეზიდენტ მარგველაშვილს. რამდენად არის შესაძლებელი, ერთ ორბიტაზე დატრიალდეს ეს სამი სუბიექტი?
- სიმართლე გითხრათ, ალასანია ნაციონალების „გამპრავებლად“ მენანება. ის არ არის იმ წონის ფიგურა, რომ, დავუშვათ, ვიღაცის „გამპრავებლის“ როლი იკისროს. ალასანია საკმაოდ თვითმყოფადი პოლიტიკოსია თავისი ღირებული კავშირებით დასავლეთში, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ალასანია შეეცდება თავისი დამოუკიდებული თამაში ითამაშოს პროდასავლურ სივრცეში. რაც შეეხება პრეზიდენტს, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ამ თამაშებში არ ჩაერთვება, არავის მხარეს არ დაიჭერს. მისი ბოლო გამოსვლა „რუსთავი 2“-ზე ამას მეტყველებდა. ის გახლდათ საკმაოდ თავშეკავებული, იმიტომ, რომ ცეცხლზე ნავთი არ დაესხა და ესკალაციისთვის ხელი არ შეეწყო. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი არცერთი პოლიტიკური ძალის გვერდით არ დადგება და არ შექმნის თავის პოლიტიკურ ძალას არჩევნებამდე...
იმის მიუხედავად, რომ მან გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებს აქტიური პოლიტიკიდან წასვლას?
- ის 2018 წლამდე ისედაც აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული, მერე წავა თუ არ წავა, საზოგადოების გადაწყვეტილებაცაა. რაც შეეხება ზოგადად, ყველაზე ჭკვიანი გადაწყვეტილება მისი მხრიდან იქნებოდა ის, რომ დარჩენილიყო მიუკერძოებელ არბიტრად. წინასაარჩევნო პერიოდში და განსაკუთრებით, არჩევნების შემდგომ, ეს განსაკუთრებით სჭირდება ქვეყანას. რას ეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ ეს ერთია, მაგრამ რა პოზიციას დაიჭერს ალასანია, პრეზიდენტი თუ სხვა პარტია, ეს მათი არჩევანია და ქვეყნის ბედ-იღბალზე სერიოზულად იმოქმედებს. მარგველაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკური სიმპატიების გამოხატვას არავის მიმართ არ აპირებს.
თქვენ ახსენეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად შეეცდება ხელისუფლების შეცდომების ნუსხის გაზრდას, რატომ თამაშობს „ქართული ოცნება“ მათ თამაშს, რისი ბრალია ეს, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობის, მენეჯმენტის თუ არაპროფესიონალიზმის?
- ბოლო პერიოდში ხელისუფლების შეცდომების გაზრდა განპირობებულია იმით, რომ ის მაქსიმალურად ცდილობს, საზოგადოების თვალში მიწებებული „უსუსრობის“ და „უუნაროს“ იმიჯი მოიშოროს. არჩევნებში ამომრჩეველი ხმას აძლევს ძლიერს, ეს ელემენტარული აქსიომაა. როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ, როცა ერთ ლოყაში ურტყამენ, მეორე ლოყა აღარ მიუშვირონ და საზოგადოებაში ძლიერი ხელისუფლების იმიჯი მოირგონ. ძლიერ და ავტორიტარულ ხელისუფლებას შორის ზღვარი ბეწვის ხიდზე გადის და აქედან გამომდინარე, ძალიან სახიფათოა ეს თამაში. როცა იწყებ ძლიერი ხელისუფლების იმიჯის მორგებას, ერთი ფეხის გადაცდომაა საჭირო, რომ ძლიერიდან ავტორიტარად აღმოჩნდე. როგორც ჩანს, ხელისუფლება თვლის, რომ მას სხვა გამოსავალი არ აქვს, მაგრამ როცა ისეთი ძლიერ უხერხული ოპონენტი გყავს, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, იდეასთან თამაში შეიძლება ძალიან ცუდად მოგიბრუნდეს იმ ფონზე, როცა დასავლეთი, არ ვიტყვი რომ ჩასაფრებულის პოზიციაშია, მაგრამ მაქსიმალურად კრიტიკული თვალით აკვირდება საქართველოს. ამიტომ, მათ ყველა ნაბიჯს გაფართოებულ შუშაში გაატარებენ და შეცდომების დაშვების ალბათობაც ძალიან მაღალია.
ის, რაც ვიხილეთ მედიასთან ურთიერთობაში ან ფეხბურთის ფედერაციაში, გასაგებია - არ უნდოდათ ლოკალური, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების წაგება, მაგრამ შეიძლებოდა ამ სიტუაციის ისე მოგვარება, რომ მაინც და მაინც საარჩევნო დღეს არ გადაწყვეტილიყო პრეზიდენტის ბედი და ასეთი განსახილველი თემა არ გამხდარიყო, იმიტომ, რომ მერე ამას ყველაფერს სხვა ინტერპრეტაცია ეძლევა. მთავარია, ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ დასავლეთის ზურგი არ დაკარგოს და ნეიტრალური დამკვირვებლიდან ის მოწინააღმდეგედ არ აქციოს. ხელისუფლება რომ დასავლეთის ფავორიტი არ არის, ეს ცხადია. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დარჩენილ ერთ წელიწადში, დასავლეთის ნეიტრალური მდგოამრეობა უარყოფითისკენ არ შეცვალოს.
ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის. ახლა რისი იმედი აქვთ?
- ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკის, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა და ხელისუფლების შეცდომების. ამასთანავე, დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერის, ამასთანავე იმის, რომ სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით დაღლილი საზოგადოება, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისევ ოპოზოციურ კონგლომერატს დაუჭერს მხარს. არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ოპოზიციურ კონგლომერატს. ეს შეიძლება გამოსავალიც იყოს მათთვის, რადგან ისინი წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი. არჩევნების შემდგომ შეიძლება ვიხილოთ ასეთი კონფიგურაცია ან არჩევნების შედეგების გაპროტესტების ჟამს. ისინი ყველა ტაქტიკას გამოიყენებენ, რომ მისაღები გახდნენ საზოგადოებისთვის. ერთი რამ ცალსახაა, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ამიტომ მათ რჩებათ ერთადერთი - რევოლუციური გზა, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე და ხელისუფლების იმგვარ შეცდომებზე გადის, რომელიც მონათლული იქნება ავტორიტარიზმად და დასავლეთის მხრიდან ამ ხელისუფლების მიუღებლობას გამოიწვევს. ამიტომ ხელისუფლება მაქიმალურად ფრთხილად უნდა იყოს.
ყოველი არჩევნების წინ აქტიურდება თემა მესამე ძალის გამოჩენის შესახებ. არის თუ არა შესაძებელი, რომ 2016 წლის არჩევნების წინაც გამოჩნდეს მესამე ძალა ან კოალიცია შეიკრას?
- პრინციპში, ამ არჩევნებისადმი საზოგადოების მოლოდინი საკამოდ მაღალია, ყოველ შემთხვევაში, იმ ამომრჩევლის, რომელსაც საკუთარი ფავორიტი პარტია არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ბევრს გაუჩდეს სურვილი ახალი პარტიის შექმნის და ჩვენ ვიხილოთ რამდენიმე „კვაზი პარტია“ ასპარეზზე გამოსული. მე როგორც ვიცი, რამდენიმე ცნობად სახეს აქვს ამის სურვილი, ზოგს ცალ-ცალკე და ზოგს ერთად. როგორ განვითარდება მოვლენები, ეს სხვა თემაა, საბოლოო ჯამში, ეს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს, იმიტომ, რომ მოხდება ელექტორატის დაქსაქსვა.
დღეს დასავლურ ფლანგზე ორი გამოკვეთილი ძალაა- ნაციონალები და ალასანია და პროდასავლურ ამომრჩეველს, მათ შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, პლუს „ქართული ოცნება“, თუკი მასში რესპუბლიკელები დარჩებიან. თუკი საარჩევნოდ ახალი პროდასვლური ძალები შემოვლენ, ხმები გადანაწილდება და ასეთ შემთხვევაში, ყველას უმცირდება პარლამენტში მოხვედრის შანსი და თუ მოხვდებიან, უფრო მცირე რაოდენობით, ვიდრე ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენამდე. იგივე შეიძლება ითქვას პრორუსულ ფლანგზე და საბოლოო ჯამში, ვინც შევა პარალმანეტში, შევა უფრო მცირე რაოდენობით, ვიდრე შევიდოდა დღეს არსებული ვითარების შემთხვევაში. რაც უფრო ნაკლები დეპუტატით შევა ესა თუ ის პარტია საკანონმდებლო ორგანოში, მით უკეთესი ხელისუფლებისთვის, რომლისთვისაც უფრო გაადვილდება ამ პოლიტიკურ ძალებთან ვაჭრობა და მათი მართვა.
ანუ, ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში აწყობს ახალი ძალის გამოჩენა ასპარეზზე?
- არა, მე ვამბობ „კვაზ“ პოლიტიკურ პარტიებზე, დღეს რომ არიან ისეთივე პოლიტიკურ პარტებზე. თუ რეალური ლიდერი გამოჩნდა და საზოგადოების რეალური მობილიზება დაიწყო, ეს სრულიად სხვა თემაა. თუმცა, მე ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. ვნახოთ, თუ ვინმეს აქვს პოლიტიკაში შემოსვლის სურვილი, ის უნდა შემოვიდეს იანვრამდე. იანვრის მერე ძალიან მცირე დრო რჩება. იანვარში ისეთი ფინანსებით და ისეთი ადამიანური რესურსით უნდა შემოვიდეს და პლუს, ისეთი საარჩევნო გამოცდილება უნდა ჰქოდეს, რომ ცხრა თვეში შეუძლებელი შეძლოს. ამ შემთხვევაში, ფაქტიურად, საუბარია ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ფინანსების მქონე ადამიანზე.