„შემდეგი მინისტერიალი გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“

„შემდეგი მინისტერიალი გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მინისტერიალი გაიხსნა. მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მიერ სირიაში ბოლო დროს განხორციელებული ავიათავდასხმებია. მინისტერიალის ფარგლებში გიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 28+1 ფორმატში. ბრიუსელში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ქართველი მინისტრებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალურ მდივანთან.

შეხვედრაზე იენს სტოლტენბერგმა მკაფიო მესიჯები გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„გასულ წელს ნატო-მ და საქართველომ პარტნიორობის კუთხით დიდ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენ ახალი სასწავლო ცენტრი გავხსენით, რომელმაც პირველ წვრთნას უკვე უმასპინძლა. ჩვენ ახლა მომავალ წელზე და ნატო-სა და საქართველო შორის შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე ვიფიქრებთ. საქართველო ნატოს უაღრესად ღირებული პარტნიორია. მე ახლახან ვეწვიე საქართველოს და გავხსენით ახალი სასწავლო ცენტრი. იგი ნაწილია არსებითი პაკეტისა, რომელიც ჩვენ ქართველებთან ერთად შევიმუშავეთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ძალიან იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ საქართველოს კომუნიკაცია ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ნატო-ს შტაბბინაში ასეთი ინტენსიურია. თინა ხიდაშელის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შენობაში ინტენსიური საუბრები მიმდინარეობს საქართველოზე. ხიდაშელის თქმით, პოზიტიური იქნება დეკემბრის მინისტერიალი და მაღალი ალბათობით შემდეგი მინისტერიალი გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ნატო დაადასტურებს, რომ ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადებულია, ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მოხდება, რაც ძალიან დიდ ოპტიმიზმს აძლევს საქართველოსაც. ბუნებრივია, რომ შემდეგი ეტაპი ჩვენთვისაც ნატოსთან ურთიერთობის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად გარანტირებული იქნება“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპტიმისტურად უყურებს ვარშავის სამიტს და გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო დაბრუნდება ვარშავიდან, იქნება ძალიან მარტივი, ადვილად აღქმადი და ადვილად გასაგები და არ დატოვებს მანიპულირების და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

„მთავარი ეს არის, რომ ჩვენ გადავიდეთ თვისობრივად სხვა ტიპის ურთიერთობებზე და გავაქროთ ბარიერები საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, რომელიც დღეს გვაქვს“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან დეკემბრის მინისტერიალის მომზადების პროცესზე და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა მოხდეს აზრის კონსოლიდაცია საქართველოს შესახებ, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ნატო-ს გზაზე და რა თქმა უნდა, ვარშავის სამიტისთვის მომზადების პროცესზე.

„განვიხილეთ ასევე უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში. გენერალურმა მდივანმა აღგვითქვა მაქსიმალური დახმარება იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს ნატო-ს წევრ ქვეყნებში აზრის კონსოლიდაცია საქართველოს პროგრესის აღნიშვნის კუთხით. თუ რა სახით იქნება ეს პროგრესი აღნიშნული, იქნება ეს MAP თუ სხვა, ამას რა თქმა უნდა, დრო გვაჩენებს.

ჩვენი მოვალეობაა, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, MAP არის ის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო უნდა მოელოდეს, თუმცა საბოლოო მიზანი არის ნატოს წევრობა და ეს არის ყველაზე მთვარი. რასაც ჩვენ ხაზი გავუსვით არის, რომ საქართველოს მთავრობისთვის ნატოს წევრობა რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად პოლიტიკურ დღის წესრიგში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, რთული იქნება ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის კონსოლიდაციის მიღწევა, თუმცა საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად აისახოს და ვარშავის სამიტზე მიღებული შედეგი იყოს გაცილებით უფრო მეტი, რაც დღეს გვაქვს.

ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი, კურტ ვოლკერ ამბობს, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო ან უკრაინა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - MAP-ის მინიჭებას არ უნდა ელოდეს.

„თუმცა, რაც უნდა ვნახოთ, ეს არის ნატო-საქართველოს კომისიის და ნატო-უკრაინის კომისიის საშუალებით პარტნიორობის გაგრძელება, რაც ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიც არის უსაფრთხოების სექტორი, წვრთნების და დაგეგმარების ყოველწლიური ეროვნული გეგმა. საქართველოს ადგილას ვეცდებოდი ნატოსთვის მაქსიმალურად მოვმზადებულიყავი, რათა ნატო-სა თუ ევროკავშირში გაფართოების შემთხვევაში, ვითარების შეცვლისთვის საქართველო მზად იყოს“, - ამბობს კურტ ვოლკერ.