„ნუ გვიკვირს, რომ ჩვენს ნაცვლად რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე სხვა არ საუბრობს“

„ნუ გვიკვირს, რომ ჩვენს ნაცვლად რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე სხვა არ საუბრობს“

"საქართველოს ამოცანა, მიზანი, სწრაფვა, ოცნება არ არის MAP-ის მიღება, ეს არის ანბანური ჭეშმარიტება, საქართველოს მიზანი, ამოცანა, სწრაფვა არის ნატო-ში გაწევრიანება“, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ნატო-ს შტაბბინაში ქართველ ჟურნალისტებთნ საუბრისას.

„სახელი რა დაერქმევა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, პირადად, არის, რომ საქართველო ვარშავის შემდეგ გამოვიდეს იმ ეტაპზე, სადაც აღარ იარსებებს შუალედური ნაბიჯი ჩვენს ქვეყანასა და ნატო-ს შორის. შესაბამისად, როდესაც ვამბობ, რომ MAP არ არის ჩემი ამოცანა, სწორედ ამას ვგულისხმობ“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, თუ საქართველო MAP-ს მიიღებს, ეს შუალედური ნაბიჯი უკვე ქრება და საქართველოს პირდაპირ შეუძლია დაიწყოს მუშაობა წევრობაზე.

რამდენად დიდია ჩვენი პერსპექტივა, მაშინ, როდესაც ამ მიმართულებით საქართველოს ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ქვეყანა აშშ, საქართველოს უკვე აღარ ახსენებს უკრაინის გვერდით რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში, ამ თემაზე საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი, ექსპერტი, გიორგი მუჩაიძე გვესაუბრება.

თავდაცვის მინისტრის გამოსვლები მუდამ გამოირჩევა ენთუზიაზმითა და რწმენით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს ხელშესახები წინსვლა ექნება. არსებული ფაქტები იძლევა ასეთი მოლოდინის იმედს?

- ჩვენი შანსები გამომდინარეობს იქიდან და იმდენად გაიზრდება, რამდენადაც გავააქტიურებთ ნატოსთან აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციას, შესაბამისი რეფორმების გატარებას არა მხოლოდ თავდაცვის სექტორის, არამედ დემოკრატიული რეფორმების კუთხით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რამდენად გავააქტიურებთ მუშაობას როგორც მომხრე, ასევე სკეპტიკურ პარტნიორებთან, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. ამაზე იქნება დამოკიდებული ის წინსვლა, რასაც შეიძლება, ვარშავის სამიტზე მივაღწიოთ.

ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ დემოკრატიულ რეფორმებზე არ არის დამოკიდებული, მოგვანიჭებენ თუ არა მაპ- ან მიგვიღებენ თუ არა ნატოში. რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, რეგიონალური პოლიტიკის კონტექსტში რამდენად არის მომწიფებული საამისოდ სიტუაცია?

- ნატო გადაწყვეტილებას იღებს წევრების კონსენსუსით, ანუ 28 წევრმა უნდა დაადასტუროს თავისი გადაწყვეტილება და არავითარი მესამე, ანუ ნატოს არაწევრი ქვეყანა ამაში მონაწილეობას არ მიიღებს.

რაც შეეხება იმ წინაპირობებს, რომელიც უნდა შეიქმნას ნატოში გასაწევრიანებლად - სტრატეგიული კუთხით საქართველოს ჩართვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ინტერესი ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის მიმართ უფრო იზრდება და რაც მეტი იქნება აღქმადობა საქართველოსი, როგორც ევროპის ცივილეზებული სამყაროს, დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილის, მით მეტად გაიზრდება ჩვენი შანსი. სწორედ ამ აღქმადობას აამაღლებს და ინტერესს გაამყარებს ის დემოკრატიული რეფორმები, რომელსაც მოიცავს საშინაო დავალებების შესრულება.

გარდა ამისა, მნიშველოვანია აქტიური მონაწილეობა ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, ამ კუთხით საქართველოს ძალიან კარგი გამოცდილება და შენატანი აქვს გაკეთებული. ამას თითქმის ყოველდღიურად აღნიშნავენ ჩვენი პარტნიორები. საჭიროა მეორე ნაწილის შესრულებაც, ანუ რეფორმების ნაწილის.

კონკრეტულად როდის გამოჩნდება ის გეოპოლიტიკური ფანჯარა, როდესაც კონსენსუსი შედგება და გადაწყვეტილება მიიღება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩვენი რეფორმებით და როგორც მტკიცე პარტნიორის მიერ სერიოზული კონტრიბუციის დაწესებით, შეიძლება, როდესაც ეს ფანჯარა გაიხსნება, დავაჩქაროთ ჩვენი გაწევრიანების პროცესი.

როგორ ფიქრობთ, ჩვენი დამსახურებაა, რომ ობამას საქართველოდაავიწყდათუ უბრალოდ, ამერიკას ამ ეტაპზე არ აწყობს ჩვენი პარტნიორობის ხაზგასმა?

- ამ საკითხის წამოწევა და საერთაშორისო ასპარეზზე დაყენება დამოკიდებულია ჩვენს აქტიურობაზე. ამასწინათ პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ამერიკის რადარებიდან საერთოდ გამქრალია საქართველო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა არ არის საკმარისი და ამ მხრივ ძალზე სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი. ვიმედოვნებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ინტენსიურად იმუშავებს როგორც ამერიკის, ასევე ჩვენს სხვა ნატოელ პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში.

სწორედ ამიტომაა საინტერესო, თუკი საქართველო ამერიკის რადარებიდან ნელ-ნელა ქრება, ამერიკა, რომელიც იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიმარულებით პასიურდება? ჩვენი შანსები ვარშავის სამიტზე რა კონტექსტში გაიზრდება?

- როდესაც საქართველოს მთავრობა, იგივე, რუსეთის თემატიკას, ანუ პრობლემურ თემებს, მაგალითად, ოკუპაციას, აქტიურად არ აყენებს სართაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ამერიკასთან, როდესაც საზღვრის გადმოწევისა თუ ადამიანების თითქმის ყოველდღიურად გატაცების ფაქტებს რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკების კონტექსტში განიხილავს და ამაზე დაამყარებს იმედებს, რატომ უნდა ველოდოთ აქტიურობას დასავლეთის მხრიდან?! ჩვენ თვითონ თუ არ წამოვწევთ ამ თემებს საერთაშორისო დღის წესრიგში, სხვა ამას ჩვენს მაგივრად არ გააკეთებს.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე ყოველდრიურად, მათ შორის, ამერიკასთან, რომელთანაც გვაქვს სტრატეგიული ქარტიის ფორმატი. ამ ყველაფერს თუ არ გავაკეთებთ, მაშინ ნუღარ გაგვიკვირდება, რომ „რომის პაპზე მეტი კათოლიკე არავინ არის“ - მხოლოდ ჩვენს მიერ საკითხების წამოწევა მოგვიტანს დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას.

დავუშვათ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ მიმართულებით გააქტიურდეს, პირველ რიგში რა ნაბიჯებია გადასადგმელი?

- არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, არამედ მთავრობიდანაც უნდა იყოს ეს გზავნილი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის მხრიდან. უნდა წამოიწიოს რუსეთის მხრიდან არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების თემები ორმხრივ ფორმატებში ჩვენს მხარდამჭერებთან; შესაბამისი სტრატეგია შემუშავდეს საქართველოს მომხრეთა მხარდაჭერით, რომ კრიტიკული მასა რუსეთის სტრატეგიის მიმართ გაიზარდოს.

გარდა ამისა, ჩვენი საშინაო დავალებების შესრულებისას მეტი არგუმენტები უნდა მივცეთ მხარდამჭერ ქვეყნებს, ვგულისხმობ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ასევე, აშშ-ს, რომ კრიტიკულ ქვეყნებთან სასაუბროდ მათ უფრო მეტი არგუმენტაცია მიეცეთ.

როდის შეიქმნება ფანჯარა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, ძნელი სათქმელია. ბალტიისპირელებიც ანალოგიურ სიტუაციაში იყვნენ, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკისა და მუდმივი კონსულტაციების მეშვეობით მიაღწიეს ჯერ MAP-ის მიღებას, ხოლო შემდეგ, ნატოში გაწევრიანებას. ეს გავლილი გზაა და მათი გამოცდილების გაზიარება ძალზე სასარგებლო იქნება.

ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან აქტიურობა ჯერჯერობით არ ჩანს, ამიტომ ის შედეგები, რაც სახეზეა, ნუ გაგვიკვირდება.

დავუშვათ, ამ პასიური პოლიტიკით საქართველოს თემა სულ უფრო გაფერკთალდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე, ასეთ შემთხვევაში რა საფრთხეები შეიძლება გააქტიურდეს?

- საქართველო არ გამქრალა ნატოს რადარებიდან, ამას მოწმობს ორიოდე თვის წინ ერთობლივი წვრთნების სასწავლო ცენტრის შექმნა. საქართველოში ჩამოსული იყო ნატოს გენერალური მდივანი და სხვადასხვა მინისტერიალებზე მუდმივად ცხადდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა. სახეზე გვაქვს ნატოს ჩართულობა საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირების საკითხებში და ა.შ.

იმისათვის, რომ კიდევ ერთი ეტაპით მაღლა ავიწიოთ და გვქონდეს მეტი წარმატება MAP-ის მიღების სახით, ამისთვის საჭიროა მეტი აქტიურობა, აღებული ვალდებულებების სწრაფად და ეფექტურად შესრულება.

სამწუხაროდ, ის ხარვეზები, რაც არსებობს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით, უსაფრთხოების სექტორის არასაკმარისი დემოკრატიული მოქნილობის თუ ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით, არანაირად არ უწყობს ხელს ჩვენს მიზანს. თუ გვსურს, რომ ამ მიზნისკენ სწრაფად წავიდეთ, მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვახდინოთ ამ პრობლემების დარეგულირება.