„2003 წელს „ნაციონალური მოძრაობას“ ჯერ კიდევ ენდობოდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, არ იყო ასეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორც ახლაა და მისი ლიდერიც საზოგადოებაში გარკვეული ნდობით სარგებლობდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, დღეს ვითარება შეცვლილია, მცირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების რაოდენობა.
for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
ბატონო ზაალ, დღეს ქვეყანაში არსებობს იმის წინაპირობა, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? მოგხესნებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს ვადამდელ არჩევნებს და ამ საკითხის ირგვლივ კონსულტაციებს იწყებს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან...
ზაალ ანჯაფარიძე: ჩვენი კონსტიტუცია არეგულირებს ამ საკითხს. იმისათვის, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, არსებობს წინა პირობები. დღეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საფუძველს მე ვერ ვხედავ. მოდით და ერთი წუთით წარმოვიდგონოთ, რომ დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წარმოუდგენელია, მათ რამე წარმატების მიღწევა შეძლონ.
თუკი შანსი არ აქვთ, მაშინ გაუგებარია რა მოტივით ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს?
- ჩემი ვარაუდით, არჩევნებს ითხოვენ იმიტომ, რომ უბრალოდ, სურთ პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ ქვეყანაში. შეახსენონ მათ მფარველებს, თუ პარტნიორებს საზღვარგარეთ, რომ ისინი არსებობენ და როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია პოლიტიკურ კლიმატს ქმნიან ქვეყანაში, რომ იმდენად ძლიერი ოპოზიციური ძალაა, ითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა შიდა მოხმარებისთვისაც არის გამიზნული, თუ მხოლოდ გარე ფაქტორზე აქვთ აქცენტი გაკეთებული?
- ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ორივე ფაქტორია გათვალისწინებული. შიდა მოხმარებისთვის იმიტომ, რომ როგორც უკვე მოგახსენეთ, უნდათ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების ტემპერატურა აწიონ და გარე მოხმარებისთვის იმიტომ, რომ თავი შეახსენონ თავიანთ პარტნიორებს.
გარდა ამისა, როგორც ჩანს, მათ იმედი აქვთ, რომ ამ ბრძოლაში მხარს აუბამენ გარკვეული ოპოზიციური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და მათთან გაერთიანებით მოითხოვონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რომ ერთიანი ფრონტით შეუტიონ ხელისუფლებას.
ეს არის არარეალური გეგმა და ამიტომაც ვამბობ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა რეალობის აღქმა. თუმცა, მათ რიგებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც რეალობის გრძნობა არ ღალატობს, მაგრამ იძულებული არიან იძახონ ის, რასაც მათი ლიდერები იძახიან.
აქედან გამომდინარე, უბრუნდება ქვეყანა 2003 წელს, როდესაც ოპოზიციაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობამ“ შეძლო ხელისუფლების შეცვლა?
- სწორედ, ამიტომ იწვევს ჩემთვის დღევანდელი სიტუაცია ერთგვარ დეჟავუს, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ 2003 წელს „ნაციონალური მოძრაობას“ ჯერ კიდევ ენდობოდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, არ იყო ასეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორც ახლა არის და მისი ლიდერიც საზოგადოებაში გარკვეული ნდობით სარგებლობდა. დღეს ვითარება შეცვლილია, მცირდება მათი მომხრეების რაოდენობა.
ამ მოტივით იწვევენ საკონსულტაციოდ სხვა პოლიტიკურ პარტიებს?
- რა თქმა უნდა, მათი მიზანია სხვა პოლიტიკური ძალებიც ჩართონ ამ პროცესში, რასაც ჰქვია ხელისუფლებასთან დაპირისპირება. როგორმე მოახერხონ სხვადასხვა მიზეზით ხელისუფლებაზე განაწყებებული ჯგუფების კონსოლიდაცია და ამის ნიადაგზე შეძლონ პროცესების რევოლუციური სცენარით წაყვანა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ის, რაც იყო 2003 წელს, დღეს მისი პოლიტიკური კაპიტალი ნულზეა დასული.
თქვენ ახსენთ დაპირისპირება და რევოლუციური სცენარისკენ პროცესების წაყვანა, ანუ, დღეს „ნაციონალური მოძრაობას“ რჩება ერთად-ერთი რესურსი - შიდა დაპირისპირების აგორება ქვეყანაში?
- აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენს შეფასებაში, რომ ნაციონალების ერთადერთი რესურსია შიდა დაპირისპირება ააგორონ ქვეყანაში და ეს პროცესები დასავლეთში წარმოაჩინონ როგორც საერთო სახალხო მღელვარება. სავარაუდოდ, მათი მეგობარი მედია საშუალებების გამოყენებით მოახერხებენ, რომ ეს დაპირისპირება წარმოჩნდეს როგორც ერთგვარი პროდასავლური დემოკრატიული ძალების ბრძოლა თითქოსდა პრორუსული ხელისუფლების წინააღმდეგ.
ეს არგუმენტი საკმაოდ კარგად ჭრის დასავლეთის გარკვეულ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში. ეს გახლავთ ერთადერთი ხავსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ეჭიდება. ეს პარტია ყოველთვის იყო ორიენტირებული მღვრიე წყალში თევზის დაჭერაზე და ასე მოახერხეს 2003 წელს მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, მაგრამ არ მგონია, რომ 2015 წელს ეს მოახერხონ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ საზოგადოება ამას გულ-ხელ დაკრეფილი არ შეხვდება, ისე როგორც ეს იყო 2003 წელს.
მათი გზავნილი, რომ მთავრობის პასიურობის ფონზე რუსეთის პროპაგანდა საკმაოდ წარმატებით მოქმედებს და, რომ 2013 წელს ევრაზიის კავშირში შესვლას 11% უჭერდა მხარს, ხოლო 2014 წელს ეს რიცხვი ორჯერ გაიზარდა, როგორ ფიქრობთ, შესაბამის ნიადაგს ქმნიან იმისთვის, რომ შიდა დაპირისპირება წარმოჩნდეს როგორც პროდასავლური და პრორუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა?
- ეს არის ერთ-ერთი თემატიკა, რომელზე სპეკულირებას შეეცდება ნაცმოძრაობა და მის ორბიტაზე მოტრიალე სხვა და სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ჯერ კიდევ წლინახევრის წინ მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პრესაში გაახმაურა გეგმა, როგორ აპირებენ ნაციონალები პოზიციების დაბრუნებას პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას ფართო პროდასვლური ძალების კოალიცია, რომელშიც შევლენ არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ერთობლივად შეუტევენ დღევანდელ ხელისუფლებას. მთავრი არგუმენტი იქნება ის, რომ ეს ხელისუფლება არ არის პროდასავლური და, რომ საქართველოს უცვლის ორიენტაციას. ამის მაგალითია პერსონალურად ივანიშვილზე მიტანილი საინფორმაციო პროპაგანდისტული შეტევა, იგივე მიტინგები მის სახლთან, დადანაშაულება იმაში, რომ კულისებიდან მართავს ქვეყანას. ვხედავთ, რომ ყველა პრობლემა მის სახელს უკავშირდება და ა.შ.
როგორც ჩანს, ყველაფერი მიდის იმ გეგმის მიხედვით, რომელიც შემუშავებული აქვს ნაცმოძრაობას და რომელსაც ეტაპობრივად ახორციელებს. თუმცა, თუ დააკვირდით მათ მიერ შემუშავებულმა გეგმამ შედეგი ვერ გამოიღო, პრაქტიკულად, ყველა კომპონენტი ჩაუვარდათ. ახლა როგორც ჩანს, ახალი ინსტუმენტები აამუშავეს.