პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი „რუსულ ამბავში“ ახალგაზრდებს უფრო ენდობა, ვიდრე ბებრებს, რადგან კანონმდებელი მიიჩნევს, რომ რუსული აგენტურით დაკავებული ძველი თაობა იყო. დეპუტატი ფიქრობს, რომ როცა რუსეთს ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ამ დროს პრორუსი ხარ, ეს ღრმა უსინდისობაა.
კანონმდებელი რუსული საფრთხეების ჭრილში მომავალი პარლამენტის ბედსაც განიხილავს და აცხადებს, რომ მომავალში, ისეთი წმინდა პარლამენტი აღარ იქნება, როგორიც დღეს არის, როგორც თავად ამბობს, 150 კაციდან პრორუსული ვითომ არც ერთი არ არის, თუმცა, „გულში რუსებიც არიან“.
ე.წ. რუსულ ფრთაზე საუბრისას ბერძენიშვილი ბურჯანაძე-ინაშვილის პოლიტიკურ საქმიანობასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ ბურჯანაძე ისე იქცევა როგორც კლასიკური ქართველი, ხოლო ინაშვილი თავიდან ბოლომდე რუსული კრეატურაა, რომელიც დეპუტატის შეფასებით, უფრო უპასუხისმგებლო და ოპორტუნისტია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ადგილს ხელიდან ვინ გამოსტაცებს, როგორი პიროვნებაა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილის გარეშე, რა შანსები აქვს კოალიციას, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან ჩავწერეთ:
„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. რის მიღწევას ცდილობენ?
- იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მიაღწიო, ამას, სულ მცირე, ერთი წელი სჭირდება, ერთ წელიწადში კი ქვეყანაში არჩევნები ისედაც ჩატარდება. პოლიტიკური თვალსაზრისით, ნაციონალების ეს მოთხოვნა არასერიოზულია და ხუმრობაც კი აღარ არის. თუკი გიგა ბოკერია ამ ყველაფერს გულწრფელად ფიქრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ხანგძლივი ყოფნის მიუხედავად, ის საარჩევნო საკითხებზე აზრზე ვერ მოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ბოკერია რასაც საუბრობს, მან ძალიან კარგად იცის, მაგრამ მათ ქვეყანაში სიტუაციის ადუღება სურთ. არჩევნები მომავალი წლის ოქტომბერში ჩატარდება და მანამდე რომ ჩატარდეს, ნაციონალებს კარგი არაფერი ელით.
ხელისუფლებას შეიძლება პრობლემები აქვს, მაგრამ ეს პრობლემები იმ პრობლემებთან შესადარებელი არ არის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, რადგან „თავისუფალი დემოკრატები“ თავისი პოპულარობის პიკში არიან. ირაკლი ალასანიას გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ადგილს ხელიდან გამოღლეტს და აუტსაიდერს გახდის. ნაციონალებმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარ თავსაც რომ აჯობონ, 10 პროცენტზე მეტს ვერ აიღებენ. რიგგარეშე არჩევნები ხელს ნაციონალებს ნამდვილად არ აძლევს.
ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ვის აწყობს?
- პოლიტიკურ სარბიელზე ექვსი პოლიტიკური ძალის თამაშია. რიგგარეშე არჩევნები ხელს ბურჯანაძე-ინაშვილ-ნათელაშვილს აძლევს. ნაციონალების აგრესიული პოლიტიკა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. ჭკვიანურია „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, რომ ის ლიდერად მთელ ოპოზიციას დაუდგეს. ისინი ხელოვნურად ცდილობენ, რომ ბურჯანაძის დირექტორები გახდნენ, მაგრამ ბურჯანაძე ბოკერიას დირექტორად არ გაიხდის, რადგან ბოკერიასგან განსხვავებით, მან პოლიტიკაში ძალიან ბევრი ისწავლა. ბოკერია პერსონალურად უფრო მომზადებული კადრი რომ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არჩევადი პოლიტიკური ძალაა. ბოკერია არავის სიმპატიით არ სარგებლობს და ასეთი უბედური პოლიტიკური ფიგურაა.
თქვენ ამ კონტექსტში მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი არ დაგეთანხმებათ...
- ბოკერიას მეუღლეზე სულ სხვა აზრის ვარ. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი რომ ვიყო, ბოკერიას უკან გავწევდი და მის ცოლს წინ წამოვწევდი, რადგან იქ „დრაივი“ არის და თან ჩერგოლეიშვილის მიმართ ის დამოკიდებულება არ არის, რაც ბოკერიას მისამართითაა. ბოკერიას როგორც ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ის უსაქციელობები უნდა გაჰკვირვებოდა, რომელიც მიშა სააკაშვილმა ჩაიდინა. ეს იქნებოდა ტელევიზიებში შევარდნა და ხალხის დარბევა, თუ სხვა. ბოკერიას ეს არ ეკადრებოდა. მისი მეუღლე პოლიტიკაში არავინ არ იყო და მას ახალ სახედ წამოვწევდი. ნაციონალებს მიხეილ სააკაშვილის შეცვლის უნარი არ აღმოაჩნდათ.
თქვენ აქცენტს ნაციონალების პოლიტიკურ გეგმებზე აკეთებთ, თუმცა, მათ გვერდით არასაპარლამენტო ოპოზიციაც დგას. თქვენი ლოგიკით, თუკი ნაციონალებს ოპოზიციის ლიდერობა სურთ, დანარჩენი ოპოზიციის მიზანი რა არის?
- დანარჩენი ოპოზიცია ფიქრობს, რომ იმ რესურსით ისარგებლოს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. კერძოდ, ესაა - ფინანსები, „რუსთავი 2“ და ინტელექტუალური რესურსი. ნაციონალები ცდილობენ, რომ ოპოზიციის სათავეში აღმოჩნდნენ და ყველა დაიქვემდებარონ, ოპოზიციის ნაწილი კი, ამ ყველაფერს სათავისოდ გამოიყენებს. ამ მიმართულებით ვხედავ, „ახლებს“, რომელთა პოლიტიკური ფასი ძალიან დაბალია და ქდმ-ს, რომლის დანახვისას ნაფტალინის სუნი მცემს, რადგან ისინი თარგამაძის გარეშე არსერიოზულები არიან. ოპოზიციის გაერთიანების ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ბურჯანაძე-ინაშვილ-ნათელაშვილს სათავეში ვერ ჩაუდგება და ისინი ერთიანი პოლიტიკური პლატფორმით ვერ წარსდგებიან. ირაკლი ალასანიას ნაციონალებთან ერთად სიაში ვერ ვხედავ და ვერც მოხდება, რადგან ალასანია წაიშლება და მას ნაციონალები წალეკავენ. ალასანიას „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება მარტოსაც შეუძლია, რადგან მისი პიროვნული რეიტინგი ძალიან მაღალია. ალასანია ბოკერიასთან შესადარებელი კაცი არ არის, რადგან ის საზოგადოებაში კეთილგანწყობით სარგებლობს. რაც მთავარია, ალასანიას ბოკერიასგან და ბურჯანაძისგან განსხვავებით, უარყოფითი რეიტინგი არ აქვს.
თქვენ ამბობთ, რომ ბურჯანაძე ბოკერიას „დირექტორად“ არ დაისვამს, მაგრამ პროდასავლური კურსიდან გამომდინარე, ნაციონალებს ე.წ. რუსულ ფრთასთან - ბურჯანაძე-ინაშვილთან ყოფნა არც უნდათ...
- ქართული საზოგადოება ძალიან თავისებურია. ისინი დარწმუნებულნი რომ იყვნენ, ბურჯანაძე-ინაშვილი რუსული პარტიებია, ზოგიერთი მათგანი მათ ხმას არასოდეს მისცემდა. ინაშვილის პარტიას „პატრიოტთა ალიანსი“ ჰქვია, ანუ, ძალიან ქართული პარტიაა, რომელიც განსაკუთრებული პოლიტიკური ცინიზმით გამოირჩევა. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს, ინაშვილი გამოდის და მუსლიმანებს ახსენებს და მეორე დღეს ამბობს, რომ მუსლიმანები მისი მეგობრები არიან, რადგან საგარეჯოში მათი ხმები სჭირდება. ამასთანავე, მისი პარტიის მთავარი იდეოლოგი თარხან-მოურავი გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სომხეთის გენოციდი უნდა აღიაროს, რომელსაც ინაშვილი ეთანხმება. ის მოგვიწოდებს, რომ სომხების გენოციდი ვაღიაროთ და თან პროთურქულ მოსახლეობას მიმართავს. ასეთი ოპორტუნიზმი, რომ დღეს ერთს ამბობ და ხვალ მეორეს, იმაზეა გათვლილი, რომ ხალხი გაუნათლებელი და ბრიყვი გგონია. როგორც ჩანს, სხვა პოლიტიკურ ძალებს უნარი არ აქვთ, რომ youtube-დან ინაშვილის ანტისომხური გამოხტომები გადმოწერონ და მას აჩვენონ. მას დიდი შანსები არ აქვს.
თუმცა, ვხედავთ, რომ ქვეყანაში პრორუსული პროპაგანდა დღითიდღე ძლიერდება. ეს ყველაფერი საფრთხეებს არ შეიცავს?
- რა თქმა უნდა, საფრთხეებს შეიცავს. პირველი საფრთხე ის იქნება, რომ ისეთი წმინდა პარლამენტი აღარ იქნება, როგორიც დღეს არის, სადაც 150 კაციდან პრორუსული ვითომ არც ერთი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, გულში - რუსებიც არიან და რუსულად ხმას ვერ იღებენ. ასეთი პარლამენტი ხელოვნურია და საზოგადოების ინტერესებს არ ასახავს. თუკი საზოგადოებაში რუსეთის მოყვარულები არიან, ისინი პარლამენტში წარმოდგენილნი იქნებიან, მაგრამ ისინი საქართველოს პოლიტიკას ვერ შეცვლიან.
საგარეჯოში ინაშვილი ვერ გაიმარჯვებს და ამის გარანტიას გაძლევთ, რადგან პოლიტიკაში ვარსკვლავი შემოგვყავს. ხიდაშელი და კორძაია საქართველოს მომავალი მგონია, ვიღაცა კი ფიქრობს, რომ ქვეყნის მომავალი - ინაშვილია.
უმრავლესობაში ვინ არის ისეთი, რომელსაც „გულში რუსეთი“ აწერია?
- რეალურად, ასეთები არ არიან. საერთოდ, შეუძლებელია, რომ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ФСБ -ს აგენტურა არ იყოს წარმოდგენილი. ეს თეორიულად შეუძლებელია.
ამ მოწვევის პარლამენტში არიან?
- ალბათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ზუსტად არ ვიცით. ეს ისეთი ხალხი არ არის, რომელიც გამოხტება და იტყვის, რომ ნატო არ უნდა. როგორც წესი, ისინი გაცილებით უფრო ფრთხილები არიან და რაღაც მომენტს ელოდებიან. შეუძლებელია, ასეთი ხალხი არ იყოს, რადგან რუსეთს დიდი აგენტურა ჰყავდა. გარკვეული ასაკის შემდეგ, ეს რაოდენობა ძალიან შემცირდება. თავის დროზე, პარლამენტის წევრის ასაკობრივი ცენზის 21 წლამდე დაწევის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა თანახმა ვარ, რომ ეს ასაკი 19 წლამდე ჩამოვწიოთ.
რატომ ხართ თანახმა?
- რუსულ ამბავში ახალგაზრდებს უფრო ვენდობი, ვიდრე ბებრებს. ახალგარდებს ვასწავლი და მათი განწყობები კარგად ვიცი, მაგრამ პრორუსული ძალები მათ რიგებშიც არიან. არ მჯერა, რომ ბურჯანაძე პრორუსია. ბურჯანაძე რუსეთის იმპერიის გამტარებელი არ არის.
ამის გულწრფელად გჯერათ?
ის რუსეთს იყენებს იმისათვის, რომ პოლიტიკაში ეს ნიშა დაიკავოს.
თუმცა, ისტორიულად ამ ნიშის დაკავება, რამდენად კარგია?
- კარგი ნიშა არ არის და ბურჯანაძე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ის რუსულ საქმეს გააკეთებს. მოქალაქე რომ ვიყო, მას მაინც არ ვენდობოდი. ბურჯანაძე როგორც კლასიკური ქართველი ისე იქცევა, ამბობს, რომ პრორუსია და გულში ალბათ პროამერიკული გული უნთია. რაც შეეხება ინაშვილს, ის თავიდან ბოლომდე რუსული კრეატურა მგონია, რომელიც გაცილებით უფრო უპასუხისმგებლო და ოპორტუნისტია. მას შეუძლია დღეს ლიბერალი იყოს, ხვალ უმცირესობების დამცველი და მაზეგ ვინმეს თავში ტაბურეტკა ჩაარტყას. ასეთი უპასუხისმგებლო მოძრაობა საერთოდ არ უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ინაშვილს და მის პარტიას პოლიტიკური კლასი აკლიათ. ბურჯანაძის შემთხვევაში სხვა პრობლემებია, ინაშვილის შემთხვევაში - სხვა. კარგია, რომ ინაშვილი და ბურჯანაძე ვერ ერთიანდებიან.
ოპოზიციური პარტიების შესაძლებლობებზე აპელირებთ, მაგრამ ხელისუფლების საქმიანობას როგორ აფასებთ? - ერთი მხრივ, ლარი უფასურდება, მეორე მხრივ, პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველო რადარებიდან გამქრალია. მარგველაშვილს ამის დასტურად გაერო-ში ბარაკ ობამას გამოსვლა მოჰყავს და ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის აგრესიაზე საუბრისას ახსენა უკრაინა და არა - საქართველო...
- ბარაკ ობამას გამოსვლაში ლიტვა, ლატვია და ესტონეთი როგორ იყო წარმოდგენილი? - ისინი ძალიან დიდ საფრთხეში არიან, მაგრამ ნახსენები არ იყვნენ. საქართველო ისე იქცევა არა როგორც უკრაინა, არამედ როგორც ეს ქვეყნები. საქართველოს შედარებით ჭკვიანურად პირველად იქცევა. როდესაც ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმა იყო წასართმევი, ხუთმა ქართველმა ხმა რუსეთს წინააღმდეგ მივეცით. ამავე დროს, არ ვცდილობთ, რომ ყველგან გამოვეჩხიროთ და რაღაც ვთქვათ. ის, რომ საქართველო რადარებიდან გაქრა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ომი არ არის. რუსეთს საქართველოსთან ომი რომ შეუძლია, ეს ახალია? რუსეთს ომი ათ ფრონტზე შეუძლია, თვითმფრინავები არ ჰყავს თუ რა?! ქართული პოლიტიკა დაბალანსებული და ბრძნულია. ჩვენი პრეზიდენტისგან განსხვავებით, უცხოელი პრეზიდენტები ამ პოლიტიკას იწონებენ. ყველა შეხვედრაზე გვეუბნებიან, რომ სწორ პოლიტიკას ვატარებთ. ჩვენს პოზიციებს ყველგან მტკიცედ ვიცავთ, მაგრამ ნაციონალებივით არ ვცდილობთ, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველი იყოს. რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ამინდის პროგნოზს რომ აცხადებს, ამბობს, სირიაში ეს ამინდი დაბომბვისთვის კარგიაო. საჭირო არ არის, რომ ობამამ საქართველო იმ ადგილზე ახსენოს, სადაც სარგებელი არ იქნება. ობამას მსოფლიო საკითხები უფრო უკეთესად ესმის, ვიდრე - სხვას.
მათ შორის, არც მარგველაშვილს?
- მსოფლიო საკითხებში ობამა უკეთ ერკვევა, ვიდრე მე, წიკლაური და მარგველაშვილი. ასეა თუ ისე, მარგველაშვილი ხელისუფლების დანამატი მეხუთე ბორბალი რომ არ არის და მას განსხვავებული აზრი აქვს, ეს ხელისუფლებისთვის ძალიან კარგია. ხელისუფლება ვერც კი ხვდება, ამ დაპირისპირებიდან რა სიკეთე მოდის. ნაციონალებს იმედი უჩნდებათ, რომ პრეზიდენტს დაეყრდნობიან, მაგრამ მათ ვაფრთხილებ, რომ მარგველაშვილი იოლი და გამოსაყანებელი კაცი არ ეგონოთ. ის ყველაზე მაგარმა გამომყენებელმა ვერ გამოიყენა. მარგველაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, მან სამსახური მაშინ მომცა, როცა ამას ვერავინ ბედავდა. სამწუხაროდ, სააკაშვილმა ისეთი ქვეყანა ააშენა, სადაც მეუბნებოდნენ, კარგი პროფესიონალი ხარ, მაგრამ ლექციას ვერ მოგცემთო. მარგველაშვილი უაღრესად ჯიუტი და თვითდარწმუნებულია, რომლის გადარწმუნება შეუძლებელია. პოლიტიკურ თამაშებში მისი გამოყენება გამორიცხულია და ამას თუ ვინმე მკითხავდა, ვეტყოდი. მარგველაშვილის ამბავი არავინ მკითხა, თორემ ვიტყოდი, რომ ის იოლი კაცი არ არის.
ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა კიდეც, რომ ის შეცდა...
- ბატონი ბიძინა მარგველაშვილის ამბებით ძალიან უკმაყოფილო იყო და პიროვნულად მის ადგილზე რომ ვიყო, მეც ნაწყენი ვიქნებოდი.
ნაწყენი რატომ იქნებოდით, იმიტომ, რომ ის თქვენი გავლენის ქვეშ არ იქნებოდა?
- ივანიშვილი ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს პოლიტიკურად ენდო, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მისი მონა-მორჩილი უნდა იყვნენ. მათ შორის კავშირი გაწყდა და ეს ადამიანურად მეწყინებოდა. ბატონი ბიძინასი არ მიკვირს, რომ მას ადამიანურად ეწყინა, მაგრამ მინდა ივანიშვილი დავარწმუნო, რომ ურჩი პრეზიდენტით საქართველომ არაფერი წააგო და ასე სჯობს. მარგველაშვილი არავის სათამაშო არ გახდება და პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივისცემა სჭირდება.
კონკურენტების შესაძლებლობებზე თავისუფლად საუბრობთ, მაგრამ თქვენ ხელისუფლებას რა შანსები აქვს? 2016 წელს, უმრავლესობით მოხვალთ?
- ალბათ, ყველა ხვდება, რომ საქართველოში საკონსტიტუციო უმრავლესობა არავის არ ექნება. 2012 წლიდან დავამტკიცეთ, რომ მომავალში ისეთი პარტია აღარ იქნება, რომელიც ყველაფერს წალეკავს და 80 პროცენტს აიღებს. საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენც რომ გვქონოდა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს სასარგებლო იქნებოდა. მართალია, ეკონომიკაში პრობლემებია, მაგრამ ამას რეგიონალურ ჭრილში განვიხილავ. ეკონომიკაში გოიმი ვარ, მაგრამ გეტყვით, რომ როცა ბენზინი ძვირდება, მანქანები არ ჩანს, ხოლო როცა მცირდება, მრავლდება. ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყნის მართვა არ ვიცით, ვეფხვს კაცი შევაჭამეთ, სტიქიას ვერ ვუმკლავდებით და ა.შ. მაგრამ ლაპარაკს რა უნდა?
ოპოზიციაში ყოფნის დროს, თქვენ ამბობდით: ერთი ლარი საწვავიდან სააკაშვილის ჯიბეში მიდის, ქათმიდან ერთი ბარკალი სააკაშვილის არის და ა.შ.
- ეს ყველაფერი გარედან ასე ჩანს. საქართველო ინგლისი არ არის, სადაც ხელმძღვანელი პირები ოპოზიციონერებს იბარებენ და ნამდვილ ინფორმაციებს აძლევენ. ოპოზიციას ეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეტს იპარავდა, თუმცა, წინა ხელისუფლება უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, რადგან პარტიულ თანამშრომლებს ხელფასებს პირდაპირ ბიუჯეტიდან ურიცხავდნენ. ჩვენ გვეგონა, რომ ფულს ბენზინიდან იპარავდნენ, მაგრამ არ ვიცოდით. ჩვენ გულწრფელი ხელისუფლება ვართ და ფოკუსები არ ვიცით. რა თქმა უნდა, ნაკლი ჩვენც გვაქვს.
ხელისუფლების ნაკლად რა მიგაჩნიათ?
- წარმატებების შეფუთვა არ შეგვიძლია, მაგრამ მომავალში, ეს ნაკლი ღირსებად იქცევა, რადგან წარმატებების შეფუთვა არც უნდა შეგეძლოს. ჯანდაცვის სფეროში უზარმაზარი წარმატება გვაქვს. დაზღვევის საკითხებს ყველგან ვკითხულობ და გეტყვით, რომ საყოველთაო დაზღვევა იმ დონის არსად არ არის, რაც საქართველოშია. ბრილიანტის დაზღვევა მაქვს, მაგრამ მას ვერ ვიყენებ, რადგან ჩემი ოჯახის წევრს ძაღლმა რომ უკბინა და მეუღლემ ფეხი რომ მოიტეხა, დაზღვევის ჩვენება ვერ მოვახერხე, ვინაიდან ყველაფერი საყოველთაო დაზღვევამ დაფარა.
არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის გარეშე არჩევნების მოგება გაგიჭირდებათ?
- რა თქმა უნდა, ის არჩევნები არ იქნება, რომელიც იყო. 2012 წლის არჩევნები მიშას წინააღმდეგ იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ კოალიციას ასეთი რთული ამოცანა არ აქვს. კოალიცია გივი თარგამაძის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ მეორე მხარეს სააკაშვილი რომ იყოს, მაშინ დაფიქრება მოგვიწევდა. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი გინდა ჰყოლიათ და გინდა, არა. გიგანტომანია დამთავრდა! ბიძინამ მიშას მოუგო, რაც საოცრებაა, რადგან მე მოვკვდებოდი და კიდევ სააკაშვილი იქნებოდა, როგორც - ნაზარბაევი. ეს დრო წავიდა, ბიძინა არ იქნება და პოლიტიკური პარტიების ბრძოლა იქნება. არჩევნების გაყალბების ყველა შანსი ხელიდან გაშვებულია.
თუმცა, თუკი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების გარშემო განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ, საპარლამენტო არჩევნებზე მშვიდი ვითარება არ უნდა იყოს. კობიაშვილის არჩევამ კითხვები და ეჭვები გააჩინა...
- რეზი არველაძეს რომ გაემარჯვა, ათასჯერ მეტი კითხვა მექნებოდა.
არჩევნების წინა დღეს, დელეგატის დაკავება ნორმალურ ფაქტად მიგაჩნიათ?
- დელეგატი რომ ნარკომანია? თან ისეთი აღმოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ გაფრთხილებული ვიყავიო, მაგრამ მან ნარკოტიკული საშუალება მაინც მოიხმარა. წარმოგიდგენიათ, რა კაცია? უკაცრავად, მაგრამ ასეთები ერთეულები არ არიან. ერთადერთი დადებითია ის, რომ სუფთა კაცი მოვიდა.
კობიაშვილი შეიძლება „სუფთა კაცია“, მაგრამ ხელისუფლება საარჩევნო პროცესში რატომ ჩაერია? არჩევნებს კახი კალაძე რა სტატუსით ესწრებოდა?
- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები საპარლამენტო არ არის და ჩვენ პატიოსან არჩევნებს გპირდებით. ფეხბურთის ფედერაციას როგორც შეეძლო, არჩევნები მაქსიმალურად გამჭირვალედ ჩაატარა. ენერგეტიკის მინისტრი რომ არის კალაძე, უეფა-ზე რა გავლენა აქვს? - ნული. ასეთი გავლენა მეორე მხარესაც ჰქონდა, რადგან წლებია იქ არიან. ვის ვგულშემატკივრობდი, არასოდეს არ მითქვამს. არ მომეწონა, არჩევნები როგორ ჩატარდა, ადამიანი რომ დაიჭირეს და კარები რომ ჩაიკეტა. არც ის არ მომეწონა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებს ორთვიანი პატიმრობა რომ შეუფარდეს. ამას არავინ მეკითხება, მაგრამ მაინც ვამბობ.
თუკი ადამიანები დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფისთვის დააკავეთ, გიორგი ღვინიაშვილის ცემისთვის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ადმინისტრაციული წესით რატომ დააჯარიმეთ?
ეს ყველაფერი არ მომწონს. ამასთანავე, იმას ვერ დავეთანხმები, რომ პარლამენტში დეპუტატები არ შეგვიშვან და გვეცმონ. დასაჭერი არც იქ იყო და არც აქ, მაგრამ ხელისუფლებამ ის უნდა უზრუნველყოს, რომ დეპუტატი პარლამენტში უვნებლად შევიდეს. ქუთაისში ეს ვერ უზრუნველყვეს. იქაური პოლიცია და დაცვა რას გავდა? თქვენ ნახეთ, რა ხდებოდა? პარლამენტი ჩვენი სახლია და გაცილებით მძიმე ფაქტია ის, როცა დეპუტატს პარლამენტში არ უშვებ, რუპორს ესვრი და ტანზე შემოახევ. გოგორიშვილმა თქვა, რომ თურმე, ღვინიაშვილსა და ლორთქიფანიძეს შორის განსხვავება ცხვირის ზომა ყოფილა. მართლა? - გოგორიშვილს ეს ლაპარაკი არ ეკადრება, რადგან ცხვირი და ტრაკი ყველას გვაქვს. ეს რა ნათქვამი იყო? რომ გითხრათ, პარლამენტის ყველა წევრზე მზე და მთვარე ამომდის-თქო, ეს ასე არ არის, მაგრამ პარლამენტის წევრს ფიზიკურად არ უნდა შეეხო. არც ჩიორა უნდა ეცემათ და არც წიკლაური, რომლის საქმე უკეთესად უნდა გამოძიებულიყო. პარლამენტში რომ შევდივარ, იმის უნდა მეშინოდეს, ჟურნალისტი რა კითხვას დამისვამს და არა იმის, ვინმე ტანსაცმელს შემომახევს-თქო. ეს ყველაფერი სულ სხვა მოვლენებს მახსენებს, როდესაც ზვიადისტები ოპოზიციონერებს ხვდებოდნენ, ტანზე ახევდნენ და სცემდნენ. ამის შედეგი ის იქნება, რომ უმრავლესობის მომხრეები მოვლენ და ოპოზიციონერებს ტანსაცმელებს შემოახევენ. თუკი ამ ხალხს თარგამაძე ეუბნება, რომ დეპუტატებს ტანსაცმელი შემოახიონ, გეტყვით, რომ თარგამაძე ჭკუაზე არ არის და მისი დრო აჭარის რევოლუციის შემდეგ დასრულდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ნაფტალინი - თარგამაძე რაში სჭირდება? - „ნაციონალურ მოძრაობას“ რეიტინგი ყოველ დღე დააკლდება, როცა მათი რუპური ბოკერია იქნება.