რეჯეფ ტაიპ ერდოღანი რუსეთს აფრთხილებს, რომ თურქეთზე თავდასხმა ნატო-ზე თავდასხმას ნიშნავს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი თურქეთის სახით კარგავს მეგობარს, რომელთანაც ის ბევრ საკითხში თანამშრომლობს და უნდა იცოდეს, რომ ამით ბევრს წააგებს. რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ნატოს წევრი სახელმწიფოს, თურქეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია.
რუსულმა მხარემ ეს ინციდენტი როგორც შემთხვევითობა ისე შეაფასა, რომელიც კრემლის ინფორმაციით უამინდობით გამოწვეული შეცდომა იყო.
ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საჰაერო სივრცის ზედიზედ მეორედ დარღვევა შემთხვევითობას არ ჰგავს. იენს სტოლტენბერგი რუსულ მხარეს მოუწოდებს, თავი აარიდოს ალიანსთან დაძაბულობას.
„გარკვევით განვაცხადე, რომ ნატო, თურქეთის უსაფრთხოების მტკიცე ერთგული რჩება. მოგვიანებით მოვიწვევ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომას, რათა განვიხილოთ შექმნილი სიტუაცია. რუსეთის ქმედებებს არ შეაქვს წვლილი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში. მოვუწოდებ რუსეთს სრულად სცეს პატივი ნატო-ს საჰაერო სივრცეს და თავი აარიდოს ალიანსთან დაძაბულობის ესკალაციას. მოვუწოდებ რუსეთს მიიღოს აუცილებელი ზომები, რომ მისი ძალისხმევა გათანაბრდეს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევასთან „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.
რუსულმა ავიაგამანადგურებელმა სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია. თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავს, რომელმაც სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, გზა თურქულმა გამანადგურებლებმა გადაუღობეს, რის შემდეგაც, მან თურქეთის ტერიტორია დატოვა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ აცხადებს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში ოფიციალური ანკარა მზად არის, შეიარაღებული ძალების გამოყენების წესები აამოქმედოს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული ალიანსმა მე-5 მუხლი აამოქმედოს და გააძლიეროს თურქეთის, როგორც ნატოს წვერი სახელმწიფოს თავდაცვითი სისტემა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ის ფაქტი, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების დღის წესრიგშია, ეს მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციისთვის. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტან მაისაია ამბობს, რომ რუსეთი შეგნებულად ახდენს ძალის დემონსტრირებას, რათა თურქეთმა აქტიურობა არ გამოიჩინოს სირიის მიმართულებით. მისივე თქმით, საჰაერო სივრცის დარღვევა ერთგვარი პრევენციაა რუსეთის მიერ, რადგან რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.
„ეს არის პრევეცნია. CNN-ის ინფორმაციით რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. როგორც ირკვევა მომდევნო კვირას რუსეთი იწყებს სახმელეთო ოპერაციას და ამ გზით ცდილობენ როგორმე შეაჩერონ თურქეთის შეიარაღებული ძლების მოქმედება ჩრდიოლეთ სირიაში და ჩრდილოეთ ერაყში. ეს ერთგავრი ძალის დემონსტრირებაა რუსეთის მხრიდან.
ამ შემთხვევაში ალიანსი ალბათ გამოყოფს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტებს და გააძლიერებენ თურქეთის საჰაერო სივრცეს. სწორედ ამ მიმართულებით აამოქმედებს მე-5 მუხლს, რომ გააძლიეროს თურქეთის, როგორც ნატოს წვერი სახელმწიფოს თავდაცვითი სისტემა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს და მხოლოდ ავიადარტყმებით შემოიფარგლება. თუმცა, CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად რუსეთი სირიაში ჯარისკაცებსა და შეიარაღებას აგზავნის. რამდენიმე კვირის წინ კი, რუსეთმა სირიის პორტ ლატაკიაში 6 საარტილერიო დანადგარი გააგზავნა.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ რუსეთი არ ითვალისწინებს საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმებს. აქედან გამომდინარე ვარაუდობს, რომ აღნიშნულ შეიარაღებას რუსეთი სახმელეთო ოპერაციაში გამოიყენებს.
„რუსეთი ამტკიცებდა, რომ არ აპირებდა სირიაში სახმელეთო ოპერაციების დაწყებას, მაგრამ ამ მიმართულებითაც ცვლის თავის გეგმებს. რუსეთი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევით დასავლეთს ეუბნება, რომ ყველაფერზეა წამსვლელი და მზად არის შეგნებულად დაარღვიოს საერთაშორისო უსაფრთხოება. რუსეთი იქმნის იმიჯს როგორც ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მარტო ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“. ეს კურსი აქვს აღებული და რუსული პროპაგანდისტული არხებიც ამაზე მუშაობენ.
არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სირიაში თითქოსდა შემთხვევით დაარტყას ალიანსის რომელიმე წევრი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს და ამაშია დღეს მთავარი პრობლემა. ახლა მთავარია რა რეაგირებას მოახდენს დასავლეთი იმისთვის, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს და ახალი ფრონტი არ გაიხსნას ახლო აღმოსავლეთში. სამწუხაროდ, ეს დილემა დგას დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. ფაქტიურად, ძალიან სახიფათო სიტუაციას ქმნის რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.