რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა?

რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა?

ამ საკითხის ირგვლივ დღეს ბევრი მითქმა-მოთქმაა და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ითხოვს სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას 2008 წლის აგვისტოს 3 დღიანი ომის შესახებ. ყველამ ვიცით რომ ომი რუსეთმა დაგვიწყო და ამას არ სჭირდება გამოძიება. საინთერესოა ის, თუ რატომ წავაგეთ ომი 3 დღეში?! გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გავერკვიოთ იმაშიც, თუ რატომ ჩაბარდა კოდორის ხეობა ტყვიის გაუსროლებლად და ვინ იყო დაინტერესებული ისტორიული სახელწოდების ზემო აფხაზეთად შეცვლის?!

ამ საკითხის ამოწევამ და გამოძიების ჩატარების აუცილებლობამ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან გააღიზიანა. მთავარსარდალი საერთოდ კატეგორიულად გამორიცხავს რომ მან ითანამშრომლოს გამოძიებასთან. – „მე არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ!“ - აი ეს განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოსაძიებლად სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ. სამწუხაროდ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ სურს რომ საზოგადოების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე გავიგოთ.

იმ დროს ეროვნული გვარდიის სენაკის მე-2 ბაზის 213-ე ბატალიონის მეთაურად ვსმახურობდი, როცა ომი დაიწყო. ჩვენი ბაზა რუსეთის ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა და მსხვერპლიც იყო. კოდორის ხეობიდან დამირეკა მაშინდელმა ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურმა და მთხოვა, რომ ხეობიდან გამოსასვლელი გზა მესწავლებინა სენაკიდან კოდორში ტელეფონის საშუალებით. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ იმ ადამიანს, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ, სპეციალური მომზადება აშშ-ში  ჰქონდა გავლილი. ამ დონის მეთაურები იყვნენ იმ დროს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ქვედანაყოფის მეთაური, რომელიც უბრძოლველად ტოვებდა ტერიტორიას, ვერ გამოდიოდა იმ გზით, საიდანაც შევიდა. იქ მხოლოდ ერთი გზა არსებობს შესასვლელიც და გამოსასვლელიც. მეორე გზა სოხუმის მიმართულებითაა და ამჟამად დაკეტილია.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გავიგეთ, რომ რუსული კოლონები აფხაზეთის მხრიდან წინააღმდეგობის გარეშე შემოვიდნენ ზუგდიდში. ჩემმა მეგობარმა და თანამშრომელმა, სოსო გოგუამ დამირეკა და ამის შესახებ გამაფრთხილა, რომ დროზე დაგვეტოვებინა სენაკის ბაზა, თორემ რუსები უკვე ზუგდიდიდან სენაკის მიმართულებით დაიძრნენ. ჩვენც იძულებული გავხდით, რომ სენაკიდან გადაგვენაცვლა აბაშის რაიონის სოფელ წყემში. ჩვენი გასვლიდან დაახლოვებით საათ-ნახევარში, ანუ 18 საათისთვის, სენაკის ბაზა უკვე რუსებმა დაიკავეს და დიდძალი იარაღი ჩაიგდეს ხელში.

იმ დროს რუსების მეორე დაჯგუფება  სვანეთისკენ წავიდა. ფაქტიურად მათი სამიზნე კოდორის ხეობა იყო და ჩემი სოფლის, ხაიშის გავლით და შემდეგ ჭუბერით, კოდორის ხეობა ალყაში მოაქციეს. 2008 წლის 12 აგვისტოს ოპერაცია რუსი და აფხაზი სამხედროების მიერ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული იყო, რასაც ჩვენი მხარე ვერ დაიკვეხნის და შედეგიც სახეზე გვაქვს. იმ დროს კოდორის ხეობაში შსს-ს რამდენიმე სპეცდანაყოფი იდგა. ოპერაციის მთავარი აქცენტი რეგულარული საჰაერო დარტყმებით ხეობაში განლაგებული ქართული ქვედანაყოფების საბრძოლო სულისკვეთების და ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებაზე გაკეთდა. ამ მიზნით რუსები ხეობას საავიაციო დარტყმებს რეგულარულად აკეთებდნენ. გარდა ამისა, ბრძოლაში ჩართული იყვნენ აფხაზური არმიის ნაწილები და ისინი სახმელეთო დარტყმებს ახორციელებდნენ.

ამ დროს, პარალელურად, ქართულ ქვედანაყოფებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოსახდენად მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცხინვალი რუსეთის არმიამ დაიკავა და გრძელდებოდა შეტევა თბილისის მიმართულებით.

ჩემი მეგობრის, პოლკოვნიკ ნუგზარ ფანგანის მონათხრობით, 10 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ პირველად სოფელი აჟარა დაბომბა. ამის შემდეგ სხვა სოფლებიც რეგულარულად იბომბებოდა. რუსული სამშვიდობო ძალების სარდლის, გენერალ-მაიორ სერგეი ჩაბანის გაფრთხილების შემდეგ, გაეროს 15-მა დამკვირვებელმა ხეობა დატოვა. სერგეი ჩაბანმა დამკვირვებლებს უთხრა, რომ რუსები აფხაზურ ფორმირებებს ვერ აჩერებდნენ და ამის გამო მათ საშიშროება ემუქრებოდათ. საინტერესოა, ეს დამკვირვებლები საერთოდ რას აკეთებდნენ და ოდესმე თუ მოჰყოლია რაიმე კონკრეტული შედეგი ცხელ წერტილებში მათ ყოფნას?! ჩემი აზრით - არც არაფერი.

იმ დროს თბილისში მოკალათებული აფხაზეთის მთავრობა, წესით და რიგით, კოდორის ხეობაში უნდა ყოფილიყო  განლაგებული. მოხდა ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი ბატალიონი დაშალეს და იქ თბილისიდან ჩაიყვანეს სხვადასხვა ქვედანაყოფები, რომლებიც მტერმა იქიდან ისე გამოაძევა, რომ ზოგიერთი გამოსასვლელსაც ვერ აგნებდა. არადა, უნდა შეექმნათ ადგილობრივებისგან ერთი ბატალიონი და ეს ბატალიონი უნდა დაეკომპლექტებინათ გამოცდილი მეომრებით. ის ხალხი, რომელიც განაიარაღეს და უნდობლობა გამოუცხადეს, წლების განმავლობაში მედგრად იცავდა კოდორის ხეობას. ამ უნდობლობამ და ხელისუფლების მხრიდან ზერელე, არაპროფესიონალურმა მიდგომამ დაგვაკარგვინა ასეთი სტრატეგიული ადგილი.

500 კაცისგან შემდგარი ბატალიონი, რომელიც გაივლიდა შესაბამის წვრთნას მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი იქაური მაცხოვრებელი ომში გამოცდილი იყო და თუ მაინცდამაინც საჭიროდ ჩათვლიდნენ, მეთაურად ან მოადგილედ დანიშნულიყო თბილისიდან ვინმე. მაგრამ რაღაცნაირად იმ დროს ისეთი ინფორმაციები ვრცელდებოდა, რომ იქ მცხოვრებების უდიდესი ნაწილი იყო კრიმინალი და უნდა მომხდარიყო მათი განეიტრალება. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი უსაფუძვლოდ გავრცელდა. ხეობაში სპეცოპერაცია რომ ჩაატარეს, მაშინ დააკავეს მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვადასხვა ბრალდებით და მერე ფაქტების დაუმტკიცებლობის გამო გაათავისუფლეს მათ 95%. რატომღაც მოხდა ისე, რომ დამნაშავეების დიდი ნაწილი გაექცათ და ნაწილი თურმე დაასაქმეს ხეობაში შესვლისთანავე. უნდა ითქვას, რომ ბევრი კარგი საქმეც გაკეთდა: აშენდა რამდენიმე სკოლა, გზები და ხიდები აიგო. მნიშვნელოვანი იყო ჭუბერი-კოდორის გზის ხელახალი გაკეთება, რომელიც ზამთრის პერიოდში ჩაიკეტებოდა და 5-6 თვე ხეობა მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს.

კოდორის ხეობა სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი იყო და აქიდან გამომდინარე სამხედრო თვალსაზრისით ყველაფერი წვრილმანებამდე გათვლილი უნდა ყოფილიყო მის დასაცავად. სამწუხაროდ ასე არ მოხდა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ამბობენ იმასაც, რომ თითქოს კოდორის ხეობიდან უბრძოლველად გამოსვლა ქართულ ქვედანაყოფებს იმიტომ უბრძანეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსები თბილისის დაბომბვით იმუქრებოდნენ. მაშინ ჩნდება კითხვა - რისთვის შეიყვანეს ამდენი ქვედანაყოფი, თუ ხეობას მტრისგან არ დაიცავდნენ? რატომ შეზიდეს ამდენი იარაღი და ტყვია-წამალი იქ და მერე იძულებული გახდნენ, რომ ნაწილი გაენადგურებინათ და ნაწილი კი მტრის ხელში გადავიდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ რიგითი მებრძოლები და საშუალო რგოლის მეთაურები სიმწრისგან ტიროდნენ და ისე გამოდიოდნენ. მათ არ უნდოდათ ხეობის უბრძოლველად დატოვება. ისინი ნამდვილი პატრიოტები და პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ ზედა ეშელონის ხელმძღვანელობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ისინი დაბნეულები იყვნენ და არ იცოდნენ, რა მოემოქმედებინათ იმ დღეს. ბრძანების გაცემის საბაბი იყო სავსებით აბსურდული, რადგან თბილისი მაინც იბომბებოდა. გარდა ამისა, მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა არ იყო შემუშავებული მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფი სამხედროების დიდი ნაწილი გამოცდილი და სამხედრო საქმის პროფესიონალები იყვნენ. მათ ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი მოქმედების განხორციელებულად ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული.

იყო შეიარაღებული წინააღმდეგობის უმნიშვნელო, უშედეგო მცდელობა. დროულად ვერ მოხერხდა, რომ საზენიტო რაკეტები საჭირო ადგილებზე გადაეტანათ.მაგრამ მებრძოლების გამოცდილებისა და ცოდნის შედეგად საზენიტო ცეცხლით რუსული რამდენიმე საფრენი აპარატის მძიმედ დაზიანება მაინც მოხერხდა. სამწუხაროდ, რუსული ავიაცია ჰაერში ისე გაბატონდა, რომ დარტყმებს სრულიად თავისუფლად ახორციელებდა. ხეობაში მყოფი მებრძოლები უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნენ. თავდაცვისთვის საჭირო ღონისძიება თავის დროზე უნდა გატარებულიყო. ხეობაში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა დაუცველი აღმოჩნდა. ხალხის გადარჩენის ერთადერთი გზა დანებება აღმოჩნდა, რაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პირადი ბრძანების შემდეგ შესრულდა.

2008 წლის 12 აგვისტოს კოდორის ხეობა აფხაზებმა დაიკავეს. ისინი სოფელ აჟარაში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე შევიდნენ და გამარჯვების ნიშნად აფხაზური დროშა აღმართეს. ქართველებმა შეიარაღების ნაწილი გაანადგურეს, მაგრამ მოწინააღმდეგესაც ძალიან ბევრი დარჩა მიხეილ სააკაშვილის ახირების შედეგად შერქმეული ზემო აფხაზეთი და სინამდვილეში კოდორის ხეობა, ანუ აფხაზეთის სვანეთი მტრის სათარეშო გახდა!

არსებობს ინფორმაცია, რომ შეიარაღების ნაწილი კოდორის ხეობას რუსებისა და აფხაზების ხელში გადასვლამდე ქართველი მებრძოლების მიერ განადგურდა, მაგრამ მოწინააღმდეგის გასახარად, მაინც საკმაოდ დიდი რაოდენობის იარაღი დარჩათ.  რუსული არხების გადმოცემით, კოფორის ხეობაში აფხაზების ქართული ქვედანაყოფების უამრავი იარაღი, საჭურველი და ცეცხლსასროლი იარაღი მსუბუქად დაჯავშნული მტ-ლბ ტიპის 4 გამწე, 122 მმ-იანი და 30 ტიპის 8 ჰაუბიცამ 23 მმ-იანი ზუ 23-2 ტიპის 4 საზენიტო ავტომატი, 57 მმ-იანი ჩ 60 ტიპის 1 საზენიტო ქვემეხი, 160 მმ-იანი ლარ-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 1 დანადგარი, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის 1500 მუხტი, 82 მმ-იანი ნაღმსარტყოცნის 600 ნაღმი, დაახლოებით 350 ჩ-8 ტიპის უმართავი რაკეტული ჭურვი და სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობის ტყვია-წამალი. ამ ნადავლს რუსები და აფხაზები რამდენიმე დღე ეზიდებოდნენ.

კოდორის ხეობაში თავდაცვითი ზღუდეები ისე იყო მაღალ დონეზე მოწყობილი, რომ აფხაზთა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი ზაიცევიც გაოგნებული იყო. მისივე შეფასებით, კოდორის ზემო ნაწილი ნამდვილ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. თავშესაფრები, ბლინდაჟები და სადამკვირებლო პუნქტები მაღალი დონის საინჟინრო ცოდნით იყო მოწყობილი.

სეპარატისტების ხეობაში აფხაზეთის მხრიდან მიმავალი გზა და ერთადერთი ხიდი აფრთხობდათ, რომლის გადამყურე კლდე დანაღმული იყო, მაგრამ მისი აფეთქება რატომღაც არ მოხერხდა. ასეთი დაცულ-გამაგრებული რაიონის აღებას მინიმუმ თვენახევარი დასჭირდებოდა. მოხდა ისე, რომ ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია ქართული მხარის მხრიდან წინააღმდეგობია გაწევის გარეშე იქნა დათმობილი.