„ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციად წარმოაჩინოს პრეზიდენტი - ოპოზიცია ცდილობს, გულში ჩაიხუტოს“

„ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციად წარმოაჩინოს პრეზიდენტი - ოპოზიცია ცდილობს, გულში ჩაიხუტოს“

„მიმაჩნია, რომ მეც, ამომრჩეველიც და მთლიანად საზოგადოებაც რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ ვითარებაში მუდმივად არის მცდელობა, რომ მე ან ერთი მხარე დავიკავო, ან მეორე მხარე. ჩემი მიზანი კი არის გავუფრთხილდე სახელმწიფოებრიობას, გავუფრთხილდე პროცესებს, სადაც შესაძლებელია პოლიტიკოსებისთვის მოწოდებით, საზოგადოების ჩართულობით მივიდე კონსენსუსამდე და ქვეყანა განვითარდეს, როგორც ევროპული დემოკრატია, სადაც ხელისუფლებას ცვლიან მოქალაქეები... ერთი სიტყვით, შესაძლოა, მიგაჩნიათ, რომ სხვა ტიპის განცხადებას უნდა ვაკეთებდე, მაგრამ მე ვესაუბრები ამომრჩეველს, რომელსაც გულწრფელად ვუზიარებ ჩემ შეხედულებას“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანის“ წამყვანს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ში სტუმრობისას.

რა ძირითადი გზავნილები მიიღო ქართველმა ხალხმა გიორგი მარგველაშვილისგან, ექსპერტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

გია ხუხაშვილი: არ ვთვლი რომ რაღაც სკანდალური ან განსაკუთრებული მესიჯები იყო გაჟღერებული, პრეზიდენტი შეეხო მიმდინარე მოვლენებს, იყო ძალზე კორექტული და ზომიერი, მან აჩვენა ერთი რამ, რომ ის ინარჩუნებს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, არის არბიტრი, არ შედის პოლიტრიკურ პროცესში და ლაპარაკობს სახელმწიფოზე და სახელმწიფოს სახელით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მიდის პოლიტიკური ესკალაცია, პოლიტიკურად ის არ არის მიკერძოებული და ინარჩუნებს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს - ეს არის მთავარი და სწორი.

პრეზიდენტმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ობამას გამოსვლათან დაკავშირებით, რომელმაც რუსეთის სამეზობლო პოლიტიკაში საქართველო არ მოიხსენია და .. მისი შეფასებები ხომ არ არის ხაზგასმა, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში ხელისუფლებას პრობლემები აქვს?

- იყო აღშფოთებები, რომ აი, ეს როგორ თქვა, მაგრამ პრობლემები რომ გვაქვს საგარეო პოლიტიკური კუთხით, ამას ლაპარაკი არ სჭირდება. პრობლემა ის კი არ არის, რა თქვა, არამედ ის, რომ პრობლემა გვაქვს - იგივე, რამდენი რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელიც საზიანოა არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც. სახელმწიფო ზიანდება სიტყვის თავისუფლებასთან, პატიმრებთან თუ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ხელისუფლებას აქვს პრობლემები საგარეო არენაზე და ეს ჩანს.

შესაბამისად, პრეზიდენტმა ამას გაუსვა ხაზი, თავი რომ გავანებოთ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელ და გაუგებარ საქციელს ელჩისა. თანაც, ამის კომენტირება რომ ხდება ხელისუფლების მხრიდან, აბსოლუტურად წარმოუდგენელი... ძალიან მარტივად იყო საქმე - გაეროში ჩვენ გვყავს ელჩი, პრემიერი აშშ-ში კი არა, გაეროში იყო ოფიციალური ვიზიტით და გაეროში საქართველოს ელჩი უნდა ხლებოდა მას. ეს იქნებოდა სწორი.

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს უნდა ხლებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი - ეს იქნებოდა ჯანსაღი დამოკიდებულება. არა თუ ასე არ მოხდა, გამარჯობაც კი არ უთხრა, ელჩი დახვედროდა მაინც, ერთხელ გამოჩენილიყო და რაღაც აეხსნა. ახლა კონსტიტუციაზე აპელირებით რაღაც სისულელის ახსნას ცდილობს და თან, კონსტიტუციას როგორც თვითონ აწყობს, ისე კითხულობს.

პრინციპში, მხოლოდ ამ კუთხით იყო მარგველაშვილი კრიტიკული...

- აქაც საკმაოდ კორექტული იყო, მას არ უსაუბრია ხელისუფლებაზე, ის საუბრობდა მხოლოდ კონკრეტულ ელჩზე და სთხოვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, მიეღო რაღაც ზომები. სხვათა შორის, ამ თემასთან დაკავშირებით კვირიკაშვილის განცხადებები იყო საკმაოდ ჯანსაღი და სწორი - როგორც მივხვდი, მასაც მაინც და მაინც არ მოეწონა ეს სიტუაცია. კარგია, რომ მინისტრმა შეძლო და რასაც ფიქრობდა, ის გულწრფელად თქვა.

კიდევ ერთი თემა იყო არჩევნები, აშკარად იგრძნობოდა, რომ სარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კრიტიკული პოზიციის მოსმენა სურდა წამყვანს, თუმცა მარგველაშვილმა უპასუხა, რომ არჩევნები არის ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი და ამ მიმართულებით წინ ნაბიჯი მაშინ გადავდგით, როცა ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით. პრეზიდენტი თავშეკავებული იყო?

- მარგველაშვილი არის პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს, რომ ყველანაირად შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მას თავისთვის კი არ სჭირდება, ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული მისი ფუნქცია. ის არის ქვეყნის პრეზიდენტი და არ შეიძლება იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული. მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, არის სიტუაცია, როდესაც მან ეს საკუთარ თავში უნდა დატოვოს, რათა მისი პოზიცია რომელიმე მხარის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ არ იყოს აღქმული. ის ვერ ჩაერევა პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში.

მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ცდილობდა, რაღაც ისეთი ეთქმევინებინა, მან ეს არ გააკეთა. პრინციპში, ორივე პოლიტიკური მხარე უკმაყოფილო დარჩა. პოლიტიკოსებს ასე ესმით პოლიტიკა - ვის მხარეს არის. ის კი არ აფიქრებთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეაფასონ. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასე უყურებენ პოლიტიკოსები ცხოვრებას.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი გამოიკვეთა ეკონომიკაზე საუბრისას - გვახსოვს პრეზიდენტის პოზიცია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, თუმცა სატელევიზიო ეთერში მან განაცხადა, რომ მთავარი მიღწეულია, რაკი ეროვნული ბანკი და მთავრობა ერთად დასხდნენ ლარის კურსზე სასაუბროდ. ხომ არ ცდილობდა პრეზიდენტი თავისი ცოტა ხნის წინანდელი პოზიცია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით შეერბილებინა? რაღაცისთვის ხომ არ სჭირდება ეს?

- პრეზიდენტი მთელ ამ პროცესში იქცეოდა კორექტულად. მან გამოიყენა ვეტო, რადგან თვლიდა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი. სიმართლე გითხრათ, მეც ასე ვთვლი, იმიტომ კი არა, რომ ეროვნულ ბანკში პრობლემები არ არის - არ შეიძლება, პერსონალური საკითხები წყდებოდეს საკანონმდებლო ცვლილებებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს სახელმწიფოს. კანონი შეცვალო იმიტომ, რომ ერთ ადამიანთან გაქვს პრობლემა, ძალიან სახიფათო ნაბიჯია.

პრეზიდენტმა საკუთარი აზრი გამოხატა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადაილახა მისი ვეტო, აღარ შეაფერხა პროცესი და გააგრძელა ცხოვრება. პრეზიდენტს, მათ შორის მეც, მომწონს, რომ ამის შემდეგ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის გაჩნდა გარკვეული კოორდინაცია.

აქამდე რა უშლიდათ ხელს, ეს მაკვირვებს, იმიტომ, რომ ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რამდენიმე თვის წინ რომ ასე დამსხდარიყვნენ, შეიძლებოდა, სულ სხვა სიტუაცია გვქონოდა და არც ეს ცვლილებები გამხდარიყო საჭირო.

ეს არის უთავბოლობა, მაგრამ მხოლოდ მე და თქვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ამას ასე. პრეზიდენტი ასე რომ ფიქრიობდეს კიდეც, ის ამას ვერ იტყვის, რადგან მას აქვს სხვა პასაუხისმგებლობა - ის ცდილობს, იყოს უფრო შემრიგებელი და დამბალანსებელი, ვიდრე სიტუაციუის დამძაბავი.

რამდენიმე დღეა, ოპოზიცია ცდილობს, ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავშირებული სიტუაცია განაზოგადოს და წარმოაჩინოს, რომ ეს არის მომავალი საპარლამენტო არჩევნების პრელუდია, ეს კითხვა დაისვა ტელეეთერშიც თუმცა პრეზიდენტი ამ პოზიციას არ დაეთანხმა...

- არჩევნებზე პრეზიდენტი იქნება ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა. მხარეებს ეს რატომ არ ესმით, გაუგებარია. არ დაგავიწყდეთ, რომ არჩევნების მეორე დღეს ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა ქვეყანაში იქნება პრეზიდენტი და მისი პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე საუბრისას ის იქნება აბსოლუტურად კორექტული. ის იქნება გარანტი, იმისა, რომ ასეთი რამ არჩევნებზე არ მოხდეს.

ის გამოდის პოზიციიდან - მის ხელში არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა რაღაც ისეთი არ მოხდეს, რაც კითხვის ნიშნებს დატოვებს არჩევნების ლეგიტიმურობასათან დაკავშირებით. პარტიული პოზიცია გასაგებია, ერთი მხარე ერთს ილაპარაკებს, მეორე - მეორეს, პრეზიდენტს კი არ აქვს ის ფუფუნება, რომ ამ რიტორიკას შეუერთდეს.

როდესაც საუბარი შეეხო ტელეკომპანიარუსთავი 2“-, წამყვანმა პრეზიდენტს შენიშვნაც კი მისცა და შესთავაზა ხომ არ არის უმჯობესი, „დიპლომატიური ტიპისგანცხადებების ნაცვლად მანრუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უფრო მკაფიო შეფასებები გააკეთოს, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის არა პოლიტიკოსებს, არამედ ქართულ აუდიტორიას ესაუბრება. ეს გამოწვევა იყო?

- ეს გასაგებიცაა - ყველას აქვს და მომავალშიც ექნება იმის მცდელობა, რომ პრეზიდენტი მხარედ წარმოაჩინოს. პრეზიდენტმა საკმარისად ილაპარაკა ამ თემაზე და თანაც ისე, რომ მხარედ არ წარმოჩენილიყო. მან გააფრთხილა ყველა, მათ შორის, ხელისუფლებაც, რომ თუ ამ ყველაფერში პოლიტიკური კონტექსტია, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება. ირიბად, მან აღნიშნა, თუ რა ფასეულობაა მედია და რომ მასთან პოლიტიკურად შეხება არ შეიძლება, მაგრამ ამ კონკრეტული საკითხისთვის კვალიფიკაცია არ მიუცია.

ანუ მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ცდილობს და ჯერჯერობით ეს გამოსდის, შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მხოლოდ კრიზისის შემთხვევაში მოახდინოს კრიზისმენეჯმენტი, როდესაც თავის პოზიციას უფრო კონკრეტულად გამოთქვამს. დღეს ეს მომენტი არ არის, შესაბამისად, ის ვალდებულია, პოლიტიკურად ნეიტრალური იყოს.

მართლაც, მთელი ინტერვიუს განმავლობაში იყო მცდელობა, რომ პრეზიდენტი მხარედ წარმოჩენილიყო, უფრო ზუსტად, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრედ... ესრუსთავი 2“- სა დანაციონალურ მოძრაობას“ რამეს შემატებს?

- დღეს საკმაოდ პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი, სხვათა შორის, ხელისუფლებაც ცდილობს, რომ ოპოზიციად წარმოაჩინოს პრეზიდენტი - ხოლო ოპოზიცია ცდილობს, გულში ჩაიხუტოს. ეს არის ერთგვარი შეთქმულება პრეზიდენტის წინაააღმდეგ, რომელშიც ხელისუფლება და ოპოზიცია პარტნიორები არიან.

ოპოზიციას ბუნებრივია, აწყობს, რომ პრეზიდენტს, როგორც ძლიერ ფიგურას, გაამაგრებინოს ზურგი და როგორც ჩანს, ხელისუფლებაც არ არის ამის წინააღმდეგი, რადგან ხელისუფლება „შუა უნდა გაიკრიფოს“ პრინციპით ცდილობს, რომ ორ პოლუსად დაალაგოს პოლიტიკური სიტუაცია და დაასაბუთოს, რომ საკუთარი კუნთებით მოერევა მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალას.

ნეიტრალურ პოზიციაში მყოფი პრეზიდენტი ამ კომბინაციას დისკომფორტს უქმნის. შესაბამისად, ეს არის ხელისუფლების და ოპოზიციის საერთო ინტერესი, რომ როგორმე მარგველაშვილი ოპოზიციაში გადაისროლონ.

ვფიქრობ, პრეზიდენტმა საკმარისი გამოცდილება შეიძინა იმისათვის, რომ ამ ეტაპზე ასეთი შეცდომა არ დაუშვას. მან თქვა კიდეც, რომ არ აპირებს პარტიულ პოლიტიკაში გადანაცვლებას.

რაში აწყობს ხელისუფლებას ოპოზიციაში გადასროლილი პრეზიდენტი?

- იმისათვის, რომ პოლიტიკა გახადოს უფრო გასაგები. პრეზიდენტი ოპოზიციაში ბევრად უფრო დაკნინებული ფიგურაა, რადგან ის უკვე სუბიექტურია და მხარე ხდება - ვეღარ შეასრულებს არბიტრის, კონსტიტუციის გარანტის ფუნქციას. შესაბამისად, ხელისუფლებას ყოველთვის შეეძლება აპელირება მის ნებისმიერ გამონათქვამსა თუ ქმედებაზე, რომ ის არის პოლიტიკურად მიკერძოებული. ამიტომ ცდილობს ხელისუფლება თავისი არაადეკვატური დამოკიდებულებით როგორმე ოპოზიციაში გადაისროლოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ რას მიიღებდა დაკნინებული პრეზიდენტის მხარდაჭერით?

- არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია იმას მოიგებდა, რომ ის არის სახელმწიფოს მეთაური, მას აქვს გარკვეული სახელმწიფო ბერკეტები ქვეყანაში, გარდა ამისა, მისი რეიტინგი და ავტორიტეტი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის.

თუ მარგველაშვილი ამ ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს 3 წლის შემდეგ მისი რეიტინგი და შანსები გაიზრდება?

- ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, გაგვიმართლა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ამბიციები, არ არის პოლიტიკური მოთამაშე. ის ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებაში თავისი როლი შეასრულოს. 3 წლის შემდეგ რას გადაწყვეტს, შეასრულა მისია თუ კიდევ აქვს რესურსი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ რაღაც გააკეთოს, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, სად ვიქნებით 3 წლის შემდეგ.

თუ ის შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, მისი რეიტინგი იქნება მუდმივად მზარდი და ასეც უნდა მოიქცეს. პრეზიდენტი მარგველაშვილი მისი წინამორბედებისგან განსხვავებით არის სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი და არა პარტიული, პოლიტიკური მოთამაშე, რაც ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საუჩქარია ქართული საზოგადოებისათვის.